საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისათვის (საქსტატი) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ იდენტიფიცირებული ინფორმაციის გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ
📄 სრული ტექსტი
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
საქართველოს მთავრობის
დადგენილება № 73
2011 წლის 8 თებერვალი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისათვის (საქსტატი) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ იდენტიფიცირებული ინფორმაციის გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს თანდართული „საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისათვის (საქსტატი) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ იდენტიფიცირებული ინფორმაციის გადაცემის წესი“.
მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ . გილაური
საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისათვის (საქსტატი) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ იდენტიფიცირებული ინფორმაციის გადაცემის წესი
მუხლი 1
საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისათვის (შემდგომში – საქსტატი) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) მიერ იდენტიფიცირებული ინფორმაციის გადაცემის წესი (შემდგომში – წესი) მიზნად ისახავს საქსტატსა და შემოსავლების სამსახურს შორის თანამშრომლობას საგადასახადო და საბაჟო სტატისტიკის სფეროში სრულყოფილი საინფორმაციო ბაზის ფორმირებისათვის.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 4 სექტემბრის დადგენილება №438 – ვებგვერდი, 06.09.2019წ.
მუხლი 2
1. შემოსავლების სამსახური საქსტატს აწვდის:
ა) ყოველთვიურად (არაუგვიანეს მომდევნო თვის 5 რიცხვისა) საბაჟო დეკლარაციებისა და რეექსპორტის დეკლარაციების მონაცემებს საგარეო ვაჭრობის შესახებ (ელექტრონული ფორმით);
ბ) ყოველთვიურად (არაუგვიანეს მომდევნო თვის 5 რიცხვისა) ინფორმაციას საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სხვა სახეების მიხედვით, როგორებიცაა საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული ტვირთები, ან რომლებიც საბაჟო ორგანოების მიერ დარეგისტრირდება მომავალში საქართველოს საბაჟო საზღვარზე და შეადგენს სტატისტიკური კვლევის საგანს;
გ) ყოველკვარტალურად (საანგარიშო კვარტალის დასრულებიდან ერთი თვის ვადაში) მოქმედი გადასახადის გადამხდელის შესახებ ინფორმაციას და არსებული ცვლილებების გათვალისწინებით კორექტირებულ მონაცემებს შემდეგი რეკვიზიტების გათვალისწინებით: გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი, გადასახადის გადამხდელის სრული დასახელება (ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი და გვარი), იურიდიული მისამართი (ტერიტორიის კოდის მითითებით, ფიზიკური პირის შემთხვევაში – საცხოვრებელი სახლის მისამართი), ფაქტობრივი მისამართი (ტერიტორიის კოდის მითითებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში), ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი, ტელეფონის და/ან ფაქსის ნომერი, ელფოსტა, ძირითადი საქმიანობის სახე (ეკონომიკური საქმიანობის სახეები საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის მიხედვით ხუთნიშნა დონეზე), კვარტალური ბრუნვის მოცულობა და დასაქმებულთა რაოდენობა (ელექტრონული ფორმით).
2. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზნებისათვის შემოსავლების სამსახური საქსტატს აწვდის:
ა) წელიწადში ერთხელ (საანგარიშო წლის დასრულებიდან არა უგვიანეს 7 თვის ვადაში) ინფორმაციას რეგისტრირებული საწარმოების ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული მოგების შესახებ (ეკონომიკური სუბიექტების მიხედვით);
ბ) ყოველკვარტალურად (საანგარიშო კვარტალის დასრულებიდან ერთი თვის ვადაში) ინფორმაციას გაცემული დივიდენდების შესახებ (ეკონომიკური სუბიექტების მიხედვით).
3. შემოსავლების სამსახური საქსტატს ყოველთვიურად აწვდის ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაფორმებული სატრანსპორტო საშუალებების შესახებ;
4. მხარეთა შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია საქსტატს დამატებით მიაწოდოს სხვა სახის ინფორმაცია, რომელიც მოცემული არ არის ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 ივლისის დადგენილება №276 – ვებგვერდი, 14.07.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 აგვისტოს დადგენილება №330 – ვებგვერდი, 13.08.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 4 სექტემბრის დადგენილება №438 – ვებგვერდი, 06.09.2019წ.
მუხლი 3
საგარეო ვაჭრობის შესახებ მონაცემთა ცვლილების შემთხვევაში შემოსავლების სამსახური უზრუნველყოფს საქსტატის ინფორმირებას.
მუხლი 4
შემოსავლების სამსახური საქსტატს მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგენს გადასახადის გადამხდელების მიერ წარდგენილ დეკლარაციებში ასახულ მონაცემებს.
მუხლი 5
საქსტატი უზრუნველყოფს გადასახადის გადამხდელების შესახებ მიღებული ინფორმაციის დაცვას და მის გაცემას მხოლოდ გადასახადის გადამხდელთა იდენტიფიცირების გამომრიცხავი ფორმით ან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი წესით.
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე