ბრძანება N 4877
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 4877
14.03.2023
"------" (პ/ნ "------")
(მის.: ქ.-----)
2023 წლის 16 თებერვლის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 10 მარტის სხდომაზე (ოქმი №24) განიხილა "------" (პ/ნ "------") №79149/1/2023 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 15 თებერვლის №EL200321 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის პოზიცია:
საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს და განმარტავს, რომ სკანერზე შემოწმების შემდეგ, მებაჟე-ოფიცერმა ტანისამოსის გახდა მოსთხოვა, რაზეც მომჩივანმა უარი განაცხადა და დაჯარიმდა საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო. აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 15 თებერვალს საბაჟო გამშვები პუნქტი „------“ კონტროლის ზონაში "------" რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა (16:12 სთ) ფიზიკური პირი"------" (პ/ნ "------"), რომელიც გადაადგილებდა პოლიეთილენის ორ პარკს (კვების პროდუქტები) და ხელჩანთას. მოქალაქე "------" ცდილობდა ესარგებლა მწვანე დერეფნით. უფლებამოსილი მებაჟე-ოფიცრის მითითების შემდეგ, მოქალაქემ მოახდინა მხოლოდ პოლიეთილენის პარკების რენტგენოსკანერზე გატარება, რის შემდგომ მოქალაქეს არაერთხელ მიეთითა მოეხდინა ხელჩანთის გატარებაც, მოქალაქე თავს არიდებდა აღნიშნული საბაჟო პროცედურის განხორციელებას და ცდილობდა საბაჟო კონტროლის ზონის დატოვებას.
დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ მოქალაქემ მოახდინა ხელჩანთის რენტგენოსკანერზე გატარება. საბაჟო კონტროლის ფარგლებში ჩატარებული ზეპირი გამოკითხვისას (ინტერვიუირებისას) დასმულ კითხვაზე, ჰქონდა თუ არა მას დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი, მოქალაქემ უარი განაცხადა. (გამოკითხვის პროცესი ასახულია სამხრე ვიდეოკამერაზე).
ეჭვის საფუძველზე, მიღებული იქნა გადაწყვეტილება ბარგის/ხელბარგის და მოქალაქის ფიზიკური დათვალიერების შესახებ, რის თაობაზეც ეცნობა მას. დათვალიერებისას აღმოჩენილი იქნა ტანთჩაცმული ქურთუკის ჯიბეებში სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი, კერძოდ: ოქროს საიუველირო ნაკეთობები, რომელიც მოთავსებული იყო პოლიეთილენის პარკში.
არადეკლარირებული საქონლის აღმოჩენის შემდეგ მოქალქე "------" უფლებამოსილ მებაჟე-ოფიცერს არ მისცა შესაძლებლობა მოეხდინა არადეკლარირებული საქონლის დათვალიერება, ექსპერტიზის ჩატარება. მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, მოქალაქე"------" არ ემორჩილებოდა უფლებამოსილი მებაჟე-ოფიცრის კანონიერ მოთხოვნებს, გამოირჩეოდა აგრესიულობით. მოქალაქემ დარეკა ცხელ ხაზზე და გამოიძახა შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს პოლიციის თანამშრომელი. აღნიშნული სამსახურის წარმომადგენლების მიერ ადგილზე საქმის ვითარების გარკვევის შემდეგ, მათ მოქალაქე "------"-ს მოუწოდეს, რომ საბაჟო ორგანოს თანამშრომლების მხრიდან კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ადგილი არ ჰქონდა და უნდა დამორჩილებოდა მებაჟე-ოფიცრის კანონიერ მოთხოვნებს, რამაც "------" გააბრაზა და კვლავ განმეორებით განახორციელა ზარი შინაგან საქმეთა სამინისტროს ცხელ ხაზზე, ისე რომ უკვე გამოძახებული პოლიციის თანამშრომლები იმყოფებოდნენ საბაჟო კონტროლის ზონაში და მოუწოდებდნენ მოქალაქე "------"-ს დამორჩილებოდა მებაჟე-ოფიცრის კანონიერ მოთხოვნებს.
