ბრძანება N 31462
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 31462
13 დეკემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---ს“ (ს/ნ---)
(ფაქტ. მის.: ---) 2023 წლის 2 ნოემბრის
საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 24 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №122) განიხილა შპს „---ის“ (ს/ნ ---) 2023 წლის 2 ნოემბრის №84616/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 5 ოქტომბრის №006-485 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი არ ეთანხმება საწარმოს საწესდებო კაპიტალიდან ქონების გატანის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. განმარტავს, რომ პარტნიორის მიერ ცვლილების განხორციელების მიზანი არ ყოფილა ეკონომიკური სარგებლის მიღება და გადასახადის გადახდისგან თავის არიდება, რასაც ადასტურებს ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ: დაფუძნებიდან კომპანიის ერთადერთ ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა კომპანიის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იჯარით გაცემა, 2010 წლიდან პარტნიორი წარმოადგენს კომპანიის ერთადერთ დამფუძნებელს-100%-იანი წილის მესაკუთრეს და დირექტორს, უძრავი ქონების იჯარის გაცემით მიღებული შემოსავალი წარმოადგენდა პარტნიორის მიერ შემოსავლის მიღების ერთადერთ წყაროს, ამასთან, ვინაიდან პარტნიორის გარდა კომპანიას არ ჰყავდა სხვა დამფუძნებელი ან თანამშრომელი, პარტნიორს თავადვე უწევდა საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება, თუმცა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პარტნიორს არ ჰქონია გამოცდილება. იგი დაეყრდნო რჩევას, გადმოეტანა უძრავი ქონება საკუთარ სახელზე იმ მიზნით, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი გადასახადი დაეკავებინა და გადაერიცხა თავად მოიჯარე კომპანიას და საბუღალტრო აღრიცხვა შესრულებულიყო სწორად, ყოველგვარი შეცდომების გარეშე, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.
გადამხდელი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ პარტნიორის მოთხოვნა საწარმოს კაპიტალში შენატანის დაბრუნებასთან დაკავშირებით და აღნიშნული მოთხოვნის საფუძველზე განხორციელებული სარეგისტრაციო ცვლილება ეწინააღმდეგება ფაქტობრივ გარემოებებს და საკანონმდებლო მოთხოვნებს, ვინაიდან სადავო ქონება შეძენილია კომპანიის მიერ და არ წარმოადგენს პარტნიორის შენატანს კაპიტალში, ასევე მიუთითებს მეწარმეთა შესახებ კანონის 33-ე მუხლზე, რომლითაც დადგენილია დივიდენდის გაცემის შეზღუდვა, საჩივარში გადამხდელი ასევე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის და მეწარმეთა შესახებ კანონის საკანონმდებლო ნორმებზე და აღნიშნავს, გარდა იმისა, რომ არსებობდა განხორციელებული რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი მისი ბათილობიდან გამომდინარე, უნდა აღინიშნოს, რომ პარტნიორის მიერ აღნიშნული რეგისტრაცია განხორციელდა ასევე არსებითი შეცდომის საფუძველზე, რის გამოც პარტნიორმა დაუყოვნებლივ შეასრულა მისგან დამოკიდებული აუცილებელი მოქმედებები იმისათვის, რომ აღმოეფხვრა დამდგარი კანონსაწინააღმდეგო შედეგი, გააუქმა ტრანზაქცია და აღადგინა რეგისტრაციამდე არსებული მდგომარეობა, შესაბამისად, არ არსებობს საგადასახადო დავის საგანი/დასაბეგრი ოპერაცია. ითხოვს დარიცხული გადასახადების და სანქციების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 ივნისის №14022 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „---ის“ (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 ივნისამდე საანგარიშო პერიოდზე იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში შენატანის დაბრუნების საფუძველზე წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების დეკლარირების სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 29 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 4 ოქტომბრის №24451 ბრძანება და 5 ოქტომბრის №006-485 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 323 678 ლარი, მათ შორის, გადასახადი 209 525 ლარი, ჯარიმა 86 525 ლარი და საურავი 27 628 ლარი.
სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
გადასახადის გადამხდელის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს საკუთრებაში არსებული ფართის იჯარით გაცემა. კომპანიის დამფუძნებელმა და 100% წილის მესაკუთრემ, ---მ 2022 წლის დეკემბრის თვეში გაიტანა საწარმოს საწესდებო კაპიტალში 1995 წელს შეტანილი უძრავი ქონება, რომელიც მდებარეობს ქ. ----.
საწესდებო კაპიტალის განსაზღვრის მომენტში ქონების ღირებულება შეადგენდა 2900 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში, რის შემდეგაც მისი ღირებულება შემცირდა 261 აშშ დოლარის ექვივალენტით ლარში, კაპიტალიდან 9% წილის გატანის სანაცვლოდ 11.61 კვ.მ ფართის გატანით, 2006 წელს, რაც დასტურდება შესაბამისი სანოტარო აქტით.
