ბრძანება N 10709
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 10709
14 მაისი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „------ის“ (ს/ნ -------------)
(მის.: -----------------------------)
2026 წლის 14 იანვრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 23 იანვრისა და 30 აპრილის სხდომებზე (ოქმი №6 და №34) განიხილა შპს „--------ის“ (ს/ნ -------------) 2026 წლის 14 იანვრის №99978/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 26 დეკემბრის №023-27 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. მომჩივანი არ ეთანხმება საიჯარო ურთიერთობიდან დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში წარმოშობილ საგადასახადო ვალდებულებებს. მიუთითებს, რომ კომპანიას არცერთი თეთრი არ მიუღია ამ პერიოდში საიჯარო შემოსავლად. ასევე, მომჩივნისთვის გაუგებარია რა კრიტერიუმებით გაიანგარიშა შემმოწმებელმა საიჯარო ქირის საბაზრო ფასი.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ქონების (მ.შ. მიწის) გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მომჩივნისთვის გაუგებარია რატომ მოხდა სმფ-ების ძირითად საშუალებად რეკლასიფიცირება და ქონების გადასახადის დარიცხვა. განმარტავს, რომ კომპანიას ეს ბინები არ დაუტოვებია სხვა დანიშნულების მოხმარებისთვის და ის კვლავ გადასაყიდად განკუთვნილ სმფ-ის წარმოადგენს.
3. მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმა-საურავისგან გათავისუფლებას. მიუთითებს, რომ კომპანიას ზიანი არ მიუყენებია ბიუჯეტისთვის, კეთილსინდისირად მოქმედებდა მთელი საქმიანობის პროცესში, იხდიდა ყველა რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლის შესაბამის დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადს. არცერთი ტრანზაქცია არ დაუტოვებია შესაბამისი დაბეგვრის გარეშე, რაც საგადასახადო შემოწმებითაც დასტურდება.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 20 ოქტომბრის №22550 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „------ის“ (ს/ნ -------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 26 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა ამავე თარიღის №28687 ბრძანება და №023–27 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 57 101 ლარი, მათ შორის გადასახადი 34 242 ლარი, ჯარიმა 17 612 ლარი და საურავი 5 247 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
1. შპს „---ის“ საქმიანობაა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა ქალაქ ---ში, ----ის ქუჩაზე, №--ში. შემოწმების პროცესში დადგინდა, რომ საწარმოს მიერ აშენებული ბინების უმრავლესობა იყო გასხვისებული. საკუთრებაში ფლობდა მხოლოდ 3 ბინას და 1 სარდაფს (სარდაფი საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ ყოფილა). საგადასახადო შემოწმების პროცესში საწარმოს მოეთხოვა საკუთრებაში დარჩენილ უძრავ ქონებებთან მიმართებით სრული ინფორმაციის წარმოდგენა. კერძოდ, კომუნალური გადასახადების გადახდის შესახებ ინფორმაცია თითოეული ბინისა და აბონენტის ნომრის მიხედვით, ფოტო-ვიდეო მასალა, არსებობის შემთხვევაში იჯარის ან/და სხვა ხელშეკრულებები. გადამხდელმა წარმოადგინა მხოლოდ იჯარის ხელშეკრულებები დადებული 2025 წლის დეკემბრიდან, ხოლო წარმოდგენილი წერილობითი ახსნა-განმარტების მიხედვით, აღნიშნულ პერიოდამდე საკუთრებაში არსებულ ფართებს უსასყიდლო იჯარის სახით გასცემდა ახლობელ პირებზე კეთილი ნებით. ასევე, ახსნა-განმარტებაში, მითითებული იყო უსასყიდლო იჯარის პერიოდები. შემოწმებამ შეისწავლა საწარმოს საბანკო ამონაწერები, მიღებული სასაქონლო ზედნადებები და ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა საწარმოს მიერ მითითებულ საკადასტრო კოდებზე ჩატარებული სარემონტო სამუშაოების სავარაუდო ღირებულება და დრო.