გადაწყვეტილება №22055/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 26.03.2024
№ დოკუმენტი 22055/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№22055/2/2024

26 მარტი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------------ის“ (ს/ნ ---------------)

ყოფილი გაკოტრების მმართველი --------ძე (პ/ნ ---------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 8.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------------ის“ (ს/ნ ---------------) ყოფილი გაკოტრების მმართველი --------ძის (პ/ნ ---------------) 23.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22055/2/2024).

 

დავის საგანი:

საჩივრის განუხილველად დატოვება - საჩივარი წარდგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 6.12.2013 წლის №81-617 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 28.12.2023 წლის №33510 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 2 448 362,72 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 2 428 845,48 ლარი (გადასახადი - 1 060 953 ლარი, ჯარიმა - 530 477 ლარი, საურავი - 837 415,48 ლარი).

მოგების გადასახადი - 3 492,71 ლარი (გადასახადი - 2 556 ლარი, ჯარიმა - 639 ლარი, საურავი - 297,71 ლარი).

საშემოსავლო გადასახადი - 6 757,05 ლარი (გადასახდი - 2 464 ლარი, ჯარიმა - 616 ლარი, საურავი - 3 677,05 ლარი)

სოც დაზღვევის გადასახადი - 4 308,07 ლარი (გადასახადი- 3 258 ლარი, ჯარიმა - 815 ლარი, საურავი - 235,07 ლარი).

ქონების გადასახადი - 4 959,03 ლარი (გადასახადი - 3 306 ლარი, ჯარიმა - 1 653 ლარი, საურავი - 0,03 ლარი).

სხვა გადასახადები (გაუქმებული) - 0,38 ლარი.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 4.12.2013 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია შპს ------------ის (ს/ნ ------------) საქმიანობის 1.01.2007 წლიდან 7.12.2012 წლამდე პერიოდი.

შემოწმების აქტის საფუძველზე შპს ------------ს (ს/ნ -----------) წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 6.12.2013 წლის №81-617 საგადასახადო მოთხოვნა, რაც კომპანიის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 26.03.2014 წლის №17749 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

შპს --------ის (ს/ნ ---------) ყოფილმა გაკოტრების მმართველმა, ---------ემ (პ/ნ ---------) აუდიტის დეპარტამენტის 6.12.2013 წლის №81-617 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, 29.06.2023 წელს საჩივრით მიმართა შემოსავლების სამსახურს.

შემოსავლების სამსახურის 25.08.2023 წლის №21003 ბრძანებით, შპს --------ის (ს/ნ --------) ყოფილი გაკოტრების მმართველის ფ/პ ---------ის (პ/ნ ---------) 29.06.2023 წლის საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დარჩა განუხილველი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 2.11.2023 წლის №21153/2/2023 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 25.08.2023 წლის №21003 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა საბჭოს გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული საჩივარი და გამოსცა 28.12.2023 წლის №33510 ბრძანება - ----------ის (პ/ნ ---------) საჩივრის საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განუხილველად დატოვების თაობაზე.

შემოსავლების სამსახურის 28.12.2023 წლის №33510 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 37-ე მუხლის პირველ, მე-4 და მე-5 ნაწილებზე და 301-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე.

მითითებულ სამართლებრივ ნორმებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან საჩივარი წარდგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ, სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ფ/პ ----------ის (პ/ნ ---------) 29.06.2023 წლის №111494/21 საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 4.11.2005 წლის განჩინებით (საქმე №2-1034) შპს ბათუმის თამბაქოს კომბინატში გაიხსნა გაკოტრების საქმის წარმოება და გაკოტრების მმართველად დაინიშნა -----------ძე.

შპს -------ში საგადასახადო შემოწმება დაინიშნა 23.10.2012 წელს კომბინატის ლიკვიდაციის პროცესის დაწყების გამო, როგორც ეს მითითებულია თვითონ ბრძანებაში. შემოწმება დასრულდა 4.12.2013 წელს ანუ 14 თვის შემდეგ და მოიცვა 2007-2012 წლები.

