შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევასთან ბრძოლის საკითხებზე თანამშრომლობისა და ინფორმაციის ურთიერთგაცვლის შესახებ
📄 სრული ტექსტი
ქვემოთ მოცემულ ტექსტსა და ტექსტის მარცხენა ზედა კუთხეში მიმაგრებულ PDF დოკუმენტს შორის განსხვავების არსებობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება PDF დოკუმენტს.
ძალაშია ხელმოწერის დღიდან
შ ე თ ა ნ ხ მ ე ბ ა
საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის
საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევასთან ბრძოლის საკითხებზე
თანამშრომლობისა და ინფორმაციის ურთიერთგაცვლის შესახებ
საქართველოს მთავრობა და რუსეთის ფედერაციის მთავრობა, შემდგომში ,,მხარეებად,, წოდებულნი,ხელმძღვანელობენ რა თავის სახელმწიფოების კანონმდებლობითა და საერთაშორისო ვალდებულებებით,გამოდიან რა ურთიერთდაიტერესებიდან ეფექტიანად გადაწყვიტონ საგადასახადო დანაშაულების და სამართალდარღვევების გამოვლენა,ანიჭებენ რა დიდ მნიშვნელობას ამ მიზნით ყველა სამართლებრივ საშუალებათა გამოყენებას,შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1
შეთანხმების საგანი
ამ შეთანხმების საგანს წარმოადგენს მხარეების კომპეტენტური ორგანოების თანამშრომლობა იმ საგადასახადო დანაშაულებებისა და სამართალდარღვევების გამოვლენის, თავიდან აცილებისა და აღკვეთისათვის ეფექტიანი ბრძოლის ორგანიზაციის მიზნით, რომლებიც განეკუთვნებიან მხარეების კომპეტენტურ ორგანოების გამგებლობას.
ეს შეთანხმება არ ეხება მხარეთა უფლებებსა და მოვალეობებს, რომლებიც გამომდინარეობენ მოქმედი საერთაშორისო შეთანხმებებიდან სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ.
მუხლი 2
კომპეტენტური ორგანოები
ამ შეთანხმების მიზნებისათვის მხარეების კომპეტენტურ ორგანოებს წარმოადგენენ:
საქართველოს მხრიდან - საქართველოს საგადასახადო ინსპექცია;
რუსეთის მხრიდან - რუსეთის ფედერაციის საგადასახადო ინსპექცია;
კომპეტენტური ორგანოების ოფიციალური სახელწოდების შეცვლის შემთხვევაში, მხარეები დაუყოვნებლივ აცნობებენ ერთმანეთს ამის შესახებ.
მუხლი 3
თანამშრომლობის ფორმები
ამ შეთანხმების ფარგლებში მხარეთა კომპეტენტური ორგანოები გამოიყენებენ თანამშრომლობის შემდეგ ფორმებს:
იურიდიული და (ან) ფიზიკური პირების მიერ საგადასახადო დანაშაულებათა და სამართალდარღვევათა შესახებ ინფორმაციის ურთიერთგაცვლას;
ურთიერთქმედება საგადასახადო დანაშაულებათა და სამართალდარღვევების გამოვლენის, თავიდან აცილებისა და აღკვეთისაკენ მიმართული ღონისძიებების ჩატარებაში;
იურიდიულ და ფიზიკურ პირთა დაბეგვრასთან დაკავშირებული დოკუმენტების შესაბამისად დამოწმებული ასლების წარდგენა;
ინფორმაციის გაცვლა ეროვნული საგადასახადო სისტემების, საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებების და დამატებების, აგრეთვე საგადასახადო დანაშაულებათა და სამართალდარღვევათა წინააღმდეგ ბრძოლის ორგანიზაციისათვის მეთოდური რეკომენდაციების შესახებ;
გამოცდილების გაცვლა ინფორმაციული სისტემების შექმნისა და ფუნქციონირების შესახებ, რომელიც გამოიყენება საგადასახადო დანაშაულებათა და ა სამართალდარღვევათა წინააღმდეგ ბრძოლის დროს;
საქმიანობის კოორდინაციის განხორციელება და აუცილებელი დახმარების აღმოჩენა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც წარმოიშობა თანამშრომლობის პროცესში, რაც მოიცავს მუშა ჯგუფების შექმნას, წარმომადგენლების ურთიერთგაცვლასა და კადრების მომზადებას, აგრეთვე საგადასახადო დანაშაულებათა და სამართალდარღვევათა წინააღმდეგ ბრძოლის პრობლემების თაობაზე სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციების და სემინარების ჩატარებას.