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18, მე19, 73-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, მე-100, 101-ე, 103-ე, მუხლების გათვალისწინებით, 2023 წლის ივლისის თვიდან (ამ პერიოდში სრულდება სარემონტო სამუშაოებზე გაწეული დანახარჯები), გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ახსნა-განმარტებაში მითითებულ უსასყიდლო იჯარის პერიოდამდე, გაანგარიშდა იჯარით მიღებული შემოსავალი (მოძიებული და ხელშეკრულებებში მითითებული საბაზრო ფასით) და დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას, ამასთან, ჩაითვალა, რომ აღნიშნულ ოპერაციებთან დაკავშირებით პირის მიერ მიღებულია ფულადი სახსრები და აღნიშნული ფულადი სახსრები დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს. ხოლო, გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ახსნა-განმარტებაში მითითებული უსასყიდლო იჯარის პერიოდზე, საიჯარო მომსახურება (მოძიებული და ხელშეკრულებებში მითითებული საბაზრო ფასით) დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას, ხოლო თანხები დაკვალიფიცირდა მოიჯარეების მიერ მიღებულ სარგებლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
2. კომპანიამ ააშენა საცხოვრებელი კორპუსი, რომლის ფართობიც შეადგენდა 5 514 კვ.მ.-ს. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი კი შეადგენდა 1 477კვ.მ.-ს. შემოწმების პროცესში დადგინდა, რომ საწარმოს საკუთრებაში დარჩენილი იყო 3 ბინა (192.1კვ.მ) და სარდაფი (139.3კვ.მ.), რომელიც გამოიყენებოდა საიჯარო მიზნებისთვის. ამასთან, პირს მიწაზე ქონების გადასახადი დეკლარირებული ჰქონდა მხოლოდ 2021 წლის საანგარიშო პერიოდზე წარმოდგენილი ქონების გადასახადის დეკლარაციით. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 202-ე მუხლით. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან და საკანონმდებლო ნორმებიდან გამომდინარე, შემოწმების მონაცემებით გაანგარიშდა ჯამური კორპუსის აშენების თვითღირებულება, რომელსაც დაემატა საკუთრებაში დარჩენილ ფართებზე გაწეული სავარაუდო სარემონტო სამუშაოების თანხა. აღნიშნული მონაცემების მიხედვით განისაზღვრა საკუთარი წარმოების ძირითადი საშუალების ღირებულება შესაბამისი პერიოდების მიხედვით. შედეგად, ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა გაიზარდა: 2022 წლის საანგარიშო პერიოდზე 154 991 ლარით, 2023 წლის საანგარიშო პერიოდზე 186 880 ლარით, 2024 წლის საანგარიშო პერიოდზე 165 109 ლარით. ამასთან, გააანგარიშდა შესამოწმებელ პერიოდში დასაბეგრი მიწის ღირებულება საკუთრებაში დარჩენილი ფართების პროპორციულად, რომლის მიხედვითაც 2021 წლის საანგარიშო პერიოდზე წარმოდგენილი მიწის გადასახადი შემცირდა 212 ლარით, ხოლო დანარჩენ პერიოდებზე მიწაზე ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა გაიზარდა 415 ლარით. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი (მ.შ. მიწა) და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის თანახმად, დღგ-ის მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
რ) საბაზრო ფასი არის ფასი, რომელიც გადასახდელი იქნებოდა მომხმარებლის მიერ შესაბამის დროს ამ საქონლის ან მომსახურების შესყიდვისას იმავე დონის ბაზარზე, სადაც თავისუფალი კონკურენციისა და სუბიექტების ეკონომიკური დამოუკიდებლობის პირობებში ხორციელდება საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა და, სადაც ეს ოპერაცია იბეგრება დღგ-ით. თუ შეუძლებელია საქონლის ან მომსახურების შედარებითი ფასის დადგენა, დღგ-ის მიზნისთვის საბაზრო ფასი არის:
რ.ბ) მომსახურებისთვის − ფასი, რომელიც არ უნდა იყოს ნაკლები ამ მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ყველა დანახარჯის ღირებულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1601 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურების სანაცვლოდ, მომსახურების გაწევად ასევე განიხილება დასაბეგრი პირის მიერ მომსახურების უსასყიდლოდ გაწევა მისი დაქირავებული პირის პირადი სარგებლობისთვის ან საკუთარი საქმიანობის მიზნისგან განსხვავებული მიზნით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 1601 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ყველა დანახარჯის ღირებულება.
ამავე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციის დროს დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი, დღგ-ის გარეშე, თუ დასაბეგრი ოპერაციის ანაზღაურების თანხა დაბალია მის საბაზრო ფასზე და საქონლის/მომსახურების შემძენს ამ კოდექსის შესაბამისად, ამ ოპერაციაზე არ აქვს დღგ-ის სრულად ჩათვლის უფლება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასის განსაზღვრისას გამოიყენება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასების შესახებ ინფორმაციის ოფიციალური წყაროები, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების საინფორმაციო ბაზა, საგადასახადო ორგანოებისათვის გადასახადის გადამხდელთა მიერ მიწოდებული ინფორმაცია, აგრეთვე სხვა სარწმუნო ინფორმაცია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები და სხვა შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან. საქართველოს
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად ითვლება სარგებლის საბაზრო ფასი ამ კოდექსის მე-18 მუხლის მიხედვით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლებს, რომლებიც არ არის დაკავშირებული დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან, განეკუთვნება ნებისმიერი შემოსავალი ან სარგებელი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ხოლო ამავე მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც ქონებას უსასყიდლოდ გადასცემს ფიზიკურ პირს, რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული არ არის, გარდა ამ პირის მიერ ამავე ფიზიკური პირისთვის საგადასახადო წლის განმავლობაში 1 000 ლარამდე ღირებულების ქონების უსასყიდლოდ გადაცემისა. ასეთ შემთხვევაში, საგადასახადო აგენტის მიერ გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავების წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას: ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
საგადასახადო შემოწმების პროცესში საწარმოს მოეთხოვა საკუთრებაში დარჩენილ უძრავ ქონებებთან მიმართებით სრული ინფორმაციის წარმოდგენა. კერძოდ: კომუნალური გადასახადების მოხმარების შესახებ ინფორმაცია თითოეული ბინისა და აბონენტის ნომრის მიხედვით, ფოტო-ვიდეო მასალა, არსებობის შემთხვევაში იჯარის ან/და სხვა ხელშეკრულებები. გადამხდელმა წარმოადგინა მხოლოდ იჯარის ხელშეკრულებები დადებული 2025 წლის დეკემბრიდან, ხოლო წარმოდგენილი წერილობითი ახსნა-განმარტების მიხედვით, აღნიშნულ პერიოდამდე საკუთრებაში არსებულ ფართებს უსასყიდლო იჯარის სახით გასცემდა ახლობელ პირებზე კეთილი ნებით. ახსნა-განმარტებაში, ასევე, მითითებული იყო უსასყიდლო იჯარის პერიოდები. შემოწმებამ შეისწავლა საწარმოს საბანკო ამონაწერები, მიღებული სასაქონლო ზედნადებები და ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურები, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა საწარმოს მიერ მითითებულ საკადასტრო კოდებზე ჩატარებული სარემონტო სამუშაოების სავარაუდო ღირებულება და დრო. შემოწმების მიერ 2023 წლის ივლისის თვიდან (ამ პერიოდში სრულდება სარემონტო სამუშაოებზე გაწეული დანახარჯები), გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ახსნა-განმარტებაში მითითებულ უსასყიდლო იჯარის პერიოდამდე, გაანგარიშდა იჯარით მიღებული შემოსავალი (მოძიებული და ხელშეკრულებებში მითითებული საბაზრო ფასით) და დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას, ამასთან ჩაითვალა, რომ აღნიშნულ ოპერაციებთან დაკავშირებით პირის მიერ მიღებულია ფულადი სახსრები და აღნიშნული ფულადი სახსრები დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს. ხოლო, გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ახსნაგანმარტებაში მითითებული უსასყიდლო იჯარის პერიოდზე, საიჯარო მომსახურება (მოძიებული და ხელშეკრულებებში მითითებული საბაზრო ფასით) დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას, ხოლო თანხები დაკვალიფიცირდა მოიჯარეების მიერ მიღებულ სარგებლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.
