ბრძანება N 4618

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 01.03.2024
№ დოკუმენტი 4618
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 4618

01 მარტი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-----------ის“ (ს/ნ ----------------)

(ფაქტ. მის.: ----------------------------;

იურ მის.: ------------------------------)

2024 წლის 22 და 30 იანვრის საჩივრების

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 8 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №12) განიხილა შპს „-----------ის“ (ს/ნ ----------------) 2024 წლის 22 იანვრის №86987/1/2024 და 30 იანვრის №87305/1/2024 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 დეკემბრის №081-327 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არარეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ გაწეულ სატრანსპორტო მომსახურებაზე გადახდილი თანხის გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. პირი მიუთითებს ორმაგი დაბეგვრისაგან თავის არიდების შესახებ შეთანხმებაზე და აცხადებს, რომ მომსახურების გამწევი თურქეთის რეზიდენტი ფიზიკური პირია და წარმოადგენს პირის რეზიდენტობის ცნობას. ასევე, მიუთითებს, რომ 2020 წლის აგვისტოში აღნიშნულ პირზე გაცემული თანხები შეცდომითაა დაბეგრილი გადახდის წყაროსთან და ითხოვს ზემოაღნიშნული საფუძვლით დარიცხული თანხის შემცირებას.

2. პირი არ ეთანხმება მიღებული ავანსის ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე ჩათვლილი დღგ-ის თანხის გაუქმებას. აცხადებს, რომ საბოლოო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არ აქვთ მიღებული იმ მიზეზით, რომ მეორე მხარის მიერ არ შესრულდა მომსახურება და პირთან მიმდინარეობს სასამართლო დავა.

3. პირი არ ეთანხმება სასტუმროს მომსახურებაზე გადახდილი თანხის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად მიჩნევის საფუძვლით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ სასტუმროს მომსახურება წარმოადგენს ე.წ ,,დღიურ იჯარას", კერძოდ, ვინაიდან შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას არჰქონდა ოფისი, დირექტორი იძულებული იყო თანამშრომლებთან, მათ შორის საწარმოს ბუღალტერთან საქმიანი შეხვედრისთვის დღიურად დაექირავებინა სასტუმროს ნომრები, შესაბამისად, სასტუმროს/იჯარის მომსახურება პირდაპირ კავშირშია საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობასთან.

4. პირი არ ეთანხმება ფულადი სახსრების მოძრაობის შედეგად განსაზღვრულ სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის დადგენილ ოდენობას. აცხადებს, რომ არარეზიდენტ მომწოდებელზე ანაზღაურებული თანხები შემოწმებით არ არის გათვალისწინებული და ითხოვს აღნიშნული თანხით სალაროს ნაშთის შემცირებას. აცხადებს, რომ საჩივარს თან ერთვის შედარების აქტი, რომლითაც არარეზიდენტი საწარმო ადასტურებს მის მიერ რეალიზებული საქონლის ღირებულების სრულად გადახდას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 4 მაისის №9817 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „-----------ის“ (ს/ნ ----------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 18 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 19 დეკემბრის №32054 ბრძანება და 2023 წლის 20 დეკემბრის №081-327 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 874 511 ლარი, მათ შორის, გადასახადი 520 983 ლარი, ჯარიმა 255 149 ლარი, საურავი 98 379 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

1. გადასახადის გადამხდელის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სამშენებლო მომსახურების გაწევა. შემოწმების პროცესში არ იქნა წარმოდგენილი შემოწმებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, გადამხდელი დაჯარიმებულია ორჯერ, ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებისა და ბანკიდან გამოთხოვილი ინფორმაციის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ შპს „---------ის“ მიერ შესამოწმებელ პერიოდში არარეზიდენტზე გადარიცხულია სატრანსპორტო მომსახურების თანხები. პირს, აღნიშნულ არარეზიდენტ ფიზიკურ პირზე გადახდილი თანხა, საშემოსავლო გადასახადით დაბეგრილი აქვს მხოლოდ 2020 წლის აგვისტოს თვეში, თუმცა გადახდები განხორციელებულია სხვა პერიოდებშიც. შესაბამისად, შემოწმების მიერ, ფიზიკურ პირზე გადარიცხული თანხები, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის შესაბამისად, დაიბეგრა წყაროსთან საშემოსავლო გადასახადის 10%-იანი განაკვეთით. პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

2. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებისა და ბანკიდან გამოთხოვილი ინფორმაციის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ 2020 წლის იანვარსა და თებერვალში გადასახადის გადამხდელს მიღებული აქვს ორი ავანსის საგადასახადო ანგარიშფაქტურა შპს „-----------სგან“ (ს/ნ ----------------) ჯამური ღირებულებით 216 355.5 ლარი. შემოწმების პროცესში ამ კომპანიისგან სხვა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომლითაც მოხდებოდა ავანსის ანგარიშფაქტურების განაშთვა მიღებული არ არის. ამასთან, აღსანიშნავია, რომ თანხის გადახდა საბანკო ამონაწერის მიხედვით მომსახურების მომწოდებელზე არ ფიქსირდება. შემოწმების მიერ განხორციელდა აღნიშნული ავანსის ანგარიშ-ფაქტურებით, ჩათვლილი დღგ-ის თანხის შემცირება. შესაბამისად, პირს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

3. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებისა და ბანკიდან გამოთხოვილი ინფორმაციის ანალიზის შედეგად, დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს გადახდილი აქვს სასტუმრო მომსახურების ღირებულება. ვინაიდან, გადასახადის გადამხდელის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სამშენებლო მომსახურების გაწევა,ხოლო აღნიშნული მომსახურების ეკონომიკურ საქმიანობასთან კავშირი ვერ დასტურდება, შემოწმების მიერ განხორციელდა სასტუმრო მომსახურებაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით ჩათვლილი დღგ-ის შემცირება და ასევე მოგების გადასახადის დარიცხვა. შედეგად, შემოწმებით, პირს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი, მოგების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსი 275-ე მუხლის მიხედვით.

4. შემოწმების პროცესში მომზადდა ფულადი სახსრების მოძრაობის ამსახველი ცხრილი და შესამოწმებელ პერიოდზე დადგინდა ფულის ნაშთი. აღნიშნული თანხა, შემოწმების მიერ, ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად და დაექვემდებარა შესაბამის საანგარიშო პერიოდებზე საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, არარეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროებიდან მიღებული შემოსავლებისაგან. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კარის მიზნებისათვის საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს განეკუთვნება საქართველოში მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავალი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ და „ე“ ქვეპუნქტების თანახმად, არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება საქართველოში საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფ არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას საქართველოში, იბეგრება გადახდის წყაროსთან გამოქვითვების გარეშე, შემდეგი განაკვეთებით:

გ) საწარმოს, ორგანიზაციის ან/და მეწარმე ფიზიკური პირის მიერ საერთაშორისო კავშირგაბმულობის ტელესაკომუნიკაციო მომსახურებისათვის და საერთაშორისო გადაზიდვების სატრანსპორტო მომსახურებისათვის გადახდილი თანხები – 10 პროცენტით;

ე) გადახდილი სხვა თანხები, რომლებიც ამ კოდექსით ითვლება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლად, – 10 პროცენტით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც იხდის ამ კოდექსის 134- ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ გადასახდელებს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირებულ საკითხზე საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულ და ძალაში შესულ საერთაშორისო ხელშეკრულებას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა ამ კოდექსის მიმართ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 125-ე მუხლის თანახმად, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათით სარგებლობისა და არარეზიდენტისათვის საქართველოში გადახდილი გადასახადის დაბრუნების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

„ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათით სარგებლობისა და არარეზიდენტისათვის საქართველოში გადახდილი გადასახადის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №633 ბრძანების პირველი მუხლის თანახმად, ეს წესი განსაზღვრავს ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის მიზნით საქართველოს მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული საერთაშორისო შეთანხმების შესაბამისად (შემდგომში - საერთაშორისო შეთანხმება) საგადასახადო შეღავათით სარგებლობის, ზედმეტად გადახდილი გადასახადის დაბრუნების და საქართველოს რეზიდენტობის დადასტურების პროცედურებს.

ზემოაღნიშნული ბრძანების მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად:

1. საგადასახადო აგენტის ინფორმაციას არარეზიდენტისათვის წყაროსთან დასაკავებელი გადასახადის გადახდისაგან გათავისუფლებაზე ან შემცირებაზე (ფორმა №1) საგადასახადო აგენტი საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე წარუდგენს საგადასახადო ორგანოს.

2. ფორმა №1-ს უნდა დაერთოს შესაბამისი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული, შემოსავლის მიმღების რეზიდენტობის დამადასტურებელი ცნობა და მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებში მოყვანილ არგუმენტზე, რომლის თანახმად, მომჩივანი არ ეთანხმება არარეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ გაწეულ სატრანსპორტო მომსახურებაზე გადახდილი თანხის გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. მიუთითებს ორმაგი დაბეგვრისაგან თავის არიდების შესახებ შეთანხმებაზე და აცხადებს, რომ მომსახურების გამწევი თურქეთის რეზიდენტი ფიზიკური პირია და წარმოადგენს პირის რეზიდენტობის ცნობას. ასევე, მიუთითებს, რომ 2020 წლის აგვისტოში აღნიშნულ პირზე გაცემული თანხები შეცდომითაა დაბეგრილი გადახდის წყაროსთან და ითხოვს ზემოაღნიშნული საფუძვლით დარიცხული თანხის შემცირებას.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (რეზიდენტობის ცნობები). თავის მხრივ, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმების და წარმოდგენილი მტკიცებულებების (მ.შ საჩივარზე თანდართული) გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

ამავე კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ჩათვლის დოკუმენტია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

ბ) ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ პირს მიღებული და ჩათვლილი აქვს ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით განსაზღვრული დღგ-ის თანხა, რომლებზეც არ არის გამოწერილი საბოლოო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, ასევე საბანკო ამონაწერის მიხედვით არ დასტურდება გამომწერი საწარმოსთვის თანხის გადახდის ფაქტი. შემოწმებით ასევე დადგინდა, რომ საწარმოს მიღებული ჰქონდა ჩათვლა სასტუმროს მომსახურებაზე, რომლის ეკონომიკურ საქმიანობასთან კავშირი ვერ დადასტურდა. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით განხორციელდა ჩათვლილი დღგ-ის თანხის შემცირება და მოგების გადასახადის დარიცხვა.

იმის ფაქტის გათვალისწინებით, რომ პირს მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლა მომსახურებაზე, რომლის მიღება არ დასტურდება, შემოსავლების სამსახურს მართლზომიერად მიაჩნია ჩათვლილი დღგის თანხის გაუქმება, ასევე, ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებლობის საფუძვლით სასტუმროს მომსახურებაზე მიღებული დღგ-ის ჩათვლის გაუქმება და გაწეული ხარჯის მოგების გადასახადით დაბეგვრა შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამასთან, გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივრებში, ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები/არგუმენტები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივრები ამ ნაწილებში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებში მოყვანილ არგუმენტზე, რომ შემოწმებით გათვალისწინებული არ არის არარეზიდენტ საწარმოსთვის ანაზღაურებული საქონლის ღირებულება და საჩივარს თან ურთავს შედარების აქტს, რომლითაც დასტურდება შესამოწმებელ პერიოდში თანხის სრულად დაფარვის ფაქტი.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაზე, რომლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით დამტკიცებულია „კრედიტორული დავალიანების შესახებ“ მეთოდური მითითება.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №8) გათვალისწინებით შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-----------ის“ (ს/ნ ----------------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (რეზიდენტობის ცნობები);

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმების და წარმოდგენილი მტკიცებულებების (მ.შ საჩივარზე თანდართული) გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე,სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №8) გათვალისწინებით შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება:

1.არარეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ გაწეულ სატრანსპორტო მომსახურებაზე გადახდილი თანხის გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. ითხოვს ზემოაღნიშნული საფუძვლით დარიცხული თანხის შემცირებას.

