გადაწყვეტილება №19361/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 25.05.2023
№ დოკუმენტი 19361/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19361/2/2023

25.05.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 25.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---------- 4.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19361/2/2023).

 

დავის საგანი:

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 14.12.2022 წლის №074-33 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 14.03.2023 წლის №4796 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 47 821,31 ლარი.

მათ შორის:

 

გადასახადი - 30 810

დღგ - 19 007

საშემოსავლო გადასახადი - 11 803

 

ჯარიმა - 14 738

საურავი - 2 273,31

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივნის საქმიანობაა საბითუმო და საცალო ვაჭრობა თამბაქოს ნაწარმით. საქმიანობის განხორციელების ადგილია ქ. ------------.

აუდიტის დეპარტამენტის 13.12.2022 წლის შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 10.02.2022 წლიდან 1.07.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელს არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის №23735 ბრძანების თანახმად, 15.09.2022 წელს ჩატარდა სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს სმფ-ის ფაქტობრივი ნაშთი არ გააჩნია. გადამხდელის შემოსავლების და ხარჯების დათვლა განხორციელდა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდით. საცალოდ რეალიზებული საქონლის ფასნამატი განისაზღვრა ქ. ---------- მსგავსი საქმიანობის მქონე პირის აუდირებული ფასნამატით - 8%, ხოლო დოკუმენტური რეალიზაციის შემთხვევაში რეალიზებული საქონლის თვითღირებულება განისაზღვრა 2.5%-იანი ფასნამატის გამოყენებით.

აღნიშნულის შედეგად დადგინდა გადამხდელის მიერ მიღებული შემოსავლები. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 160-ე და 163-ე მუხლების მიხედვით, დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლით. ამასთან, გამოვლენილი ნაღდი ფულის დანაკლისი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე სახელფასო განაცემად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე მომჩივანს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 14.12.2022 წლის №074-33 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 14.03.2023 წლის №4796 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საგადასახადო აქტის დანართის - დღგ-ის გაანგარიშება იკვეთება, რომ შემოწმების შედეგად დაზუსტდა დღგ-ს დასაბეგრი ბრუნვები და გაანგარიშების შედეგად გადამხდელს ეკისრება დამატებით ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელი (- 5 911) ლარი და არა 19 007 ლარი (ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით აქტის შინაარსიდან გამომდინარე სწორადაა გაანგარიშებული) ანუ დავების დასრულების შემდეგ გადამხდელის საგადასახადო ბარათზე საგადასახადო მოთხოვნით დაფიქსირდება აქტით შემცირებული 19 007 ლარი, რაც არაობიექტურად ასახავს რეალურ სურათს. დეკლარაციაში დაშვებულია დარიცხული დღგ-ს შემცირება და არა შემოწმების აქტის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ რა ექნება გადასახდელი. დღგ-ის თანდართული ცხრილით გადამხდელს მინუსით უფიქსირდება გადასახდელი თანხა - 5 911 ლარი, სხვაობა კი შეადგენს 19 007 ლარს (ანუ სხვაობა დეკლარირებულ გადასახადსა და შემოწმებით დაზუსტებულ დღგ-თი დასაბეგრ თანხას შორის და არა გადასახდელს), ამ ქმედებით გადამხდელს უსაფუძვლოდ უუქმდება დღგ-ს ჩათვლის უფლება.

შემოწმების აქტით იკვეთება, რომ აუდიტორი გადამხდელის საქმიანობის შეფასებისას ეყრდნობა ინტუიციას და აღნიშნავს რომ ფასნამატი დაბალია, აღნიშნავს, რომ საგადასახადო დოკუმენტებით რეალიზებულ პროდუქციაზე ფასნამატის 2,5%, ვალდებულებების განსაზღვრისას კი გამოყენებულია 8%-იანი ფასნამატი. მიზეზი ალბათ ის არის მხოლოდ, რომ საგადასახადო ორგანოს შეფასებით ფასნამატი დაბალია, მაგრამ არ ფიქსირდება ბიზნესისთვის ფასნამატის განსაზღვრის რა სამართლებრივი საფუძვლები არსებობს, რომელი ნორმატიული აქტი არეგულირებს ფასნამატის სისტემას, თუ აუდიტის დეპარტამენტს მისი შეხედულებით შეუძლია, როცა დაჭირდება მაშინ გამოიყენოს უსაფუძვლოდ ფასნამატის მის ხელთ არსებული ინფორმაცია.

ფასნამატის ცნება, მაშინ როდესაც სისტემატურად იცვლება ეროვნული ვალუტის კურსი აბსურდულია. ფასნამატის განსაზღვრა ბიზნესის პრეროგატივაა და არა მაკონტროლებლის. ისე ეკონომიკაში არსებობს ფასების ინდექსის ცნება, რომელსაც სტატისტიკური ორგანოები განსაზღვრავენ და იგი საჯაროა, ამასთან არსებობს ფასების ინდექსის განსაზღვრის მეთოდოლოგიაც, წარმოებისთვის კი არსებობს რენტაბელობის ცნება, რომელსაც ზემოდან ვერავის ვერ დაარეგულირებს. ეს ბიზნესში უხეში ჩარევის მცდელობაა, ანუ ბიზნესმენის დასჯის ირიბი მექანიზმია.

მომჩივანი არ ეთანხმება აუდიტორის შეფასებას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 20.05.2022 წლის №1/2/876 გადაწყვეტილებით განსაზღვრული ნორმებიდან გამომდინარე.

გაუგებარია რატომ ხდება სალაროს ნაშთის ხელფასად აღიარების დროს მისი აგროსვა. სალაროს ნაშთი წარმოშობილია საწარმოს ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლებისა და ხარჯების სხვაობით, ფაქტობრივ მოვლენებში განმარტებულია ხელფასის, როგორც ეკონომიკური მაჩვენებლის საგადასახადო კოდექსის ნორმების შესაბამისად განმარტება. საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველ ნაწილით,1. რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

აქტით იკვეთება მხოლოდ 47 212 ლარის გაცემა, საიდან მოდის ეს ციფრი უცნობია. შესაბამისად, მსჯელობაც რთულია, არადა აუდიტორი აღნიშნავს, რომ გაითვალისწინა გადამხდელის მიერ გაწეული ყველა ხარჯი, მათ შორის მომწოდებლებზე გადახდილი თანხები, საბიუჯეტო სახდელები, გაცემული ხელფასები და სხვა. ანუ აუდიტორი აღნიშნავს, რომ საწარმოს არ ყავს კრედიტორები.

ისე საგადასახადო შემოწმებების დროს გავრცელებული პრაქტიკაა სალაროს ნაშთის აგროსვა, შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანების საფუძველზე, რაც არასამართლიანია და ეწინააღმდეგება საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებს და თავისი შინაარსით წარმოადგენს გადასახადების ფარული ზრდის საფუძვლებს, რადგან ფიზიკურ პირს ეკისრება დამატებით გადასახდელი საშემოსავლო გადასახადის მოძიება, რომელიც რატომღაც უნდა გადაიხადოს საგადასახადო აგენტმა. გადასახდელი თანხა წარმოდგენილია როგორც განყენებული დამატებით მოსაძიები სიდიდე, რაც ეწინააღმდეგება საგადასახადო კოდექსის ფუნდამენტურ დებულებებს. იურდიულმა პირმა, რომელსაც სალაროში დარჩენილი აქვს ნაშთი, გადამხდელისთვის ნაშთის ზემოთ დარიცხული საშემოსავლო გადასახადი როგორ უნდა აღრიცხოს, როცა მისი მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი არ გააჩნია, ანუ გამოდის, რომ ის უნდა ჩამოიწეროს საწარმოს განკარგულებაში დარჩენილი მოგებიდან (სხვა მოცემული ხარჯების ბუღალტრულად ჩამოწერის მექანიზმი არ არსებობს), ანუ გამოდის, რომ გადამხდელი ბიუჯეტში იხდის იმაზე მეტ გადასახადს, რაც საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებითაა განსაზღვრული. იგივე შემთხვევაში სალაროში ნაშთად დარჩენილი თანხა მეწარმე სუბიექტზე რომ გაიცეს, როგორ უნდა აისახოს სუბიექტის ერთობლივ შემოსავლებში, აგროსილი თუ ნაშთად ფიქსირებული.

აღნიშნული ქმედება წარმოადგენს საბიუჯეტო გადასახადების განსაზღვრული ნორმების ფარული ზრდის მაგალითს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის მოთხოვნებს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/ მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 15.09.2022 წელს ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს სმფ-ის ფაქტობრივი ნაშთი არ უფიქსირდებოდა. საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. საცალოდ რეალიზებული საქონლის ფასნამატის დასადგენად შემოწმებამ იხელმძღვანელა ქ. ---------- მსგავსი საქმიანობის მქონე პირის აუდირებული ფასნამატით - 8%, ხოლო დოკუმენტური რეალიზაციის შემთხვევაში რეალიზებული საქონლის თვითღირებულება განისაზღვრა 2.5%-იანი ფასნამატის გამოყენებით. შედეგად, შემოწმებით დადგინდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, გამოვლინდა ნაღდი ფულის დანაკლისი, რომელიც ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, ამასთან, მომჩივანს არ აქვს წარმოდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი დოკუმენტური მტკიცებულებები. შესაბამისად, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 14.03.2023 წლის №4796 ბრძანება კანონშესაბამისია და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივნის საქმიანობაა საბითუმო და საცალო ვაჭრობა თამბაქოს ნაწარმით.გადასახადის გადამხდელს არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა.სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს სმფ-ის ფაქტობრივი ნაშთი არ გააჩნია.გადამხდელის შემოსავლების და ხარჯების დათვლა განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდით.საცალოდ რეალიზებული საქონლის ფასნამატი განისაზღვრა პირის აუდირებული ფასნამატით - 8%, ხოლო დოკუმენტური რეალიზაციის შემთხვევაში რეალიზებული საქონლის თვითღირებულება განისაზღვრა 2.5%-იანი ფასნამატის გამოყენებით.დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.ამასთან, გამოვლენილი ნაღდი ფულის დანაკლისი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე სახელფასო განაცემად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.შემოწმების აქტის საფუძველზე მომჩივანს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 14.12.2022 წლის №074-33 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 14.03.2023 წლის №4796 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;

73(5ა);159(1ა);163(1,2);164(1);73(9,ბ);101(1);154(1ა);