მომჩივანი არ ეთანხმება საიჯარო ურთიერთობიდან დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში წარმოშობილ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ კომპანიას ბინების ძირითადი ნაწილი ჰქონდა რეალიზებული და მხოლოდ 3 საცხოვრებელი ბინა იყო დარჩენილი შემოწმების პერიოდისთვის. აღნიშნული ბინები იყო კოსმეტიკური რემონტის კონდიციაში. საწარმოსთვის არ იყო პრიორიტეტი ბინების გაყიდვა, ვინაიდან უძრავი ქონების ფასი ბაზარზე სწრაფად იზრდებოდა და გარკვეული დროის მოცდის შემთხვევაში, მეტი მოგებით შეძლებდა ბინების გაყიდვას. აღნიშნული გარემოება კი აუდიტორებმა შეაფასეს როგორც საიჯარო შემოსავალი, ივარაუდეს რომ 2023 წლის ივლისში დასრულდა რემონტი და იმ მომენტიდან ჩათვალეს, რომ საიჯარო შემოსავლებს იღებდა კომპანია, რის საფუძველზეც განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები როგორც დღგ-ში, ასევე, საშემოსავლო გადასახადში. მიუთითებს, რომ კომპანიას არცერთი თეთრი არ მიუღია ამ პერიოდში საიჯარო შემოსავლად.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საქმის ზეპირი განხილვისას განმარტა, რომ თითოეული ბინისა და აბონენტის ნომრის მიხედვით კომუნალური გადასახადების გადახდის შესახებ ინფორმაცია გადამხდელს შემოწმების პროცესში არ წარუდგენია და არც თავად შემმოწმებელს გამოუთხოვია შესაბამისი მომსახურების გამწევი კომპანიებიდან.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ბინების საიჯარო პერიოდის დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შესაბამისი მომსახურების გამწევი კომპანიებიდან გამოითხოვოს ინფორმაცია თითოეული ბინისა და აბონენტის ნომრის მიხედვით შესამოწმებელ პერიოდში კომუნალური გადასახადების გადახდის შესახებ და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საიჯარო ურთიერთობიდან წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია მიწაზე ქონების გადასახადს იხდის არა უგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოწმების მონაცემებით გაანგარიშდა ჯამური კორპუსის აშენების თვითღირებულება, რომელსაც დაემატა საკუთრებაში დარჩენილ ფართებზე გაწეული სავარაუდო სარემონტო სამუშაოების თანხა. აღნიშნული მონაცემების მიხედვით განისაზღვრა საკუთარი წარმოების ძირითადი საშუალების ღირებულება შესაბამისი პერიოდების მიხედვით. შედეგად, ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა გაიზარდა: 2022 წლის საანგარიშო პერიოდზე 154 991 ლარით, 2023 წლის საანგარიშო პერიოდზე 186 880 ლარით, 2024 წლის საანგარიშო პერიოდზე 165 109 ლარით. ამასთან, გააანგარიშდა შესამოწმებელ პერიოდში დასაბეგრი მიწის ღირებულება საკუთრებაში დარჩენილი ფართების პროპორციულად, რომლის მიხედვითაც 2021 წლის საანგარიშო პერიოდზე წარმოდგენილი მიწის გადასახადი შემცირდა 212 ლარით, ხოლო დანარჩენ პერიოდებზე მიწაზე ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა გაიზარდა 415 ლარით.
ამასთან, მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
2 1 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „------ის“ (ს/ნ -------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, ბინების საიჯარო პერიოდის დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შესაბამისი მომსახურების გამწევი კომპანიებიდან გამოითხოვოს ინფორმაცია თითოეული ბინისა და აბონენტის ნომრის მიხედვით შესამოწმებელ პერიოდში კომუნალური გადასახადების გადახდის შესახებ და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით,განახორციელოს საიჯარო ურთიერთობიდან წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი არ ეთანხმება:
1. საიჯარო ურთიერთობიდან დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში წარმოშობილ საგადასახადო ვალდებულებებს.