2.06.2023 წელს საგამოძიებო სამსახურის ----ის სამმართველოში ---------ს ჩააბარეს საგადასახადო შემოწმების აქტი, შემოწმების საფუძველზე დამატებით თანხების დარიცხვის შესახებ 6.12.2013 წლის ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა. აქედან გამომდინარე, მისთვის ადმინისტრაციული აქტების გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა დაიწყოს სწორედ ამ დროიდან, რადგან არც თავად შემოწმების პერიოდში და არც შემოწმების დასრულების შემდეგ მისთვის არავის უცნობებია არც შემოწმების მიმდინარეობის შესახებ და მითუმეტეს არავის მოუთხოვია რაიმე განმარტება შემოწმების საკითხებთან დაკავშირებით.

მიუღებელია აუდიტორის პოზიცია, რადგან სავარაუდოდ ეს წარმოდგენს ხარჯს, რაც გაწეული იქნა გაკოტრების საქმის წარმოების ფარგლებში და ყველა ამ ხარჯზე არსებობდა გადახდის დოკუმენტი. ყველა ის ხარჯი, რაც გაწეული იქნა გაკოტრების საქმის წარმოების პერიოდში მოწმდებოდა სასამართლოს მიერ გაკოტრების მმართველის ანგარიშის საფუძველზე. ამიტომ თუ აუდიტორი მოითხოვდა განმარტებას გაკოტრების მმართველისგან, მას წარედგინებოდა ყველა აუცილებელი დოკუმენტი. თავად შემოწმების აქტიდან არ იკვეთება თუ კონკრეტულად რა ხარჯები ამოიღო შემმოწმებელმა და ეს მოსაზრება რაც აქ არის მითითებული წარმოადგენს მხოლოდ ვარაუდს. თუ დაზუსტდება ფაქტობრივი გარემოება, შესაძლებელი იქნება კონკრეტული პასუხის გაცემა.

გაკოტრების საქმის წარმოების პერიოდში მართლაც იქნა გასხვისებული საწარმოს კუთვნილი ქონებები, მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები. მაგრამ, თავად საწარმოს ბუღალტერიაში მიწის ნაკვეთი და შენობები ცალ-ცალკე ჰქონდა აღრიცხული როგორც ამას მაშინ აკეთებდნენ ბუღალტრები არსებული პრაქტიკით. საერთოდ მიწის ნაკვეთი არ იყო საწარმოს საკუთრება და იგი საწარმოს კაპიტალში შეტანილი იქნა 2007 წელს. ამის გამო გაყიდვის შემდეგ როგორც ჩანს საწარმოს ბუღალტერმა მხოლოდ შენობა-ნაგებობების ღირებულება დაბეგრა. ეს შენობები იყო ძველი ამორტიზირებული და ფაქტიურად უვარგისი. აქედან გამომდინარე მყიდველები ამ ქონებას ყიდულობდნენ ძირითადად მიწის ნაკვეთისადმი არსებული ინტერესის გამო. გარდა ამისა, ქონების გაყიდვის დროს გაკოტრების მმართველის მიერ, როგორც საწარმოს ფაქტიური მმართველის მიერ არ მომხდარა მყიდველებზე დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა, რის გამოც შემძენებმა ვერ განახორციელეს ჩათვლა და ბიუჯეტში დამატებით გადაიხადეს საკმაოდ სოლიდური თანხა დღგ-ის სახით. ამდენად, ამ ოპერაციებით სახელმწიფო ბიუჯეტს რაიმე ზარალი არ მიდგომია.

იმ ფაქტს, რომ ამ ქონებას ყიდულობდნენ მიწის ნაკვეთის ინტერესის გამო ადასტურებს ის, რომ საგადასახადო შემოწმების დასრულების დროისათვის შენობები მყიდველების მიერ დანგრეული იყო. ასევე, შენობა-ნაგებობების დიდი უმრავლესობა მაგალითად, ---ის ქუჩაზე არსებული -----იო წარმოება მყიდველის მიერ დანგრეული იქნა შეძენისთანავე. შემოსავლების სამსახურის მიერ შენობა-ნაგებობის არსებითი მდგომარეობა და ღირებულება რეალურად არ იქნა დადასტურებული და შესწავლილი. მათ ამის დადასტურება მოითხოვეს მყიდველებისაგან, რაც არარეალური და მიზანმიმართული ქმედება იყო შემოსავლების სამსახურისგან, რადგან თუ მყიდველი იტყოდა, რომ მისთვის შენობა-ნაგებობა არ წარმოადგენდა არანაირ ღირებულებას მათ მიერ ჩათვლილი დღგ უნდა დაებრუნებინათ უკან (რაც მათ ინტერესებში არ შედიოდა), ასევე შესყიდვის დროს არცერთ მყიდველს არ დაუფიქსირებია პრეტენზია დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურა გაცემულიყო მათ მიერ გადახდილ მთლიან თანხაზე.

აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო გამოეთხოვა სრული ინფორმაცია ამ ქონების რეალური მდგომარეობის შესახებ -----ის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან, რომელიც მესაკუთრე იყო შპს ------ის. ქალაქ -----ის მერიიდან არსებული ბუღალტრული დოკუმენტაციიდანაც კი ჩანს შენობა-ნაგებობების მდგომარეობა და ღირებულება, დაედგინა რეალურად არსებული მდგომარეობა, ასევე გამოეკითხა ყოფილი გაკოტრების მმართველი, მოესმინა მისი მოსაზრება, რაც რატომღაც არ გააკეთეს თავის დროზე შემოწმების მსვლელობის დროს.

შემოსავლების სამსახურის 25.08.2023 წლის ბრძანების დასაბუთება არის ძალიან ზერელე, კერძოდ როგორც ირკვევა თავის დროზე შემოსავლების სამსახურმა იმსჯელა შპს --------ის საჩივარზე და ნაწილობრივ დააკმაყოფილა იგი, მაგრამ ამ შემთხვევაში სადავოა კონკრეტულად ის შემოწმებული პერიოდი, როდესაც ------ძე იყო გაკოტრების მმართველი და მის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე და საქმიანობაზე არის დარიცხული დამატებითი თანხები, რაც ზემოთ აღნიშნული მოსაზრების გამო არასწორი და დაუსაბუთებელია. ასევე, დავის არსიდან გამომდინარე, გაკოტრების მმართველს უფლება აქვს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო სამსახურებში, საქართველოს სასამართლოთა სისტემაში ჰქონდეს უფლება მის წინააღმდეგ ან მის საწინააღმდეგოდ არსებულ საკითხებთან დაკავშირებით მოახდინოს მისი გასაჩივრება და მისი უფლებების დაცვა, დღეის მდგომარეობით შემოსავლების სამსახურმა გაკოტრების მმართველს ეს უფლება შეუზღუდა, არ აძლევს საშუალებას დაიცვას თავისი უფლებები, მით უმეტეს თავის დროზე ყოფილი დირექტორის მიერ ბოლომდე არ იქნა მიყვანილი სასარჩელო განცხადება, რაც ბადებს ეჭვს შემოსავლების სამსახურის და დირექტორის შეთანხმებულ მოქმედებაზე.

------ის როგორც ყოფილი გაკოტრების მმართველის ადმინისტრაციულ საჩივარზე შემოსავლების სამსახურმა უკვე ერთხელ იმსჯელა და საკითხი განიხილა, სადაც -------ის როგორც საჩივრის წარმდგენის უფლებამოსილება საეჭვოდ არ უცვნია. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციული საჩივრის განხილვამდე ადგენს მხარეების უფლებამოსილებას და შესაბამისად შემოსავლების სამსახურმა მხარე მიიჩნია უფლებამოსილად.

შემოწმების ჩატარების დროს აუდიტორები არ დაკავშირებიან -------ეს და არ მოუთხოვიათ განმარტებები. აქედან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურს არსებითად უნდა ემსჯელა საჩივარზე და გაეცა პასუხი არგუმენტებზე და მოსაზრებებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოდის, რომ ადმინისტრაციული ორგანო ართმევს საჩივრის წარდგენის უფლებას. უარს ამბობს რა მის განხილვაზე და ეს მაშინ, როცა ედავებიან თითქოს გადასახადების დამალვას.

