ბრძანება N 8167

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 12.04.2023
№ დოკუმენტი 8167
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 8167

12.04.2023

შპს „--------------“-ის (ს/ნ --------------)

(-------------------------)

2023 წლის 26 იანვრის და 9 მარტის საჩივრების

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 24 მარტის სხდომაზე (ოქმი №31) განიხილა შპს „-------------“-ის (ს/ნ ------------) 2023 წლის 26 იანვრის №78520/1/2023 და 9 მარტის №40854/21-11 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 დეკემბრის №081-338 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხები:

1. გადამხდელი განმარტავს, რომ შემოწმების შედეგად დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 2021 წლის მაისში განსაზღვრულია არასწორად, ვინაიდან დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად ისეთ პირობებში, როდესაც თანხა გადახდილი არ ყოფილა და არც ფართი გადაფორმებულა მომავალ მყიდველზე. გადამხდელი აღნიშნავს, რომ შემოწმებას არ აქვს არანაირი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ მომავალი მესაკუთრისაგან გადამხდელს მიღებული ჰქონდა რაიმე თანხა. შემმოწმებლის განმარტებით მომავალმა მესაკუთრემ ------------- განაცხადა, რომ მან გადაიხადა რაღაც გაურკვეველი თანხა, მაგრამ ამის არანაირი მტკიცებულება არ წარუდგენია. გადამხდელი აცხადებს, რომ კომპანიას -------------გან არანაირი თანხა არ მიუღია და პირიქით წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო საერთოდ გააუქმა ეს შეთანხმება და მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაცია შემოწმების დაწყებამდე. ასევე აცხადებს, რომ არსებობდა უთანხმოება ფ/პ ------------- და ფ/პ ------------ შორის, რომელიც ამავდროულად არის შპს „-----------–“-ის დირექტორი (არა დაფუძნებელი). განმარტავს, რომ ფიზიკური პირის დავალიანება არ შეიძლება და ვერც ვერანაირად გაიგივდება კომპანიაზე გადახდილ თანხად. გადამხდელს წარმოდგენილი აქვს დოკუმენტები და განმარტავს, რომ დავა მიმდინარეობდა ფიზიკურ პირებს შორის. კერძოდ, -------------- პოლიციაში უჩივლა ------------ და ითხოვდა მისგან ვალის დაბრუნებას და ამ საკითხს არანაირი სამართლებრივი ან ფინანსური კავშირი შპს „-------------“-სთან არ აქვს.

 

2. გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებას და მიიჩნევს, რომ 4 258 ლარი ექვემდებარება შემცირებას. განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტის მე-12 გვერდზე მოცემულია საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი თანხები წლების მიხედვით. კერძოდ,შედარებულია დეკლარირებული და შემოწმებით დადგენილი თანხები და აღნიშნულია სხვაობები, რაც დამატებით იბეგრება საშემოსავლო გადასახადით. 2020 წელს სხვაობა შეადგენს 2 375 ლარს და 2021 წელს - 31 113 ლარს. სხვაობებიდან საშემოსავლო გადასახადი 2020 წელს შეადგენს 475 ლარს (2 375x20%), ხოლო 2021 წელს - 6 223 ლარს (31 113x20%). საშემოსავლო გადასახადის სხვაობამ 2020 და 2021 წლებში სულ შეადგინა 6 698 ლარი. მიუხედავად აღნიშნულისა საბოლოოდ შემოწმების შედეგად საშემოსავლო გადასახადი დარიცხულია 2020 წელზე - 2 880 ლარი, ხოლო 2021 წელზე - 8 076 ლარი. სულ - 10 956 ლარი. ანუ საშემოსავლო გადასახადი დარიცხულია აქტში მოცემულ გაანგარიშებაზევე მეტი ოდენობით - 4 258 ლარით (10 956 – 6 698). აღნიშნულის მიზეზი გაურკვეველია და მიიჩევს, რომ 2020 და 2021 წლების საშემოსავლო გადასახადი ექვემდებარება შემცირებას.

 

3. გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტების აღწერა:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 19 მაისის №12567 ბრძანების საფუძველზე შპს „-----------------“-ს (ს/ნ--------------) ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 26 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2022 წლის 28 დეკემბრის №33451 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №081-338 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 144 235 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 82 468 ლარი, ჯარიმა 40 274 ლარი და საურავი 21 493 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