მიუხედავად აღნიშნული მოწოდებისა, მოქალაქე "------"აგრძელებდა წინააღმდეგობის გაწევას და თავისი ქმედებით ცდილობდა შეეფერხებინა საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.
ვინაიდან, ადგილი ჰქონდა საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირისთვის წინააღმდეგობის გაწევას, მისი კანონიერი მოთხოვნის უგულებელყოფას, რამაც შეაფერხა საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება, საბაჟო გამშვები პუნქტი „------“ უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 15 თებერვალს შედგენილ იქნა №EL200321 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც სამართალდამრღვევ პირს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 800 ლარის ოდენობით.
"------"-მ მოგვიანებით წარადგინა ქურთუკის ჯიბეებში მოთავსებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები, კერძოდ: ოქროს ბეჭედი - 1 ცალი, ოქროს სამაჯური - 1 ცალი, ოქროს სამაჯური (პანდორა) - 1 ცალი, ოქროს ყელსაბამი - 1 ცალი, ოქროს საყურე - 1 წყვილი, ოქროს საყურე - 1 ცალი, სადაც ოქროს ნაკეთობების საერთო წონამ შეადგინა 52,02 გრამი. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა „მგზავრის ან/და მგზავრის ბარგის/ხელბარგის დათვალიერების ოქმი“.
"------"-ს ზემოაღნიშნული სამართალდარღვევის გარდა უფიქსირდება აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე მალულად შემოტანის 2 ფაქტი.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.
ამავე კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით:
საბაჟო კონტროლი გულისხმობს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ცალკეულ ქმედებებს;
საბაჟო გამშვებ პუნქტში, რომელიც არის საქართველოს საბაჟო საზღვართან მდებარე საბაჟო კონტროლის ზონა, მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების მიმართ ხორციელდება ამ კოდექსით დადგენილი პროცედურები;
საბაჟო ფორმალობა გულისხმობს დაინტერესებული პირის ან/და საბაჟო ორგანოს მიერ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესასრულებლად განსახორციელებელ სავალდებულო ქმედებას
საქართველოს საბაჟო კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილით, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის: შეამოწმოს დეკლარაცია, დოკუმენტი, მონაცემი და მისთვის ნებისმიერი სახით წარდგენილი სხვა ინფორმაცია; ჩაატაროს ზეპირი გამოკითხვა, მიიღოს ახსნა-განმარტება, განახორციელოს დაკვირვება (ვიდეო- და აუდიოჩაწერა); დაათვალიეროს საქონელი, სატრანსპორტო საშუალება, შენობა-ნაგებობა და ტერიტორია; დაათვალიეროს ფიზიკური პირი; განახორციელოს საბაჟო კონტროლი საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სხვა ფორმით და სხვა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლის პირველი ნაწილით, ნებისმიერი პირი, რომელიც პირდაპირ ან ირიბად ჩართულია საბაჟო ფორმალობის განხორციელებაში ან რომელსაც ეხება საბაჟო კონტროლი, ვალდებულია საბაჟო ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგინოს მას მოთხოვნილი დოკუმენტი ან/და სხვა ინფორმაცია, აგრეთვე გაუწიოს დახმარება აღნიშნული საბაჟო ფორმალობისა და საბაჟო კონტროლის განხორციელებაში.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს. აღნიშნული და სხვა ვალდებულებების განხორციელებაზე კონტროლის მიზნით, საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრასთან დაკავშირებით, საზღვარზე გადამაადგილებელი პირი ვალდებულია დაემორჩილოს შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირის კანონიერი მოთხოვნებს და ხელი არ შეუშალოს ამ უფლებამოსილ პირს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებაში.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის მუხლი 177-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მისი კანონიერი მოთხოვნის უგულებელყოფა, რამაც შეაფერხა საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება, - იწვევს დაჯარიმებას 800 ლარის ოდენობით.
საქმის მასალების დასტურდება, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირისთვის წინააღმდეგობის გაწევის და მისი კანონიერი მოთხოვნების უგულვებელყოფის ფაქტს, რითიც შეაფერხა საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება. აღნიშნული არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია.
პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ჯარიმის დაკისრება მართლზომიერია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. "------"-ის (პ/ნ "------" ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.