გადაწყვეტილება №20667/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20667/2/2023
22 იანვარი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს --- (ს/ნ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 30.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ის 25.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20667/2/2023).
დავის საგანი:
1. ფიქტიური გარიგების/უსაქონლო ოპერაციის ამსახველი ან ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურის გამოწერისათვის დაკისრებული ჯარიმა;
2. დღგ-ის ჩასათვლელი თანხის კორექტირება;
3. საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის კორექტირება;
4. სხვადასხვა სახის საქონელზე/მომსახურებაზე გადახდილი თანხის დაკვალიფიცირება ხარჯად, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 26.04.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი;
2. აუდიტის დეპარტამენტის 15.05.2023 წლის №10799 ბრძანება;
3. აუდიტის დეპარტამენტის 15.05.2023 წლის №002-71 საგადასახადო მოთხოვნა;
4. შემოსავლების სამსახურის 15.08.2023 წლის №20119 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 1 150 796.12 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 132 250
ბუნებ. რესურ. სარგებ. მოსაკრებელი - 1 000
დღგ - 12 592
მოგების გადასახადი - 632
საშემოსავლო გადასახადი - 118 026
ჯარიმა - 1 009 872
საურავი - 8 674.12
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა გზების და ავტობანების მშენებლობა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წერილის და დადგენილების საფუძველზე ჩატარდა 1.01.2020 წლიდან 1.02.2023 წლამდე პერიოდის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 26.04.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 15.05.2023 წლის №10799 ბრძანება და ამავე თარიღის №002-71 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული აქტები 30.05.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 15.08.2023 წლის №20119 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. ფიქტიური გარიგების/უსაქონლო ოპერაციის ამსახველი ან ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერისათვის დაკისრებული ჯარიმა ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
კომპანიის მიერ შესამოწმებელ პერიოდში შპს „-ს“ სახელზე გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. საგამოძიებო სამსახურის მიერ წარდგენილი მასალებით დგინდება, რომ შპს „---ის“ სახელზე გამოწერილი და მიღებული ანგარიშ-ფაქტურების მონაცემები არ შეესაბამება რეალობას. ამდენად, საგამოძიებო სამსახურის მასალებით ირკვევა, რომ აღნიშნული ოპერაციები შპს „---ის“ მიმართ არ განხორციელებულა, თუმცა, ვინაიდან შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემისა და გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული ბუღალტრული პროგრამის დამუშავების შედეგად, დგინდება კომპანიის სახელზე მასალების შეძენის და ჩამოწერის ოპერაციები, საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 49-ე და 73-ე მუხლებით და შპს „---ზე“ დეკლარირებული 18%-ით დასაბეგრი ბრუნვა არ დაექვემდებარა შემცირებას და დარჩა უცვლელი. გადასახადის გადამხდელს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით დაეკისრა ჯარიმა 949 180 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ მასალებზე, საგამოძიებო ორგანოდან მიღებულ ინფორმაციაზე, რომლის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები წარმოადგენს ფიქტიური გარიგებების შედეგს. ასევე, დადგინდა, რომ დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციები შპს „---ის“ მიმართ არ განხორციელებულა. თუმცა, ვინაიდან შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული ბუღალტრული პროგრამის და ინფორმაციის დამუშავების შედეგად, დგინდება კომპანიის სახელზე მასალების შეძენის და ჩამოწერის ოპერაციები, გადამხდელის მიერ დეკლარირებული 18%-ით დასაბეგრი ბრუნვა დარჩა უცვლელი, ხოლო საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მიხედვით, გადამხდელს განესაზღვრა შესაბამისი ჯარიმა. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს. სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ოპერაციის ასეთ შეფასებას უნდა ჰქონდეს საფუძველი (ექსპერტიზის დასკვნა და სასამართლოს ძალაში შესული გადაწყვეტილება). აუდიტის დეპარტამენტი არ ან ვერ აფიქსირებს საფუძველს, მხოლოდ ის, რომ საგამოძიებო დეპარტემენტის მიერ მიწოდებულია გაურკვეველი მასალები, რომლის შინაარსს კონკრეტულად არ ან ვერ ასახელებენ და ვერც აფიქსირებენ თუ რას ეყრდნობა ფაქტი რომ კომპანიას შესრულებული სამუშაოები არ მიუწოდებია შპს ---თვის. აუდიტის დეპარტამენტი აქვე აფიქსირებს იმ ფაქტს, რომ კომპანიამ შეიძინა მასალები/მომსახურება და სასაქონლო ზედნადებებში (რომლის ჩამონათვალი თან ერთვოდა შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივარს) დაფიქსირებულია იმ სამუშაო ობიექტის მისამართი, რომელ მისამართზეც შესრულებული სამუშაოები გადაცემული და მიწოდებულია შპს ---ზე. ასევე აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ მისამართზე რომელიც მითითებულია სასაქონლო ზედნადებებში სხვა მსგავსი ობიექტის სამუშაოები არ მიმდინარეობდა. აქედან გამომდინარე, კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოები არის რეალური, რომლის მიწოდება განხორციელდა შპს ---სთვის და მასზე გამოწერილი ანგარიშფაქტურების მონაცემები შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან და აუდიტის დეპარტემენტის მიერ საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით დაკისრებული ჯარიმა ექვემდებარება გაუქმებას. ასევე, აღსანიშნია, რომ კომპანიას ბუნებრივი რესურსების მოპოვებაზე 3.11.2022 წელს აღებული აქვს ლიცენზია და გეგმიური მოპოვება 2022 წელს დაუდგინდა 5 000 კუბური მეტრი, ხოლო აღნიშნული კარიერიდან მოპოვებული ბუნებრივი რესურსი (ქვიშა-ღორღი) სწორედ იმ ობიექტებზეა გამოყენებული სამუშაოების შესასრულებლად, რომელიც კომპანიამ მიაწოდა შპს ---ს და ამ სამუშაოების შესრულებაზე გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. აღნიშნული ფაქტი წარმადგენს კიდევ ერთ დამატებით უტყუარ მტკიცებულებას, რომ სამუშაოების შესრულება არის რეალური და რეალიზაციაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მონაცემები სრულად შესაბამისობაში კანონმდებლობასთან და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 563 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ოპერაცია უსაქონლოდ ან/და გარიგება ფიქტიურად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა, რომ ოპერაცია ან გარიგება არ განხორციელებულა იმ პირებს შორის, რომლებიც აღნიშნულია ოპერაციის ან გარიგების დამადასტურებელ დოკუმენტებში (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, საგადასახადო დოკუმენტი, სასაქონლო ზედნადები ან სხვა). საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პირის მიერ ფიქტიური გარიგების/უსაქონლო ოპერაციის ამსახველი ან ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა იწვევს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამომწერი/გამცემი პირის დაჯარიმებას საგადასახადო ანგარიშფაქტურაში მითითებული დღგ-ის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.
მომჩივნისთვის გაუგებარია აუდიტის დეპარტამენტის მიერ ოპერაციის ასეთი შეფასება, ვინაიდან მხოლოდ ის, რომ საგამოძიებო სამსახურის მიერ მიწოდებულია გაურკვეველი მასალები, რომლის შინაარსს კონკრეტულად არ ან ვერ ასახელებენ და ვერც აფიქსირებენ თუ რას ეყრდნობა ფაქტი, რომ კომპანიას შესრულებული სამუშაოები არ მიუწოდებია შპს ---თვის. ამასთან, შემმოწმებელი აფიქსირებს იმ ფაქტს, რომ კომპანიამ შეიძინა მასალები/მომსახურება და სასაქონლო ზედნადებებში (რომლის ჩამონათვალი თან ერთვოდა შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივარს) დაფიქსირებულია იმ სამუშაო ობიექტის მისამართი, რომელ მისამართზეც შესრულებული სამუშაოები გადაცემული და მიწოდებულია შპს ---ზე. აქედან გამომდინარე, კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოები არის რეალური და საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით დაკისრებული ჯარიმა ექვემდებარება გაუქმებას. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ საგამოძიებო სამსახურის მიერ წარდგენილ მასალებზე (მათ შორის დაკითხვის ოქმები) დაყრდნობით შპს „---ის“ სახელზე გამოწერილ და მიღებულ ანგარიშ-ფაქტურებში ასახული მონაცემები არ შეესაბამება რეალობას. შესამოწმებელ პერიოდში კი მომჩივნის მიერ შპს „---ს“ სახელზე გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები.