იმ საკითხებიდან გამომდინარე, რომლებიც ეხება ამ შეთანხმების შესრულებას, მხარეთა კომპეტენტური ორგანოები უშუალოდ უკავშირდებიან ერთმანეთს.
მუხლი 4
ინფორმაციის გაცვლა საგადასახადო დანაშაულებათა და
სამართალდარღვევათა შესახებ
ინფორმაციის გაცვლა საგადასახადო დანაშაულებათა და სამართალდარღვევათა შესახებ ითვალისწინებს მონაცემთა მიწოდებას:
იურიდიული და (ან) ფიზიკური პირების მიერ დაბეგვრისაგან თავის აცილების მიზნით შემოსავლების დაფარვა იმ საშუალებათა მითითებით, რომლებსაც იყენებენ ასეთ დროს საგადასახადო კანონმდებლობის დამრღვევები;
სახელმწიფო და კომერციულ ბანკებში იურიდიული და (ან) ფიზიკური პირების მიერ ანგარიშგების გახსნის შესახებ, აგრეთვე ამ ანგარიშებზე ფულადი სახსრების მოძრაობაზე, თუ არსებობს საფუძველი იმისა, რომ ანგარიშებზე არსებობს დაფარული თანხები (მხარეთა სახელმწიფოების ბანკებისა და საბანკო საქმიანობის კანონმდებლობის გათვალისწინებით).
იურიდიული და (ან) ფიზიკური პირებისაგან ამოღებული გადასახადების თანხა და შემოსავლები დასაბეგრი ბაზის ფარგლებში, აგრეთვე ის საშუალებები, რომლებიც გამოიყენება საგადასახადო დანაშაულებათა და სამართალდარღვევების გამოვლენის, თავიდან აცილებისა და აღკვეთისათვის;
მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე იურიდიული და (ან) ფიზიკური პირების საკუთრების არსებობის შესახებ.
ამ მუხლის 1 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია წარედგინება ერთი მხარის კომპეტენტური ორგანოს მიერ მეორე მხარის კომპეტენტურ ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე იმ პირობით, რომ ინფორმაციის წარდგენა არ ეწინააღმდეგება მომთხოვნი მხარის სახელმწიფოს კანონმდებლობასა და ინტერესებს.
თუ ერთ-ერთი მხარის კომპეტენტური ორგანო თვლის, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით დაინტერესებულია მეორე მხარის კომპეტენტური ორგანო, მას შეუძლია წარადგინოს ეს ინფორმაცია საკუთარი ინიციატივით.
მუხლი 5
ღონისძიებათა ჩატარება
მხარეთა კომპეტენტური ორგანოების ურთიერთთანამშრომლობა იმ ღონისძიებების ჩატარების დროს, რომელიც ეხება საგადასახადო დანაშაულებათა და სამართალდარღვევების გამოვლენას, თავიდან აცილებასა და აღკვეთას იმ პირთა მიმართ, რომლებმაც ჩაიდინეს საგადასახადო დანაშაული და სამართალდარღვევა ან ეჭვმიტანილნი არიან ასეთის ჩადენაში, შეიცავს ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვას, ძალებისა და საშუალებების გამოყენებას, მათი ჩატარების მსვლელობაში და შედეგებზე ინფორმაციების გაცვლას, მათ შორის სისხლის სამართლის პროცესუალური მოქმედებების ფარგლებში.
მუხლი 6
დოკუმენტების ასლების წარდგენა
მხარეების კომპეტენტური ორგანოები მოთხოვნის საფუძველზე ერთმანეთს წარუდგენენ დოკუმენტების ასლებს, რომლებიც ეხება იურიდიული და ფიზიკური პირების დაბეგვრას (ანგარიშები, ფაქტურები, ზედნადებები, ხელშეკრულებები, კონტრაქტები, სერთიფიკატები, ცნობები და სხვა), აგრეთვე იმ დოკუმენტებს, რომლებიც ეხება საგადასახადო დანაშაულებებს და სამართალდარღვევებს, თუ ამ დოკუმენტების ასლების წარდგენა არ ეწინააღმდეგება მოთხოვნილი მხარის სახელმწიფოს კანონმდებლობასა და ინტერესებს.
