ბრძანება N 3405
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 3405
23.02.2023
შპს „---------“ (ს/ნ ---------)
(მის:-----------)
2022 წლის 14 იანვრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 10 თებერვლის სხდომაზე (ოქმები №12) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 3 ნოემბრის №16900/2/2022 გადაწყვეტილებით განსახილველად დაბრუნებული შპს „----------“ (ს/ნ ---------) №66566/1/2022 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2021 წლის 20 დეკემბრის საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების №ა174-21-10 აქტს, გადასახდელის დარიცხვისა და სანქციის დაკისრების შესახებ 2021 წლის 27 დეკემბრის №40991 ბრძანებას და 2021 წლის 28 დეკემბრის №002-442 საგადასახადო მოთხოვნას.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორის განმარტებით 2018 წელს თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო პროცედურით შემოტანილი იქნა 3 ერთეული ოფთალმოლოგიური ხელსაწყო, რომლის იმპორტი გათავისუფლებული იყო დღგ-ისგან. საქონლის მწარმოებელი კომპანიის --------ის საქართველოში ოფიციალური წარმომადგენლობის 2021 წლის 24 დეკემბრის წერილითაც დასტურდება, რომ -----ის წარმოების OPMI Lumera-ს ხაზის მიკროსკოპები განეკუთვნება წმინდა სამედიცინო დანიშნულების ოფთალმოლოგიურ მიკროსკოპებს და მწარმოებლის საერთაშორისო სერტიფიკატში (CE) ეს მოწყობილობები შესულია ოფთალმოლოგიური აპარატურის ნუსხაში და გამოიყენება მხოლოდ ოფთალმოლოგიური მიმართულებით. მომჩივანს სადავო აქტები, რომლებითაც მოხდა 2018 წლის 5 მარტის №"--------- " საბაჟო დეკლარაციაში მითითებული საქონლის კლასიფიკაციის ცვლილება და შედეგად კომპანიაზე დამატებით თანხების დარიცხვა, უკანონოდ მიაჩნია და ექვემდებარება გაუქმებას. აღნიშნულზე მითითებით, ითხოვა სადავო გადასახდელის დარიცხვისა და სანქციის დაკისრების შესახებ 2021 წლის 27 დეკემბრის №40991 ბრძანების და 2021 წლის 28 დეკემბრის №002 – 442 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობას და კომპანიის გათავისუფლებას დარიცხული სანქციებისგან.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2021 წლის 17 დეკემბრის №39183 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა შპს „----------“ (ს/ნ --------) სახელზე №"--------"(05.03.2018) საბაჟო დეკლარაციით გაფორმებული საქონლის გაშვების შემდგომი კამერალური შემოწმება.
ზემოაღნიშნული საბაჟო დეკლარაციით გაფორმდა გერმანიიდან შემოტანილი 3 ერთეული ოფთალმოლოგიური ხელსაწყო (საქონლის ჯამური საბაჟო ღირებულება - 743079.4 ლარი). დეკლარირების დროს, საქონელი კლასიფიცირდა 90185090000 სეს ესნ კოდში. საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის მომენტისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოქმედი რედაქციის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ პუნქტის თანახმად, აღნიშნული საქონლის იმპორტი გათავისუფლდა დამატებული ღირებულების გადასახადისაგან.
გადამხდელის მიერ დეკლარირებისას წარდგენილი დოკუმენტების და ღია წყაროებიდან მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე, თანდართულ ინვოისში მითითებული სამივე საქონელი- (1. --------; 2. --------; 3. ---------) წარმოადგენს ოფთალმოლოგიაში გამოსაყენებელ ქირურგიულ მიკროსკოპს და შესაბამისი საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის მომენტისათვის მოქმედი 2012 წლის 11 ივლისის №241 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ მე-3 მუხლის „საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის ინტერპრეტაციის ძირითადი წესების“ თანახმად, კლასიფიცირდება 90111090000 სეს ესნ კოდში.
საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის მომენტისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოქმედი რედაქციის თანახმად, 90111090000 სასაქონლო კოდში გაფორმებული/გასაფორმებელი საქონელი იბეგრება დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით. შესაბამისად, საქონლის სეს ესნ კოდის არასწორმა განსაზღვრამ გამოიწვია იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება.
გამომდინარე აქედან, ჩაითვალა რომ შპს „---------“ (ს/ნ ---------) მიერ ჩადენილ იქნა საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყოფილი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-4 ნაწილი) გათვალისწინებული სამართალდარღვევა, რაც იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
შემოწმების შედეგებიდან გამომდინარე, შედგა 2021 წლის 20 დეკემბრის საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების № ა 174-21-10 აქტი, 2021 წლის 27 დეკემბრის №40991 ბრძანება გადასახდელის დარიცხვისა და სანქციის დაკისრების შესახებ და 2021 წლის 28 დეკემბრის № 002 – 442 საგადასახადო მოთხოვნა.
