გადაწყვეტილება №22043/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 10.04.2024
№ დოკუმენტი 22043/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 22043/2/2024

10 აპრილი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ ------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 29.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 23.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22043/2/2024).

 

დავის საგანი:

შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 ნოემბრის №007-313 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 28 დეკემბრის №33512 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 694 783 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 310 438

დღგ - 79 186

მოგების გადასახადი - 129 140

საშემოსავლო გადასახადი - 102 112

ჯარიმა - 322 421

საურავი - 61 924

 

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 29 მაისის №11749 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2020 წლის 3 თებერვლიდან 2023 წლის 24 მაისამდე. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 31 ოქტომბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

საწარმოს უფლებამოსილი პირის განმარტებით, შესამოწმებელ პერიოდზე ბუღალტრული აღრიცხვა არ არის ნაწარმოები. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემასა (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, სასაქონლო ზედნადებები) და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში არსებულ მონაცემებსა (ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები) და ასევე შემოწმების მიმდინარეობისას მიღებულ ინფორმაციასა და დოკუმენტაციაზე (საბანკო ამონაწერები) დაყრდნობით გაანალიზდა ნაღდი ფულის მოძრაობა და დადგინდა, რომ საწარმოს ნაშთად უფიქსირდება არაგონივრული ფულის ნაშთი 690 000 ლარის ოდენობით.

შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარდგენილი შემოწმებით დადგენილი ფულის ნაშთის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტის დოკუმენტურად დადასტურებელი მტკიცებულებები, ხოლო საწარმოს დირექტორის განმარტებით, შემოწმების შედეგად დადგენილი ფულის ნაშთი განხილული უნდა იქნას დამფუძნებელზე გაცემულ დივიდენდად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების შედეგად დამატებით დადგენილი ფულადი სახსრების ნაშთი (ფაქტიური ნაშთების გათვალისწინებით) 690 000 ლარის ოდენობით (გადასახადების გარეშე) განხილულ იქნა დამფუძნებლის მიერ დივიდენდის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა მოგების და საშემოსავლო გადასახადებით. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე და 291-ე მუხლების საფუძველზე;

შემოწმების მიმდინარეობისას წარდგენილ პირველად საგადასახადო დოკუმენტებზე (საბანკო ამონაწერები) დაყრდნობით დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს გაწეული აქვს ხარჯები (ჯამურად 5 481 ლარი), რომლის შესაბამისი პირველადი საგადასახადო დოკუმენტები კომპანიის უფლებამოსილი პირის მიერ შემოწმების მიმდინარეობისას არ იქნა წარდგენილი. საწარმოს აღნიშნულ ნაწილში შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებები არ აქვს შესრულებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების შედეგად 5 481 ლარი დაიბეგრა მოგების გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში ჩათვლილი აქვს მიღებული ავანსის ელექტრონული ანგარიშფაქტურების შესაბამისი დღგ, რომელზეც აგრეთვე მიღებული აქვს საბოლოო ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისი დღგ-ის ჩათვლა. შემოწმების შედეგად კომპანიას შეუმცირდა განაშთული ავანსის ანგარიშფაქტურების შესაბამისი დღგ-ის ჩასათვლელი თანხა 8 231 ლარის ოდენობით.

საგამოძიებო სამსახურის მიერ მიწოდებული სისხლის სამართლის საქმის მასალებით დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში შპს „--------“ (ს/ნ --------) და შპს „--------“ (ს/ნ ----------) მიერ შპს „----------“ გამოწერილ ----------; ----------; ---------- და ---------- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში (სულ თანხა - 508 217 ლარი, დღგ - 77 525 ლარი) მითითებული შესაბამისი საქონელი/მომსახურება არ მიუღია, ხოლო დღგ-ის თანხა საწარმოს სრულად აქვს ჩათვლილი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანს შეუმცირდა 2020 წლის მაისის, ივნისის, დეკემბრის და 2022 წლის ივლისის თვეების საანგარიშო პერიოდებში ჩათვლილი დღგ-ის თანხა 77 525 ლარის ოდენობით. ასევე, დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე და 280-ე მუხლების საფუძველზე;