ასლები მოწმდება სამეურნეო სუბიექტების პასუხისმგებელი პირის ხელმოწერითა და მისი ბეჭდით, იმ შემთხვევაში, თუ ეს შეუძლებელია, მოთხოვნის შემსრულებლის მიერ და იმ ორგანოს ბეჭდით, რომელმაც შეასრულა ეს მოთხოვნა.
მუხლი 7
სამართლებრივი ხასიათის მასალების ურთიერთგაცვლა
მხარეთა კომპეტენტური ორგანოები რეგულარულად ახდენენ ინფორმაციის გაცვლას ეროვნული საგადასახადო სისტემების, საგადასახადო კანონმდებლობის სფეროში დანაშაულებათა გამოძიებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა წარმოების სამართლებრივი საფუძვლების შესახებ, დროულად აცნობებენ ერთმანეთს საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებების შესახებ, ახალი ნორმატიული სამართლებრივი აქტების მიღებისას, ასევე ცვლილებებისა და დამატებების შესახებ, რომლებიც შეტანილ იქნა მოქმედ ნორმატიულ სამართლებრივ აქტებში.
მუხლი 8
თანამშრომლობა ინფორმაციულ უზრუნველყოფასთან
დაკავშირებულ საკითხებზე
მხარეთა კომპეტენტური ორგანოები ახორციელებენ გამოცდილების, მეთოდიკის, პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებებისა და სამეცნიერო მასალების ურთიერთგაცვლას, რომლებიც დაკავშირებულია საგადასახადო დანაშაულებების და სამართალდარღვევების წინააღმდეგ ბრძოლოს ორგანიზაციის დროს ინფორმაციული სისტემების შექმნისა და ფუნქციონირების საკითხებთან.
მუხლი 9
კადრების მომზადების სფეროში თანამშრომლობა
და გამოცდილების გაცვლა
მხარეთა კომპეტენტური ორგანოები თანამშრომლობენ კადრების სწავლებასა და გადამზადებაში თავისი სასწავლო დაწესებულებათა ბაზაზე, ატარებენ ერთობლივ სამეცნიერო კვლევებს, სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციებსა და სემინარებს აქტუალურ საკითხებზე საგადასახადო დანაშაულებათა და სამართალდარღვევათა წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში.
ამ მუხლის ფარგლებში, თანამშრომლობის რეალიზაციის კონკრეტული ფორმები და კერძოდ, მისი დაფინანსება, განისაზღვრება შესაბამისი შეთანხმებებით, რომლებიც დადებულია მხარეთა კომპეტენტური ორგანოების მიერ.
მუხლი 10
მოთხოვნის ფორმა და შინაარსი
მოთხოვნა ინფორმაციის მიღების შესახებ შეიძლება გადაეცეს საფოსტო კავშირით, ასევე ტექსტის გადაცემის ტექნიკური საშუალებებით.
გადაუდებელ შემთხვევაში სატელეფონო კავშირის საშუალებით შეიძლება მიღებულ იქნეს ზეპირი მოთხოვნა, მაგრამ დაუყოვნებლივ უნდა იქნეს დამოწმებული წერილობითი ფორმით.
ტექსტის გადაცემის ტექნიკური საშუალებების გამოყენებისას, აგრეთვე ზეპირი შეტყობინების ნამდვილობაში ან შინაარსში ეჭვის შეტანისას, მომთხოვნ კომპეტენტურ ორგანოს უფლება აქვს მოითხოვოს დამოწმება.
მოთხოვნა ინფორმაციის მიღებაზე უნდა შეიცავდეს:
მომთხოვნი კომპეტენტური ორგანოს დასახელებას;
მოთხოვნის არსის შინაარსს და დასაბუთებას;
მისი შესრულებისათვის აუცილებელ სხვა მონაცემებს.
ამის გარდა სისხლის სამართლის საქმეზე მოთხოვნაში დამატებით მიეთითება:
ფაქტობრივ გარემოებათა მოკლე აღწერა;
დანაშაულის კვალიფიკაცია მომთხოვნი მხარის სახელმწიდოს კანონმდებლობის მიხედვით;
მიყენებული ზარალის ოდენობა.
მუხლი 11
მოთხოვნის შესრულება
მოთხოვნა სრულდება დაუყონებლივ. დაზუსტების მიზნით, თუ ეს საჭიროა მოთხოვნის შესრულებისათვის, მომთხოვნ კომპეტენტურ ორგანოს შეუძლია მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია.
