გადაწყვეტილება №25522/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25522/2/2025
10 სექტემბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 4.09.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 28.07.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25522/2/2025).
დავის საგანი:
1. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები;
2. დაკისრებული ჯარიმა-საურავისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 26 ივნისის №021-44 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 23 ივლისის №16561 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 39 797 768.55 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 24 347 092.09
დღგ - 9 707 047.27
საშემოსავლო გადასახადი - 14 640 044.82
ჯარიმა - 12 173 544.20
საურავი - 3 277 132.26
პროცედურული გარემოებები
მომჩივნის საქმიანობაა საბითუმო ვაჭრობა ხილით და ბოსტნეულით. გადასახადის გადამხდელად და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2024 წლის 31 იანვარს.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 13 მაისის №9441 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 2024 წლის 31 იანვრიდან 2025 წლის 1 მაისამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 9 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 26 ივნისის №13562 ბრძანება და №021-44 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 39 797 768.55 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2025 წლის 4 ივლისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2025 წლის 23 ივლისის №16561 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები
ფაქტების აღწერა
კომპანია ახორციელებს ხილის და ბოსტნეულის შეძენას და რეალიზაციას, როგორც დოკუმენტურად, ასევე საცალოდ. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს შეძენილი აქვს 57 მილიონი ლარის საქონელი. შეძენილი საქონლის დაახლოებით 90% იმპორტირებულია. საქონლის იმპორტისას უმეტეს შემთხვევაში ხდება საქონლის ღირებულების აფასება. რეალიზებული პროდუქტის დაახლოებით 45% დოკუმენტურია. გადასახადის გადამხდელი აღრიცხვას ახორციელებს პროგრამა ორისში, თუმცა აღნიშნული პროგრამა არ მოიცავს კომპანიის საქმიანობის სრულ ინფორმაციას. საწარმოს მიერ დეკლარირებული მონაცემები შეადგენს ძირითადად მხოლოდ დოკუმენტურად ზედნადებით რეალიზაციას.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2025 წლის 16 მაისს ჩატარებული სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად, კომპანიას უფიქსირდება 897 545 ლარის სმფების ნაშთი (საბაზრო ღირებულებით). გადასახადის გადამხდელი არ ჩამოწერს გაფუჭებულ საქონელს.
საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ კომპანიის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა და მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. დადგინდა თუ რა რაოდენობის საქონელი აქვს შეძენილი კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში და რა რაოდენობის საქონელი აქვს რეალიზებული დოკუმენტურად (ზედნადებით). შეძენა-რეალიზაციას ახორციელებს ძირითადად კილოგრამებში. შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი აქვს დაახლოებით 80 დასახელების საქონელი (შეძენილი საქონელი შეადგენს 31 792 ტონას, ხოლო დოკუმენტურად რეალიზებულია 14 401.6 ტონა). აღნიშნული ანალიზის შედეგად, დადგინდა კომპანიის მიერ საცალოდ რეალიზებული საქონელი, რომლის რაოდენობაა 17 390.9 ტონა. ასევე, დადგენილ იქნა დოკუმენტურად რეალიზებული პროდუქტის ერთეულის სარეალიზაციო ფასები (თვეების ჭრილში) სახეობების მიხედვით, რომელიც გავრცელდა საცალოდ რეალიზებული სმფ-ების რაოდენობებზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დადგინდა შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რომელიც აღემატება გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს 53 928 053.9 ლარით. საგადასახადო კოდექსის 159-ე და 163-ე მუხლების საფუძველზე, მომჩივანს დაერიცხა დღგ.
ამასთან, პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების შესწავლის შედეგად, საგადასახადო ორგანოს მიერ გაანგარიშებულ იქნა კომპანიაში ნაღდი ფულის ბრუნვა. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2025 წლის 15 მაისს განხორციელდა გადასახადის გადამხდელის სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის პროცედურა. ნაღდი ფულის ნაშთმა შეადგინა 36 790 ლარი. საგადასახადო ორგანოს მიერ გათვალისწინებულ იქნა ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროში დადგენილი აღურიცხავი ნაღდი ფული ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 49-ე, 61-ე, 73-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 101-ე, 154-ე, 43-ე მუხლებზე, შემოწმებით დადგენილ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელი აღრიცხვას ახორციელებს პროგრამა ორისში, თუმცა აღნიშნული პროგრამა არ მოიცავს კომპანიის საქმიანობის სრულ ინფორმაციას და საწარმოს სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განხორციელდა მართლზომიერად. კერძოდ, დადგენილ იქნა დოკუმენტურად რეალიზებული პროდუქტის ერთეულის სარეალიზაციო ფასები (თვეების ჭრილში) სახეობების მიხედვით, რომელიც გავრცელებულ იქნა საცალოდ რეალიზებული სმფ-ების რაოდენობებზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დადგენილ იქნა შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და მომჩივანს დაერიცხა დღგ. ამასთან, საგადასახადო ორგანოს მიერ გაანგარიშებულ იქნა კომპანიაში ნაღდი ფულის ბრუნვა. შემოწმების მიერ გათვალისწინებულ იქნა ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი. ხოლო, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროში დადგენილი აღურიცხავი ნაღდი ფული განხილულ იქნა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ წარდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემმოწმებლების მიერ არამართლზომიერად არის გამოყენებული კანონმდებლობის ის ნორმა, რომელიც საშუალებას აძლევს მაკონტროლებელს გამოიყენოს მეწარმის შემოსავლების განსაზღვრისას არაპირდაპირი მეთოდი, ვინაიდან საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილი, რომლის საფუძველზეც განხორციელდა დამატებითი შემოსავლების განსაზღვრა, ცალსახად ადგენს იმ პირობებს, რომლის დროსაც შესაძლებელია შემოსავლის/ხარჯის გაანგარიშება არაპირდაპირი მეთოდით. მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის გამოყენების საფუძველი. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ითხოვს გაუქმდეს ამ ნაწილში დადგენილი დამატებითი საგადასახადო ვალდებულებები.