შემოწმების მიმდინარეობისას წარდგენილ პირველად საგადასახადო დოკუმენტებზე (საბანკო ამონაწერები) დაყრდნობით დადგინდა, რომ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში სხვადასხვა ფიზიკურ პირებზე (შემოწმების მიმდინარეობისას ვერ განხორციელდა აღნიშნული პირების იდენტიფიცირება, საწარმოს უფლებამოსილი პირისთვის მიწოდებული იქნა შესაბამის პირთა სია, თუმცა არ არის წარდგენილი შემოწმებისთვის მათი საიდენტიფიკაციო მონაცემები) გადახდილი აქვს 263 182 ლარი. შემოწმების შედეგად საბანკო ანგარიშსწორებით არაიდენტიფიცირებულ ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხები დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 ნოემბრის №27320 ბრძანება და №007-313 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 694 783 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 5 დეკემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 28 დეკემბრის №33512 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 49-ე, 61-ე, 73-ე, 43-ე, 275-ე, 280-ე, 291-ე მუხლებზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლზე და აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, შემოწმების მიმდინარეობისას გაანგარიშების შესაბამისი ცხრილები/ინფორმაციები მიწოდებული იქნა გადასახადის გადამხდელისთვის. აქტის შედგენამდე გადამხდელს საკითხებთან დაკავშირებით პოზიციის დასაფიქსირებლად და დოკუმენტაციის წარსადგენად მიცემული ჰქონდა კონკრეტული ვადა, თუმცა შესაბამისი არგუმენტაცია/დოკუმენტაცია არ წარუდგენია. ასევე, საწარმოს დირექტორის განმარტებით, შესამოწმებელ პერიოდში არ იყო ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით დარიცხვა განხორციელდა პირველად საგადასახადო დოკუმენტებზე დაყრდნობით.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ საჩივარში არ არის მითითებული კონკრეტული სადავო საკითხები. კერძოდ, მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესშიც არ ყოფილა წარდგენილი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აქტის მიხედვით ირკვევა, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგები განისაზღვრა შემოსავლების სამსახურის ბაზებისა და პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის გამოყენებით.

დღეის მდგომარეობით, კომპანიის ბუღალტერია აწყობილია საბუღალტრო პროგრამა ორისში. კერძოდ, პროგრამაში სრულად ასახულია საწარმოს პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია. დამუშავებულია შესრულებული და მიმდინარე სატენდერო ოპერაციები. ინდივიდუალურად აღრიცხულია შეძენილი სარემონტო მასალები. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგები უნდა განისაზღვროს აღნიშნული საბუღალტრო ბაზის მიხედვით. პროგრამის ასლს წარადგენს მოთხოვნისთანავე. ამასთან, მომზადებული პროგრამისა და შემოწმების შედეგების შედარებისას სხვაობა ვლინდება მხოლოდ მოგებისა და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში. კერძოდ, მნიშვნელოვნად მცირდება შემოწმების მიერ დადგენილი ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთი. ასევე, სხვაობაა საგადასახადო შემოწმების აქტის მე-6 საკითხში დაფიქსირებულ არაიდენტიფიცირებად ფიზიკურ პირებზე გადარიცხულ თანხებს შორის, სადაც ნაცვლად 263 182 ლარისა ბუღალტრული პროგრამის მიხედვით დაანგარიშებული თანხა შეადგენს 81 029 ლარს.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 28 დეკემბრის №33512 ბრძანება და დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს აღნიშნული საკითხების დამატებით შესწავლა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია, სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია:

ა) განაწილებული მოგება;

ბ) გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

საგადასახადო კოდექსის 178-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება ყალბი დოკუმენტით, აგრეთვე იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, რომელიც ფიქტიურ გარიგებას ან უსაქონლო ოპერაციას ასახავს.

საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, უსაქონლო ოპერაციის ან ფიქტიური გარიგების შედეგად ან ყალბი დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტით ჩათვლის განხორციელება – იწვევს პირის დაჯარიმებას ჩათვლილი გადასახადის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო/მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის შესაბამისად, პირის მიერ ამ კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა, რისთვისაც ამავე კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, მაგრამ არ არის განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა, – იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

შემოწმების აქტის მიხედვით, საწარმოს უფლებამოსილი პირის განმარტებით, შესამოწმებელ პერიოდზე ბუღალტრული აღრიცხვა არ არის ნაწარმოები. შესაბამისად, საგადასახადო ორგანო დაეყრდნო შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემასა (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, სასაქონლო ზედნადებები) და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში არსებულ (ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები), შემოწმების მიმდინარეობისას მიღებულ ინფორმაცია/დოკუმენტაციას (საბანკო ამონაწერები) და საგამოძიებო სამსახურის მიერ მიწოდებული სისხლის სამართლის საქმის მასალებს.

23.02.2024 წელს გადასახადის გადამხდელმა დავების განხილვის საბჭოში წარმოადგინა საბუღალტრო პროგრამის ასლი და ცხრილი, რაზეც აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ მომჩივნის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის გათვალისწინებამ შესაძლოა გამოიწვიოს კომპანიის საგადასახადო ვალდებულების კორექტირება/დაზუსტება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/შეაფასოს მომჩივნის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია და სათანადო საფუძველების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 28 დეკემბრის №33512 ბრძანება;

3.დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/შეაფასოს მომჩივნის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია და სათანადო საფუძველების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შესამოწმებელ პერიოდზე ბუღალტრული აღრიცხვა არ არის ნაწარმოები. შესაბამისად, საგადასახადო ორგანო დაეყრდნო შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემასა (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, სასაქონლო ზედნადებები) და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში არსებულ (ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები), შემოწმების მიმდინარეობისას მიღებულ ინფორმაცია/დოკუმენტაციას (საბანკო ამონაწერები) და საგამოძიებო სამსახურის მიერ მიწოდებული სისხლის სამართლის საქმის მასალებს.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;

97(1);174(1);178(ე);280(1):154(1);275(2):272(1);