ამასთანავე, 2021 წლის 20 დეკემბრის საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების №ა174-21-10 აქტი, 2021 წლის 27 დეკემბრის №40991 ბრძანება გადასახდელის დარიცხვისა და სანქციის დაკისრების შესახებ, 2021 წლის 28 დეკემბრის №002 – 442 საგადასახადო მოთხოვნა და საქმის სხვა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, 2021 წლის 31 დეკემბრის №21-"-------" წერილით გადაიგზავნა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.
საბაჟო დეპარტამენტის 2021 წლის 20 დეკემბრის საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების №ა174-21-10 აქტი, გადასახდელის დარიცხვისა და სანქციის დაკისრების შესახებ 2021 წლის 27 დეკემბრის №40991 ბრძანება და 2021 წლის 28 დეკემბრის №002 – 442 საგადასახადო მოთხოვნა 14.01.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 9.06.2022 წლის №14522 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული აქტები გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ №16900/2/2022 გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ საბაჟო დეპარტამენტის შეფასებით მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით და ღია წყაროებიდან მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე, დადგინდა, რომ ინვოისში მითითებული საქონელი - 1. -----------; 2. ---------; 3. ----------- - წარმოადგენს ოფთალმოლოგიაში გამოსაყენებელ ქირურგიულ მიკროსკოპებს და კლასიფიცირდება 9011 10 900 00 სეს ესნ კოდში.
საბჭო ასევე უთითებს, რომ საჩივართან ერთად წარმოდგენილი 24.12.2021 წლის ------- ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოშის/---------- წერილით, -------ის წარმოება (წარმოების ქვეყანა გერმანია), OPMI Lumera-ს ხაზის მიკროსკოპები (--------------) განეკუთვნება წმინდა სამედიცინო დანიშნულების ოფთალმოლოგიურ მიკროსკოპებს და მწარმოებლის საერთაშორისო სერტიფიკატში (CE) შესულია ოფთალმოლოგიური აპარატურის ოჯახის ნუსხაში და გამოიყენება მხოლოდ ოფთალმოლოგიური მიმართულებით. რაც შეეხება ქირურგიული მიკროსკოპების ნუსხას, აქ გაერთიანებულია როგორც ნეირო, ასევე სტომატოლოგიური და ყელ-ყურ ცხვირის მიკროსკოპიები და აღნიშნული აპარატურაც ასევე წარმოადგენს სამედიცინო მოწყობილობას.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ აღნიშნა, რომ მომჩივნისთვის გაუგებარია საბაჟო ორგანოს მიერ სასაქონლო კოდის კლასიფიკაციის ცვლილების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძველი. როგორც აღინიშნა 9018 50 სასაქონლო კოდით გათვალისწინებულია „ოფთალმოლოგიური ინსტრუმენტები და მოწყობილობები, დანარჩენი“. შესაბამისად, ხსენებულ სასაქონლო კოდში სპეციალურად არის მითითება ოფთალმოლოგიურ ინსტრუმენტებზე და მოწყობილობებზე და მასში უდავოდ უნდა მოვიაზროთ ოფთალმოლოგიური მიკროსკოპები (მათ შორის ქირურგიაში გამოყენებული ოფთალმოლოგიური დანიშნულების მიკროსკოპები), რომლებიც გამოიყენება მხოლოდ ოფთალმოლოგიური მიმართულებით. ამავდროულად, სახეზეა კომპანიის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძვლები, რადგან ზემოთ აღნიშნული ნორმატიული საფუძვლები და ასევე ფაქტობრივი გარემოებები (დოკუმენტები) ცალსახად მიუთითებს, რომ OPMI Lumera წარმოადგენს წმინდა სამედიცინო დანიშნულების ოფთალმოლოგიურ მიკროსკოპებს და მისი სეს ესნ კოდი არის 9018 50. შემოსავლების სამსახურის მხრიდან განსახილველი საქონლის კოდის შეცვლა ეფუძნება სეს ესნ კოდების იმდენად ფართო ინტერპრეტაციას, რომლის განჭვრეტაც კომპანიის მხრიდან ვერ იქნებოდა შესაძლებელი. საბჭომ მიუთითა ასევე, რომ საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, "------" (5.03.2018წ.) საბაჟო დეკლარაციით სადავო საქონელი გაფორმდა, როგორც ოფთალმოლოგიური საოპერაციო მიკროსკოპი და კლასიფიცირდა 9018 50 900 00 სეს ესნ კოდში, მოხვდა მწვანე დერეფანში და გაშვებულ იქნა თავისუფალ მიმოქცევაში. აღნიშნულის შემდგომ საბაჟო ორგანომ იხელმძღვანელა მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებით და დაინიშნა საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმება, რომლითაც დადგინდა, რომ სადავო საქონელი წარმოადგენს ოფთალმოლოგიაში გამოსაყენებელ ქირურგიულ მიკროსკოპს და კლასიფიცირდება 9011 10 900 00 სეს ესნ კოდში. საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის სტრუქტურის, საერთაშორისო პრაქტიკის და ინტერპრეტაციის ძირითადი წესების შესაბამისად უპირატესობა კოდის განსაზღვრისას ენიჭება იმ კოდს, რომელშიც მითითებულია საქონლის კონკრეტული სახეობა (მიკროსკოპი), ასეთის არ არსებობის შემთხვევაში კი საქონელი კლასიფიცირდება ზოგადი (ხელსაწყოები, მოწყობილობები, აპარატურა) სახეობის კოდით.
