გადაწყვეტილება №19803/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 10.08.2023
№ დოკუმენტი 19803/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 19803/2/2023

10 აგვისტო 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს„----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------------25.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19803/2/2023).

 

დავის საგანი:

საქონლის დანაკლისის მიხედვით, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელისთვის იმპორტის გადასახდელების დარიცხვა და საურავის დაკისრება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 22.03.2023 წლის №EL69400/82 საგადასახადო მოთხოვნა;

2. საბაჟო დეპარტამენტის 22.03.2023 წლის №EL69400/83 საგადასახადო მოთხოვნა;

3. საბაჟო დეპარტამენტის 22.03.2023 წლის №EL69400/84 საგადასახადო მოთხოვნა;

4. საბაჟო დეპარტამენტის 22.03.2023 წლის №EL69400/85 საგადასახადო მოთხოვნა;

5. საბაჟო დეპარტამენტის 22.03.2023 წლის №EL69400/86 საგადასახადო მოთხოვნა;

6. საბაჟო დეპარტამენტის 22.03.2023 წლის №EL69400/87 საგადასახადო მოთხოვნა;

7. საბაჟო დეპარტამენტის 18.11.2022 წლის №01-WHS212856248-2022 სანებართვო პირობების შესრულების შემოწმების აქტი;

8. შემოსავლების სამსახურის 16.05.2023 წლის №10839 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 27 600,56 ლარი.

№EL69400/82 საგადასახადო მოთხოვნა - 6 876,25 ლარი.

მათ შორის:

დღგ საბაჟო - 1 039,05

აქციზის გადასახადი საბაჟოზე - 4 850,4

იმპორტის გადასახადი - 99

საურავი - 887,8

 

№EL69400/83 საგადასახადო მოთხოვნა - 16 276,63 ლარი.

მათ შორის:

დღგ საბაჟო - 2 093,59

აქციზის გადასახადი საბაჟოზე - 10 955,7

იმპორტის გადასახადი - 72

საურავი - 3 155,34

 

№EL69400/84 საგადასახადო მოთხოვნა - 1 427,79 ლარი.

მათ შორის:

დღგ საბაჟო - 185,66

აქციზის გადასახადი საბაჟოზე - 949,4

იმპორტის გადასახადი - 9

საურავი - 283,73

 

№EL69400/85 საგადასახადო მოთხოვნა - 1 317,6 ლარი.

მათ შორის:

დღგ საბაჟო - 188,96

აქციზის გადასახადი საბაჟოზე - 636

იმპორტის გადასახადი - 230,81

საურავი - 261,83

 

№EL69400/86 საგადასახადო მოთხოვნა - 971,28 ლარი.

მათ შორის:

დღგ საბაჟო - 141,94

აქციზის გადასახადი საბაჟოზე - 480

იმპორტის გადასახადი - 167,4

საურავი - 181,94

 

№EL69400/87 საგადასახადო მოთხოვნა - 731,01 ლარი.

მათ შორის:

დღგ საბაჟო - 142,7

აქციზის გადასახადი საბაჟოზე - 324

იმპორტის გადასახადი - 119,04

საურავი - 145,27

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საბაჟო დეპარტამენტის უფროსის 4.11.2022 წლის №27842 ბრძანების საფუძველზე საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ 7.11.2022 წლიდან 18.11.2022 წლის ჩათვლით პერიოდში განხორციელდა აღნიშნული საბაჟო საწყობისთვის სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლი. აღნიშნული ბრძანების ფარგლებში საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ მოხდა საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე განთავსებული საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის დათვლა და საწყობის წარმომადგენლის მიერ წარდგენილი საქონლის ფაქტიური რაოდენობის დეკლარირებულთან შედარება.

შემოწმების შედეგად გამოვლინდა საბაჟო საწყობში შენახული საქონლის დანაკლისი, კერძოდ: – სიგარეტი 1 032 კოლოფი. საბაჟო საწყობში 21.12.2021 წლის №---------- საბაჟო დეკლარაციით დასაწყობებული, შპს ---------- (ს/ნ ----------) კუთვნილი სიგარეტის 525 000 კოლოფის ნაცვლად, განთავსებული იყო 523 968 კოლოფი. საქონლის დანაკლისის (1 032 კოლოფი სიგარეტი) საბაჟო ღირებულებამ ინვოისის მიხედვით შეადგინა 823,12 ლარი, ხოლო შესაბამისმა იმპორტის გადასახდელებმა 5 988,45 ლარი (იმპორტის გადასახადი - 99 ლარი, აქციზის გადასახადი - 4 850,4 ლარი, დღგ - 1 039,05 ლარი). საბაჟო დეპარტამენტის 22.03.2023 წლის №---------- საგადასახადო მოთხოვნით შპს ---------- (ს/ნ ----------) უკანონოდ განკარგულ საქონელზე დაერიცხა შესაბამისი იმპორტის გადასახდელი და საურავი – 887,8 ლარის ოდენობით;

სიგარეტი 2 331 კოლოფი. საბაჟო საწყობში 11.11.2021 წლის №---------- საბაჟო დეკლარაციით დასაწყობდა, შპს ---------- (ს/ნ ----------) კუთვნილი 441 500 კოლოფი სიგარეტი, აღნიშნული სიგარეტის ნაწილი – 134 000 კოლოფი 23.12.2021 წელს გატანილ იქნა საბაჟო საწყობიდან №---------- საბაჟო დეკლარაციით, შემოწმების მომენტისთვის საბაჟო საწყობში ნაშთის სახით არსებული სიგარეტის 307 500 კოლოფის ნაცვლად, აღმოჩნდა მხოლოდ 305 169 კოლოფი სიგარეტი. საქონლის დანაკლისის (2 331 კოლოფი სიგარეტი) საბაჟო ღირებულებამ ინვოისის მიხედვით შეადგინა 587,84 ლარი, ხოლო შესაბამისმა იმპორტის გადასახდელებმა 13 121,29 ლარი (იმპორტის გადასახადი - 72 ლარი, აქციზის გადასახადი - 10 955,7 ლარი, დღგ - 2 093,59 ლარი). საბაჟო დეპარტამენტის 22.03.2023 წლის №---------- საგადასახადო მოთხოვნით შპს ---------- (ს/ნ ----------) უკანონოდ განკარგულ საქონელზე დაერიცხა შესაბამისი იმპორტის გადასახდელი და საურავი – 3 155,34 ლარის ოდენობით;

არაყი 48 ბოთლის დანაკლისი. საბაჟო საწყობში 3.11.2021 წლის №---------- საბაჟო დეკლარაციით დასაწყობებული, შპს ---------- (ს/ნ ----------) კუთვნილი არაყის 13 200 ბოთლის ნაცვლად, განთავსებული იყო 13 152 ბოთლი. საქონლის დანაკლისის (48 ბოთლი არაყი) საბაჟო ღირებულებამ ინვოისის მიხედვით შეადგინა 349,73 ლარი, ხოლო შესაბამისმა იმპორტის გადასახდელებმა 585,74 ლარი (იმპორტის გადასახადი - 119,04 ლარი, აქციზის გადასახადი - 324 ლარი, დღგ - 142,7 ლარი). საბაჟო დეპარტამენტის 22.03.2023 წლის №EL69400/87 საგადასახადო მოთხოვნით შპს ---------- (ს/ნ ----------) უკანონოდ განკარგულ საქონელზე დაერიცხა შესაბამისი იმპორტის გადასახდელი და საურავი – 145,27 ლარის ოდენობით;

არაყი 80 ბოთლის დანაკლისი. საბაჟო საწყობში 16.12.2021 წლის №----------საბაჟო დეკლარაციით დასაწყობებული, შპს ---------- (ს/ნ ----------) კუთვნილი არაყის 13 200 ბოთლის ნაცვლად, განთავსებული იყო 13 120 ბოთლი. საქონლის დანაკლისის (80 ბოთლი არაყი) საბაჟო ღირებულებამ ინვოისის მიხედვით შეადგინა 141,16 ლარი, ხოლო შესაბამისმა იმპორტის გადასახდელებმა 789,34 ლარი (იმპორტის გადასახადი - 167,4 ლარი, აქციზის გადასახადი - 480 ლარი, დღგ - 141,94 ლარი). საბაჟო დეპარტამენტის 22.03.2023 წლის №EL69400/86 საგადასახადო მოთხოვნით შპს ---------- (ს/ნ ----------) უკანონოდ განკარგულ საქონელზე დაერიცხა შესაბამისი იმპორტის გადასახდელი და საურავი – 181,94 ლარის ოდენობით;

არაყი 106 ბოთლის დანაკლისი. საბაჟო საწყობში 15.10.2021 წლის №---------- საბაჟო დეკლარაციით დასაწყობებული, შპს ---------- (ს/ნ ----------) კუთვნილი არაყის 13 200 ბოთლის ნაცვლად, განთავსებული იყო 13 094 ბოთლი. საქონლის დანაკლისის (106 ბოთლი არაყი) საბაჟო ღირებულებამ ინვოისის მიხედვით შეადგინა 182,96 ლარი, ხოლო შესაბამისმა იმპორტის გადასახდელებმა 1 055,77 ლარი (იმპორტის გადასახადი - 230,81 ლარი, აქციზის გადასახადი - 636 ლარი, დღგ - 188.96 ლარი). საბაჟო დეპარტამენტის 22.03.2023 წლის №EL69400/85 საგადასახადო მოთხოვნით შპს ----------

(ს/ნ ----------) უკანონოდ განკარგულ საქონელზე დაერიცხა შესაბამისი იმპორტის გადასახდელი და საურავი – 261,83 ლარის ოდენობით;

სიგარეტი 202 კოლოფის დანაკლისი. საბაჟო საწყობში 11.11.2021 წლის №---------- საბაჟო დეკლარაციით დასაწყობებული, შპს ----------(ს/ნ ----------) კუთვნილი სიგარეტის 890 000 კოლოფის ნაცვლად, განთავსებული იყო 889 798 კოლოფი. საქონლის დანაკლისის (202 კოლოფი სიგარეტი) საბაჟო ღირებულებამ ინვოისის მიხედვით შეადგინა 71,32 ლარი, ხოლო შესაბამისმა იმპორტის გადასახდელებმა 1 144,06 ლარი (იმპორტის გადასახადი - 9 ლარი, აქციზის გადასახადი - 949,4 ლარი. დღგ - 185,66 ლარი). საბაჟო დეპარტამენტის 22.03.2023 წლის №EL69400/84 საგადასახადო მოთხოვნით შპს ---------- (ს/ნ----------) უკანონოდ განკარგულ საქონელზე დაერიცხა შესაბამისი იმპორტის გადასახდელი და საურავი – 283,73 ლარის ოდენობით.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 16.05.2023 წლის №10839 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურის მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის „ჯ“ ქვეპუნქტზე, 122-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 127- ე მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, 70-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №3) პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 16.09.2019 წლის №455 დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ ინსტრუქციის მე-8 მუხლის „რ“ და „თ“ ქვეპუნქტებზე, საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტზე და მე-3 ნაწილზე, საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე და 272- ე მუხლის პირველ ნაწილზე, დადგენილ გარემოებებზე და მიაჩნია, რომ საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელს წარმოეშვა ვალდებულება, საბაჟო საწყობში აღმოჩენილ საქონლის დანაკლისზე გადაიხადოს იმპორტის გადასახდელი იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გადაიხდებოდა იმპორტის გადასახდელი ამ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევისას. ამდენად, სადავო საგადასახადო მოთხოვნის მომჩივნისთვის წარდგენა მართლზომიერია.

