გადაწყვეტილება №20945/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20945/2/2023
21 ნოემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს "------" (ს/ნ "------" )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 9.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "------"-ის 29.09.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20945/2/2023).
დავის საგანი:
1. კაპიტალის შემცირების გზით სალაროდან გასული თანხის ხელფასად განხილვა;
2. სალაროს არაგონივრული ნაშთის კომპანიის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 4 აპრილის №006-120 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 6 სექტემბრის №21824 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 83 398.67 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 33 834
მოგების გადასახადი - 1 362
საშემოსავლო გადასახადი - 32 472
ჯარიმა - 33 834
საურავი - 15 730,67
პროცედურული გარემოებები
კომპანიის საქმიანობაა ხე-ტყის მასალით ვაჭრობა. აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 31 მარტს შედგენილ საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 4 აპრილის №7295 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №006-120 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 6 სექტემბრის №21824 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. კაპიტალის შემცირების გზით სალაროდან გასული თანხის ხელფასად განხილვა
ფაქტების აღწერა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარ სამმართველოში მიმდინარეობდა გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე შპს „------“- ის ხელმძღვანელი პირების მიერ ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე.
საწარმო საქონლის შეძენას ახდენდა როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე იმპორტის გზით, ხოლო, რეალიზაციას მხოლოდ ადგილობრივად. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამის დამუშავებით დადგინდა, რომ საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის უფიქსირდებოდა პარტნიორთა კაპიტალი 101 281 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხა 2021-2022 წლებში ანაზღაურებული იყო სალაროდან კაპიტალის შემცირების დანიშნულებით. გადასახადის გადამხდელის ახსნა-განმარტებით, კაპიტალის შეტანის მიზნობრიობას წარმოადგენდა საქონლის შეძენა, ვინაიდან საწარმოს არ ჰქონდა საკმარისი ფულადი სახსრები საქონლის შესაძენად და მომწოდებლებთან ანგარიშსწორებისთვის, შედეგად პერიოდულად ახდენდა ფულადი სახსრების მოზიდვას კაპიტალის შევსების გზით. შემოწმების მიერ, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გათვალისწინებით, დამფუძნებლის კაპიტალის შემცირება 69 620 ლარის ოდენობით, რომელიც წარმოშობილი იყო ხანდაზმული პერიოდიდან (ფულადი სახსრების სალაროდან გასვლის დანიშნულებით) განხილულ იქნა ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით, საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით ჯარიმა.
ამასთან, ვინაიდან გადასახადის გადამხდელს ბუღალტრულ პროგრამაში შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უფიქსირდებოდა ხანდაზმული პერიოდიდან წარმოშობილი დამფუძნებლის კაპიტალის ნაშთი 31 661 ლარის ოდენობით, შემოწმების მიერ მოხდა აღნიშნული ნაშთის შემცირება და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს კაპიტალის ნაშთმა შეადგინა 0 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი აღნიშნავს, რომ არსებობს ყველანაირი დოკუმენტალური მტკიცებულება იმისა, რომ აღნიშნული თანხის შეტანა საწარმოს კაპიტალში განხორციელებულია კანონმდებლობის სრული დაცვით და წარმოადგენს კანონიერ სამეურნეო ოპერაციას. კერძოდ, აღნიშნული ფიქსირდება ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამაში. არსებობს შემოსავლის და გასავლის ორდერები.
აცხადებს, რომ შენატანის განხორციელება და შემდგომში მისი შემცირების შესახებ გადაწყვეტილების მიღება განეკუთვნება დამფუძნებლის უფლებას და იგი განსაზღვრავს თუ როდის და რა მიზნით ასრულებს აღნიშნულ ქმედებას, საწარმოს საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაშივე აღნიშნულია, რომ დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილში კომპანიას არც ერთი თეთრი არ აქვს დარიცხული. შესაბამისად, გაუგებარია საიდან უნდა მომხდარიყო ამ თანხების კომპანიის სალაროში მოხვედრა თუ არც დამფუძნებელმა შემოიტანა და არც საქმიანობიდან მიუღია. ამრიგად თუ არ არსებობს ფიქტიური ოპერაციის განხორციელების ნიშნები, საზოგადოებისა და მისი დამფუძნებლის ქმედება სრულიდან კანონიერია. ქმედებისთვის დაკისრებული დამატებითი საგადასახადო ვალდებულებები ექვემდებარება შემცირებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოწმებით დადგინდა, რომ საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის უფიქსირდებოდა პარტნიორთა კაპიტალი 101 281 ლარის ოდენობით, რომელიც 2021-2022 წლებში ანაზღაურებული იყო სალაროდან კაპიტალის შემცირების დანიშნულებით. შემოწმების მიერ მოხდა დაფუძნების დღიდან კომპანიის მომგებიანობის ანალიზი, გათვალისწინებულ იქნა წინა შემოწმების შედეგები, რის შედეგადაც გამოვლინდა კომპანიის მომგებიანობა და შედეგად, საწარმოს მიერ 2019 წელს კაპიტალის გაზრდის მიზნობრიობა არ გამოიკვეთა. აგრეთვე, ვინაიდან გადასახადის გადამხდელს ბუღალტრულ პროგრამაში შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უფიქსირდებოდა ხანდაზმული პერიოდიდან წარმოშობილი დამფუძნებლის კაპიტალის ნაშთი 31 661 ლარის ოდენობით, შემოწმების მიერ მოხდა აღნიშნული ნაშთის შემცირება და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს კაპიტალის ნაშთი შეადგენდა 0 ლარს.
