შეღავათები ქონების გადასახადში 2020 წლისათვის N 1426

1426 შეღავათები ქონების გადასახადში 2020 წლისათვის 03.06.2020
№ დოკუმენტი 1426
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

შეღავათები ქონების გადასახადში 2020 წლისათვის N 1426

ფაქტობრივი გარემოებები

· საწარმოს საკუთრებაში აქვს შენობა ნაგებობა, მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთით. შენობაში არის კეთილმოწყობილი სასტუმრო ოთახები, რომლებიც გაიცემა საცხოვრებლად მოკლევადიანი პერიოდით ვიზიტორებისათვის. ოთახის დალაგების გარდა ვიზიტორებს შეუძლიათ დამატებითი მიიღონ სხვა მომსახურებაც - პარკირება, სამრეცხაო მომსახურება, აუზი და სატრენაჟორო დარბაზები, სარეკრეაციო საშუალებები, საკონფერენციო და სათათბირო დარბაზები. საწარმოს საკუთრებაში სხვა ქონება არ გააჩნია.

· 2020 წლის მაისის თვეში მან დააზუსტა 1 აპრილის სავადოსათვის წარდგენილი ქონების გადასახადის დეკლარაცია. დეკლარაციაში ასახული ქონებიის ღირებულება და მიწის ფართობი ასახა შეღავათებში, სადაც საფუძვლად მიუთითა სსკ-ის 309- მუხლის 115-ე ნაწილი. შესაბამისად საწარმოს საგადასახადო ვალდებულება ამ დეკლარაციით არ წარმოექმნა.

შეფასება

· საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 115- ე ნაწილის მიხედვით იმ ქონების გადასახადისგან (მ.შ მიმდინარე გადასახდელისაგან), რომლის გადახდა ამ კოდექსის შესაბამისად გათვალისწინებულია 2020 წელს, გათავისუფლებულია „ეკონომიკური საქმიანობის სახეების საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის“ (სეკ 006 - 2016): ა) 55.1 კოდით (სასტუმროები და განთავსების მსგავსი საშუალებები) ან/და 55.2 კოდით ( დასასვენებელი და სხვა მოკლევადიანი განთავსების საშუალებები) გათვალისწინებულ საქმიანობაში გამოყენებული ქონება; ბ) 56.1 კოდით(რესტორნები და საკვებით მობილური მომსახურების საქმიანობები) გათვალისწინებულ საქმიანობაში გამოყენებული ქონება; გ) 79 კოდით (ტურისტული სააგენტოები, ტურ-ოპერატორები და სხვა დაჯავშნის მომსახურება და მათთან დაკავშირებული საქმიანობები) გათვალისწინებულ საქმიანობაში გამოყენებული ქონება. შენიშვნა: ამ ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათი ვრცელდება იჯარით, ლიზინგით ან სხვა ამგვარი ფორმით გადაცემულ ქონებაზედაც, თუ ეს ქონება გამოიყენება ამავე ნაწილით განსაზღვრულ რომელიმე საქმიანობაში.

· იმის გათვალისწინებით, რომ საწარმოს ქონება გამოიყენებოდა ეკონომიკური საქმიანობის სახეების საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის 55.1 კოდით გათვალისწინებულ საქმიანობაში, აღნიშნული ქონება, რომლის გადახდის ვადა დგება 2020 წელს, თავისუფლდება ქონების გადასახადისაგან.

ღონისძიებები

· პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება და დამატებით საგადასახადო ვალდებულებების დაკისრება არ ხდება.

სიტუაციური სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2020 წლის 25 მაისისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით და ვრცელდება 2020 წელს

ანალოგიური მიდგომა ვრცელდება „ეკონომიკური საქმიანობის სახეების საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის“ 56.1 და 79 კოდებით გათვალისწინებულ საქმიანობაში გამოყენებულ ქონებაზე

ანალოგიური მიდგომა ვრცელდება ფიზიკური პირის მიერ ამავე საქმიანობაში გამოყენებულ ქონებაზე

ქონების გამოყენების ფაქტი განმსაზღვრელია