შემოსავლების სამსახურს საგულისხმოდ მიჩნია ასევე შემდეგი გარემოებებიც:

- სისხლის სამართლის საქმეზე საპროცესო შეთანხმება დამტკიცებულია იმ გარემოების გამო, რომ ბრალდებული აღიარებს დანაშაულს, სადავოდ არ ხდის ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და უარს ამბობს სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-ე მუხლის პირველი ნაწილი);

- საპროცესო შეთანხმების თანახმად, ბრალდებულს განემარტება, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში, სასამართლოს განაჩენი მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირი გამოკვლევის გარეშე გამოაქვს და რომ საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს პირს სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისგან (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 210-ე მუხლის 12 ნაწილი);

- სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა შორის არის ასევე 18.11.2022 წლის №----------შემოწმების აქტიც, სადაც დაფიქსირებულია საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის დანაკლისები;

- შპს ---------- (ს/ნ ----------) დირექტორმა ---------- (პ/ნ ----------) აღიარა დანაშაულის ჩადენა და სასამართლოზე წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის საგადასახადო მოთხოვნები) არ გაუხდია სადავოდ.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

20.10.2021 წელს შპს ---------- (სნ ----------), შპს ---------- (ს/ნ ----------) და შპს ----------(ს/ნ----------) შორის გაფორმებული მიბარების ხელშეკრულების შესაბამისად შპს ----------ახორციელებდა მიბარებული ქონების დასაწყობებას და შენახვას.

საქონლის დასაწყობებისას როგორც სიგარეტის და ისე არაყის შემოტანა განხორციელდა არა დაშლილ მდგომარეობაში (ცალ-ცალკე კოლოფებით), არამედ დალუქული ყუთების მეშვეობით. შესაბამისად საქონლის დასაწყობებისას მოხდა შპს---------- მიერ ყუთების რაოდენობის გადათვლა და ამ მხრივ დადგენა, ხოლო დასახელებული ყუთების გახსნა არ მომხდარა შემნახველის მხრიდან (რისი პირველ რიგში ვალდებულება და მითუმეტეს უფლება არ გააჩნდა).

7.11.2022 წლიდან 18.11.2022 წლის ჩათვლით შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელდა შპს ----------საწყობის შემოწმება, რის შემდეგაც 18.11.2022 წელს შედგა შემოწმების აქტი ----------- 2022, რომლის თანახმადაც საწყობში დაფიქსირებულ იქნა საქონლის დანაკლისი:

1. შპს ---------- კუთვნილი №---------- საბაჟო დეკლარაციით დასაწყობებული 1 032 კოლოფი სიგარეტი ღირებულებით 823 ლარი, რაზეც გადასახადმა შეადგინა: იმპორტის გადასახადი 99 ლარი, აქციზის გადასახადი 4 850,4 ლარი, დღგ 1 039,05 ლარი, სულ 5 988,45 ლარი;

2. შპს ---------- კუთვნილი №---------- საბაჟო დეკლარაციით დასაწყობებული 2 331 კოლოფი სიგარეტი - ღირებულებით 587,84 ლარი, რაზეც გადასახადი -13 121,29 ლარი (იმპორტის გადასახადი 72 ლარი, აქციზის გადასახადი 10 955,7 ლარი, დღგ 1 093,59 ლარი);

3. შპს ---------- კუთვნილი №---------- საბაჟო დეკლარაციით დასაწყობებული 202 კოლოფი სიგარეტის დანაკლისი, ღირებულება ინვოისის მიხედვით 71,32 ლარი, ხოლო შესაბამისი იმპორტის გადასახდელები 1 144,06 ლარი (იმპორტის გადასახადო 9 ლარი, აქციზის გადასახადი 949,4 ლარი, დღგ 185,66 ლარი);

