გადაწყვეტილება №26148/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№26148/2/2025
11 დეკემბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“ )
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,27.11.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 7.11.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26148/2/2025).
დავის საგანი:
1. საბაჟო პროცედურის დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება;
2. იმპორტის გადასახდელების დარიცხვა და საურავის დაკისრება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 9.09.2025 წლის №EL294931 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
2. საბაჟო დეპარტამენტის 9.09.2025 წლის №EL11116/10 (№070-10) საგადასახადო მოთხოვნა;
3. შემოსავლების სამსახურის 28.10.2025 წლის №23773 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 42 736,83 ლარი.
მათ შორის:
9.09.2025 წლის №EL11116/10 (№070-10) საგადასახადო მოთხოვნა - 21 412 ლარი.
გადასახადი - 21 324,83
დღგ საბაჟო - 13 367,83
იმპორტის გადასახადი - 7 957
საურავი - 87,17
9.09.2025 წლის №EL294931 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი - ჯარიმა 21 324,83 ლარი.
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
4.09.2025 წელს სგპ „------ -ის “ გავლით „------“-დან საქართველოში შემოვიდა სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება №„------“, რომლითაც გადაადგილდებოდა მომჩივნის კუთვნილი, №„------“ (1.09.2025) საქონლის საბაჟო დეკლარაციით, თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში წინასწარ დეკლარირებული, საქონელი.
საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების №„------“ აღრიცხვის მოწმობით სატრანსპორტო საშუალება გაიგზავნა გაფორმების ეკონომიკური ზონა „-------“-ის დანიშნულებით. 7.09.2025 წელს ცნობილი გახდა, რომ ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალება, რომელშიც განთავსებული იყო საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელი, ნაცვლად გეზ „--------“-სა გამოცხადდა კომპანიის მითითებულ მისამართზე, სადაც განხორციელდა საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების მოხსნა და საქონლის გადმოტვირთვა.
9.09.2025 წელს საქონლით დატვირთული სატრანსპორტო საშუალება გამოცხადდა დანიშნულების საბაჟო ორგანოში. თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმების და საქონლის ფიზიკური დათვალიერების შედეგადაც საქონლის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა.
საბაჟო ორგანომ მიიჩნია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, რაზეც მომჩივანს 9.09.2025 წლის №EL294931 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის (21 324,83 ლარი) ოდენობით. იმავე დღეს გამოიცა №EL11116/10 (№070-10) საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დაერიცხა იმპორტის გადასახდელები (დღგ - 13 367,83 ლარი, იმპორტის გადასახადი - 7 957 ლარი) და საურავი - 85,17 ლარის ოდენობით.
ამასთან, საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილები ფაქტზე, 9.09.2025 წლის №EL294952 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, სატრანსპორტო საშუალების მძღოლი დაჯარიმდა საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის საფუძველზე.
9.09.2025 წლის №EL294952 და №EL294931 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები და №EL11116/10 (№070-10) საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 28.10.2025 წლის №23773 ბრძანებით №EL294931 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის და №EL11116/10 (№070-10) საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო 9.09.2025 წლის №EL294952 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის ნაწილში დარჩა განუხილველი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
9.09.2025 წლის №EL294931 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის და №EL11116/10 (№070-10) საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებაზე საჩივრის არ დაკმაყოფილების ნაწილში შემოსავლების სამსახურის 28.10.2025 წლის №23773 ბრძანება, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველ ნაწილზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №3) პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 172-ე მუხლზე, 49-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 ნაწილებზე და საგადასახადო კოდექსის 272–ე მუხლის პირველ ნაწილზე და 64-ე მუხლის მე-2 ნაწილზე.
დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვას, დაკარგვას ან განადგურებას, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
ამასთან, ვინაიდან არსებობს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად საბაჟო სანქციის დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, მომჩივნისთვის საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლისა და საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად სადავო საგადასახადო მოთხოვნის წარდგენაც მართლზომიერად უნდა ჩაითვალოს.
კანონმდებლობა ვალდებულ პირს აკისრებს ვალდებულებას ჯეროვნად შეასრულოს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებები, რაც მომჩივნის მიერ არ შესრულდა. ამ ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს ამ ვალდებულებათა დარღვევას, რაც გამოიწვევს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. საბაჟო სანქცია ნორმის ელემენტია, რომელიც ითვალისწინებს უარყოფით შედეგებს საბაჟო ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. საბაჟო პასუხისმგებლობა კი არის კონკრეტული საბაჟო სამართალდარღვევის ჩამდენი პირის ვალდებულება, საბაჟო კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით, პასუხი აგოს მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებისათვის.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ 9.09.2025 წლის №EL294931 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, დაკისრებული პასუხისმგებლობა და №EL11116/10 (№070-10) საგადასახადო მოთხოვნა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადაწყვეტილებაში არ იქნა გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამომწვევი მიზეზები. შეძენილი იქნა ყურძნის წვენი "------"-ში და წინასწარი განბაჟების მიზნით ყველა საჭირო დოკუმენტი ატვირთულ იქნა პორტალზე, რის შედეგადაც შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების მიერ შევსებულ იქნა წინასწარი დეკლარაცია №„------“, სადაც შემთხვევით თუ გამიზნულად არასწორად იქნა მითითებული მანქანის ნომერი შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირის მიერ. კერძოდ, ნაცვლად „------“, მითითებულ იქნა არასწორი ნომერი - „------“, რაც ფაქტობრივად წარმოადგენს სამართალდარღვევის საწყის მიზეზს, რის შედეგადაც განვითარებული შემთხვევითობის ფონზე იქნა დაჯარიმებული კომპანია.
4.09.2025 წელს დატვირთულმა მანქანამ გადმოკვეთა „------“-ის საბაჟო პუნქტი, სადაც იგივე შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა გამოავლინეს დეკლარაციაში არაზუსტი ინფორმაცია მანქანის ნომრებთან დაკავშირებით და სკანირების კონტროლზე გავლის შემდეგ მძღოლისთვის მითითებული იქნა, რომ იგი უნდა წასულიყო „------“-ის მიმართულებით და როგორც აღნიშნავდა მძღოლი საუბარში მისთვის არავის დაუკონკრეტებია, რომ მანქანა უნდა შესულიყო გეზი „-------“-ის ტერიტორიაზე, რათა დასრულებულიყო განბაჟება. სატვირთო ავტომანქანის მძღოლი იყო არა ქართველი და შესაბამისად მას გაუჭირდა აღნიშნული ინფორმაციის გაგება და მიღება.
რადგან მძღოლისთვის ცნობილი იყო, რომ ტვირთის საბოლოო დაცლის ადგილი უნდა ყოფილიყო „------“-ის მიმართულებით, ამიტომ მან ჩათვალა, რომ სკანირების წარმატებულად გავლის შემდეგ უნდა წასულიყო ტვირთის დასაცლელად თბილისში. შუა გზიდან მძღოლმა დაურეკა და განმარტა, რომ იგი გამოშვებული იქნა საწყობში დასაცლელად ვინაიდან საუბარი მძღოლსა და მომჩივანს შორის მოხდა შუაღამისას არასამუშაო საათებში ვერანაირად ვერ მოახდინა მისი ინფორმაციის გადამოწმება ბუღალტერთან.
გამომდინარე იმ გარემოებებიდან, რომ კომპანიის არსებობის 6 წლიან ისტორიაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მანქანამ „------“-ის საბაჟო დატოვა „A“ ნომერის გარეშე, ანუ დაუსრულებელი საბაჟო მოქმედებით, რადგან ყველა მანქანა მანამდე, რაც მიუღია „------“-ის საბაჟოს ტოვებდა დასრულებული „A“ ნომრით და მიაჩნდა, რომ ავტომობილი, რომელსაც არ ექნება „A“ ნომერი არ იქნება შემოშვებული საქართველოს ტერიტორიაზე და მომჩივანთან დაკავშირების გარეშე არ იქნებოდა მიღებული გადაწყვეტილება აღნიშნული ტვირთის გადმომისამართებისა „------“-ის საბაჟოზე.
აგრეთვე ადამიანური ფაქტორი, რომ 5 სექტემბერს ჰქონდა დაბადების დღე, რამაც კიდევ უფრო მოადუნა მისი ყურადღება აღნიშნული ტვირთის გადამოწმების თაობაზე, რასაც დღესდღეობით ძალიან ნანობს.
ტვირთი იქნა მიწოდებული კლიენტის მისამართზე და დაიცალა საწყობში.
სამწუხაროდ გვიან, მანქანის დაცლის შემდეგ გააცნობიერა, რომ დაუშვა შეცდომა, რაც გამოიხატება იმაში, რომ მანქანის დაცლამდე არ გადამოწმდა წინასწარი დეკლარაციის ფერი და მისი სტატუსი. გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ დეკლარაციას არ ჰქონდა „A“ ნომერი. აღნიშნული გარემოებების გაანალიზების შემდეგ სასწრაფოდ მოახდინა ორგანიზება, რომ დაებრუნებინა დაცლილი მანქანა საწყობში, დაეტვირთა და გამოეცხადებინა სატრანსპორტო საშუალება ტვირთთან ერთად საბაჟო ტერმინალ გეზ „-------“-ში.
გეზ „--------“-ში საბაჟოს თანამშრომლების მიერ მოხდა ტვირთის დათვალიერება (შესაბამისად გამოიწერა დათვალიერების - აქტი №2389/09/2025 9.09.25). დათვალიერებისას, რა თქმა უნდა, აღმოჩნდა 16 კასრი კონცენტრატი, რაც მითითებული იყო ტვირთვის თანდართულ დოკუმენტაციაში. შემდგომ მოხდა კომპანიის და მძღოლის დაჯარიმება. კომპანიაზე გამოიწერა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი №EL294931/9.09.25 საქონლის უკანონო განკარგვის გამო, თანხის ოდენობით - 21 324,83 ლარი, ასევე გამოწერილ იქნა საგადასახადო მოთხოვნა №EL11116/10 თანხის ოდენობით 21 410 ლარი. ხოლო მძღოლზე საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი №EL294952/9.09.25. აგრეთვე საქონლის უკანონო განკარგვის გამო, საერთო თანხაზე - 5 000 ლარი. აცნობიერებს, რომ დაუშვა ტექნიკური შეცდომა, რომ არ გადაამოწმა პორტალზე დეკლარაციის სტატუსი, რამაც გამოიწვია საბაჟო წესების დარღვევა.
არ ჰქონიათ არანაირი წინასწარი განზრახვა საბაჟო წესების გვერდის ავლით მოეხდინა ზემოთ აღნიშნული ტვირთის იმპორტი საქართველოში და მიწოდება, რაზეც მიუთითებს უამრავი გარემოება და ფაქტი, მათ შორის ყველაზე უტყუარი - წინასწარი დეკლარირება. არ შეუმცირებია ტვირთის საბაჟო ღირებულება, რაც შესაბამისად გამოიწვევდა საბაჟო გადასახადების შემცირებას და ბიუჯეტის დაზარალებას. რაც ყველაზე მთავარია, აღნიშნული შეცდომა არ ცვლის საბაჟო გადასახდელების ოდენობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამოდინარე უნდა გაუქმდეს №EL11116/10 9.09.25 საგადასახადო მოთხოვნა და №EL294931/9.09.25 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.
ასეთ ტრაგიკულ შემთხვევამდე მიიყვანა საბაჟოს თანამშრომლების მიერ დაშვებულმა ვითომ და მცირე შეცდომამ ავტომობილის ნომრების არასწორად მითითების გამო. აღნიშნულ დოკუმენტებში მითითებული ჯარიმის თანხები ძალიან დიდ ზიანს მიაყენებს კომპანიას, მისი შემდგომი ფუნქციონირებისთვის და შესაძლებელია გამოიწვიოს გაკოტრება.
კომპანიის 6 წლიანი არსებობის პერიოდში არ გააჩნია არანაირი კანონდარღვევა. იმედი აქვს სამართლიანი გადაწყვეტილების. მოითხოვს გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 28.10.2025 წლის №23773 ბრძანების მე-2 ნაწილი, სადაც წერია, რომ არ დაკმაყოფილდეს საჩივარი.
მძღოლის დაჯარიმება გამოწვეულია მხოლოდ პროცედურულ შეცდომაზე დაყრდნობით და არ არის დაკავშირებული რაიმე რეალურ ზიანთან, ბიუჯეტის დანაკლისთან ან არაკეთილსინდისიერ ქმედებასთან.
ტექნიკური შეცდომის შესწორების უფლება (საბაჟო კოდექსის ზოგადი პრინციპი) საბაჟო კოდექსი ითვალისწინებს ტექნიკური ხარვეზის გამოსწორების შესაძლებლობას, როცა: ბიუჯეტს ზიანი არ მიუღია, არსებული შეცდომა არ ცვლის საბაჟო გადასახდელების ოდენობას, არ არსებობს მავნებლობა ან განზრახვა წესების საფარზე გვერდის ავლის. აღნიშნულ შემთხვევაში ყველა სამი პირობა სრულად დაკმაყოფილებულია.
სრულად იყო დაცული კეთილსინდისიერების სტანდარტი: წინასწარი დეკლარირება თავადვე ჩაატარა, საბაჟო ღირებულება არ შეუმცირებია, ბიუჯეტს არ მიყენებია არანაირი ზიანი, ტვირთის დაბრუნება და გეზი „--------“-ში წარდგენა მოხდა საკუთარი ინიციატივით.
