გადაწყვეტილება №18145/2/2022

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 03.02.2023
№ დოკუმენტი 18145/2/2022
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18145/2/2022

3.02.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: "------" (ს/ნ "------" )

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 3.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "------" -ის 7.11.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18145/2/2022)

 

დავის საგანი:

1. საქართველოს საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით;

2. საქონლის ჩამორთმევის მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 5.08.2022 წლის №EL178340 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

2. საბაჟო დეპარტამენტის 5.08.2022 წლის №69002074519 საქონლის ჩამორთმევის ოქმი;

3. შემოსავლების სამსახურის 14.09.2022 წლის №23686 ბრძანება.

 

შეფარდებული სანქცია: 124 928,265 ლარის ჩამორთმევა.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

5.08.2022 წელს ს.გ.პ „--------“ კონტროლის ზონაში „--------“ რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა მომჩივნის მართვის ქვეშ მყოფი სატვირთო სატრანსპორტო საშუალება (№„--------“ ). ზეპირი გამოკითხვისას, მომჩივანმა განაცხადა, რომ ჰქონდა ნაღდი ფული: 7 900 აშშ დოლარი, 1 055 „--------“ მანათი და 90 ქართული ლარი.

ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების შედეგად, მისაბმელის ძარის კონსტრუქციის რკინის მილში აღმოჩენილი იქნა არადეკლარირებული საქონელი – ნაღდი ფული 37 300 აშშ დოლარი. მომჩივნის მიერ დეკლარირებული და არადეკლარირებული ნაღდი ფულის ოდენობამ მოცემული დღისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურად დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად შეადგინა 124 928,265 ლარი.

საქართველოს საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულის საბაჟო კონტროლისგან მალულად და არასწორი დეკლარირებით შემოტანის ფაქტზე, მომჩივანს, საბაჟო დეპარტამენტის 5.08.2022 წლის №EL178340 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - საქონლის (45 200 აშშ დოლარი, 1 055 აზერბაიჯანული მანათი, 90 ლარი) ჩამორთმევა (საქონლის ჩამორთმევის ოქმი №69002047519, 5.08.2022 წ).

საბაჟო დეპარტამენტის 5.08.2022 წლის №EL178340 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და 5.08.2022 წლის №69002074519 საქონლის ჩამორთმევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 14.09.2022 წლის №23686 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური ვალდებულია განახორციელოს მონიტორინგი საქართველოს საგადასახადო კანონითა და მის შესაბამისად მიღებული (გამოცემული) კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესით.

დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულის საბაჟო კონტროლისგან მალულად და არასწორი დეკლარირებით გადმოტანის ფაქტს, რაც წარმოადგენს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ საბაჟო სამართალდარღვევას.

საგულისხმოა ასევე, რომ საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფორმა ცხადყოფს, რომ მომჩივნისთვის ცნობილი იყო მის მიერ გადაადგილებული საქონლის დეკლარირების ვალდებულების თაობაზე.

საბაჟო პასუხისმგებლობის ზომების დაწესებისას მხედველობაში მიიღება კანონით დაცული სამართლებრივი სიკეთისათვის მიყენებული ზიანის მოცულობაც. მოცემულ შემთხვევაში საბაჟო სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებული საბაჟო სანქცია შეესაბამება ჩადენილი ქმედების სიმძიმეს და ზიანის მოცულობას. ჩადენილი ქმედების ხასიათიდან გამომდინარე გამოყენებული სანქცია თანაზომიერია იმ მიზნებთან და ღირებულებებთან, რომლის მიღწევასაც ისახავს ადმინისტრაციული ორგანო. ამდენად, პირისათვის საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით დაკისრებული სანქცია მართლზომიერია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი განმარტავს, რომ 7 900 აშშ დოლარი, 1 055 აზერბაიჯანული მანათი და 90 ქართული ლარი ჰქონდა ჯიბეში, რაზეც გააკეთა ზეპირი განაცხადი და ეს ალბათ დაფიქსირებული იქნება სამხრე ვიდეოჩანაწერებში, რაც შეეხება დანარჩენ თანხას მას გადაავიწყდა ამ თანხის ჩვენება, რამაც გამოიწვია შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმის შედგენა და თანხის ჩამორთმევა. აღნიშნული თანხა ეკუთვნის სხვადასხვა მოქალაქეებს, რომლებიც ქ. „--------“ დაკავებული არიან სხვადასხვა სახის საქმიანობით და ფულს ოჯახის წევრებზე გადასაცემად აგზავნიან საქართველოში მძღოლების მეშვეობით. საყოველთაოდ ცნობილია, რომ საქართველოში თითქმის ყოველ მეორე ოჯახიდან ერთი წევრი მაინც იმყოფება საზღვარგარეთ და სწორედ ისინი არჩენენ საქართველოში მათი ოჯახის წევრებს და სწორედ ამ შემოსავალზეა დამოკიდებული მათი ყოფითი ცხოვრება. მოცემულ შემთხვევაში ქვემო ქართლის რეგიონიდან ანალოგიურად უამრავი ადამიანია წასული სამუშაოდ და სწორედ მათი გამოგზავნილი თანხებია აღმოჩენილი საბაჟო დეპარტამენტის მიერ, რაც ექვემდებარებოდა დეკლარირებას, თუმცა მისი სრულად ჩამორთმევა ძალიან დიდ ზიანს აყენებს მას.

მომჩივნის განმარტებით, თანხის მეპატრონეები სთხოვენ გადასცეს მათი კუთვნილ თანხები. ამის გამო კი ყოველდღიურად იძაბება ურთიერთობები მასსა და მოქალაქეებს შორის. აღნიშნულიდან გამომდინარე თანახმაა გადაიხადოს კანონით გათვალისწინებული ჯარიმა და დაუბრუნდეს ჩამორთმეული თანხა.

ის არის უმძიმეს მდგომარეობაში, ჰყავს მრავალსულიანი ოჯახი, უჭირს ეკონომიურად. ამასთან, ჩამორთმეული თანხის დაბრუნებას თანასოფლელები ითხოვენ კატეგორიულად და მას ფიზიკურად არ აქვს შესაძლებლობა, რომ ეს თანხები მათ დაუბრუნოს საკუთარი ხარჯით. ის სახლში ვერ მიდის და ემალება თანასოფლელებს.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივანის წარმომადგენელმა ასევე მოითხოვა დაკისრებული სანქცია შეეცვალოს ჯარიმით, გადაადგილებული ნაღდი ფულის 10 პროცენტის ოდენობით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, საბაჟო დეკლარაცია არის დოკუმენტი/ქმედება, რომლითაც პირი დადგენილი ფორმითა და წესით აცხადებს, რომ განზრახული აქვს საქონლის მიმართ შესაბამისი საბაჟო პროცედურის გამოყენება, და რომელშიც საჭიროების შემთხვევაში დამატებით პირობას უთითებს.

ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქონელი არის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ნებისმიერი მატერიალური ქონება, მათ შორის, ფული, ფასიანი ქაღალდი, ელექტროენერგია, თბოენერგია, გაზი, წყალი.

საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.

ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი საბაჟო გამშვებ პუნქტში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე შემოსვლისთანავე, დაუყოვნებლივ საბაჟო ორგანოს უნდა წარუდგინოს პირმა, რომელმაც საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანა.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებულ ნაღდ ფულზე (ეროვნული ან/და უცხოური ვალუტა), ჩეკებსა ან/და სხვა ფასიან ქაღალდებზე, რომელთა ჯამური ოდენობა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში.

საბაჟო კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის: ბ) ჩაატაროს ზეპირი გამოკითხვა, მიიღოს ახსნა-განმარტება, განახორციელოს დაკვირვება (ვიდეო- და აუდიოჩაწერა); გ) დაათვალიეროს საქონელი, სატრანსპორტო საშუალება, შენობა-ნაგებობა და ტერიტორია; ე) დაათვალიეროს ფიზიკური პირი; ი) განახორციელოს საბაჟო კონტროლი საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სხვა ფორმით.

საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით – იწვევს დაჯარიმებას საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით გადატანილი ან გადმოტანილი ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით ან ამ საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევას.

დადგენილია, რომ მომჩივანმა საბაჟო საზღვარზე მოახდინა მის მიერ გადაადგილებული თანხის მხოლოდ ნაწილის (7 900 აშშ დოლარი, 1 055 აზერბაიჯანული მანათი და 90 ქართული ლარი) დეკლარირება, ხოლო დარჩენილი თანხის (37 300 აშშ დოლარი რომელიც სამალავში ჰქონდა მოთავსებული) დეკლარირება არ განუხორციელებია.

მომჩივნის მიერ დეკლარირებული და არადეკლარირებული ნაღდი ფულის ოდენობამ 5.08.2022 წლისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურად დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად შეადგინა 124 928,265 ლარი.

მომჩივანი მიუთითებს, რომ 7 900 აშშ დოლარი, 1 055 აზერბაიჯანული მანათი და 90 ქართული ლარი ჰქონდა ჯიბეში, რაზეც გააკეთა ზეპირი განაცხადი და ეს ალბათ დაფიქსირებული იქნება სამხრე ვიდეოჩანაწერებში, რაც შეეხება დანარჩენ თანხას მას გადაავიწყდა ამ თანხის ჩვენება, რამაც გამოიწვია შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმის გამოწერა და თანხის ჩამორთმევა. მომჩივანი განმარტავს, რომ აღნიშნული თანხა ეკუთვნით სხვადასხვა მოქალაქეებს, რომლებიც ბაქოში დაკავებული არიან სხვადასხვა სახის საქმიანობით და ფულს ოჯახის წევრებზე გადასაცემად აგზავნიან საქართველოში მძღოლების მეშვეობით.

ამასთან განმარტავს, რომ თანხის მეპატრონეები სთხოვენ გადასცეს მათი კუთვნილ თანხები. ამის გამო კი ყოველდღიურად იძაბება ურთიერთობები მასსა და მოქალაქეებს შორის. აღნიშნულიდან გამომდინარე თანახმაა გადაიხადოს კანონით გათვალისწინებული ჯარიმა და დაუბრუნდეს ჩამორთმეული თანხა.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ასევე განმარტა, რომ მომჩივნისთვის ცნობილი იყო ის ფაქტი, რომ მას დეკლარირების ვალდებულება ჰქონდა, ვინაიდან სამართალდარღვევის ქმედების ჩადენამდე მას არაერთხელ აქვს ნაღდი ფული დეკლარირებული.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და დადასტურებულად მიაჩნია, რომ მომჩივანმა იცოდა, რომ მის მიერ გადაადგილებული თანხა ექვემდებარებოდა დეკლარირებას, თუმცა აღნიშნული თანხის სამალავში მოთავსებით, ცდილობდა თავიდან აერიდებინა საბაჟო კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულება.

ზემოაღნიშნული ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის მიერ ჩადენილი საბაჟო სამართალდარღვევისთვის სანქცია შეფარდებულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

 

გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.