4. შპს ---------- კუთვნილი №---------- საბაჟო დეკლარაციით დასაწყობებული არაყი 106 ბოთლი. საბაჟო ღირებულებით ინვოისის მიხედვით 182,96 ლარი, ხოლო შესაბამისი იმპორტის გადასახდელები 1 055,77 ლარი (იმპორტის გადასახადი 230,81 ლარი, აქციზის გადასახადი 636 ლარი, დრ 188,96 ლარი;

5. შპს ---------- კუთვნილი №---------- საბაჟო დეკლარაციით დასაწყობებული არაყი 80 ბოთლი. საბაჟო ღირებულება ინვოისის მიხედვით 141,16 ლარი, ხოლო შესაბამისი იმპორტის გადასახდელები 789,34 ლარი (იმპორტის გადასახადი 167,4 ლარი, აქციზის გადასახადი 480 ლარი, დღგ 141,94 ლარი);

6. შპს ---------- კუთვნილი №----------საბაჟო დეკლარაციით დასაწყობებული არაყი 48 ბოთლი. საბაჟო ღირებულება ინვოისის მიხედვით 349,73 ლარი, ხოლო შესაბამისი იმპორტის გადასახდელები 585,74 ლარი (იმპორტის გადასახადი 119,04 ლარი, აქციზის გადასახადი 324 ლარი, დღგ 142,7 ლარი).

შემოწმების შედეგად შედგენილი იქნა შემოწმების აქტი ----------, რომლის საფუძველზეც გამოცემული იქნა საგადასახადო მოთხოვნები ---------- და კომპანიას დაერიცხა იმპორტის გადასახდელი და საურავი.

საგადასახადო მოთხოვნები არის უკანონო და ამ რაოდენობის თანხის დაკისრება შესაძლოა გამოიწვიოს კომპანიის გაკოტრება, რაც გამოიწვევს იმას, რომ ვეღარ მოხდება ვადამოსული მოთხოვნების შესრულება, მათ შორის საწარმოში დასაქმებული მუშა-მოსამსახურეებისათვის სახელფასო ანაზღაურების გადახდა, რაც ცხადია თავის მხრივ შეუძლებელს გახდის საწარმოს ფუნქციონირებას და მასში დასაქმებული პირები დარჩებიან სამუშაოს და შესაბამისად შემოსავლის გარეშე.

საგადასახადო მოთხოვნები არის არაკანონიერი, არ გამომდინარეობს სწორი ფაქტობრივი გარემოებებიდან და უნდა გაუქმდეს.

საქონლის დასაწყობებისას კომპანიის წარმომადგენლების მიერ მოხდა ყუთების დათვლა, თავის მხრივ ყუთები, რომელშიც მოთავსებული იყო სიგარეტის კოლოფები და არაყი, იმყოფებოდა დალუქულ მდგომარეობაში და მისი გახსნის არც უფლება და არც ვალდებულება შემნახველ საწყობს არ გააჩნდა (თუ ჩავთვლით, რომ შემნახველი საწყობი ვალდებული იყო გაეხსნა დალუქული ყუთები, იგივე ლოგიკით შეგვიძლია, რომ შემნახველ საწყობს მოვთხოვოთ, სიგარეტის კოლოფების გახსნაც და მასში მოთავსებული სიგარეტის ღერების დათვლაც, რაც ცხადია შეუძლებელია განხორციელდეს). აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დანაკლისი აღმოჩნდა სწორედ იმის ხარჯზე, რომ სიგარეტის მთლიან ყუთების ნაწილს აკლდა სიგარეტის კოლოფები. ხოლო ყუთების რაოდენობა იგივეა, რაც დასაწყობდა საბაჟო საწყობში. კომპანიას შემოსავლების სამსახურის მიერ წაყენებული მოთხოვნების თანახმად დარიცხული აქვს ის გადასახადი, რისი გადახდის ვალდებულებაც გააჩნია დეკლარანტს იგივე მიმბარებელს შპს ---------- და შპს ---------- რაც მოკლებულია სამართლებრივ დასაბუთებას.

