გადაწყვეტილება №26616/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 10.03.2026
№ დოკუმენტი 26616/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 26616/2/2026

10 მარტი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ----- (ს/ნ -----)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 19.02.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----“-ის 11.02.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N 26616/2/2026).

 

დავის საგანი:

საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევის ფაქტზე შეფარდებული ჯარიმის მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 26 დეკემბრის N EL304414 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 29 იანვრის №1557 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: ჯარიმა - 500 ლარი.

 

ფაქტების აღწერა:

2025 წლის 5 ივლისს გადასახადის გადამხდელის მიერ N ----- საბაჟო დეკლარაციით შიდა გადამუშავების პროცედურაში დადეკლარირდა 26 728 კგ შავი ჩაი და შიდა გადამუშავების დასრულების ვადად განისაზღვრა არაუგვიანეს 2025 წლის 24 დეკემბერი. ამასთან, დეკლარანტის მიერ შიდა გადამუშავების პროცედურაში მოსაქცევ საქონელზე წარდგენილ იქნა იმპორტის გადასახდელის გადახდის უზრუნველყოფის შესაბამისი საერთო საბანკო გარანტია ( N ----- 11.12.2023; მოქმედების ვადა – 03.01.2026).

გადამუშავებული პროდუქტის საქართველოდან რეექსპორტით გატანის მიზნით, შპს „-----“-მა გაფორმების ეკონომიკურ ზონა „-----“ მიმართა შიდა გადამუშავების ვადის (24.12.2025) გასვლის შემდეგ – 2025 წლის 27 დეკემბერს (საქონლის საბაჟო დეკლარაცია N -----).

ვინაიდან მომჩივნის მიერ N ----- საბაჟო დეკლარაციით განსაზღვრულ ვადაში არ განხორციელდა საქართველოს საბაჟო კოდექსის 146-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საბაჟო ფორმალობები, აღნიშნული ჩაითვალა შიდა გადამუშავების პროცედურის პირობის დარღვევად და გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, უფლებამოსილი პირის მიერ 2025 წლის 26 დეკემბერს შედგა N EL304414 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.

აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 29 იანვრის N 1557 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი:

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის 146-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილზე, მე-3 ნაწილზე, ამავე კოდექსის 113-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 141-ე მუხლზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 171-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 163-ე მუხლის მე-15 ნაწილზე და, მომჩივნის არგუმენტზე, დაკისრებული ჯარიმის ნაცვლად სანქციის სახედ გაფრთხილების გამოყენებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-15 ნაწილი არ მოიცავს 171-ე მუხლის გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის ჯარიმის ნაცვლად გაფრთხილების გამოყენების შესაძლებლობას.

საგულისხმოა ასევე ის ფაქტიც, რომ მომჩივანს წარსულში იგივე მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა რამდენჯერმე აქვს დაკისრებული. შესაბამისად, მისთვის ცნობილი იყო სპეციალური პროცედურის მფლობელის უფლებები და მოვალეობები.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

ამა წლის 3 იანვარს გასდიოდა ვადა გარანტიას რომელზეც ირიცხებოდა 490 კგ ჩაი, რომელიც გაიტანეს 27.12.2025 წელს. რატომღაც ახალ გარანტიას სთხოვს საბაჟო 10 დღით ადრე, ამასთან ერთად აქვს კიდევ სხვა გრძელვადიანი გარანტია ხოლო აღნიშნული გარანტიის გაგრძელება კომპანიას არ სჭირდებოდა, შესაბამისად არ გააგრძელეს, ხოლო საქონელი რომელიც იყო ამ გარანტიაზე 490 კილოგრამი დაახლოებით 3 042,00 ლარის ღირებულების კომპანიის გადამზიდავ კომპანიასთან შეთანხმებით უნდა გაეტანა 20 დეკემბერს, ტექნიკური შეფერხებების გამო, კერძოდ კომპანიამ რომელმაც გამოიყენა მისი გადამზიდავი კომპანიის ავტომობილი ვერ დასცალა შეთანხმებულ დროში, რის გამოც მასთან ვერ მოვიდა შეთანხმებულ დროს რამაც გამოიწვია 2 დღის დაგვიანება, თუმცა ამ კანონდარღვევას სახელმწიფოსთვის არ მიუყენებია ზიანი, არსებული გარანტია ჯერ კიდევ აქტიური იყო 03.01.2026 წლამდე, საქონელი გაიტანეს 24.12.2025 წლის ნაცვლად 27 დეკემბერს.

მომჩივანი მიუთითებს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლზე, მათ შორის ამავე მუხლის მე-11 და მე-12 ნაწილზე.

საბაჟოს წარმომადგენლებმა დაათვალიერეს იმპორტიორის საწყობი. სადაც დაფიქსირდა საქონელი რომლის იდენტიფიცირებაც მოხდა. ამდენად მიაჩნია, რომ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი ტვირთის განკარგვა მის მიერ არ მომხდარა. შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტს არანაირი ზიანი არ მიდგომია. აქედან გამომდინარე სავსებით შესაძლებელია გაფრთხილების გამოყენება. მიუხედავად იმისა, რომ საბაჟო სამართალდარღვევის განხილვას არეგულირებს საბაჟო კოდექსი. თავისი არსით ეს არის სამართალდარღვევა და მასზე ასევე ვრცელდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის დებულებები რომლის 22-ე მუხლით მუხლი 22. მცირემნიშვნელოვანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას დამრღვევის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების შესაძლებლობა (20.04.2018. N 2196) თუ ჩადენილია მცირე მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, საქმის გადასაწყვეტად უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს) შეუძლია გაათავისუფლოს დამრღვევი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და დასჯერდეს სიტყვიერ შენიშვნას. სიტყვიერი შენიშვნა არ გამოიყენება, თუ ჩადენილია იგივე ქმედება განმეორებით, ან თუ დამრღვევის მიმართ ადრე ჩადენილი იმავე ქმედებისათვის ამ მუხლის საფუძველზე გამოყენებული იყო სიტყვიერი შენიშვნა.