ამდენად, აღნიშნული ოპერაციები შპს „---ის“ მიმართ არ განხორციელებულა, თუმცა, ვინაიდან შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემისა და გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული ბუღალტრული პროგრამის დამუშავების შედეგად, დგინდება კომპანიის სახელზე მასალების შეძენის და ჩამოწერის ოპერაციები, საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 49-ე და 73-ე მუხლებით და შპს „---ზე“ დეკლარირებული 18%-ით დასაბეგრი ბრუნვა არ დაექვემდებარა შემცირებას, დარჩა უცვლელი და მომჩივანს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით დაეკისრა ჯარიმა 949 180 ლარის ოდენობით.
ზემოთ აღნიშნული გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. დღგ-ის ჩასათვლელი თანხის კორექტირება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საგადასახადო შემოწმების პროცესში დეტალურად შესწავლილია შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერები და საბუღალტრო პროგრამა, ამასთან ჩათვლაზე წარდგენილი (მათ შორის კორექტირებული და ავანსის) ანგარიშ-ფაქტურები. შედეგად, გამოვლინდა მცირეოდენი სხვაობები სრული შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში. კერძოდ, სხვაობა დაბეგვრის კუთხით გამოწვეულია გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის და მიღებული ავანსის თანხის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში ჩაურთველობით, ხოლო ჩათვლის კუთხით სხვაობები გამოვლინდა 2022 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდში, რაც განპირობებულია: ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის არ განაშთვით. შემოწმების შედეგად, დაკორექტირდა დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა და ჩასათვლელი დღგ-ის თანხა. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოწმების შედეგად, დაკორექტირდა დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა და ჩასათვლელი დღგ-ის თანხა. ვინაიდან, გამოვლინდა სხვაობა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს შორის, კერძოდ, გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და მიღებული ავანსის თანხა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში არ არის ასახული. ასევე, ჩათვლის კუთხით სხვაობები გამოვლინდა 2022 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდში, ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები არ აქვს განაშთული. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს. სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში სულ მიღებული ავანსის ანგარიშ-ფაქტურების დღგ შეადგენს 7 343,11 ლარს, აქედან არცერთი ანგარიშ-ფაქტურის ორჯერ ჩათვლა არ განხორციელებულა. შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ დამატებით დარიცხვა არ შეესაბამება რეალურ შედეგებს და დარიცხული გადასახადი ექვემდებარება გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად: 1. დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
2. დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.
3. დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს. საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
მომჩივანი დღგ-ის ჩასათვლელ თანხაზე განმარტავს, რომ შესამოწმებელ პერიოდში სულ მიღებული ავანსის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით, დღგ შეადგენდა 7 343,11 ლარს და არცერთი ანგარიშ-ფაქტურა ორჯერ ჩათვლილი არ არის. შესაბამისად, ამ ნაწილში დარიცხული გადასახადი ექვემდებარება გაუქმებას. მომჩივნის არგუმენტზე, აუდიტის დეპარტამენტის შემოწმების აქტით ირკვევა, რომ დღგ-ის ჩათვლის კუთხით სხვაობა გამოვლინდა 2022 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდში, რაც განპირობებული იყო ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის არ განაშთვით.