მიბარებული საქონლის დანაკლისი არ ცდება 3%-იანი ზღვარს. საბაჟო კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბაჟო საწყობის, შიდა გადამუშავების, გარე გადამუშავების ან თავისუფალი ზონის პროცედურაში მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მისი შენახვის უზრუნველყოფისთვის ანდა სასაქონლო სახის ან მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის აუცილებელი ქმედებები ან საქონლის გაყიდვისთვის/ტრანსპორტირებისთვის მოსამზადებელი ქმედებები. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, საბაჟო საწყობის, შიდა გადამუშავების, გარე გადამუშავებისა და თავისუფალი ზონის პროცედურებში მოქცეული საქონლის მიმართ დასაშვები ქმედებების ნუსხა განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. ხოლო, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანების პირველი მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, დანართის სახით დამტკიცდა „საბაჟო საწყობის პროცედურის შესახებ ინსტრუქცია“. დასახელებული ინსტრუქციის მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, კი თუ საბაჟო საწყობში შენახული საქონლის დანაკლისი არ აღემატება დეკლარირებული რაოდენობის 3 პროცენტს, საბაჟო ორგანო საბაჟო დეკლარაციაში შესაბამის ცვლილებას ახორციელებს დეკლარანტის მიერ გაცხადებული და საბაჟო საწყობის მიერ დადასტურებული საქონლის რაოდენობის გათვალისწინებით. დანაკლისი სრული რაოდენობის 3%-ზე გაცილებით ნაკლებია. შესაბამისად, თავად ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული რეგულაციით დაშვებული დანაკლისი შესაძლოა ყოფილიყო 15 750 კოლოფი სიგარეტის ოდენობით. აღნიშნული დანაკლისი არ გამოიწვევს სანქცირებას, რაც ასევე სრულიად გაუგებარს ხდის შემოსავლების სამსახურის მიერ კომპანიის მიმართ წამოყენებულ მოთხოვნას. ამასთანავე, აქციზის გადასახადსა და ყველა თანმდევ გადასახადზე ასეთის არსებობის შემთხვევაში პასუხისმგებელია არა საბაჟო საწყობი, არამედ ის პირი, ვისი ქონებაც ინახება საწყობში. საწყობი პასუხისმგებელია მხოლოდ მიბარებული ქონების შენახვაზე, რაც ამ შემთხვევაში კეთილსინდისიერად განხორციელდა.

კომპანიის მიმართ მსგავსი სანქცია გამოყენებული არასდროს ყოფილა. მძიმე ფინანსური მდგომარეობის მიუხედავად ყოველთვის კეთილსინდისიერად ხდებოდა დარიცხული გადასახადების გადახდა და საგადასახადო ვალდებულებების შესრულება.

საგადასახადო კოდექსის 182-ე მუხლი ითვალისწინებს აქციზის გადასახადის დარიცხვის წესს და ასევე განსაზღვრავს იმ პირთა წრეს, ვინც ვალდებულია გადაიხადოს აქციზის გადასახადი. კომპანია, როგორც საბაჟო საწყობი არ ექცევა მითითებული ნორმის რეგულაციის არც ერთ ჩამონათვალში, შესაბამისად ფიზიკურად შეუძლებელია იგი წარმოადგენდეს მის საწყობში დასაწყობებულ ქონებაზე აქციზის გადასახადის და მითუმეტეს მასზე დარიცხული თანმდევი გადასახადების ან საურავის გადამხდელ პირს. თუკი არ არსებობს კონკრეტულ მეწარმეზე რაიმე გადასახადის დარიცხვის საფუძველი, ცხადია სანქციის სახით საურავის დაკისრებაც ვერ იქნება ლეგიტიმური.