 

დავების განხილვის საბჭო:

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საბაჟო კოდექსის 145-ე მუხლის მიხედვით, შიდა გადამუშავების პროცედურის გამოყენებისთვის აუცილებელია:

ა) გადამუშავებული პროდუქტის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა არ იყოს ეკონომიკურად მოგებიანი;

ბ) დეკლარანტმა წარადგინოს დასაბუთებული მონაცემები:

ბ.ა) იმ პირის შესახებ, რომელიც უშუალოდ ახორციელებს საქონლის გადამუშავების ოპერაციას;

ბ.ბ) შიდა გადამუშავების პროცედურაში მოსაქცევი საქონლის, გადამუშავებული პროდუქტის, ნაშთისა და ნარჩენის აღწერილობის, ხარისხისა და რაოდენობის შესახებ;

ბ.გ) საქონლის გადამუშავების ოპერაციების, მათი განხორციელების ვადებისა და საშუალებების შესახებ;

ბ.დ) გადამუშავებულ პროდუქტში გადაუმუშავებელი საქონლის იდენტიფიკაციის საშუალების შესახებ;

გ) გამოსავლიანობის ნორმა შეთანხმებული იყოს საბაჟო ორგანოსთან;

დ) დეკლარანტმა წარადგინოს შიდა გადამუშავების პროცედურაში მოსაქცევ საქონელზე იმპორტის გადასახდელის გადახდის უზრუნველყოფის შესაბამისი გარანტია, გარდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული შემთხვევისა.

საბაჟო კოდექსის 113-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ამ კოდექსის 141-ე მუხლის გათვალისწინებით, სპეციალური პროცედურა, გარდა ტრანზიტის პროცედურისა, დასრულდება, თუ ამ პროცედურაში მოქცეული საქონელი ან გადამუშავებული პროდუქტი მოექცა სხვა საბაჟო პროცედურაში ან გატანილ იქნა საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან ან განადგურდა ნარჩენის გარეშე ან ამ კოდექსის 104-ე მუხლის შესაბამისად გადაეცა სახელმწიფოს.

საბაჟო კოდექსის 146-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბაჟო ორგანო განსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც უნდა დასრულდეს შიდა გადამუშავების პროცედურა. ეს ვადა განისაზღვრება შიდა გადამუშავების პროცედურის ხანგრძლივობისა და მის დასასრულებლად საჭირო დროის გათვალისწინებით.

საბაჟო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა – იწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 და 15 ნაწილების შესაბამისად:

11. საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.

15. ამ კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ქმედება ჩადენილია განმეორებით) ან ამავე კოდექსის 167-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 170-ე მუხლის პირველი ნაწილით, 172-ე მუხლით, 177-ე მუხლის პირველი ნაწილით ან 178-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის ჯარიმის ნაცვლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება.

ვინაიდან მომჩივანმა დაარღვია შიდა გადამუშავების პროცედურის პირობები, რაც სადავო არ არის გამხდარი მომჩივნის მხრიდან, სახეზეა საბაჟო კოდექსის 171-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა. შესაბამისად, საბაჟო ორგანოს ქმედება მომჩივნისთვის ჯარიმის შეფარდების თაობაზე მართებულია.

საჩივარში აღნიშნულია, რომ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი ტვირთის განკარგვა მის მიერ არ მომხდარა, სახელმწიფო ბიუჯეტს არანაირი ზიანი არ მიდგომია. აქედან გამომდინარე სავსებით შესაძლებელია გაფრთხილების გამოყენება. ასევე, თუ ჩადენილია მცირე მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, საქმის გადასაწყვეტად უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს) შეუძლია გაათავისუფლოს დამრღვევი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და დასჯერდეს სიტყვიერ შენიშვნას.

საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-15 ნაწილში მითითებულია იმ სამართალდარღვევათა ამომწურავი ჩამონათვალი, რომელთა ჩადენისთვის ჯარიმის ნაცვლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება. ვინაიდან აღნიშნული ჩამონათვალი არ მოიცავს საბაჟო კოდექსის 171-ე მუხლის პირველ ნაწილს, ხოლო სიტყვიერი შენიშვნა საერთოდ არ არის საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა შეფარდებული ჯარიმის გაფრთხილებით შეცვლასთან დაკავშირებით, მოკლებულია კანონიერ საფუძველს. ამდენად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევის ფაქტზე შეფარდებული ჯარიმის მართლზომიერება.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

გადასახადის გადამხდელმა შიდა გადამუშავების პროცედურაში მოაქცია ჩაი, თუმცა დადგენილ ვადაში არ შეასრულა აუცილებელი საბაჟო ფორმალობები და რეექსპორტისთვის მოგვიანებით მიმართა. ამის გამო შედგა სამართალდარღვევის ოქმი და დაეკისრა ჯარიმა. საჩივარი შესაბამისმა უწყებამ არ დააკმაყოფილა, რის შემდეგაც გადაწყვეტილება გასაჩივრდა დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება:

საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა შეფარდებული ჯარიმის გაფრთხილებით შეცვლასთან დაკავშირებით, მოკლებულია კანონიერ საფუძველს. ამდენად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო ოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 171; 165; 167;.