ბრძანება N 21398
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 21398
30 სექტემბერი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ფ/პ ------- (პ/ნ -------)
(მის: -------, -------)
2024 წლის 1 სექტემბრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 12 სექტემბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №98) განიხილა ფ/პ ------- (პ/ნ -------) №91717/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის პირველი აგვისტოს №007-209 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი არ ეთანხმება უძრავი ქონების რეალიზაციის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ მისი საქმიანობის სფეროს არ წარმოადგენს საცხოვრებელი ფართების გაქირავება და ბინები შეძენილი იყო პირადი მოხმარების მიზნით. აცხადებს, რომ შემმოწმებელს სრულად აქვს დაბეგრილი ბინების შეძენისა და რეალიზაციის ფასთაშორის სხვაობა, თუმცა ბინები შეძენის მომენტში იყო შავი კარკასის მდგომარეობაში, რასაც შემდგომ პერიოდში ჩაუტარდა სარემონტო სამუშაოები, რომლის მიახლოებული ღირებულებები ახსნა-განმარტების სახით წარუდგინა აუდიტორებს. განმარტავს, რომ ვინაიდან ბინები განკუთვნილი იყო პირადი სარგებლობისათვის არ მომხდარა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების შენახვა. მიუხედავად ამისა, აუდიტორების მიერ არ მომხდარა არც ექსპერტიზის დანიშვნა ჩატარებული სარემონტო სამუშაოების, შეძენილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის და ავეჯის ღირებულებების დადგენის მიზნით და არც მისთვის მოუთხოვიათ დამატებითი ინფორმაციის ან/და დასკვნის წარდგენა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. აღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს დარიცხული თანხების შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის პირველი ივლისის №15426 ბრძანების საფუძველზე ფ/პ ------- (პ/ნ 5-------) ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდებში უძრავი ქონებების (ს/კ №-------; №-------) რეალიზაციის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების შესრულების სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 25 ივლისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტმა 2024 წლის პირველ აგვისტოს გამოსცა №17929 ბრძანება და №007-209 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 33 894 ლარი, მათ შორის, გადასახადი 24 529 ლარი, ჯარიმა 8 176 ლარი და საურავი 1 189 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
ფ/პ ------- (პ/ნ -------) გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2004 წლის 26 აპრილს. 2023 წლიდან პირი ახორციელებს საცხოვრებელი ფართის გაქირავებას ფიზიკურ პირებზე. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება ორ წელზე ნაკლები ვადით საკუთრებაში არსებული ორი უძრავი ქონების რეალიზაცია, კერძოდ: ს/კ ------- არსებული უძრავი ქონება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით შეძენილია 2022 წლის 20 სექტემბერს 166 300 ლარად, რეალიზებულია 2023 წლის 15 მაისს 178 150 ლარად; ს/კ -------. არსებული უძრავი ქონება შეძენილია 2022 წლის 24 ნოემბერს 654 109 ლარად, რეალიზებულია 2023 წლის 3 ნოემბერს 968 898 ლარად (შეძენილი და რეალიზებული უძრავი ქონებების ღირებულებები აღებულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საიტზე არსებული ნასყიდობის ხელშეკრულებებიდან). შემოწმებით დადგინდა, რომ პირს არ აქვს შესრულებული საგადასახადო ვალდებულება საშემოსავლო გადასახადის კუთხით. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე და 82-ე მუხლების გათვალისწინებით, გაანგარიშების შედეგად მიღებული ნამეტი თანხა დაიბეგრა 5%-იანი განაკვეთით. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლი თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ამ საქმიანობის შედეგისა, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი.
ამავე კოდექსის 81-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად:
1. ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
3. ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ბინის (სახლის) და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის, აგრეთვე ავტოსატრანსპორტო საშუალების მიწოდებით მიღებული ნამეტი შემოსავალი 5 პროცენტით იბეგრება.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილის მიზნებისათვის აქტივის მიწოდებით მიღებული ნამეტი შემოსავალი განისაზღვრება ამ კოდექსის 82-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ.ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება ფიზიკური პირის მიერ 2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის (სახლის) მასზე დამაგრებული მიწით რეალიზაციით მიღებული ნამეტი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ.ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ მუხლის მიზნებისათვის აქტივის „რეალიზაციით მიღებული ნამეტი“ იანგარიშება როგორც სხვაობა აქტივის მიწოდების ფასსა და მასზე საკუთრების უფლების წარმოშობისას მისი შეძენის ფასს შორის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
ამავე კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულიორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანიგარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი,რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასშიმითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეცგამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციულიუფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე,რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ დავის წარმოების პროცესში წარმოდგენილ არგუმენტებზე და განმარტავს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მათ შორის ექსპერტიზის დასკვნა. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს რეალიზებული ფართების შედეგად მიღებული დასაბეგრი შემოსავალის განსაზღვრის მიზნით შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები. ამასთან, იმსჯელოს ხარჯების განსაზღვრისას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების შესაძლებლობის თაობაზე და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ფ/პ ------- (პ/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მათ შორის ექსპერტიზის დასკვნა;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, რეალიზებული ფართების შედეგად მიღებული დასაბეგრი შემოსავალის განსაზღვრის მიზნით შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები. ამასთან, იმსჯელოს ხარჯების განსაზღვრისას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების შესაძლებლობის თაობაზე და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქუჩა №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადამხდელი არ ეთანხმება უძრავი ქონების რეალიზაციის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანი ახორციელებს საცხოვრებელი ფართის გაქირავებას ფიზიკურ პირებზე. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება ორ წელზე ნაკლები ვადით საკუთრებაში არსებული ორი უძრავი ქონების რეალიზაცია. შემოწმებით დადგინდა, რომ პირს არ აქვს შესრულებული საგადასახადო ვალდებულება საშემოსავლო გადასახადის კუთხით. გაანგარიშების შედეგად მიღებული ნამეტი თანხა დაიბეგრა 5%-იანი განაკვეთით. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მათ შორის ექსპერტიზის დასკვნა. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 81(3-4); 82(4-ბ); 102(1-ბ); 105(2)