1. საწარმოს მიერ მოწოდებული და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბაზაში არსებული ინფორმაციის შედარებით, გადასახადის გადამხდელს (წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებების პირობებით) არასწორად აქვს განსაზღვრული დაბეგვრის პერიოდი და გადასახადის ოდენობა. კერძოდ, უძრავი ქონების წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებებით განსაზღვრული პირობები არ შეესაბამება დეკლარირებულ მონაცემებს, უძრავი ქონების მყიდველის ნაღდი ანგარიშსწორებით განხორციელებული სალაროს შემოსავლები არ არის ასახული პროგრამულად და არ არის დეკლარირებული. დარღვეულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე და 164-ე მუხლების პირობები. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. შემოწმების მიმდინარეობისას, გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული ინფორმაციის (საბანკო ამონაწერები, სალაროს ოპერაციები) და დეკლარირებული გაცემული ხელფასების/განაცემების შედარებით გამოვლინდა სხვაობა. დარღვეულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მოთხოვნა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 80-ე, 81-ე და 154-ე მუხლების თანახმად, შპს „------------“-ს (ს/ნ -----------) დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტებზე, რომლის თანახმად, საგადასახადო შემოწმების მიერ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 2021 წლის მაისში განსაზღვრულია არასწორად. კერძოდ, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად ისეთ პირობებში, როდესაც თანხა გადახდილი არ ყოფილა და არც ფართი გადაფორმებულა მომავალ მყიდველზე. გადამხდელი აცხადებს, რომ კომპანიას --------------- არანაირი თანხა არ მიუღია და წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო საერთოდ გააუქმა აღნიშნული შეთანხმება და მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაცია შემოწმების დაწყებამდე. ასევე აცხადებს, რომ არსებობდა უთანხმოება ფ/პ ------------- და

ფ/პ -------------- შორის, რომელიც ამავდროულად არის შპს „---------------“-ის დირექტორი (არა დამფუძნებელი). განმარტავს, რომ ფიზიკური პირის დავალიანება არ შეიძლება და ვერც ვერანაირად გაიგივდება კომპანიაზე გადახდილ თანხად.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, საგადასახადო შემოწმების მიერ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განსაზღვრული იქნა ფ/პ --------------- გაფორმებული წინარე ხელშეკრულების მიხედვით, ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ შემოწმებით არ დასტურდება თანხის მიღების ფაქტი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები, სადაც არ დასტურდება თანხის მიღების ფაქტი დაუქვემდებაროს შემცირებას.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გამოვლინდა სხვაობა შემოწმების მიერ დადგენილსა და გადამხდელის მიერ დეკლარირებულ გაცემულ ხელფასებს/განაცემებს შორის.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტებზე, რომლის თანახმად, საგადასახადო შემოწმების აქტის მე-12 გვერდზე დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ თანხებს შორის სხვაობა 2020 წელს შეადგენს 2 375 ლარს და 2021 წელს - 31 113 ლარს.

შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადი 2020 წელს შეადგენს 475 ლარს (2 375x20%), ხოლო 2021 წელს - 6 223 ლარს (31 113x20%). მიუხედავად აღნიშნულისა საბოლოოდ შემოწმების შედეგად საშემოსავლო გადასახადი დარიცხულია 2020 წელზე - 2 880 ლარი, ხოლო 2021 წელზე - 8 076 ლარი.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გაანგარიშებაში გათვალისწინებული „კოვიდ-19“-ის შეღავათი, ტექნიკური მიზეზის გამო საშემოსავლო გადასახადში არ იქნა გადმოტანილი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

ამავე კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის;

2. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

21. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

22. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „--------------“-ის (ს/ნ----------------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები, სადაც არ დასტურდება თანხის მიღების ფაქტი დაუქვემდებაროს შემცირებას;

3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებული არგუმენტები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

 

 

სადავო საკითხი

1.გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვას და განმარტავს, რომ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად ისეთ პირობებში, როდესაც თანხა გადახდილი არ ყოფილა და არც ფართი გადაფორმებულა მომავალ მყიდველზე.

2.გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებას და მიიჩნევს, რომ 2020 და 2021 წლების საშემოსავლო გადასახადი ექვემდებარება შემცირებას.

3.გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. საწარმოს მიერ მოწოდებული და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბაზაში არსებული ინფორმაციის შედარებით, გადასახადის გადამხდელს (წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებების პირობებით) არასწორად აქვს განსაზღვრული დაბეგვრის პერიოდი და გადასახადის ოდენობა. კერძოდ, უძრავი ქონების წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებებით განსაზღვრული პირობები არ შეესაბამება დეკლარირებულ მონაცემებს, უძრავი ქონების მყიდველის ნაღდი ანგარიშსწორებით განხორციელებული სალაროს შემოსავლები არ არის ასახული პროგრამულად და არ არის დეკლარირებული.

2.შემოწმების მიმდინარეობისას, გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული ინფორმაციის (საბანკო ამონაწერები, სალაროს ოპერაციები) და დეკლარირებული გაცემული ხელფასების/განაცემების შედარებით გამოვლინდა სხვაობა.

 

გადაწყვეტილება

1.სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები, სადაც არ დასტურდება თანხის მიღების ფაქტი დაუქვემდებაროს შემცირებას.

2.შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გაანგარიშებაში გათვალისწინებული „კოვიდ-19“-ის შეღავათი, ტექნიკური მიზეზის გამო საშემოსავლო გადასახადში არ იქნა გადმოტანილი.ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

3.შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:159,163,164,136,101,154,269,270,275,272