N 326 - 03/10/2024 - „ტექნიკური რეგლამენტის − ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სხვადასხვა სახეობის სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებებიდან გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ევროკავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებული ზღვრულად დასაშვები ნორმების საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 28 ივნისის №238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მთავრობის დადგენილებაში ცვლილება 03.10.2024
№ დოკუმენტი 326
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს მთავრობა

📄 სრული ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №326

2024 წლის 3 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„ტექნიკური რეგლამენტის − ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სხვადასხვა სახეობის სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებებიდან გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ევროკავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებული ზღვრულად დასაშვები ნორმების საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 28 ივნისის №238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის − ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სხვადასხვა სახეობის სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებებიდან გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ევროკავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებული ზღვრულად დასაშვები ნორმების საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 28 ივნისის №238 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 28/06/2023, 300160070.10.003.024071) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ბ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ1) წარმოებულ იქნენ ამ რეგლამენტის მე-6 დანართით განსაზღვრულ ქვეყანაში (რაც დასტურდება დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციიდან) და ექსპორტი განხორციელდა იმ ქვეყნიდან, რომელიც არ არის მითითებული აღნიშნულ დანართში ან უცნობია ექსპორტის ქვეყანა. ამასთან, აკმაყოფილებენ აღნიშნული დანართის მოთხოვნებს და ამ რეგლამენტის მე-3, მე-4 და მე-5 დანართებით გათვალისწინებულ მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების (გამონაბოლქვის) ზღვრულ ნორმებს, რაც დასტურდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული დასკვნით;“.

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2024 წლის 11 ივლისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრი

ირაკლი კობახიძე

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე