ბრძანება N 15077

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 28.06.2023
№ დოკუმენტი 15077
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 15077

28 ივნისი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------

2022 წლის 10 თებერვლის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 8 ივნისის სხდომაზე (ოქმი №62) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 24 ნოემბრის №17301/2/2022 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „-------“ (ს/ნ -------) №67923/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 26 იანვრის №001-6 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებს, კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტის მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას და ფასნამატის ოდენობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 2 აპრილის №9820 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 30 დეკემბრის №001-424 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით შპს „-------“ (ს/ნ -------) 2021 წლის 28 იანვრის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „ს-------“ (ს/ნ -------) 2021 წლის 28 იანვრის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“

შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 2 აპრილის №9820 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2022 წლის 18 იანვრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2022 წლის 26 იანვრის №001-6 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რომელთან დაკავშირებითაც 2022 წლის 10 თებერვალს წარმოდგენილი საჩივარი შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 27 ივლისის №19993 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 27 ივლისის №19993 ბრძანებასთან დაკავშირებით გადამხდელის მიერ წარდგენილი საჩივარი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 24 ნოემბრის №17301/2/2022 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 27 ივლისის №19993 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

გადასხადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იქნა შიდა სააღრიცხვო პროგრამიდან ყოველდღიური რეპორტები (დღის განმავლობაში რეალიზებული პროდუქცია რაოდენობისა და სარეალიზაციო ფასის მითითებით). შემოწმებით, აღნიშნულ რეპორტებში მითითებული რეალიზებული საქონლის რაოდენობა შეუდარდა შემოწმების პროცესში წარმოდგენილ საბუღალტრო პროგრამა ორისში მითითებულ და ჩამოწერილ რეალიზებულ საქონლის რაოდენობებს და გამოვლინდა სხვაობები. გამოვლენილი სხვაობები გადამხდელმა ახსნა რეალიზებული საქონლის გადაცვლის ფაქტებით. დამატებით გამოთხოვილ იქნა შიდა სააღრიცხვო პროგრამიდან რეალიზაციისა და ნაშთების დეტალური ელექტრონული რეპორტები. გადამხდელმა ვერ წარმოადგინა გადაცვლის დამადასტურებელი სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია. ამასთანავე, ერთმანეთს შეუდარდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის არსებული, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი შიდა სასაწყობე პროგრამაში და შემოწმების პროცესში წარმოდგენილ ორისში არსებული სმფ-ის ნაშთი. შიდა აღრიცხვის პროგრამა საქონლის თვითღირებულებას არ აღრიცხავს, რაოდენობრივი ნაშთი კი განსხვავდება საბუღალტრო პროგრამაში არსებული ნაშთისგან. შესაბამისად, გადაანგარიშებით არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების მოხსნის საფუძველი არ გამოიკვეთა. გადაანგარიშების პროცესში, გადამხდელისთვის გაგზავნილ იქნა არაპირდაპირი მეთოდით ფასნამატის გაანგარიშების ცხრილები. ფასნამატთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს პოზიცია არ წარმოუდგენია.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, რომლის თანახმად, მომჩივანი აცხადებს, რომ კანონმდებლობის დაცვით ხორციელდებოდა ბუღალტრული აღრიცხვა საბუღალტრო პროგრამა ორისსა და სასაწყობე პროგრამაში, სადაც სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები აღირიცხებოდა ინდივიდუალურად, მინიჭებული კოდების შესაბამისად. ყოველი დღის ბოლოს კი ხდებოდა დამუშავებული მონაცემების შედარება გამოწერილ დოკუმენტებთან, საკონტროლო-სალარო აპარატის ფისკალურ მონაცემებსა და ბანკის მონაცემებთან. გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად წარდგენილი იქნა სრულყოფილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. მიუხედავად ამისა, აუდიტის დეპარტამენტი გამოცემულ დასკვნაში სრულიად უარგუმენტოდ აღნიშნავს, რომ ვერ მოხდა სარეალიზაციო პროდუქციის იდენტიფიცირება, რაც მცდარი ინფორმაციაა. შემმოწმებელი ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ამტკიცებს, რომ წარმოდგენილ მონაცემებს შორის გამოვლინდა სხვაობა, რაც გამოწვეული იყო უკან დაბრუნებული საქონლის გადაცვლით. აღნიშნული საფუძვლით არ მოხდა თანხების შემცირება და კვლავ გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი. გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ დასკვნაში მოყვანილი ფაქტები არის დაუსაბუთებელი და რეალობას მოწყვეტილი. ორივე პროგრამაში დაფიქსირებული მონაცემები არის იდენტური. კომპანიის ელექტრონულ საბუღალტრო პროგრამა „ორისში“ დაფიქსირებული მონაცემები სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ უტყუარად დადასტურდეს კომპანიის მიერ განხორციელებულ ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული მონაცემების სიზუსტე. აღნიშნულ პროგრამაში დაფიქსირებული მონაცემები სრულ თანხვედრაშია გამოწერილ ზედნადებებთან, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებთან, დებიტორ-კრედიტორულ დავალიანებებთან, საბანკო ტერმინალის და საკონტროლო სალარო აპარატის ფისკალურ მონაცემებთან.

გადასახადის გადამხდელი უკან დაბრუნებულ საქონელთან დაკავშირებით განმარტავს, რომ კომპანიის სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, იმ დროს, როდესაც კომპანიის მუდმივი მომხმარებლების (ხელოსნების) მიერ ხდება პროდუქციის შეძენა ერთი ობიექტისთვის, შესაძლოა, აღნიშნულ ობიექტზე დარჩენილი იქნას 1-2 კვ.მ. მასალა, რის გადაცვლასაც (უკან დაბრუნებასაც) ახორციელებს. აღნიშნულ ოპერაციებთან დაკავშირებითაც პროგრამა „ორისში“ სრულად არის ასახული ინფორმაცია. აღნიშნავს, რომ შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის მიერ მიღებული შემოსავალი შეადგენს დაახლოებით 3 მილიონ ლარს, ხოლო უკან დაბრუნებული საქონლის ღირებულება მხოლოდ 30 (ოცდაათი) ათას ლარს. შესაბამისად, უარგუმენტოა აუდიტის დეპარტამენტმა გამოიყენოს დაბეგვრის არაპირდაპირი მეთოდი სრულ პროდუქციაზე. აცხადებს, რომ შემოწმების დაწყებამდე ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია და მონეცემები გადაეცა შემოწმებას, არ გამოვლენილა საქონლის აღურიცხველობა და გამოვლინდა 20 000 ლარის დანაკლისი, რაც გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რომ შემოწმებამ ფაქტობრივ ნაშთში არ გაითვალისწინა წუნდებული (გატეხილი, გაბზარული) საქონელი. აღნიშნული მიუთითებს სრულყოფილ აღრიცხვაზე.

გადასახადის გადამხდელი ასევე აცხადებს, რომ არასწორადაა გაანგარიშებული დოკუმენტური ფასნამატი. მისი განსაზღვრისას არ არის გათვალსიწინებული მთელი რიგი ზედნადებები, არასწორად არის დაკაშირებული რეალიზებული და შეძენილი საქონლის კოდები.

საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 2 აპრილის №9820 ბრძანება არ არის აღსრულებული სრულყოფილად, შესაბამისად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით და მისი მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით და მისი მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება); 3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; 4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭომ განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული საჩივარი, აუდიტის დეპარტამენტის კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას და ფასნამატის ოდენობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი შიდა სააღრიცხვო პროგრამიდან ყოველდღიურ რეპორტებში მითითებული რეალიზებული საქონლის რაოდენობა შეუდარდა საბუღალტრო პროგრამა ორისში მითითებულ და ჩამოწერილ რეალიზებულ საქონლის რაოდენობებს და გამოვლინდა სხვაობები. გამოვლენილი სხვაობები გადამხდელმა ახსნა რეალიზებული საქონლის გადაცვლის ფაქტებით. დამატებით გამოთხოვილ იქნა შიდა სააღრიცხვო პროგრამიდან რეალიზაციისა და ნაშთების დეტალური ელექტრონული რეპორტები. გადამხდელმა ვერ წარმოადგინა გადაცვლის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაცია. ამასთანავე, ერთმანეთს შეუდარდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის არსებული, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი შიდა სასაწყობე პროგრამაში და შემოწმების პროცესში წარმოდგენილ ორისში არსებული სმფ-ის ნაშთი. შიდა აღრიცხვის პროგრამა საქონლის თვითღირებულებას არ აღრიცხავს, რაოდენობრივი ნაშთი კი განსხვავდება საბუღალტრო პროგრამაში არსებული ნაშთისგან. შესაბამისად, გადაანგარიშებით არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების მოხსნის საფუძველი არ გამოიკვეთა. აღნიშნულიდან გამომდინარე აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა.

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო მიუთითებს გადამხდელის არგუმენტაციაზე, რომლის თანახმად, კანონმდებლობის დაცვით ხორციელდებოდა ბუღალტრული აღრიცხვა საბუღალტრო პროგრამა ორისსა და სასაწყობე პროგრამაში, სადაც სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები აღირიცხებოდა ინდივიდუალურად, მინიჭებული კოდების შესაბამისად. ბუღალტრულ პროგრამაში დაფიქსირებული მონაცემები სრულ თანხვედრაშია გამოწერილ ზედნადებებთან, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებთან, დებიტორ-კრედიტორულ დავალიანებებთან, საბანკო ტერმინალის და საკონტროლო სალარო აპარატის ფისკალურ მონაცემებთან. მომჩივანი ასევე აცხადებს, რომ არასწორადაა გაანგარიშებული დოკუმენტური ფასნამატი. მისი განსაზღვრისას არ არის გათვალსიწინებული მთელი რიგი ზედნადებები, არასწორად არის დაკაშირებული რეალიზებული და შეძენილი საქონლის კოდები.

 

გადაწყვეტილება

საქმეზე არსებული მასალებისა და გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანება არ არის აღსრულებული სრულყოფილად, შესაბამისად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით და მისი მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 61(3); 73(5); 136(36); 306(2); 2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსი 160; 161