ბრძანება N 8865

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 25.04.2023
№ დოკუმენტი 8865
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 8865

25.04.2023

ფ/პ ------------- (პ/ნ ----------)

(მის.: ------------------)

2022 წლის 9 აგვისტოს საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 22 თებერვლისა და 23 მარტის სხდომებზე (ოქმი №17 და №30) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 15 დეკემბრის №18162/2/2022 გადაწყვეტილებით პირველი სადავო საკითხის ნაწილში ხელახლა განსახილველად დაბრუნებული ფ/პ ----------- (პ/ნ -----------) 2022 წლის 9 აგვისტოს №144289/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 19 ივლისის №001-127 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება უძრავი ქონების მიწოდების საფუძველზე დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. განმარტავს, რომ უძრავი ქონებები იყო საცხოვრებელი ტიპის, ხოლო მიწის ნაკვეთები იყო ცარიელი. აღნიშნავს, რომ მიწის ნაკვეთზე დღეის მდგომარეობით დგას შენობა-ნაგებობა, რომელიც აშენებულია სხვა მესაკუთრის დროს, რაც შეეხება აუდიტის დეპარტამენტის შეფასებას 11-11 კვ.მ. ფართობის სარაიასა და სათავსოთან მიმართებით, აცხადებს, რომ დაინგრა წლების წინ, შესაბამისად, აღნიშნულ ფართზე დარიცხვა არ შეესაბამება რეალობას. რაც შეეხება ---------- ქუჩაზე არსებულ უძრავ ქონებას, ის განეკუთვნებოდა საცხოვრებელ ფართს, რომელსაც დღეის მდგომარეობით მინიჭებული აქვს კომერციულის სტატუსი. განმარტავს, რომ აღნიშნული ფართის შეძენის შემდეგ მალევე დაკარგა ინტერესი მის მიმართ და გაყიდა ყოველგვარი მოგების გარეშე, რაც დასტურდება შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულებით.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 17 თებერვლის №4049 და 11 მარტის №5958 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა ი/მ --------------- (ს/ნ -----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების შესრულებისა და გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების სერია ,,ავ-13“ №---------, ,,ეა-17“ №---------, ,,ეა-17“ №--------, შესაბამისი საანგარიშო პერიოდების დღგ-ის და წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 13 ივლისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 19 ივლისის №19116 ბრძანება და ამავე თარიღის №001–127 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 80 852 ლარი, მათ შორის გადასახადი 44 947 ლარი, ჯარიმა 22 474 ლარი და საურავი 13 431 ლარი.

გადასახადის გადამხდელი არ დაეთანხმა 2022 წლის 19 ივლისის №001–127 საგადასახადო მოთხოვნას და 2022 წლის 9 აგვისტოს წარმოადგინა საჩივარი შემოსავლების სამსახურში, რომელიც შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 21 სექტემბრის №24241 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა. გადასახადის გადამხდელმა აღნიშნული ბრძანება გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2022 წლის 15 დეკემბრის №18162/2/2022 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 21 სექტემბერის №24241 ბრძანება და საჩივარი პირველი დავის საგნის ნაწილში, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით დგინდება შემდეგი:

„მომჩივნის განმარტებით, ------ ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონება დროებით, მხოლოდ 3 თვის ვადით, ფიქსირდებოდა მის სახელზე, რადგან მეზობლებს ჰქონდათ ფართები ერთმანეთში არეული (არასწორად რეგისტრირებული) და რადგან მის ახლობელს ჰქონდა საბანკო და სხვა კერძო სესხი, ყადაღის თავიდან ასაცილებლად (შემდგომ რომ მოეხდინა უფლებრივად უნაკლო ქონების რეალიზაცია) მოხდა ქონების მასზე გადაფორმება. მისი მიზანი და განზრახვა არ იყო ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება, ნაცნობ ადამიანს ეხმარებოდა მოეწესრიგებინა საკითხები, რაშიც არ მიუღია სარგებელი, ანაზღაურება, ნაცნობობიდან გამომდინარე მოხდა დახმარების გაწევა. ზოგადად ეწევა იურიდიულ მომსახურებას, რის გამოც იყო რეგისტრირებული მეწარმედ (რაც გაუქმებული აქვს) და დღგ-ის გადამხდელად. ეს ქონებები სამეწარმეო საქმიანობაში რა თქმა უნდა არ იყო გამოყენებული. არც ერთი მათგანი ამონაწერის მიხედვით არ არის კომერციული ფართი, -------- ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლი ამ ეტაპზე გარემონტდა და ახლა უკვე შეცვლილი აქვს სტატუსი და არის კომერციული ფართი. რაც შეეხება სხვა ქონებებს ლეჩხუმის და ველის ქუჩაზე, მის ახლობლებზე იყო ქონებები გაფორმებული, მეზობელთან ჰქონდა უთანხმოება და არ აძლევდა უფლებას საჯარო რეესტრში გაემიჯნა მის მიერ აშენებული შენობა მეზობლისგან. აღნიშნული ფართი ფორმალურად გაუფორმა მას, რომ იქნებ მეზობლისგან მიეღო ახალ მესაკუთრეს ზემოხსენებული გამიჯვნის უფლება. აღნიშნულ ხელშეკრულებაში მეტი დამაჯერებლობისთვის ჩაიწერა ნასყიდობის ფასი. თუმცა, შედეგობრივად მეზობელთან შეთანხმება ვერ შედგა და ქონებები კვლავ გადაუფორმა უკან -------------ს და მისი ოჯახის წევრებს. შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას განმარტა ზემოაღნიშნული, რაზეც განესაზღვრა შესაბამისი დრო და ელოდებოდა შეთანხმების შესაბამისად თუ როდის ჩაინიშნებოდა წარმოება, რათა წარედგინა ან წერილობითი პოზიცია ან/და წარმოებაში ჩაერთო მოწმის სახით უძრავი ქონების მესაკუთრე, რომელიც ფლობდა და სარგებლობდა უძრავი ქონებებით, მაგრამ შემოსავლების სამსახურისგან მიიღო ბრძანება საჩივრის არ დაკმაყოფილების შესახებ.