2.მიღებული ავანსის ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე ჩათვლილი დღგ-ის თანხის გაუქმებას.

3.სასტუმროს მომსახურებაზე გადახდილი თანხის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად მიჩნევის საფუძვლით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

4.ფულადი სახსრების მოძრაობის შედეგად განსაზღვრულ სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის დადგენილ ოდენობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №9817 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ №32054 ბრძანება და №081-327 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 874 511 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებისა და ბანკიდან გამოთხოვილი ინფორმაციის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ :

1.მომჩივანის მიერ შესამოწმებელ პერიოდში არარეზიდენტზე გადარიცხულია სატრანსპორტო მომსახურების თანხები. პირს, აღნიშნულ არარეზიდენტ ფიზიკურ პირზე გადახდილი თანხა, საშემოსავლო გადასახადით დაბეგრილი აქვს მხოლოდ 2020 წლის აგვისტოს თვეში, თუმცა გადახდები განხორციელებულია სხვა პერიოდებშიც. შესაბამისად, შემოწმების მიერ, ფიზიკურ პირზე გადარიცხული თანხები, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის შესაბამისად, დაიბეგრა წყაროსთან საშემოსავლო გადასახადის 10%-იანი განაკვეთით. პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

2.2020 წლის იანვარსა და თებერვალში გადასახადის გადამხდელს მიღებული აქვს ორი ავანსის საგადასახადო ანგარიშფაქტურა ჯამური ღირებულებით 216 355.5 ლარი. შემოწმების პროცესში ამ კომპანიისგან სხვა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომლითაც მოხდებოდა ავანსის ანგარიშფაქტურების განაშთვა მიღებული არ არის. ამასთან, აღსანიშნავია, რომ თანხის გადახდა საბანკო ამონაწერის მიხედვით მომსახურების მომწოდებელზე არ ფიქსირდება. შემოწმების მიერ განხორციელდა აღნიშნული ავანსის ანგარიშ-ფაქტურებით, ჩათვლილი დღგ-ის თანხის შემცირება. შესაბამისად, პირს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

3.გადასახადის გადამხდელს გადახდილი აქვს სასტუმრო მომსახურების ღირებულება. ვინაიდან, გადასახადის გადამხდელის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სამშენებლო მომსახურების გაწევა,ხოლო აღნიშნული მომსახურების ეკონომიკურ საქმიანობასთან კავშირი ვერ დასტურდება, შემოწმების მიერ განხორციელდა სასტუმრო მომსახურებაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით ჩათვლილი დღგ-ის შემცირება და ასევე მოგების გადასახადის დარიცხვა. შედეგად, შემოწმებით, პირს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი, მოგების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსი 275-ე მუხლის მიხედვით.

4.შემოწმების პროცესში მომზადდა ფულადი სახსრების მოძრაობის ამსახველი ცხრილი და შესამოწმებელ პერიოდზე დადგინდა ფულის ნაშთი. აღნიშნული თანხა, შემოწმების მიერ, ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად და დაექვემდებარა შესაბამის საანგარიშო პერიოდებზე საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ:

პირველ სადავო საკითხთი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (რეზიდენტობის ცნობები). თავის მხრივ, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმების და წარმოდგენილი მტკიცებულებების (მ.შ საჩივარზე თანდართული) გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივრები ამ ნაწილებში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №8) გათვალისწინებით შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9„ბ“); 97(1 „ბ“); 982(1 „ბ“); 101(1); 104(„გ“); 125-ე; 134(1,,გ“ „ე“); 154(1 „ა“და„გ“.2 „ა“და„ბ“); 173(1,2); 174(1 ,,ა“.2,,ა.ა“); 175(1„ა“და„ბ“); 176(1 „ა“);