ბრძანება N 5328-3
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 5328
13/03/2018
სს -----
(მის: ქ.-------)
სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ 2018 წლის 14 თებერვალს გამართულ სხდომაზე (ოქმი N15) განიხილა სს ----- 2018 წლის 22 იანვრის საჩივარი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 20 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტთან, 2017 წლის 22 დეკემბრის N34891 ბრძანებასა და 2017 წლის 22 დეკემბრის N094-376 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელს საჩივარში წარმოდგენილი აქვს შემდეგი სადავო საკითხი:
სადავო საკითხი. არ ეთანხმება ქონების (მიწის) გადასახადის დარიცხვას და განმარტავს, რომ სს ----- შესამოწმებელ პერიოდში ----- ის რაიონში ფლობდა არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების 185540 კვ.მ მიწის ნაკვეთს. მიწის ნაკვეთის შესაბამისად ტერიტორიულ ერთეულზე 2014 წლის 21 მარტს დეკლარირებულია შეცდომის გარეშე, რასაც ადასტურებს საგადასახადო შემოწმების აქტიც. განმარტავს, რომ სხვაობა გამოწვეულია შემოსავლების სამსახურის ელექტრონული დეკლარირების სისტემის მიერ გადასახადის განაკვეთის მეასედებამდე დამრგვალების გამო. ტერიტორიული კოეფიციენტის ნამრავლი 0.24-ზე უდრის 0.192-ს (0.8*0.24=0.192). შემოსავლების სამსახურის ელექტრონული დეკლარირების სისტემა აღნიშნულ ფართობს ამრავლებს 0.19-ზე, გადამხდელს კი ამ შემთხვევაში არ ჰქონდა საშუალება ემოქმედა გამოთვლილი გადასახადის ოდენობაზე.
შემოსავლების სამსახურში საქმეზე არსებული ინფორმაციით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 31 აგვისტოს N23112 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული იქნა სს ----- საგადასახადო შემოწმება, რაზეც 2017 წლის 20 დეკემბერს შედგენილი იქნა საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტი. აღნიშნული შემოწმების შედეგებზე გადამხდელს წარედგინა 2017 წლის 22 დეკემბრის N34891 ბრძანება და 2017 წლის 22 დეკემბრის N094-376 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად დაერიცხა სულ 38768.45 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 23890, ჯარიმა 14753 ლარი, საურავი 125.45 ლარი.
შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
ქონების გადასახადის დეკლარაციაში წარდგენილი მიწა ფართობის და ადგილმდებარეობის მიხედვით შესაბამისობაშია შემოწმებით დადგენილ მონაცემთან, თუმცა გადასახადის თანხა ნაკლებია შესაბამისი ფართობისა და განაკვეთის ნამრავლზე. შემოწმებით გაიზარდა 2014 წლის პერიოდის მიწაზე ქონების გადასახადი, რაზედაც გადამხდელს დაერიცხა ჯარიმა სსკ-ის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ სადავო საკითხთნ დაკავშირებით იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 203-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით:
ა) მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე;
ბ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი;
გ) მის მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებულ, გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიწის ნაკვეთით სარგებლობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე.
სსკ-ის 204-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთები კონკრეტული მიწის ნაკვეთისათვის, მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, გაიანგარიშება შემდეგი წესით:
ა) გადასახადის საბაზისო განაკვეთი დგინდება წელიწადში მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე 0.24 ლარის ოდენობით;
ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით, შესაბამისი საბაზისო განაკვეთი მრავლდება ტერიტორიულ კოეფიციენტზე. ამასთანავე, ტერიტორიული კოეფიციენტი არ შეიძლება იყოს 1,5-ზე მეტი.
წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და საბჭოს სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებების საფუძველზე შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ განმარტა, რომ შემოწმების შედეგად გამოვლინდა სხვაობა ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის, კერძოდ, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მიხედვით დასარიცხ ქონების გადასახადის თანხასა და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ქონების გადასახადის დეკლარაციით დარიცხულ ქონების გადასახადის თანხას შორის. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ მიიჩნა, რომ გადამხდელის მოთხოვნა მიწაზე დარიცხული ქონების გადასახადის გაუქმების ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. სს ----- 2018 წლის 22 იანვრის საჩივარი სადავო საკითხთან დაკვშირებით არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. N16) ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება ქონების (მიწის) გადასახადის დარიცხვას და განმარტავს, რომ ფლობდა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს. რომელიც დეკლარირებულია შეცდომის გარეშე, რასაც ადასტურებს საგადასახადო შემოწმების აქტიც. განმარტავს, რომ სხვაობა გამოწვეულია შემოსავლების სამსახურის ელექტრონული დეკლარირების სისტემის მიერ გადასახადის განაკვეთის მეასედებამდე დამრგვალების გამო. ტერიტორიული კოეფიციენტის ნამრავლი 0.24-ზე უდრის 0.192-ს (0.8*0.24=0.192). შემოსავლების სამსახურის ელექტრონული დეკლარირების სისტემა აღნიშნულ ფართობს ამრავლებს 0.19-ზე, გადამხდელს კი ამ შემთხვევაში არ ჰქონდა საშუალება ემოქმედა გამოთვლილი გადასახადის ოდენობაზე.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
ქონების გადასახადის დეკლარაციაში გადასახადის თანხა ნაკლებია შესაბამისი ფართობისა და განაკვეთის ნამრავლზე. შემოწმებით გაიზარდა შესამოწმებელი პერიოდის მიწაზე ქონების გადასახადი, რაზედაც გადამხდელს დაერიცხა ჯარიმა სსკ-ის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით.
გადაწყვეტილება
საბჭომ განმარტა, რომ შემოწმების შედეგად გამოვლინდა სხვაობა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მიხედვით დასარიცხ ქონების გადასახადის თანხასა და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ქონების გადასახადის დეკლარაციით დარიცხულ ქონების გადასახადის თანხას შორის. შესაბამისად გადამხდელის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 203(1,,ა“); 204(2)