საბჭომ მიუთითა საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-8 ნაწილზე და „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2) 45-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებზე და იმ ფაქტზე, რომ „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2) 45-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მასალები 31.12.2021 წლის №"--------" წერილით გაეგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს. აღსანიშნავია, რომ 13.01.2022 წელს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან მიღებულია №"--------" წერილი, რომლითაც საბაჟო დეპარტამენტს ეთხოვა საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოსათვის დაევალებინა №"------" (5.03.2018წ.) საბაჟო დეკლარაციით გაფორმებული საქონლის სასაქონლო კოდის განსაზღვრის მიზნით ჩაეტარებინა ექსპერტიზა და გაეცა შესაბამისი დასაბუთებული დასკვნა, ხოლო საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის სამმართველოს - შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის მიეწოდებინა საკითხის შესწავლისათვის საჭირო სრული დოკუმენტაცია. ექსპერტიზის დასრულების შემდეგ კი დასკვნის გადაგზავნა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.
აღნიშნულზე მითითებით მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ სადავო საკითხის განხილვისას სათანადოდ არ არის გამოკვლეული საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებები, რის გამოც გააუქმა შემოსავლების სამსახურის 9.06.2022 წლის №14522 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნა ამავე სამსახურს.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილია, რომ პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:
ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;
ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი; გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 30-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ საბაჟო ორგანოს შეუძლია საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის განხორციელებისას შეამოწმოს:
ა) საბაჟო დეკლარაციით, დროებით შენახვის დეკლარაციით, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციით, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციით, რეექსპორტის დეკლარაციით ან რეექსპორტის შეტყობინებით დეკლარირებული მონაცემების სისწორე, აგრეთვე მისი თანმხლები დოკუმენტების არსებობა, სისწორე, ნამდვილობა და ძალაში ყოფნა;
ბ) დეკლარანტის საბუღალტრო და სხვა ჩანაწერები, რომლებიც დაკავშირებულია შესამოწმებელ საქონელთან ან მასთან დაკავშირებულ ოპერაციებთან ამ საქონლის გაშვებამდე ან გაშვების შემდეგ.
ამავე მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილებით, თუ საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შედეგად გამოვლინდა პირისთვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების აუცილებლობა, საბაჟო ორგანო იღებს გადაწყვეტილებას პირისთვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ. ამათან, ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში შემოწმების აქტი და მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება პირს წარედგინება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლით გათვალისწინებულ საგადასახადო მოთხოვნასთან (შემდგომ − საგადასახადო მოთხოვნა) ერთად.
ამავე მუხლის მე-15 ნაწილი ადგენს, რომ საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის განხორციელების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 35-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით დადგენილია:
საქონლის იდენტიფიკაცია და კლასიფიკაცია ხორციელდება სეს ესნ-ის საფუძველზე, რომელიც დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
საქონლის დეკლარირებისას სასაქონლო კოდს სეს ესნ-ის შესაბამისად განსაზღვრავს დეკლარანტი.
საბაჟო ორგანო აკონტროლებს დეკლარანტის მიერ განსაზღვრული სასაქონლო კოდის სისწორეს.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება (გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა)– იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლის პირველ ნაწილის „ა“ ქვეპუნტის შესაბამისად, იმპორტის გადასახადით დასაბეგრ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ დაირღვა უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან, გადაადგილებასთან, გადამუშავებასთან, საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში შენახვასთან, დროებით შენახვასთან ან განკარგვასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.
ამავე კოდექსის 272–ე მუხლის შესაბამისად საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით, საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის ამ კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა პირს არ შეიძლება დაეკისროს, თუ ამ საბაჟო სამართალდარღვევის შემადგენელი ქმედება იწვევს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი ადგენს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადაგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებების სათანადოდ გამოკვლევის მიზნით, საბაჟო დეპარტამენტს უნდა დაევალოს სადავო საკითხის დამატებით შესწავლა და საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებების დადგენის შედეგად, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს სადავო აქტებით დარიცხული თანხის შესაბამისი კორექტირება (შემცირება). საჩივარი დანარჩენ ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---------“ (ს/ნ --------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს სადავო საკითხის დამატებით შესწავლა და საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებების დადგენის შედეგად, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს სადავო აქტებით დარიცხული თანხის შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი კორექტირება მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
4. საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
5. ბრაძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.