აღნიშნული საქმე ერთხელ უკვე განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, რომელმაც გააუქმა შემოსავლების სამსახურის ბრძანება, რომლითაც საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული იმ მოტივით, რომ არსებობდა შემოსავლების სამსახურის ბრძანება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ --------ძე წარმოადგენდა საჩივრის წარდგენაზე უფლებამოსილ პირს და არ არსებობდა გადაწყვეტილება, რომლითაც ადრე განხილული იყო მისი საჩივარი. ამდენად შემოსავლების სამსახურის 28.12.2023 წლის ბრძანება ეწინააღმდეგება ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მითითებას, რაც შესასრულებლად სავალდებულოა შემოსავლების სამსახურისთვის, მითუმეტეს, რომ ------ის როგორც ყოფილი გაკოტრების მმართველის საჩივარზე შემოსავლების სამსახურმა ერთხელ უკვე იმსჯელა და -------ძე ყოფილი გაკოტრების მმართველი, როგორც საჩივრის წარდგენაზე არაუფლებამოსილ პირად არ უცნია. შესაბამისად, ამ საკითხის განხილვის უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოს აღარ გააჩნდა, რადგან მან ეს ფაქტი მიიჩნია როგორც დადასტურებულ ფაქტად, წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა მიეთითებინა პირის არაუფლებამოსილების შესახებ შემოსავლების სამსახურის 25.08.2023 წლის №21003 ბრძანებაში.

დარღვეულია 1.09.2021 წლამდე მოქმედი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები, (1.09.2021 წელს ამოქმედებულ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში იგივე რეგულაცია გადმოტანილია უცვლელად. კერძოდ: დაცული არ არის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ვადები.

შპს ------ის ლიკვიდაცია გამოცხადდა 2012 წლის ოქტომბერში, რაც დარეგისტრირდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.

საწარმოს ლიკვიდაციასთან დაკავშირებით კამერალური საგადასახადო შემოწმება დაიწყო აუდიტის დეპარტამენტის 23.10.2012 წლის №22570 ბრძანებით და დასრულდა 4.12.2013 წელს, როგორც ეს აღნიშნულია საგადასახადო შემოწმების აქტში, ანუ 14 თვის შემდეგ.

პარტნიორთა გადაწყვეტილება საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ უნდა დარეგისტრირდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში. ლიკვიდაციის პროცესი დაწყებულად ითვლება მისი რეგისტრაციის მომენტიდან. საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციის შესახებ ელექტრონულ ინფორმაციას მარეგისტრირებელი ორგანო უგზავნის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - შემოსავლების სამსახურს, რომელიც შეტყობინების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს მარეგისტრირებელი ორგანოსთვის სუბიექტის საგადასახადო ვალდებულების არსებობის რისკის თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას. საგადასახადო ვალდებულების არსებობის რისკის თაობაზე ინფორმაცია უნდა შეიცავდეს მითითებას საგადასახადო შემოწმების ჩატარებისა და დავალიანების არსებობის ფაქტის დადასტურების ვადის შესახებ, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს საწარმოს ლიკვიდაციის დაწყებიდან 90 დღეს. აუცილებლობის შემთხვევაში საგადასახადო შემოწმების 90-დღიანი ვადა შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ ერთხელ, არა უმეტეს ორი თვისა. ამ პუნქტით განსაზღვრული რისკის არსებობის თაობაზე ინფორმაციის მიწოდების 10-დღიანი ვადის, ასევე ამ ინფორმაციით განსაზღვრული საგადასახადო შემოწმების ვადის გაშვების შემთხვევაში ჩაითვლება, რომ სუბიექტი საგადასახადო დავალიანების არმქონეა.

აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რომლის მიხედვით სასამართლომ გაითვალისწინა რა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლით დადგენილი იმპერატიული წესი, ბათილად ცნო ვადის დარღვევით ჩატარებული შემოწმების შედეგად გამოცემული ის აქტები, რომლითაც ლიკვიდაციის პროცესში მყოფ საწარმოს დამატებით დაერიცხა თანხები სახელწმიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

სამეწარმეო რეესტრის მონაცემების მიხედვით 30.08.2012 წლის მდგომარეობით ჩანაწერში მითითებულია ლიკვიდაციის სტატუსი. ხოლო, საგადასახადო შემოწმება ლიკვიდაციის გამო დანიშნულია 12.10.2012 წელს. ანუ გასულია შემოწმების დანიშვნის 10 დღიანი ვადა, რაც იმპერატიულად იყო დადგენილი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით ლიკვიდაციის რეჟიმში მყოფი საწარმოებისთვის.

ზემოთ მოყვანილი ყველა სადავო საკითხიდან გამომდინარე, საგადასახადო ორგანომ არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, უფრო მეტიც თავისი გადაწყვეტილება დააფუძნა იმ მტკიცებულებებზე, რომლებიც მოპოვებულია კანონის დარღვევით და თავისთავად ბათილია ამ მტკიცებულებების საფუძველზე გამოცემული აქტები.

 

დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ საჩივარი წარდგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით ამ რეგლამენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: მომჩივანი – პირი, რომელიც არ ეთანხმება საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ საქართველოს საგადასახადო/საბაჟო კანონმდებლობის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებას და მას ასაჩივრებს დავის განმხილველ ორგანოში. ამასთან, ამ რეგლამენტის მიზნებისთვის, მომჩივნად ასევე ითვლება ფიზიკური პირი, რომელიც სადავო საკითხის/საკითხების შესაბამის პერიოდში/პერიოდებში ასრულებდა საწარმოს/ორგანიზაციის ხელმძღვანელის მოვალეობას და აღნიშნული საკითხის/საკითხების საგადასახადო შემოწმების საფუძველზე საგადასახადო ორგანოს მიერ ამ საწარმოზე/ორგანიზაციაზე დამატებით დარიცხული თანხა 100 000 ლარს აღემატება და იწვევს აღნიშნული ფიზიკური პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას − მხოლოდ შესაბამის დავასთან მიმართებით.

ამავე რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურმა არამართლზომიერად დატოვა საჩივარი განუხილველად.

ვინაიდან შემოსავლების სამსახურის 26.03.2014 წლის №17749 ბრძანება გამოცემული იყო შპს -------ის (ს/ნ --------) საჩივარზე, საბჭომ 2.11.2023 წლის №21153/2/2023 გადაწყვეტილებით, მიიჩნია, რომ შპს --------ის (ს/ნ --------) ყოფილი გაკოტრების მმართველის, ფ/პ ------ის (პ/ნ -------) იმავე პირად მიჩნევა არამართლზომიერი იყო და გააუქმა შემოსავლების სამსახურის 25.08.2023 წლის №21003 ბრძანება საჩივრის საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით განუხილველად დატოვების თაობაზე, ხოლო საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შემოსავლების სამსახურმა განიხილა ფ/პ ------ის (პ/ნ --------) საჩივარი, შპს -------ის (ს/ნ --------) მიმართ გამოცემულ აუდიტის დეპარტამენტის 6.12.2013 წლის №81-617 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით და 28.12.2023 წლის №33510 ბრძანებით მიღებულ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ მომჩივანი წარმოადგენს არაუფლებამოსილ პირს.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საბჭოს 2.11.2023 წლის №21153/2/2023 გადაწყვეტილებით შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შპს ---------ის (ს/ნ ----------) ყოფილი გაკოტრების მმართველის ფ/პ --------ის (პ/ნ ---------) საჩივარი, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 28.12.2023 წლის №33510 ბრძანება საჩივრის საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განუხილველად დატოვების თაობაზე არამართლზომიერია. უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 28.12.2023 წლის №33510 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 28.12.2023 წლის №33510 ბრძანება;

3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საჩივრის განუხილველად დატოვება - საჩივარი წარდგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 4.12.2013 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩვანის საქმიანობის 1.01.2007 წლიდან 7.12.2012 წლამდე პერიოდი.შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის №81-617 საგადასახადო მოთხოვნა, რაც კომპანიის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის №17749 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

ამასთან,კომპანიის ყოფილმა გაკოტრების მმართველმა(დირექტორმა) აუდიტის დეპარტამენტის №81-617 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით საჩივრით მიმართა შემოსავლების სამსახურს.შემოსავლების სამსახურის №21003 ბრძანებით აღნიშნული საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დარჩა განუხილველი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

ხოლო,საბჭოს №21153/2/2023 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის №21003 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.შემოსავლების სამსახურმა განიხილა საბჭოს გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული საჩივარი და გამოსცა №33510 ბრძანება საჩივრის საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განუხილველად დატოვების თაობაზე.შემოსავლების სამსახურის №33510 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის №33510 ბრძანება საჩივრის საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განუხილველად დატოვების თაობაზე არამართლზომიერია. უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის №33510 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301(„გ“);