მოთხოვნის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მოთხოვნილი კომპეტენტური ორგანო დაუყონებლივ აცნობებს ამის შესახებ მომთხოვნ კომპეტენტურ ორგანოს და აცნობებს მას უარის თქმის მიზეზებს.
მოთხოვნის შესრულებაზე უარი ეთქმება იმ შემთხვევაში, თუ ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს სახელმწიფოს სუვერენიტეტს ან უშიშროებას, ან ეწინააღმდეგება მოთხოვნილი კომპეტენტური ორგანოს სახელმწიფოს კანონმდებლობის ძირითად პრინციპებს.
მუხლი 12
ურთიერთქმედება მოთხოვნის შესრულებისას
მოთხოვნილ კომპეტენტური ორგანოს შეუძლია ნება დართოს მომთხოვნი კომპეტენტური ორგანოს უფლებამოსილ წარმომადგენლებს მიიღონ მონაწილეობა მოთხოვნის შესრულებაში თავისი სახელმწიფოთა ტერიტორიაზე, უზრუნველყოფს რა მათ საქმიანობისათვის აუცილებელი პირობებით, თუ ეს არ ეწინააღმდეგება მისი სახელმწიფოს კანონმდებლობას.
მუხლი 13
ენები, რომლებზეც სრულდება მოთხოვნა
ინფორმაციის მიღებაზე მოთხოვნა და მასზე პასუხი უნდა შედგეს მხარეების კომპეტენტური ორგანოების მიერ შეთანხმებულ ენაზე.
მუხლი 14
ინფორმაციის გამოყენება
მხარეთა კომპეტენტური ორგანოები უზრუნველყოფენ იმ ინფორმაციის კონფიდენციალურობას, რომელიც ეხება საგადასახადო დანაშაულებათა და სამართალდარღვევების გამოვლენას, თავიდან აცილებასა და აღკვეთას.
ამ შეთანხმების ფარგლებში მიღებული ინფორმაცია არ შეიძლება გადაეცეს მესამე მხარეს ინფორმაციის მომწოდებელი კომპეტენტური ორგანოს წერილობითი თანხმობის გარეშე.
მუხლი 15
ხარჯები
მხარეთა კომპეტენტური ორგანოები გაიღებენ ხარჯებს, რომელიც დაკავშირებულია ამ შეთანხმების შესრულებასთან თავისი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, იმ მოთხოვნათა მიღების შემთხვევაში, რომლებიც საჭიროებენ დამატებითი ხარჯების გამოყოფას, მათი დაფინანსების საკითხები განიხილება მხარეთა კომპეტენტური ორგანოების მიერ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
მხარეთა კომპეტენტური ორგანოები აუნაზღაურებენ ერთმანეთს თარჯიმნების ხარჯებს, რომლებიც შეიძლება საჭირო გახდეს მოთხოვნის შესრულებისას, თუ სხვა რამ არ არის შეთანხმებული მათ შორის.
შეთანხმებული შეხვედრების დროს, თუ არ არსებობს სხვა წერილობითი შეთანხმება, მიმღები კომპეტენტური ორგანო უზრუნველყოფს და ანაღდებს ხარჯებს, რომელიც დაკავშირებულია გამგზავნი მხარის კომპეტენტური ორგანოს დელეგაციების მიღებასთან თავისი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ხოლო გამგზავნი კომპეტენტური ორგანო ანაზღაურებს მგზავრობასთან დაკავშირებულ ხარჯებს.
მუხლი 16
შეთანხმების რეალიზაციის შემდგომი ზომები
მხარეთა კომპეტენტური ორგანოების წარმომადგენლები საჭიროების შემთხვევაში აწყობენ შეხვედრებს იმ საკითხების განსახილველად, რომლებიც ამ შეთანხმების შესრულებასთანაა დაკავშირებული.
მუხლი 17
შეთანხმების ძალაში შესვლა და მოქმედების შეწყვეტა
ეს შეთანხმება ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან და წყვეტს თავის მოქმედებას ექვსი თვის გასვლის შემდეგ იმ დღიდან, როდესაც ერთ-ერთი მხარე მიიღებს მეორე მხარის წერილობით შეტყობინებას ამ შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შესახებ.
შესრულებულია ქ. თბილისში, 1997 წ. 9 დეკემბერს, ორ ეგზემპლარად, ქართულ და რუსულ ენებზე, ამასთან ორივე ტექსტს გააჩნია თანაბარი ძალა.
საქართველოს მთავრობის სახელით
რუსეთის ფედერაციის სახელით
შეთანხმება
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა
და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის
საგადასახადო კანონმდებლობის დაცვის საკითხებში
თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების
შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა და რუსეთის ფედერაციის მთავრობა, შემდგომში მხარეებად წოდებული, ითვალისწინებენ რა საგადასახადო კანონმდებლობის დაცვის საკითხებში საერთაშორისო თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების მნიშვნელობას და სურთ რა ამ მიზნით რაც შეიძლება ფართოდ შეუწყონ ხელი ერთმანეთს, შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1
ტერმინების განმარტება
მოცემული შეთანხმების მიზნებისათვის გამოყენებული ტერნიმები ნიშნავს:
"საგადასახადო კანონმდებლობა" - იმ იურიდიულ ნორმათა ერთობლიობა, რომლებიც ადგენენ გადასახადების სახეობებს და მათი ამოღების წესს მოცემული მხარის ტერიტორიაზე და არეგულირებენ საგადასახადო ვალდებულებათა წარმოქმნასთან, შეცვლასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებულ ურთიერთობას;
"საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევა" - სამართალსაწინააღმდეგო მოქმედება ან უმოქმედობა, რომელიც გამოიხატება გადასახადის გადამხდელის მიერ ბიუჯეტის წინაშე ვალდებულებათა შეუსრულებლობით, ანდა არასათანადო შესრულებით, რისთვისაც დაწესებულია იურიდიული პასუხისმგებლობა;
"კომპეტენტური საგადასახადო ორგანოები" საქართველოს რესპუბლიკასთან დაკავშირებით - საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექცია;
რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებით - რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საგადასახადო სამსახური;
"მომთხოვნი საგადასახადო სამსახური" - იმ მხარის კომპეტენტური საგადასახადო ორგანო, რომელიც მოითხოვს საგადასახადო საკითხებში ხელშეწყობას (შემდგომში ეწოდება "მოთხოვნა ხელშეწყობის შესახებ");
"მოთხოვნის ადრესატი საგადასახადო სამსახური" - იმ მხარის კომპეტენტური საგადასახადო ორგანო, რომელიც იღებს მოთხოვნას ხელშეწყობის შესახებ;
მუხლი 2
შეთანხმების გამოყენების სფერო
მხარეები კომპეტენტური საგადასახადო ორგანოების მეშვეობით საგადასახადო კანონმდებლობის სათანადოდ შესრულების უზრუნველყოფის მიზნით ერთმანეთს ხელს უწყობენ:
საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევათა თავიდან აცილებისა და აღკვეთაში;
ხელშეწყობის მოთხოვნით ან საინიციატივო წესით იურიდიული ან ფიზიკური პირების მიერ საგადასახადო კანონმდებლობის დაცვის შესახებ ინფორმაციის გადაცემაში;
ეროვნული საგადასახადო სისტემების და საგადასახადო კანონმდებლობის მიმდინარე ცვლილებების შესახებ ინფორმაციის გადაცემაში;
საგადასახადო ორგანოების მუშაობის უზრუნველმყოფი კომპიუტერული სისტემების შექმნასა და ფუნქციონირებაში;
გადასახადების გადამხდელებთან და საგადასახადო ორგანოებთან მუშაობის ორგანიზაციაში, მათ შორის საგადასახადო კანონმდებლობის დაცვისადმი კონტროლის უზრუნველყოფის მეთოდიკური რეკომენდაციების შემუშავებაში;
კადრების სწავლებისა და სპეციალისტების გაცვლის სფეროში;
სხვა საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ერთობლივ მოქმედებას მოითხოვს.
მოცემული შეთანხმების დებულებები ხელს არ უშლის კომპეტენტური საგადასახადო ორგანოების თანამშრომლობას მხარეთა შორის დადებული სხვა შეთანხმების შესაბამისად.
მხარეთა შეთანხმებით კომპეტენტურ საგადასახადო სამსახურებთან შეიძლება შეიქმნას მეორე მხარის საგადასახადო სამსახურის წარმომადგენლობები. კომპეტენტური საგადასახადო ორგანოები ამ წარმომადგენლობებს ხელს უწყობენ მათი საქმიანობის განხორციელებაში. საგადასახადო სამსახურების წარმომადგენლობებისათვის ხელშეწყობის გაწევის სფერო განისაზღვრება კომპეტენტურ საგადასახადო სამსახურებს შორის ცაკლე შეთანხმებით.
მუხლი 3
ხელშეწყობის მოთხოვნის ფორმა და შინაარსი
ხელშეწყობის შესახებ მოთხოვნა იგზავნება წერილობითი სახით მისი განხილვისათვის საჭირო დოკუმენტების დართვით. საგანგებო სიტუაციაში ხელშეწყობის შესახებ მოთხოვნა შეიძლება გაკეთდეს ზეპირი ფორმით მისი შემდგომი წერილობითი დადასტურებით რაც შეიძლება მოკლე ვადაში.
ხელშეწყობის შესახებ მოთხოვნა უნდა შეიცავდეს:
მომთხოვნი საგადასახადო სამსახურის დასახელებას;
მოთხოვნის ადრესატი საგადასახადო სამსახურის დასახელებას;
მოთხოვნის მიზანსა და მიზეზს;
გადასახადის გადამხდელის დასახელებას (სახელს), რომლის მიმართაც კეთდება მოთხოვნა;
მოთხოვნისა და მასთან დაკავშირებული იურიდიული ვალდებულებების მოკლე შინაარსს, განსახილველი პერიოდისა და გადასახადის კონკრეტულ სახეობათა მითითებით.
მოთხოვნა უნდა გაკეთდეს ქართულ ან რუსულ ენაზე. მხარეთა თხოვნით წარდგენილი მასალა შეიძლება ითარგმნოს ქართულ ან რუსულ ენაზე.
მოსათხოვ საგადასახადო სამსახურს უფლება აქვს მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია ხელშეწყობის შესახებ მოთხოვნის თაობაზე.
მუხლი 4
ხელშეწყობის შესახებ მოთხოვნის შესრულების წესი
კომპეტენტური საგადასახადო ორგანოები ერთმანეთს ხელს უწყობენ ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად და თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.
მომთხოვნ საგადასახადო სამსახურს შეიძლება მისი თხოვნით ეცნობოს იმ მოქმედების დროისა და ადგილის შესახებ, რომელიც ხორციელდება ხელშეწყობის შესახებ მოთხოვნის შესასრულებლად, ხოლო მისი წარმომადგენლები დამატებითი შეთანხმების შემთხვევაში შეიძლება დაესწრონ მათ განხორციელებას.
თუ ხელშეწყობის შესახებ მოთხოვნის შესრულება მოთხოვნის ადრესატ საგადასახადო სამსახურს არ შეუძლია, იგი მოთხოვნის მიღების დღიდან სამი თვის განმავლობაში ამის შესახებ წერილობით აცნობებს მომთხოვნ საგადასახადო სამსახურს ხეშოწყობაზე უარის მიზეზის მითითებით.
ხელშეწყობის შესახებ მოთხოვნაზე შეიძლება უარი ითქვას, თუ მისი შესრულება ეწინააღმდეგება მოთხოვნის ადრესატი ქვეყნის ეროვნულ კანონმდებლობას ან პრაქტიკას.
მოთხოვნის ადრესატი მხარე გაიღებს მთელ ხარჯებს, რომლებიც უკავშირდება მის ტერიტორიაზე ხელშეწყობის შესახებ მოთხოვნის შესრულებას.
მუხლი 5
წარდგენილი ინფორმაციის შინაარსი
კომპეტენტური საგადასახადო ორგანოები საკუთარი ინიციატივით ან ხელშეწყობის შესახებ მოთხოვნის შესაბამისად ერთმანეთს აწვდიან ინფორმაციას რომელიც ეხება:
საწარმოების, მათი ფილიალებისა და წარმომადგენლობების რეგისტრაციას, მათ შორის ცნობებს მათი ადგილსამყოფელის, დაქვემდებარების, საკუთრების ფორმის და სხვა მონაცემების შესახებ;
იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ სახელმწიფო და კომერციულ ბანკებში ანგარიშების გახსნას, აგრეთვე ამ ანგარიშებზე ფულადი სახსრების არსებობასა და მოძრაობას;
მოცემული ქვეყნის ტერიტორიაზე იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ მიღებული ყველა სახეობის შემოსავალსა და დაბეგვრის ობიექტებს, გადასახადების გადახდილ თანხებსა და დაბეგვრასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
მუხლი 6
დოკუმენტებისა და სხვა მასალების წარდგენა
მოთხოვნის ადრესატი საგადასახადო სამსახური ხელშეწყობის შესახებ მოთხოვნის თაობაზე წარადგენს ნორმატიულ აქტებს, დოკუმენტების დამოწმებულ ასლებს და საგადასახადო გამოძიების შესრულებისათვის საჭირო მასალებს.
დოკუმენტებისა და სხვა მასალების ორიგინალები შეიძლება მოთხოვნილი იქნეს იმ შემთხვევაში, როცა დამოწმებული ასლები გამოძიებისათვის საკმარისი არ არის. დოკუმენტებისა და სხვა მასალების გადაცემული ორიგინალები შეთანხმებულ ვადაში უნდა იქნეს დაბრუნებული.
მასალები შეიძლება გადაიცეს კომპიუტერიზებული ინფორმაციის სახით, დამატებით იმ შესაბამისი ინფორმაციის გადაცემით, რომელიც საჭიროა ამ მასალების განმარტებისათვის.
საჭიროების შემთხვევაში ერთი მხარის საგადასახადო ორგანოები დაამოწმებენ იურიდიული და ფიზიკური პირების დოკუმენტებს, რომლებიც საჭიროა დაბეგვრისათვის მეორე მხარეში, ზემდგომ საგადასახადო ორგანოებთან დამატებითი შეთანხმების გარეშე.
მუხლი 7
ინფორმაციის გადაცემის წესი
ხელშეწყობის შესახებ მოთხოვნები, დოკუმენტები, მასალები და სხვა ინფორმაცია გადაეცემა მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული წესით.
ხელშეწყობა ხორციელდება კომპეტენტური საგადასახადო ორგანოების ხელმძღვანელების მიერ განსაზღვრულ ოფიციალურ თანამდებობის პირთა პირდაპირი კავშირის ფარგლებში.
მუხლი 8
კონფიდენციალურობის დაცვა
კონკრეტულ გადასახადების გადამხდელებთან დაკავშირებული ინფორმაცია კონფიდენციალურია და დაცვის რეჟიმითაა უზრუნველყოფილი მოთხოვნის ადრესატი საგადასახადო სამსახურის მოთხოვნათა შესაბამისად.
მიღებული ინფორმაცია მხარეებს შეუძლიათ გამოიყენონ მხოლოდ მოცემული შეთანხმებით გათვალისწინებული მიზნებისათვის, მათ შორის ადმინისტრაციული ან სასამართლო გარჩევისათვის. სხვა მიზნებისათვის ინფორმაცია შეიძლება გამოყენებული იქნეს მხოლოდ მოთხოვნის ადრესატი მხარის თანხმობით.
მუხლი 9
შეთანხმების შესრულება
მხარეები ეცდებიან მიაღწიონ ურთიერთთანხმობას იმ სადავო საკითხების მოწესრიგებაში, რომლებიც შეიძლება წამოიჭრას მოცემული შეთანხმების განმარტებისას ან გამოყენებისას.
მხარეები საჭიროების შემთხვევაში კონსულტაციებს გამართავენ, რათა შეაფასონ მოცემული შეთანხმების რეალიზაციის მიმდინარეობა და მასში ცვლილებების შეტანის მიზანშეწონილობა. ასეთი კონსულტაციების ვადებს მხარეები დამატებით განსაზღვრავენ.
მოცემული შეთანხმების დებულებათა რეალიზაციის მიზნით მხარეებს შეუძლიათ დამატებითი შეთანხმები დადონ ცალკეულ საკითხებზე.
მუხლი 10
შეთანხმების ძალაში შესვლა და მოქმედების შეწყვეტა
მოცემული შეთანხმება ძალაში შედის ხელმოწერის მომენტიდან და მოქმედებას წყვეტს იმ დღიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ, როცა ერთ-ერთი მხარე მეორე მხარეს წერილობითი ფორმით აცნობებს თავის განზრახვას, შეწყვიტოს მისი მოქმედება.
შესრულებულია ქ. თბილისში 1994 წლის 1 ივლისს ორ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ და რუსულ ენებზე, ამასთან ორივე ტექსტს თანაბარი ძალა აქვს.
საქართველოს რესპუბლიკის სახელით
რუსეთის ფედერაციის მთავრობის სახელით