არ ეთანხმება ამგვარად შემოსავლების განსაზღვრას, ვინაიდან ყველა ეტაპზე ხელმისაწვდომია კომპანიის ჩანაწერები, რომლითაც შესაძლებელია ზუსტი სარეალიზაციო ფასის დადგენა. მიუხედავად იმისა, რომ მომჩივნისთვის უცნობია საგადასახადო ორგანოს გაანგარიშება, დამატებით გადასახადის გაანგარიშება თუ განხორციელდება, მნიშვნელოვანია საწარმოს წარმომადგენლებს მიეცეს საშუალება მოახდინონ შემმოწმებლებთან ერთად გაანგარიშებების ხელახალი შესწავლა, რათა საქმიანობის სპეციფიკიდან (მალფუჭებადი საქონლის დიდი ასორტიმენტი) გამომდინარე დადგინდეს რეალური სარეალიზაციო ფასები, რის მიხედვითაც შესაძლებელია რეალური საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა. რაიმე ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, დამატებით დარიცხული თანხების კორექტირება უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს.
ასევე, ვინაიდან მომჩივნისთვის უცნობია საგადასახადო ორგანოს გაანგარიშებები, ითხოვს ხელფასად განხილული თანხის გაანგარიშების დამატებით შესწავლას. გადასახადის გადამხდელის გაანგარიშება არ ედრება აუდიტის დეპარტამენტის მიერ დადებულ შედეგს. ხარვეზის ან დამატებითი მტკიცებულების წარმოდგენის შემთხვევაში, ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით დარიცხული თანხების კორექტირება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 3.09.2025 წლის №78501-21-14 წერილი, სადაც მითითებულია, რომ კომპანია ახორციელებს ხილის და ბოსტნეულის შეძენას და რეალიზაციას. შეძენილი საქონლის დაახლოებით 90% შეადგენს იმპორტირებულს. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს შეძენილი აქვს 57 მილიონი ლარის საქონელი. საბაჟო ინვოისების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საქონლის იმპორტისას უმეტეს შემთხვევაში ხდება საქონლის ღირებულების აფასება. რეალიზაციას ახდენს როგორც დოკუმენტურად, ასევე საცალოდ. რეალიზებული პროდუქტის დაახლოებით 45% შეადგენს დოკუმენტურ რეალიზაციას. გადასახადის გადამხდელი აღრიცხვას ახორციელებს პროგრამა ორისში, თუმცა აღნიშნული პროგრამა არ მოიცავს კომპანიის საქმიანობის სრულ ინფორმაციას. მომჩივნის მიერ დეკლარირებული მონაცემები შეადგენს ძირითადად მხოლოდ დოკუმენტურად ზედნადებით რეალიზაციას. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2025 წლის 16 მაისს ჩატარებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლის შედეგადაც კომპანიას უფიქსირდება 897 545 ლარის სმფ-ების ნაშთი (საბაზრო ღირებულებით). გადასახადის გადამხდელი არ ჩამოწერს გაფუჭებულ საქონელს. გამომდინარე იქიდან, რომ საწარმოს სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა, საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით და მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, დადგინდა თუ რა რაოდენობის საქონელი აქვს შეძენილი კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში და რა რაოდენობის საქონელი აქვს რეალიზებული დოკუმენტურად (ზედნადებით). შეძენა-რეალიზაციას ახორციელებს ძირითადად კილოგრამებში. შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი აქვს დაახლოებით 80 დასახელების საქონელი (შეძენილი საქონელი შეადგენს 31 792 ტონას, ხოლო დოკუმენტურად რეალიზებულია 14 401.6 ტონა). აღნიშნული ანალიზის შედეგად, დადგინდა საწარმოს მიერ საცალოდ რეალიზებული საქონელი, რომლის რაოდენობა არის 17 390.9 ტონა. ასევე, დადგინდა დოკუმენტურად რეალიზებული პროდუქტის ერთეულის სარეალიზაციო ფასები (თვეების ჭრილში) სახეობების მიხედვით, რომელიც გავრცელდა საცალოდ რეალიზებული სმფ-ების რაოდენობებზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დადგინდა შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რომელიც აღემატება გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს 53 928 053.9 ლარით. საგადასახადო კოდექსის 159-ე და 163-ე მუხლების საფუძველზე, მომჩივანს დაერიცხა დღგ.