ზემოთ აღნიშნული გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, ვინაიდან, დავის წარმოების პროცესში მომჩივნის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოწმების შედეგად ჩასათვლელი დღგ-ის თანხის კორექტირება მართებულია. ამადენად, ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
3. საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის კორექტირება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოწმების პროცესში შესწავლილია, როგორც გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა და საბანკო ამონაწერები, ასევე შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, რის შედეგადაც გამოვლინდა სხვაობები გადამხდელის მიერ წარდგენილ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებსა და შემოწმების შედეგებს შორის, კერძოდ სხვაობები გამოწვეულია შემდეგი მიზეზების გამო:
1. დაქირავებულ პირებზე განაცემები, რომელიც განხორციელებულია საბანკო გადარიცხვებით და
2. გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული მომსახურებები ფიზიკური პირებისგან.
შემოწმებით დაკორექტირდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი განაცემები, შესაბამისი პერიოდების მიხედვით. აღნიშნულიდან გამომდინარე, გამოვლენილი სხვაობებით გაიზარდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს გაცემული აქვს ხელფასები, ასევე, მიღებული აქვს მომსახურებები ფიზიკური პირებისგან და არ აქვს შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს. სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში კომპანიის მიერ მუშა-მოსამსახურეებზე სამუშაოების შესრულების მიხედვით გაცემულია ანაზღაურება, რომელიც დაბეგრილია 20%-იანი განაკვეთით და დეკლარირებულია შემოსავლების სამსახურში, ხოლო აუდიტის დეპარტამენტმა ხელფასად ჩათვლილი თანხიდან საშემოსავლო გადასახადის დაბეგვრის ობიექტი გაიანგარიშა ე.წ. აგროსვის მეთოდით, ხოლო აღნიშნული მეთოდით საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი შეადგენს 25%-ს ნაცვლად საგადასახადო კოდექსით დადგენილი 20%-ისა, აქედან გამომდინარე კომპანიის მოთხოვნა არის ხელფასად გაცემული თანხების დაბეგვრა განხორციელდეს 20%-იანი განაკვეთით და მოხდეს შემოწმების აქტით დარიცხული თანხის გადაანგარიშება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების მიხედვით:
1. გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ: ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს;
დ) საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.
მომჩივანი განმარტავს, რომ მუშა-მოსამსახურეებზე სამუშაოების შესრულებისთვის გაცემული ანაზღაურება კომპანიას დაბეგრილი აქვს 20%-იანი განაკვეთით, ხოლო შემმოწმებელმა ხელფასად ჩათვლილი თანხიდან საშემოსავლო გადასახადის დაბეგვრის ობიექტი გაიანგარიშა ე.წ. აგროსვის მეთოდით, ხოლო აღნიშნული მეთოდით საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი შეადგენს 25%-ს ნაცვლად საგადასახადო კოდექსით დადგენილი 20%-ისა, აქედან გამომდინარე კომპანიის მოთხოვნა არის ხელფასად გაცემული თანხების დაბეგვრა განხორციელდეს 20%-იანი განაკვეთით და მოხდეს შემოწმების აქტით დარიცხული თანხის გადაანგარიშება. აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, დავის საგნის ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით და მომჩივნის არგუმენტი უსაფუძვლოა.
შემოწმების შედეგად საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა გაზრდილია ორი მიზეზით: პირველი, დაქირავებულ პირებზე განაცემები, რომელიც განხორციელებულია საბანკო გადარიცხვებით და მე-2, გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული მომსახურებები ფიზიკური პირებისგან.
ზემოთ აღნიშნული გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
4. სხვადასხვა სახის საქონელზე/მომსახურებაზე გადახდილი თანხის დაკვალიფიცირება ხარჯად, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შესამოწმებელ პერიოდში, კომპანიას საბანკო გადარიცხვებით გადახდილი აქვს თანხები სხვადასხვა სახის საქონელზე/მომსახურებაზე (საპატრულო ჯარიმები, საკომუნიკაციო მომსახურება და სხვა), თუმცა აღნიშნული საქონლის/მომსახურების ხარჯვასთან ან/და გამოყენებასთან დაკავშირებული სააღრიცხვო დოკუმენტაცია გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია. საგადასახადო შემოწმების შედეგად აღნიშნული დაკვალიფიცირდა ხარჯად, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 97-ე და 982 მუხლების გათვალისწინებით განისაზღვრა მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით კომპანიას გადახდილი აქვს თანხები სხვადასხვა სახის საქონელზე/მომსახურებაზე (საპატრულო ჯარიმები, საკომუნიკაციო მომსახურება და სხვა), თუმცა აღნიშნული საქონლის/მომსახურების ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, შესაბამისად შემოწმებით აღნიშნული დაკვალიფიცირება ხარჯად, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და განმარტავს, რომ ვინაიდან ვერ მტკიცდება შეძენილი საქონლის/მომსახურების ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი, აღნიშნულის არაეკონომიკურ ხარჯად განხილვა და მოგების გადასახადით დაბეგვრა მართლზომიერია. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ აუდიტის დეპარტამენტმა კომპანიის მიერ კომუნიკაციაზე (ძირითადად ტელეფონზე და ინტერნეტზე) გაწეული ხარჯები ჩათვალა ისეთ ხარჯად, რომლის მიზანი არ არის შემოსავლის/მოგების მიღება. კომპანიაში დასაქმებულები სამუშაოების შესრულების პერიოდში იყენებენ მობილურ სატელეფონო კავშირს სხვადასხვა საკითხების გადასაწყვეტად, შესათანხმებლად, მასალების მომწოდებლებთან და დამკვეთთან კომუნიკაციისათვის, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს ოპერატიულად/სწრაფად გადაწყვიტოს ესა თუ ის საკითხი და ამისათვის იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს, აღნიშნული ხარჯებით კომპანია ახდენს დროის მოგებას, რაც ნიშნავს სამუშაოების სწორად და დროულად დასრულებას, ასევე, ადგილი აქვს კომპანიის თანამშრომლების მიერ ავტომობილების გამოყენებას. ასე რომ, აღნიშნული ხარჯები წარმოადგენს პირდაპირ ხარჯებს რომელიც დაკავშირებულია კომპანიის შემოსავლების და მოგების ზრდასთან. აქედან გამომდინარე, აღნიშნულზე“ დამატებით დარიცხული გადასახადი და სანქცია ექვემდებარება გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.
მომჩივანი კომპანიის მიერ კომუნიკაციაზე (ძირითადად ტელეფონზე და ინტერნეტზე) გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით მიუთითებს, კომპანიაში დასაქმებულები სამუშაოების შესრულების პერიოდში იყენებენ მობილურ სატელეფონო კავშირს და ავტომობილებს სხვადასხვა საკითხების გადასაწყვეტად, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს ოპერატიულად/სწრაფად უზრუნველყოს სამუშაოების სწორად და დროულად დასრულება. აქედან გამომდინარე, აღნიშნულზე დამატებით დარიცხული გადასახადი და სანქცია ექვემდებარება გაუქმებას. ზემოთ აღნიშნული გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ვინაიდან ვერ მტკიცდება შეძენილი საქონლის/მომსახურების ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი, აღნიშნულის არაეკონომიკურ ხარჯად განხილვა და მოგების გადასახადით დაბეგვრა მართლზომიერია. შესაბამისად, ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. ფიქტიური გარიგების/უსაქონლო ოპერაციის ამსახველი ან ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურის გამოწერისათვის დაკისრებული ჯარიმა;
2. დღგ-ის ჩასათვლელი თანხის კორექტირება;
3. საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის კორექტირება;
4. სხვადასხვა სახის საქონელზე/მომსახურებაზე გადახდილი თანხის დაკვალიფიცირება ხარჯად, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების შედეგები აისახა 26.04.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 15.05.2023 წლის №10799 ბრძანება და ამავე თარიღის №002-71 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული აქტები 30.05.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 15.08.2023 წლის №20119 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 282; 174; 175; 176; 101; 154; 982.