ბრძანება N 26455
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 26455
07/09/2020
შპს -----------------------
(მის.: ქ. ----------------- )
სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 20 აგვისტოს გამართულ სხდომაზე (ოქმი №61) განიხილა შპს ----- ს 2020 წლის 24 იანვრის №14824/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 31 დეკემბრის №005-561 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
არ ეთანხმება მოთამაშეებზე გადაცემული საქონლის (კვების პროდუქტები და სხვა ტიპის მარაგები) დღგ-ით დაბეგვრას და ერთობლივი შემოსავლის კორექტირებას. წარმოდგენილ საჩივარში გადამხდელი განმარტავს, რომ შპს ----- მის სამორინეში და სათამაშო დარბაზებში შესულ მუდმივ მოთამაშეებს აწვდის გარკვეული სახეობის საკვებ პროდუქტებს, სასმელებსა და თამბაქოს. კომპანიას წინასწარ აქვს განსაზღვრული კლიენტების შერჩევის კრიტერიუმები, რის შესაბამისადაც ახდენს მუდმივი კლიენტების დიფერენცირებას და მათ მიერ განხორციელებული „ბეთის“ შესაბამისად საქონლის გადაცემას. კომპანიის მიერ შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით, საქონლის გადაცემა ხდება კლიენტების ხუთ კატეგორიაზე, რაზეც დაწესებულია გარკვეული ლიმიტები. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიის მიერ აღნიშნული საქონლის გადაცემა მკაცრად გაწერილი და ლიმიტირებულია. განსახილველ შემთხვევაში, კომპანია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 177-ე მუხლის შესაბამისად ახდენს შერეულ ოპერაციას და მოთამაშეთათვის გადაცემული საკვების, სასმელებისა და თამბაქოს ხარჯები წარმოადგენს ძირითადი საქმიანობის მიმართ დამხმარე ხასიათის ხარჯებს, შესაბამისად არ უნდა დაიბეგროს დღგ-ით, როგორც ცალკე დამოუკიდებელი ოპერაცია. ასევე, გადამხდელის განმარტებით, რადგანაც მოთამაშეებზე საქონლის გადაცემა კომპანიის მიერ ასახულია 2016 წლის ერთობლივ შემოსავალში, ამ ნაწილში კომპანიის ერთობლივი შემოსავალი ექვემდებარება შემცირებას, ვინაიდან მოცემულ ოპერაციას მოგების გადასახადის მიზნებისთვისაც განიხილავს კომპანია ძირითადი მომსახურების შემადგენელ ნაწილად და საქონლის/მომსახურების უსასყიდლო მიწოდებად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიის მიერ კლიენტებისთვის ზემოთ მითითებული საქონლის მიწოდება არ ექვემდებარება ცალკე დღგ-ით დაბეგვრას და ერთობლივ შემოსავალში ასახვას. ამასთან, იმ შემთხვევაში თუ არ იქნება გაზიარებული საჩივარში მითითებული პოზიცია და განსახილველი ოპერაცია ჩაითვლება დამოუკიდებელ დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად, გადამხდელი ითხოვს კომპანიის ჩასათვლელი დღგ-ის თანხების გადაანგარიშებას და ჩასათვლელი დღგ-ის თანხის გაზრდას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 05 ივნისის №13934 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს ----- ს საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2016 წლის 01 იანვრიდან 2017 წლის 01 იანვრამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების შედეგებზე, 2019 წლის 30 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რის საფუძველზეც გამოიცა 2019 წლის 31 დეკემბრის №47636 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა ამავე თარიღის №005-561 „საგადასახადო მოთხოვნა“, რომლითაც გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება დამატებით განისაზღვრა სულ 59 956 ლარით, მათ შორის: გადასახადი 31 381 ლარი, ჯარიმა 15 969 ლარი, საურავი 12 606 ლარის ოდენობით.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
სადავო საკითხთან მიმართებაში, საწარმოს საქმიანობის საგანს წარმოადგენს ძირითადად აზარტული თამაშების მოწყობა, თუმცა შესამოწმებელ პერიოდში ფიქსირდება მომსახურების გაწევიდან მიღებული და სხვა დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი შემოსავლები. გადამხდელს 2016 წლის მანძილზე შეძენილი აქვს საწვავი. გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი შესაბამისი დანართები.
შემოწმების მიერ დამუშავებულ იქნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მასალები, ინფორმაცია (საბანკო ამანაწერები და ბუღალტრული პროგრამა). შემოწმებით გამოვლინდა სხვაობები, რომლითაც გაიზარდა დასაბეგრი ბრუნვები. შესაბამისად, პირს დაერიცხა კუთვნილი გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე და 291-ე მუხლების შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 177-ე მუხლზე, რომლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. შერეულ ოპერაციად ითვლება ისეთი ოპერაცია, რომელიც მოიცავს საქონლისა და მომსახურების კომბინირებულ მიწოდებას.
2. საქონლის/მომსახურების მიწოდება, რომელიც ძირითადი საქონლის/მომსახურების მიწოდების მიმართ დამხმარე ხასიათისაა, ითვლება ამ საქონლის/მომსახურების ნაწილად.
ამავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად:
1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.
2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
ზემოაღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, შემოსავლების სამსახურმა განმარტა, რომ სამორინე დარბაზში შესული მოთამაშეებისთვის უსასყიდლოდ საქონლის (საკვების, სასმელებისა და სხვა) მიწოდებასთან დაკავშირებული ხარჯი ჩაითვლება ძირითადი მომსახურების შემადგენელ ნაწილად და არა ცალკე საქონლის უსასყიდლო მიწოდებად, თუ მოხდება აღნიშნული საქონლის მიწოდების დოკუმენტურად დადასტურება, რომ იგი ძირითადი მომსახურების მიმართ დამხმარე ხასიათისაა. ამგვარად, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებული დარიცხვის საფუძვლები საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით საჭიროებს დამატებით შესწავლას/გამოკვლევას. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს განსახილველი სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დოკუმენტურად დასტურდება, რომ უსასყიდლოდ საქონლის მიწოდების ოპერაცია, ძირითადი მომსახურების მიმართ დამხმარე ხასიათისაა, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება. ხოლო, აღნიშნულის დაუდასტურებლობის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს უსასყიდლოდ საქონლის მიწოდების ოპერაციის ფარგლებში მისაღები დღგ-ის ჩათვლებში გათვალისწინების საკითხი და საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს ----- ს საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან მიმართებაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტება;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება მოთამაშეებზე გადაცემული საქონლის (კვების პროდუქტები და სხვა ტიპის მარაგები) დღგ-ით დაბეგვრას და ერთობლივი შემოსავლის კორექტირებას. ამასთან, იმ შემთხვევაში თუ არ იქნება გაზიარებული საჩივარში მითითებული პოზიცია ითხოვს კომპანიის ჩასათვლელი დღგ-ის თანხების გადაანგარიშებას და ჩასათვლელი დღგ-ის თანხის გაზრდას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების აქტის მიხედვით საწარმოს საქმიანობაა ძირითადად აზარტული თამაშების მოწყობა, თუმცა სხვა დღგ-ით დასაბეგრი შემოსავლები. გადამხდელს შეძენილი აქვს საწვავი, არ არის წარმოდგენილი შესაბამისი დანართები.
შემოწმების მიერ გამოვლინდა სხვაობები, რომლითაც გაიზარდა დასაბეგრი ბრუნვები. შესაბამისად, პირს დაერიცხა კუთვნილი გადასახადი და ჯარიმა სსკ-ს 275-ე და 291-ე მუხლების შესაბამისად.
გადაწყვეტილება
აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და თუ დოკუმენტურად დასტურდება, რომ უსასყიდლოდ საქონლის მიწოდების ოპერაცია, ძირითადი მომსახურების მიმართ დამხმარე ხასიათისაა, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება. ხოლო, აღნიშნულის დაუდასტურებლობის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს უსასყიდლოდ საქონლის მიწოდების ოპერაციის ფარგლებში მისაღები დღგ-ის ჩათვლებში გათვალისწინების საკითხი და საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 105
01.01.2021 წლამდე მოქმედი: 161(1,,ა“); 174; 177