2.ქონების (მ.შ. მიწის) გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
3.ითხოვს სადავო საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმა-საურავისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №22550 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №28687 ბრძანება და №023–27 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 57 101 ლარი, მათ შორის გადასახადი 34 242 ლარი, ჯარიმა 17 612 ლარი და საურავი 5 247 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით ირკვევა,რომ საგადასახადო შემოწმების პროცესში საწარმოს მოეთხოვა საკუთრებაში დარჩენილ უძრავ ქონებებთან მიმართებით სრული ინფორმაციის წარმოდგენა. კერძოდ, კომუნალური გადასახადების გადახდის შესახებ ინფორმაცია თითოეული ბინისა და აბონენტის ნომრის მიხედვით, ფოტო-ვიდეო მასალა, არსებობის შემთხვევაში იჯარის ან/და სხვა ხელშეკრულებები. გადამხდელმა წარმოადგინა მხოლოდ იჯარის ხელშეკრულებები დადებული 2025 წლის დეკემბრიდან, ხოლო წარმოდგენილი წერილობითი ახსნა-განმარტების მიხედვით, აღნიშნულ პერიოდამდე საკუთრებაში არსებულ ფართებს უსასყიდლო იჯარის სახით გასცემდა ახლობელ პირებზე კეთილი ნებით. ასევე, ახსნა-განმარტებაში, მითითებული იყო უსასყიდლო იჯარის პერიოდები. შემოწმებამ შეისწავლა საწარმოს საბანკო ამონაწერები, მიღებული სასაქონლო ზედნადებები და ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა საწარმოს მიერ მითითებულ საკადასტრო კოდებზე ჩატარებული სარემონტო სამუშაოების სავარაუდო ღირებულება და დრო. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18, მე19, 73-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, მე-100, 101-ე, 103-ე, მუხლების გათვალისწინებით, 2023 წლის ივლისის თვიდან , გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ახსნა-განმარტებაში მითითებულ უსასყიდლო იჯარის პერიოდამდე, გაანგარიშდა იჯარით მიღებული შემოსავალი და დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას, ამასთან, ჩაითვალა, რომ აღნიშნულ ოპერაციებთან დაკავშირებით პირის მიერ მიღებულია ფულადი სახსრები და აღნიშნული ფულადი სახსრები დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს. ხოლო, გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ახსნა-განმარტებაში მითითებული უსასყიდლო იჯარის პერიოდზე, საიჯარო მომსახურება დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას, ხოლო თანხები დაკვალიფიცირდა მოიჯარეების მიერ მიღებულ სარგებლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
ამასთან, შემოწმების პროცესში დადგინდა, რომ პირს მიწაზე ქონების გადასახადი დეკლარირებული ჰქონდა მხოლოდ 2021 წლის საანგარიშო პერიოდზე წარმოდგენილი ქონების გადასახადის დეკლარაციით. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 202-ე მუხლით. შემოწმების მონაცემებით გაანგარიშდა ჯამური კორპუსის აშენების თვითღირებულება, რომელსაც დაემატა საკუთრებაში დარჩენილ ფართებზე გაწეული სავარაუდო სარემონტო სამუშაოების თანხა. აღნიშნული მონაცემების მიხედვით განისაზღვრა საკუთარი წარმოების ძირითადი საშუალების ღირებულება შესაბამისი პერიოდების მიხედვით. შედეგად, ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა გაიზარდა: 2022 წლის საანგარიშო პერიოდზე 154 991 ლარით, 2023 წლის საანგარიშო პერიოდზე 186 880 ლარით, 2024 წლის საანგარიშო პერიოდზე 165 109 ლარით. ამასთან, გააანგარიშდა შესამოწმებელ პერიოდში დასაბეგრი მიწის ღირებულება საკუთრებაში დარჩენილი ფართების პროპორციულად, რომლის მიხედვითაც 2021 წლის საანგარიშო პერიოდზე წარმოდგენილი მიწის გადასახადი შემცირდა 212 ლარით, ხოლო დანარჩენ პერიოდებზე მიწაზე ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა გაიზარდა 415 ლარით. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი (მ.შ. მიწა) და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ბინების საიჯარო პერიოდის დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შესაბამისი მომსახურების გამწევი კომპანიებიდან გამოითხოვოს ინფორმაცია თითოეული ბინისა და აბონენტის ნომრის მიხედვით შესამოწმებელ პერიოდში კომუნალური გადასახადების გადახდის შესახებ და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საიჯარო ურთიერთობიდან წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
ამასთან,მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ხოლო,საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 18(7); 19(1); 73(5„ა“.9„ბ“); 100(1); 101(1.2 „ი“); 103(1); 154(1 „ა“ და „მ“.2 „ა“ და „ბ“); 158(1); 159(1„ბ“); 1601(2„ა“); 163(1); 164(3); 201(1„ა.ა“); 202(1); 203( „ა“); 205(2.7); 269(7);