მომჩივანი არ წარმოადგენს რაიმე მტკიცებულებას/არგუმენტს, რაც შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.
სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად და არ არსებობს ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანების გაუქმების საფუძველი.
2. სალაროდან არაგონივრული ნაშთის კომპანიის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვა
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება სალაროს არაგონივრული ნაშთი. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, საწარმოს სალაროს არაგონივრული ნაშთი განხილულ იქნა კომპანიის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად და საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მესამე ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დაიბეგრა მოგების გადასახადით. ამასთან, გაცემული უპროცენტო სესხიდან წარმოშობილი სარგებლის თანხა, საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის საფუძველზე, ჩაითვალა ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და ყოველთვიური სარგებლის თანხა დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საწარმოს სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საკითხი შეისწავლოს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში, ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადში სალაროში არაგონივრული ნაშთის არსებობის გამო დარიცხულ გადასახადის და სანქციების მოცულობას.
გამომდინარე იქიდან, რომ კომპანიაში ხდებოდა დიდი რაოდენობით ნაღდი ფულის მოძრაობა, სალაროში მუდმივად იყო ნაშთი. კომპანია ხე-ტყის შესყიდვას ძირითადად ახორციელებს ნაღდიანგარიშსწორებით. ბაზრის თავისებურებებიდან გამომდინარე საჭიროა სალაროში დიდი რაოდენობით ფულის არსებობა.
ასევე აცხადებს, რომ 2020 – 2021 წლების კოვიდ პანდემიის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე კომპანიის პოლიტიკა იყო ნაღდი ფულის სალაროში შენახვა და არა ბანკში. იქიდან გამომდინარე, რომ ამ პერიოდში შეზღუდული იყო გადაადგილება, ბანკების ფუნქციონირება ხოლო სამშენებლო ბიზნესი აგრძელებდა.
დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა).
ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად ითვლება დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოწმებამ შეისწავლა გადასახადის გადამხდელის წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემები, რომლის მიხედვითაც შესამოწმებელ პერიოდში ფიქსირდებოდა სალაროს არაგონივრული ნაშთი, რომელიც განხილულ იქნა კომპანიის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად. ამასთან, გაცემული უპროცენტო სესხიდან წარმოშობილი სარგებლის თანხა ჩაითვალა ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და ყოველთვიური სარგებლის თანხა დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
შემოსავლების სამსახური სადავო ბრძანებაში მიუთითებს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებაზე, რომლითაც ცვლილება შევიდა და ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითება (დანართი №9).
შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, საწარმოს სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საკითხი შეისწავლოს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის N22708 ბრძანებაში, ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 6 სექტემბრის №21824 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.მომჩივანი აღნიშნავს, რომ არსებობს ყველანაირი დოკუმენტალური მტკიცებულება იმისა, რომ აღნიშნული თანხის შეტანა საწარმოს კაპიტალში განხორციელებულია კანონმდებლობის სრული დაცვით და წარმოადგენს კანონიერ სამეურნეო ოპერაციას.მომჩივანი თვლის,რომ ქმედებისთვის დაკისრებული დამატებითი საგადასახადო ვალდებულებები ექვემდებარება შემცირებას.
2.მომჩივანი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადში სალაროში არაგონივრული ნაშთის არსებობის გამო დარიცხულ გადასახადის და სანქციების მოცულობას.
ფაქტობრივი გარემოებები
1.საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარ სამმართველოში მიმდინარეობდა გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე მომჩივანის ხელმძღვანელი პირების მიერ ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე.
შემოწმებით დადგინდა,რომ საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის უფიქსირდებოდა პარტნიორთა კაპიტალი.აღნიშნული თანხა 2021-2022 წლებში ანაზღაურებული იყო სალაროდან კაპიტალის შემცირების დანიშნულებით.დამფუძნებლის კაპიტალის შემცირება განხილულ იქნა ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა.
ამასთან, ვინაიდან გადამხდელს ბუღალტრულ პროგრამაში შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უფიქსირდებოდა ხანდაზმული პერიოდიდან წარმოშობილი დამფუძნებლის კაპიტალის ნაშთი,შემოწმების მიერ მოხდა აღნიშნული ნაშთის შემცირება და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს კაპიტალის ნაშთმა შეადგინა 0 ლარი.
2.გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება სალაროს არაგონივრული ნაშთისაწარმოს სალაროს არაგონივრული ნაშთი განხილულ იქნა კომპანიის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით. ამასთან, გაცემული უპროცენტო სესხიდან წარმოშობილი სარგებლის თანხა, ჩაითვალა ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და ყოველთვიური სარგებლის თანხა დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს ასევე დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
1.საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად და არ არსებობს ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანების გაუქმების საფუძველი.
2.საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
73(9),982 ,101,154.