ამასთან, პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების შესწავლის შედეგად, საგადასახადო ორგანოს მიერ გაანგარიშებულ იქნა კომპანიაში ნაღდი ფულის ბრუნვა. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2025 წლის 15 მაისს განხორციელდა გადასახადის გადამხდელის სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის პროცედურა. ნაღდი ფულის ნაშთმა შეადგინა 36 790 ლარი. საგადასახადო ორგანოს მიერ გათვალისწინებულ იქნა ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი. საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროში დადგენილი აღურიცხავი ნაღდი ფული განხილულ იქნა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
მომჩივანს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის გამოყენების საფუძველი. ასევე, არ ეთანხმება ამგვარად შემოსავლების განსაზღვრას, აცხადებს, რომ კომპანიის ჩანაწერებით შესაძლებელია ზუსტი სარეალიზაციო ფასის დადგენა. თუმცა, გადასახადის გადამხდელს საგადასახადო დავის არცერთ ეტაპზე არ წარმოუდგენია მისი არგუმენტაციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.
აღსანიშნავია, რომ როგორც შემოსავლების სამსახურში, ასევე დავების განხილვის საბჭოში დავის განხილვისას, მომჩივანს მიეცა შესაძლებლობა დასწრებოდა საჩივრის განხილვის პროცესს და დამატებით წარმოედგინა არგუმენტაცია/მტკიცებულებები, თუმცა გადასახადის გადამხდელს დავის განხილვის პროცესში მონაწილეობა არ მიუღია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. დაკისრებული ჯარიმა-საურავისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 26 ივნისის №021-44 საგადასახადო მოთხოვნის შესაბამისად, მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 39 797 768.55 ლარი. მათ შორის, გადასახადი - 24 347 092.09 ლარი, ჯარიმა - 12 173 544.20 ლარი და საურავი - 3 277 132.26 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე, 269-ე, 270-ე, 272-ე, 275-ე მუხლებზე და ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული ჯარიმა/საურავი შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმების შედეგად დაკისრებული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
ვინაიდან შემოწმებით დამატებით დადგენილი საგადასახადო ვალდებულებები არ ყოფილა საწარმოს მიერ მიზანმიმართულად განხორციელებული, ითხოვს, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს დაკისრებული ჯარიმა-საურავისგან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
საბჭო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირის დაუდევარი ქმედება არ შეიძლება გახდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
1. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები;
2. დაკისრებული ჯარიმა-საურავისგან გათავისუფლება.
ფაქტობრივი გარემოებები
კომპანია ახორციელებს ხილის და ბოსტნეულის შეძენას და რეალიზაციას, როგორც დოკუმენტურად, ასევე საცალოდ. შეძენილი საქონლის დაახლოებით 90% იმპორტირებულია. რეალიზებული პროდუქტის დაახლოებით 45% დოკუმენტურია. საწარმოს მიერ დეკლარირებული მონაცემები შეადგენს ძირითადად მხოლოდ დოკუმენტურად ზედნადებით რეალიზაციას.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად, კომპანიას უფიქსირდება სმფების ნაშთი. გადასახადის გადამხდელი არ ჩამოწერს გაფუჭებულ საქონელს.
საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ კომპანიის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა და მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. დადგინდა თუ რა რაოდენობის საქონელი აქვს შეძენილი კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში და რა რაოდენობის საქონელი აქვს რეალიზებული დოკუმენტურად (ზედნადებით). ანალიზის შედეგად, დადგინდა კომპანიის მიერ საცალოდ რეალიზებული საქონელი. ასევე, დადგენილ იქნა დოკუმენტურად რეალიზებული პროდუქტის ერთეულის სარეალიზაციო ფასები (თვეების ჭრილში) სახეობების მიხედვით, რომელიც გავრცელდა საცალოდ რეალიზებული სმფ-ების რაოდენობებზე. დადგინდა შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რომელიც აღემატება გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს. მომჩივანს დაერიცხა დღგ.
ამასთან, პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების შესწავლის შედეგად, საგადასახადო ორგანოს მიერ გაანგარიშებულ იქნა კომპანიაში ნაღდი ფულის ბრუნვა. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროში დადგენილი აღურიცხავი ნაღდი ფული ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 101; 154; 159; 269(7)