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი განმარტავს, იმპორტის გადასახადის გადამხდელ სუბიექტს, რომელსაც არ წარმოადგენს ქონების შემნახველი პირი. ხოლო, სადავო საგადასახადო მოთხოვნით სწორედ ქონების შემნახველ საბაჟო საწყობს დაეკისრა იმპორტის გადასახადი,რაც ასევე მოკლებულია სამართლებრივ ლოგიკას. კომპანიის მიერ არ განხორციელებულა და ვერ განხორციელდებოდა საწყობში დასაწყობებული ქონების განკარგვა, შესაბამისად ამ ნაწილში ნებისმიერი გადასახადის დარიცხვა ქონების შემნახველისათვის არ გამომდინარეობს საკანონმდებლო ნორმების მოთხოვნიდან და ვერ იქნება ლეგიტიმური. თუკი დავის განმხილველი ორგანო ჩათვლის, რომ შეუძლებელია დარიცხული გადასახადის გაუქმება, უნდა იმსჯელოს დარიცხული საურავისგან კომპანიის გათავისუფლების შესახებ.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საბაჟო კოდექსის 122-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბაჟო საწყობის პროცედურა საშუალებას იძლევა, უცხოური საქონელი დასაწყობდეს საბაჟო საწყობში, საბაჟო ორგანოს საწყობში ანშენახვის სხვა ადგილზე, რაც არ იწვევს:

ა) იმპორტის გადასახდელის გადახდის ვალდებულების წარმოშობას;

ბ) საქონლის მიმართ ვაჭრობაში დამცავი ღონისძიების გამოყენებას, თუ ამ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა აკრძალული არ არის. საბაჟო კოდექსის 127-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. საბაჟო საწყობის მფლობელი და საბაჟო საწყობის პროცედურის მფლობელი ვალდებული არიან:

ა) არ დაუშვან საბაჟო საწყობში მოთავსებული საქონლის საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებლად;

ბ) შეასრულონ საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონლის დასაწყობებიდან გამომდინარე მოთხოვნები.

3. საბაჟო საწყობის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვით გათვალისწინებული სანებართვო პირობები.

საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1.საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.

2. საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ რჩება და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) პირველი მუხლის თანახმად, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. იმპორტის გადასახადით დასაბეგრ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ დაირღვა უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან, გადაადგილებასთან, გადამუშავებასთან, საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში შენახვასთან, დროებით შენახვასთან ან განკარგვასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა.

2. საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დრო არის:

ა) იმ ვალდებულების შეუსრულებლობის ან შესრულების შეწყვეტის მომენტი, რომლის შეუსრულებლობა იწვევს საბაჟო ვალდებულების წარმოშობას;

ბ) საქონლის საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში მოქცევის დეკლარაციის რეგისტრაციის მომენტი, თუ დადგინდა, რომ ფაქტობრივად არ სრულდება ამ საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობა ან საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისას მისი იმპორტის გადასახდელისგან გათავისუფლების პირობა.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ვალდებული პირი არის:

ა) ნებისმიერი პირი, რომელსაც მოეთხოვებოდა შესაბამისი ვალდებულების შესრულება;

ბ) ნებისმიერი პირი, რომელმაც იცოდა ან რომელსაც გონივრულ ფარგლებში უნდა სცოდნოდა, რომ საბაჟო ვალდებულება შესრულებული არ არის, და რომელიც მოქმედებდა იმ პირის სახელით, რომელსაც მოეთხოვებოდა საბაჟო ვალდებულების შესრულება, ან რომელიც მონაწილეობდა ისეთ ქმედებაში, რომელმაც საბაჟო ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვია;

გ) ნებისმიერი პირი, რომელმაც შეიძინა საქონელი ან რომელიც ფლობს საქონელს და რომელმაც მისი შეძენის ან მიღების მომენტში იცოდა ან რომელსაც უნდა სცოდნოდა, რომ ამ საქონელთან დაკავშირებული საბაჟო ვალდებულება შესრულებული არ არის.

„საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 16.09.2019 წლის №455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია საქონლის დაკარგვის ან დანაკლისის (რომელიც აღემატება საქონლის ბუნებრივი ცვეთით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალურ პირობებში დანაკარგებით დაშვებულ ნორმებს) აღმოჩენის შემთხვევაში, დანაკლისის შესახებ საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ დადასტურებული აქტის შესაბამისად, გადაიხადოს იმპორტის გადასახდელი იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გადაიხდებოდა იმპორტის გადასახდელი ამ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევისას.

საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის „ჯ“ ქვეპუნქტის თანახმად, იმპორტის გადასახდელი არის საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული იმპორტის გადასახადი, აქციზი, დამატებული ღირებულების გადასახადი, რომლის გადახდის ვალდებულება საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან დაკავშირებით წარმოიშობა.

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

სადავო საკითხზე საბაჟო დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ---------- და ----------- სამმართველოს მომართვის საფუძველზე, საბაჟო დეპარტამენტის უფროსის 4.11.2022 წლის №27842 ბრძანებით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც 7.11.2022 წლიდან 18.11.2022 წლის ჩათვლით პერიოდში განახორციელა მომჩივნის კუთვნილი საბაჟო საწყობის მიერ (---------) სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი. შემოწმების შედეგად გამოვლინდა შპს ---------- საბაჟო საწყობში შენახული საქონლის დანაკლისი. საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელს წარმოეშვა ვალდებულება, საბაჟო საწყობში აღმოჩენილ საქონლის დანაკლისზე გადაიხადოს იმპორტის გადასახდელი იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გადაიხდებოდა იმპორტის გადასახდელი ამ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევისას. შპს ---------- (ს/ნ ----------) დირექტორის – ---------- (პ/ნ ----------) მიმართ მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საქმე სანებართვო პირობების დარღვევით უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე, მათ შორის, ზემოაღნიშნული საქონლის უკანონო განკარგვაზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა სახელმწიფოს. საქონლის უკანონო განკარგვის ფაქტი დადასტურდა აღნიშნულ საქმეზე მიღებული, კანონიერ ძალაში შესული, ---------- საქალაქო სასამართლოს 12.04.2023 წლის განაჩენითაც (საქმე №----------; გამოძიება №----------, რომლითაც დამტკიცდა პროკურორსა და ბრალდებულ ---------- შორის 11.04.2023 წელს დადებული საპროცესო შეთანხმება. მითითებული განაჩენის მიხედვით, შპს ---------- (ს/ნ ----------) დირექტორმა – ----------(პ/ნ ----------) აღიარა დანაშაულის ჩადენა და სასამართლოზე წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საგადასახადო მოთხოვნები) არ გაუხდია სადავოდ.

საბჭო მიუთითებს, რომ მომჩივანი წარმოადგენდა საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელს, საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე განთავსებული საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელის ფაქტიური რაოდენობის დეკლარირებულთან შედარების შედეგად გამოვლინდა საქონლის დანაკლისი, რის შედეგადაც კანონმდებლობის შესაბამისად, მომჩივანს წარმოეშვა იმპორტის გადასახდელის იმ ოდენობით გადახდის ვალდებულება, რა ოდენობითაც გადაიხდებოდა იმპორტის გადასახდელი ამ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევისას.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებებზე, რომ სანებართვო პირობების დარღვევით უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, საქონლის უკანონო განკარგვის ფაქტი დადასტურდა აღნიშნულ საქმეზე მიღებული, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო აქტები გამოცემულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საქონლის დანაკლისის მიხედვით, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელისთვის იმპორტის გადასახდელების დარიცხვა და საურავის დაკისრება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების შედეგად გამოვლინდა შპს-ს საბაჟო საწყობში შენახული საქონლის დანაკლისი. საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელს წარმოეშვა ვალდებულება, საბაჟო საწყობში აღმოჩენილ საქონლის დანაკლისზე გადაიხადოს იმპორტის გადასახდელი იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გადაიხდებოდა იმპორტის გადასახდელი ამ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევისას.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს;122(1);127(1,3);70(2);6(1ჯ);

საგ.კოდ:272(1)

„საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 16.09.2019 წლის №455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი