ბრძანება N 4895
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 4895
14.03.2023
შპს „------------ს“ (ს/ნ ----------------)
(მის.: -----------------------------------)
2023 წლის 18 იანვრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 27 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №19) განიხილა შპს „------------ს“ (ს/ნ ----------------)№78180/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 19 დეკემბრის №136-19 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებას, კერძოდ, ჯართის ღირებულების თანხას. განმარტავს, რომ აღნიშნული ჯართი ჩაბარებულია ჯართის მიმღებ პუნქტში (შპს „------------ს“ (ს/ნ ----------------), რაზეც შედგენილია მიღება-ჩაბარების აქტები. ჩაბარებული ჯართის რაოდენობა 2021 წლის 27 ივლისს შეადგენდა 7000 კგ-ს, თანხით 2800 ლარი, ხოლო, 2021 წლის 24 ივლისს - 8000 კგ-ს, თანხით 2880 ლარი. საჩივარს თან ერთვის მხარეების მიერ ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტები.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 27 აპრილის №10670 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „------------ს“ (ს/ნ ----------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის -- იანვრიდან 2022 წლის -- აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 13 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 19 დეკემბრის №31896 ბრძანება და ამავე თარიღის №136-19 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 12 958 ლარი, მათ შორის, გადასახადი 5 073 ლარი, ჯარიმა 5 173 ლარი, საურავი 2 712 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზის და სხვა ინფორმაციის დამუშავებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში იყო 4 სახის სპეც-ტექნიკა (ბულდოზერი, ტრაქტორი და სხვა), რომელიც შეძენილი ჰქონდა 2016-2017 წლებში. აღნიშნული ტექნიკიდან 1 მოხსნილია რეგისტრაციიდან 2019 წელს, ხოლო დანარჩენი - 2021 წელს. 2021 წლის შემდგომ, რეგისტრაციიდან მოხსნილი სპეც-ტექნიკა საწარმოს მიერ არ არის მიჩნეული რეალიზაციად და არ არის დაბეგრილი დღგ-ით. გადასახადის გადამხდელის მიერ ზემოთ მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებაზე წარმოდგენილია წერილობითი ახსნაგანმარტება, რომლის მიხედვითაც, აღნიშნული ტექნიკის ნაწილი თავდაპირველად ოჯახის წევრს ეკუთვნოდა, თუმცა, გაუფორმებელი და მწყობრიდან გამოსული იყო, მისი შეკეთება და გადაფორმება მოახდინა შპს „------------ს“ (ს/ნ ----------------). ტენდერების დასრულების შემდგომ კი, აღნიშნული სპეც-ტექნიკა მოიხსნა რეგისტრაციიდან, თუმცა, არ არსებობს ბალანსიდან ჩამოწერის აქტი ან სხვა დოკუმენტი. აღსანიშნია ის ფაქტი, რომ აღნიშნული სპეც-ტექნიკა შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში არ არის ასახული ბუღალტრულ პროგრამაში ბალანსზე. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, 4 სახის სპეც-ტექნიკის ჩამოწერა ჩაითვალა ჯართის, ხოლო, 1 სპეცტექნიკის ჩამოწერა (ექსკავატორი) - საქონლის მიწოდებად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლით განისაზღვრა მიწოდებული ჯართის ღირებულება საბაზრო ფასით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-163-ე მუხლების შესაბამისად 1 სპეც-ტექნიკა დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. ასევე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის და 154-ე მუხლების შესაბამისად, სპეც-ტექნიკის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლები ჩაითვალა ანგარიშვალდებული პირისთვის (დირექტორი - ------------) გადახდილ ხელფასად/მასთან გათანაბრებულ განაცემად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საჩივარზე თანდართულ მტკიცებულებებზე, კერძოდ, ჯართის მიმღებ პუნქტთან - შპს „--------------ს“ (ს/ნ ----------------) გაფორმებულ მიღება-ჩაბარების აქტებზე, რომელშიც მითითებულია რეგისტრაციიდან მოხსნილი სპეც-ტექნიკა შესაბამისი წონითა და ჯართად ჩაბარების ღირებულებით. ასევე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ, შემოწმების პროცესში, სპეც- ტექნიკის ჯართად აღიარების და ჩამოწერის შესახებ ინფორმაცია შემოწმებისთვის არ ყოფილა მიწოდებული.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96- ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი საფუძვლების, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების და საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს სადავო საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრის დანართად წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „------------ს“ (ს/ნ ----------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრის დანართად წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.