მომჩივანი წარმოადგენს ----------ას ნოტარიულად დამოწმებულ განცხადებას, საიდანაც მისი განმარტებით, ირკვევა რომ მის მიზანს არ წარმოადგენდა ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება და ფორმალურად იყო მასზე გაფორმებული და ითხოვს აღნიშნული განცხადების შეფასებას და გათვალისწინებას სადავო საკითხის განხილვისას.

მოპასუხე ორგანოს წარმომადგენლის განმარტებით, დადგენილია მომჩივნის მიერ 6 ფართის რეალიზაციის ფაქტი, აღნიშნულ ოპერაციებზე გაფორმებულია ნასყიდობის ხელშეკრულებები, შემოწმების შედეგად აღნიშნული მიჩნეულია ეკონომიკურ საქმიანობად და განხორციელებულ ოპერაციაზე დარიცხულია დღგ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები, მომჩივნის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, შედეგად, გასაჩივრებული ბრძანება ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:

შესამოწმებელ პერიოდში ი/მ -----------ს საქმიანობაა იურიდიული მომსახურების გაწევა. გადასახადის გადამხდელი დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებულია 2019 წლის 30 მაისიდან (2022 წლის 1 აპრილიდან გაუქმებულია ინდივიდუალური მეწარმის სტატუსი). საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ იანვრამდე პერიოდში რეალიზებული ჰქონდა შემდეგი უძრავი ქონებები:

1) ს/კ ---------- - ქ. ------ში, --------- ქუჩის №--------- ქუჩის №-ში მდებარე 16.75 კვ.მ. ფართი (სათავსი). აღნიშნული ფართი 2020 წლის 27 იანვარს რეალიზებულია 5 000 ლარად.

2) ს/კ ------------- - ქ.----ში, ---------- ქუჩის №--/----------- ქუჩის №--ში მდებარე 21 კვ.მ. ფართი (სათავსი). აღნიშნული ფართი 2020 წლის 5 აგვისტოს რეალიზებულია 20 000 ლარად.

3) ს/კ ------------- - ქ. -ში, ----------- ქუჩის №-/----------- ქუჩის №--ში მდებარე 11 კვ.მ. სარაია და 11 კვ.მ. სათავსი. აღნიშნული ფართები 2020 წლის 13 თებერვალს რეალიზებულია 21 000 ლარად.

4) ს/კ -------------- - ქ. -ში, -------- ქუჩის -/-------- ქუჩის №--ში მდებარე 18 კვ.მ. ფართი. აღნიშნული ფართი 2020 წლის 18 ივნისს რეალიზებულია 45 000 ლარად.

5) ს/კ --------- - ქ. -ში, ---------- ქუჩის №--ში მდებარე 27.26 კვ.მ. ბინა. აღნიშნული ბინა 2021 წლის 22 მარტს რეალიზებულია 111 642 ლარად.

6) ს/კ ------------ - ქ. --ში ----------- ქუჩის №-ში მდებარე 62 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია შენობა-ნაგებობები. აღნიშნული ფართი 2021 წლის პირველ თებერვალს რეალიზებულია 18 000 აშშ დოლარად (59 400 ლარად).