დეკლარაციაში არსებულმა არასწორმა მონაცემმა, რომელიც საბაჟო თანამშრომლის საქმიანობიდან გამომდინარეობს, მიიყვანა პროცესის გაურკვევლობასა და შემდგომში ფორმალურ სამართალდარღვევამდე.
ადმინისტრაციული სამართლის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია - პირი არ უნდა დაისაჯოს ისეთსა და იმ შედეგებზე დაყრდნობით, რომელიც გამოწვეულია საჯარო მოხელის შეცდომით. ჯარიმის ოდენობა (21 324,83 ლარი და 21 410 ლარი) არაპროპორციულია იმ მცირე ტექნიკურ ხარვეზთან შედარებით, რომლის გამოსწორება უკვე განახორციელა კომპანიამ. სანქციამ შეიძლება გამოიწვიოს კომპანიის ქონებრივი მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება და ფუნქციონირების შეწყვეტა, რაც ეწინააღმდეგება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის მიზანს.
მოცემულ საქმეში არ არსებობს არცერთი სამართლებრივი საფუძველი იმ სანქციების გამოყენებისთვის, რომელიც ხსენებულ აქტებსა და გადაწყვეტილებებშია განსაზღვრული.
გათვალისწინებული უნდა იქნას, რომ კომპანიას 6 წლიანი საქმიანობის განმავლობაში არასდროს დაუშვია რაიმე სახის დარღვევა და ყოველთვის კეთილსინდისიერად ასრულებდა საბაჟო და საგადასახდო ვალდებულებებს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს. საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე რჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება.
საბაჟო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი საბაჟო გამშვებ პუნქტში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე შემოსვლისთანავე, დაუყოვნებლივ საბაჟო ორგანოს უნდა წარუდგინოს:
ა) პირმა, რომელმაც საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანა;
ბ) პირმა, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემომტანი პირის სახელით ან დავალებით მოქმედებს;
გ) პირმა, რომელმაც საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის შემდეგ აიღო მისი გადაზიდვის პასუხისმგებლობა.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები. საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონელი უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთის, ტრანსპორტირების ან შენახვის ნორმალური პირობებისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით.
საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად, საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, – იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საბჭო მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, 4.09.2025 წელს სგპ „------ -ის“ გავლით საქართველოში შემოვიდა სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლითაც გადაადგილდებოდა შპს "------"-ის (ს/ნ „------“) კუთვნილი, №„------“ (1.09.2025) საქონლის საბაჟო დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში წინასწარ დეკლარირებული საქონელი. გამოიწერა საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების №„------“ აღრიცხვის მოწმობა და სატრანსპორტო საშუალება გაგზავნილ იქნა გაფორმების ეკონომიკური ზონა „-------“-ის დანიშნულებით. ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალება, რომელშიც განთავსებული იყო საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელი, ნაცვლად „გეზ -"--------“-სა გამოცხადდა კომპანიის მითითებულ მისამართზე, სადაც განხორციელდა საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების მოხსნა და საქონლის გადმოტვირთვა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, აღნიშნულიდან გამომდინარე საბაჟო დეპარტამენტის 9.09.2025 წლის №EL294931 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გამოცემულია კანონმდებლობის შესაბამისად. რაც შეეხება იმპორტის გადასახდელების დარიცხვას, საბჭო აღნიშნავს, რომ ვინაიდან მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, საბაჟო დეპარტამენტის 9.09.2025 წლის №EL11116/10 საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს დარიცხული იმპორტის გადასახდელების გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი მიიჩნევს,რომ გაუქმდეს №EL11116/10 9.09.25 საგადასახადო მოთხოვნა და №EL294931/9.09.25 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.
ფაქტობრივი გარემოებები
საქართველოში შემოვიდა სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება,რომლითაც გადაადგილდებოდა მომჩივნის კუთვნილი,საქონლის საბაჟო დეკლარაციით, თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში წინასწარ დეკლარირებული, საქონელი.
საბაჟო ორგანომ მიიჩნია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, რაზეც მომჩივანს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.ასევე, სატრანსპორტო საშუალების მძღოლი დაჯარიმდა საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის საფუძველზე.
გადაწყვეტილება
საბჭოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, აღნიშნულიდან გამომდინარე საბაჟო დეპარტამენტის 9.09.2025 წლის №EL294931 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გამოცემულია კანონმდებლობის შესაბამისად. რაც შეეხება იმპორტის გადასახდელების დარიცხვას, საბჭო აღნიშნავს, რომ ვინაიდან მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, საბაჟო დეპარტამენტის 9.09.2025 წლის №EL11116/10 საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს დარიცხული იმპორტის გადასახდელების გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
73,166,172.