შემოწმების პროცესში ჩატარდა ქონების შეფასება შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, შესაბამისი დასკვნით, კაპიტალიდან გამოტანის თარიღში ქონების ღირებულება შეადგენდა 538 000 ლარს (დღგ-ის ჩათვლით).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაიზარდა 2022 წლის დეკემბერში დამფუძნებელზე გადაცემული ქონების ღირებულებით და დაერიცხა დღგ. ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის, 96-ე, 97-ე, 981 , 130-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, კაპიტალიდან შენატანის უკან დაბრუნების მომენტის და კაპიტალში შენატანის განხორციელების მომენტისთვის ქონების საბაზრო ღირებულებებს შორის სხვაობა დაიბეგრა მოგების და საშემოსავლო გადასახადებით. პირს, ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე და 282-ე მუხლების შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
ამავე კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურების სანაცვლოდ, საქონლის მიწოდებად ასევე განიხილება საწარმოს ან ამხანაგობის მიერ, შესაბამისად, პარტნიორისთვის ან ამხანაგობის წევრისთვის, წილის სანაცვლოდ საქონლის საკუთრებაში გადაცემა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტის მიხედვით, „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის საბაზრო ფასი, დღგ-ის გარეშე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის „რ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კარის მიზნებისთვის: რ) საბაზრო ფასი − ფასი, რომელიც გადასახდელი იქნებოდა მომხმარებლის მიერ შესაბამის დროს ამ საქონლის ან მომსახურების შესყიდვისას იმავე დონის ბაზარზე, სადაც თავისუფალი კონკურენციისა და სუბიექტების ეკონომიკური დამოუკიდებლობის პირობებში ხორციელდება საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა და, სადაც ეს ოპერაცია იბეგრება დღგ-ით. თუ შეუძლებელია საქონლის ან მომსახურების შედარებითი ფასის დადგენა, დღგ-ის მიზნისთვის საბაზრო ფასი არის: რ.ა) საქონლისთვის − ფასი, რომელიც არ უნდა იყოს ამ ან ანალოგიური საქონლის შესყიდვის ფასზე ნაკლები, ხოლო, თუ შესყიდვის ფასი არ არსებობს, ამ საქონლის წარმოების ღირებულება მისი მიწოდების მომენტში;
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის თანახმად:
1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.
ამავე კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 12-ე ნაწილის თანახმად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე; რეპო შეთანხმების, ფასიანი ქაღალდების გასესხებისა და ფინანსური გირავნობის შემთხვევაში გამყიდველის/გამსესხებლის მიერ მყიდველისგან/მსესხებლისგან მიღებული საკომპენსაციო თანხა, რომელიც არის ასეთი გარიგების მოქმედების პერიოდში ფასიანი ქაღალდებიდან რეალურად მიღებული დივიდენდი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით.
ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომ საწარმოს დამფუძნებელმა და 100% წილის მესაკუთრემ ---მ 2022 წლის დეკემბრის თვეში გაიტანა საწარმოს საწესდებო კაპიტალში 1995 წელს შეტანილი უძრავი ქონება. საწესდებო კაპიტალის განსაზღვრის მომენტში ქონების ღირებულება შეადგენდა 2900 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში, რის შემდეგაც მისი ღირებულება შემცირდა 261 აშშ დოლარის ექვივალენტით ლარში, კაპიტალიდან 9% წილის გატანის სანაცვლოდ 11.61 კვ.მ ფართის გატანით.
შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, შემოწმების პროცესში ჩატარებული ქონების შეფასების დასკვნით, კაპიტალიდან გამოტანის მომენტში ქონების ღირებულება შეადგენდა 538 000 ლარს (დღგ-ის ჩათვლით). საწარმოს დღგით დასაბეგრი ბრუნვა გაიზარდა 2022 წლის დეკემბერში დამფუძნებელზე გადაცემული ქონების ღირებულებით და დაერიცხა დღგ. ხოლო, კაპიტალიდან შენატანის უკან დაბრუნების და კაპიტალში შენატანის განხორციელების მომენტისთვის ქონების საბაზრო ღირებულებებს შორის სხვაობა დაიბეგრა მოგების და საშემოსავლო გადასახადებით.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება საწარმოს საწესდებო კაპიტალიდან ქონების გატანის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 ივნისის №14022 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა საწარმოს საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 ივნისამდე საანგარიშო პერიოდზე იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში შენატანის დაბრუნების საფუძველზე წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების დეკლარირების სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 29 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 4 ოქტომბრის №24451 ბრძანება და 5 ოქტომბრის №006-485 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 323 678 ლარი, მათ შორის, გადასახადი 209 525 ლარი, ჯარიმა 86 525 ლარი და საურავი 27 628 ლარი.
გადაწყვეტილება
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 160; 159; 163; 164; 157; 165; 168; 97; 981; 8 (12); 130; 154.