გამომდინარე იქიდან, რომ გადასახადის გადამხდელი წარმოადგენს დღგ-ს გადამხდელად რეგისტირებულ პირს, აღნიშნული უძრავი ქონებების მიწოდება დაიბეგრა დღგ-ით. ამასთან, ნასყიდობის ხელშეკრულებების მიხედვით უძრავი ქონების შეძენის და რეალიზაციის ფასები ერთმანეთს ემთხვეოდა, საშემოსავლო გადასახადის მიზნებისთვის დამატებით საგადასახადო ვალდებულება არ გამოვლენილა. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ამ საქმიანობის შედეგისა, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა. შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის საანგარიშო პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:

ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლი მე-8 ნაწილის თანახმად, უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ხოლო ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში წარდგენილ ---------ს ნოტარიულად დამოწმებულ განცხადებაზე, სადაც მითითებულია, რომ ---------მ მისი შვილიშვილის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება გადაუფორმა -------------ს იმ მიზნით, რომ ეწარმოებინა სამართლებრივი დავა მეზობელთან, ვინაიდან არ აძლევდა უფლებას გაემიჯნა მისი კუთვნილი ქონება, რომელიც გაფორმებული იყო შვილიშვილის სახელზე და რომელსაც ----------- წარმოადგენს ყველგან შესაბამისი მინდობილობით. გამომდინარე იქიდან, რომ დიდხანს გაგრძელდა ეს უთანხმოება, ------------მ გადაწყვიტა პირადად ეწარმოებინა დავა და მისივე მითითებით ----------მა კონკრეტული უძრავი ქონებები გადაუფორმა მის შვილებს (---------ს, ---------ს), შვილიშვილებს (-----------, მ------------) და თავად ------------საც. ამავე, განცხადების თანახმად, მასსა და -----------ს შორის არანაირი ფინანსური ანგარიშსწორება არ განხორციელებულა, ვინაიდან მის მიზანს წარმოადგენდა სამართლებრივი დავების დარეგულირება, რაშიც ------------, როგორც იურისტი ეხმარებოდა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, განსახილველ შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ უძრავი ქონებების მიწოდება, რომელიც შეძენილი აქვს ი/მ ------------ს (ს/ნ -----------) პირველი/მე-2 რიგის მემკვიდრეებისგან და რეალიზებულიც აქვს ამავე რიგის მემკვიდრეებზე, შესაძლებელია შეფასდეს არაარსებითი ეკონომიკური გავლენის მქონედ.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს სადავო საკითხი და იმ შემთხვევაში სადაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელს უძრავი ქონება შეძენილი აქვს ი/მ -----------ს (ს/ნ -----------) პირველი/მე-2 რიგის მემკვიდრეებისგან და რეალიზებულიც აქვს მისი ამავე რიგის მემკვიდრეებზე, ქონების მიწოდების ოპერაცია შეფასდეს არაარსებითი ეკონომიკური გავლენის მქონედ და აღნიშნულ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაექვემდებაროს შემცირებას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ფ/პ ------------ (პ/ნ ------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს სადავო საკითხი და იმ შემთხვევაში სადაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელს უძრავი ქონება შეძენილი აქვს ი/მ -----------ს (ს/ნ ----------) პირველი/მე-2 რიგის მემკვიდრეებისგან და რეალიზებულიც აქვს მისი ამავე რიგის მემკვიდრეებზე, უძრავი ქონების მიწოდების ოპერაცია შეფასდეს არაარსებითი ეკონომიკური გავლენის მქონედ და აღნიშნულ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაექვემდებაროს შემცირებას.

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება უძრავი ქონების მიწოდების საფუძველზე დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ იანვრამდე პერიოდში რეალიზებული ჰქონდა 6 უძრავი ქონება.

გამომდინარე იქიდან, რომ გადასახადის გადამხდელი წარმოადგენს დღგ-ს გადამხდელად რეგისტირებულ პირს, აღნიშნული უძრავი ქონებების მიწოდება დაიბეგრა დღგ-ით. ამასთან, ნასყიდობის ხელშეკრულებების მიხედვით უძრავი ქონების შეძენის და რეალიზაციის ფასები ერთმანეთს ემთხვეოდა, საშემოსავლო გადასახადის მიზნებისთვის დამატებით საგადასახადო ვალდებულება არ გამოვლენილა. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს სადავო საკითხი და იმ შემთხვევაში სადაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელს უძრავი ქონება შეძენილი აქვს ი/მ-ის პირველი/მე-2 რიგის მემკვიდრეებისგან და რეალიზებულიც აქვს მისი ამავე რიგის მემკვიდრეებზე, ქონების მიწოდების ოპერაცია შეფასდეს არაარსებითი ეკონომიკური გავლენის მქონედ და აღნიშნულ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაექვემდებაროს შემცირებას.

დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 9(1), 159(1), 163, 164(1), 168(1), 73(9).

2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსი: 160"ა", 161(1)(8), 171.