გადაწყვეტილება №20137/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20137/2/2023
26 ოქტომბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს„----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 6.10.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------------- 3.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20137/2/2023).
დავის საგანი:
1. ერთი და იმავე გადაზიდვაზე ორი კომპანიის მიერ გაწეული სატრანსპორტო მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის არაეკონომიკურ ხარჯად განხილვა და განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები;
2. ნაღდი ანგარიშსწორებით მიღებული დებიტორული მოთხოვნის დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად განხილვა და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა;
3. საქონლის შეძენაზე გაწეული ხარჯების არაეკონომიკურ ხარჯად განხილვა და აღნიშნულის დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად ჩათვლა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 30.12.2022 წლის №002-277 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 14.06.2023 წლის №13356 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 525 914 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 276 999
დღგ - 1 363
მიწა-არასასოფლო - 40
მოგების გადასახადი - 144 586
საშემოსავლო გადასახადი - 131 010
ჯარიმა - 138 342
საურავი - 110 573
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა გადაზიდვების მომსახურება და საბითუმო ვაჭრობა შესაფუთი მასალებით და პლასტმასის ნაწარმით. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.06.2022 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 29 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2022 წლის №33791 ბრძანება და 30.12.2022 წლის №002-277 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 14.06.2023 წლის №13356 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მასალების შესწავლა, ასევე გადასახადის გადამხდელისთვის სატრანსპორტო მომსახურების გამწევი რეზიდენტი საწარმოსგან/საწარმოებისგან, საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად, სადავო საკითხთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოთხოვა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშზე დირექტორის მიერ ნავაჭრი თანხის მითითებით (დანიშნულებით) შეტანილი თანხები არ გაითვალისწინოს დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად და აღნიშნულის შესაბამისად, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება); - დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 14.06.2023 წლის №13356 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. ერთი და იმავე გადაზიდვაზე ორი კომპანიის მიერ გაწეული სატრანსპორტო მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის არაეკონომიკურ ხარჯად განხილვა და განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები
ფაქტების აღწერა
შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება საერთაშორისო გადაზიდვების მომსახურება, როგორც საკუთარი სატვირთო ავტომობილებით, ისე სხვა გადამზიდავი კომპანიების მიერ გაწეულის სატრანსპორტო მომსახურების გადაყიდვით. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციით, კერძოდ, ინვოისებით ფიქსირდება ერთი და იმავე გადაზიდვაზე ორი კომპანიის მიერ გაწეული სატრანსპორტო მომსახურება. ასევე, საკუთარი სატვირთო ავტომობილით საქონლის გადაზიდვაზე მიღებული აქვს არარეზიდენტი (--------- რეგისტრირებული) კომპანიის მომსახურება. რადგან წარდგენილ ინვოისებში ოპერაციის შინაარსი არ არის განსაზღვრული (გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტება არ ემთხვევა ინვოისებში მითითებულ ინფორმაციას), დამატებითი ხარჯის გაწევა ჩაითვალა არაეკონომიკურად და დაიბეგრა მოგების გადასახადით საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის გათვალისწინებით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილ ინფორმაციაზე, რომ გადასახადის გადამხდელისთვის ქართული და არარეზიდენტი კომპანიების მიერ გამოწერილ ინვოისებში მითითებულია გადაზიდვის მომსახურება --------- (---------)---------, ასევე, ინვოისების მიხედვით მსგავსია საფასურებიც. გარდა აღნიშნულისა, მოწოდებულ ინფორმაციაში მითითებულია, რომ ქართულ კომპანიებს -------- სხვადასხვა ქალაქებიდანაც აქვთ გადმოზიდული შპს --------- ტვირთები და შესაბამისად, არარეზიდენტი კომპანიის მიერ დამატებითი სატრანსპორტო მომსახურების საჭიროება შემოწმების მიერ ვერ დადგინდა. გადასახადის გადამხდელის არგუმენტზე, რომ ვინაიდან კომპანიას --------- შიდა გადაზიდვების განხორციელების უფლება არ აქვს, ამ მომსახურებას უწევდა არარეზიდენტი კომპანია ----------, რომელიც --------- სხვადასხვა ლოკაციიდან ან ---------- სხვადასხვა ქალაქებიდან აგროვებდა ტვირთს და მიჰქონდა ქალაქ -------- ერთ ლოკაციაზე. გარდა ამისა, ზოგ შემთხვევაში ---------- სატრანსპორტო მომსახურება ---------- ---------- აქვს განხორციელებული. თუმცა, ერთი და იგივე გადაზიდვაზე ორ კომპანიას არ აქვს მომსახურება გაწეული. საჩივრის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის განმარტებაზე, რომ ქალაქ ---------- ხშირ შემთხვევაში თვითონ ახორციელებდა გადაზიდვას თბილისამდე. რიგ შემთხვევებში კი სტამბულიდან თბილისამდე გადაზიდვის მომსახურებას უწევდა რეზიდენტი კომპანია. საჩივარში მოყვანილი არგუმენტაცია დადასტურდება გადაზიდვის მომსახურებაზე გადახდილი თანხების საბანკო ამონაწერით, ხელზე გადახდის ქვითრებით, ურთიერთშედარების აქტებით და არარეზიდენტ კომპანია ------------ არსებული ხელშეკრულებით საქმეში არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მასალები, ასევე გადასახადის გადამხდელისთვის სატრანსპორტო მომსახურების გამწევი რეზიდენტი საწარმოსგან/საწარმოებისგან, საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად, გამოითხოვოს სადავო საკითხთან დაკავშირებული ინფორმაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
მიმართეს ---------- კომპანიას ---------- რათა მიეწოდებინათ ახსნა-განმარტების სახით ინვოისებში ასახული ინფორმაცია, რაზეც დაეთანხმა და მიაწოდა დოკუმენტები, რომლებიც ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული წარედგინა აუდიტორს და ასევე დანართის სახით წარმოდგენილია საჩივარზე.
ინვოისები, რომლებიც შემმოწმებელმა აუდიტორმა არ გაითვალისწინა ხარჯში და აღწერილი აქვს როგორც (ტრანსპორტირება---------- -----------), ასე არ არის. ინვოისის შინაარსია შემდეგი: სტამბოლითბილისის ტრანსპორტირებისთვის გაწეული მომსახურება, რასაც ადასტურებს ნოტარიულად დამოწმებული ახსნა-განმარტების თარგმანი.
ასევე, 2019-2022 წლებში ---------- კომპანია ---------- აქვს ერთი და იგივე ოპერაციები და აღნიშნულ წლებში უწევს იდენტურ მომსახურებას. შემმოწმებელმა 2019 წელს შესრულებული მომსახურება კანონდარღვევად არ ჩათვალა, დანარჩენ წლებში კი მიიჩნია, რომ თითქოს კანონი ირღვეოდა, რაც გაურკვეველია. კანონი არ დაურღვევია არც 2019 წელს და არც მომდევნო წლებში. მომჩივანი ითხოვს გაწეული ხარჯის მიზანშეწონილად მიჩნევას და დარიცხული თანხების (გადასახადი და ჯარიმა) გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის. საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება. შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება საერთაშორისო გადაზიდვების მომსახურება, როგორც საკუთარი სატვირთო ავტომობილებით, ისე სხვა გადამზიდავი კომპანიების მიერ გაწეულის სატრანსპორტო მომსახურების გადაყიდვით. წარდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციით, კერძოდ, ინვოისებით ფიქსირდება ერთი და იმავე გადაზიდვაზე ორი კომპანიის მიერ გაწეული სატრანსპორტო მომსახურება. ასევე, საკუთარი სატვირთო ავტომობილით საქონლის გადაზიდვაზე მიღებული აქვს არარეზიდენტი (---------- რეგისტრირებული) კომპანიის მომსახურება. რადგან წარდგენილ ინვოისებში ოპერაციის შინაარსი არ არის განსაზღვრული (გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტება არ ემთხვევა ინვოისებში მითითებულ ინფორმაციას), დამატებითი ხარჯის გაწევა ჩაითვალა არაეკონომიკურად და დაიბეგრა მოგების გადასახადით.
ვინაიდან, შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილებით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი არგუმენტაციის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა წარდგენილი მასალების შესწავლა, ასევე გადასახადის გადამხდელისთვის სატრანსპორტო მომსახურების გამწევი რეზიდენტი საწარმოსგან/საწარმოებისგან, საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად, სადავო საკითხთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოთხოვა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება), საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
2. ნაღდი ანგარიშსწორებით მიღებული დებიტორული მოთხოვნის დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად განხილვა და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა
ფაქტების აღწერა
შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს მიწოდებულ საქონელზე სრულად აქვს მიღებული დებიტორული მოთხოვნა ნაღდი ანგარიშსწორებით, რასაც ასევე, ადასტურებს საქონლის მიმწოდებელი და მყიდველი. შესაბამისად, შემოწმებამ იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის №22708 ბრძანების მიხედვით, მიღებული ფულადი სახსრები ჩაითვალა დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის თანახმად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, და ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან დაკავშირებით, რომ ერთ-ერთ დებიტორს 2022 წლის 31 მაისის მდგომარეობით კომპანიის მიმართ ჰქონდა დავალიანება, მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომ შემოწმების პროცესში მხარეებმა დაადასტურეს დებიტორული მოთხოვნის ნაღდი ანგარიშსწორების დაფარვის შესახებ, შემოწმების შედეგად განხორციელებული ანალიზისას კრედიტორული დავალიანების (შესყიდულ საქონელზე) დაფარვა გათვალისწინებულია. გადასახადის გადამხდელის არგუმენტზე, რომ 2019 წელს დირექტორს ხელზე აღებული თანხიდან ბანკის ანგარიშზე, ნავაჭრი თანხის დანიშნულებით, შეტანილი აქვს 124 800 ლარი, შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული თანხების გათვალისწინებას.
საქმეში არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშზე დირექტორის მიერ ნავაჭრი თანხის მითითებით (დანიშნულებით) შეტანილი თანხები, არ გაითვალისწინოს დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად და აღნიშნულის შესაბამისად, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
ი/მ ---------- 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 31 მაისის ჩათვლით მიაწოდეს სულ 1 209 483 ლარის საქონელი (2019 წელს 457 036 ლარის, 2020 წელს 304 574 ლარის, 2021 წელს 254 703 ლარის, 2022 წელს 193 169 ლარის), აქედან ხელზე გადაუხადა 516 897 ლარი და ჩაურიცხა 414 501 ლარი და დავალიანება დარჩა 278 084 ლარი.
მიმწოდებლის და მყიდველის ურთიერთშედარების აქტით ადასტურებს, რომ ხელზე მოცემულია 2019 წელს 300 000 ლარი და 2020 წელს 216 897 ლარი, დანარჩენ წლებში ანგარიშსწორება ხდებოდა უნაღდო ანგარიშსწორებით.
2022 წლის 31 მაისის მდგომარეობით დავალიანება შეადგენდა 278 084 ლარს.
2019 წელს კომპანიის დირექტორს ხელზე აღებული თანხიდან ბანკის ანგარიშზე, ნავაჭრი თანხის დანიშნულებით, შემოტანილი აქვს 124 800 ლარი (27 500 ლარი, 23 000 ევრო და 9 500 აშშ დოლარი), რაც შემოსავლების სამსახურმა სადავო გადაწყვეტილებით მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს აღნიშნული თანხები არ გაითვალისწინოს დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად და შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის პოზიცია, რომ შემოწმების შედეგად განხორციელებული ანალიზისას კრედიტორული დავალიანების (შესყიდულ საქონელზე) დაფარვა გათვალისწინებულია, არ შეესაბამება სიმართლეს. არცერთ კრედიტორზე ხელზე გადახდილი თანხა არ არის გათვალისწინებული. კომპანიის მიერ ხელზე აღებული 516 897 ლარიდან შემმოწმებელს ყველა თანხა აქვს დაბეგრილი საშემოსავლო გადასახადით, რაც აღწერილია შემოწმების აქტშიც.
2019 წელს, მომწოდებლებზე, რომლებიც აწვდიან საქონელს და რომელსაც შემდგომ ყიდის ი/მ ----------, მხოლოდ ამ მომწოდებლებზე ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილი აქვს 194 290 ლარი, რაზეც დანართის სახით წარმოადგენს გადახდის ქვითრებს.
2020 წელს მომწოდებლებზე, რომლებმაც მიაწოდეს საქონელი გადახდილი აქვს ნაღდი ანგარიშსწორებით 187 000 ლარი, 2021 წელს ადგილობრივ ბაზარზე ნაყიდი აქვს ორი ტრაილერი, რაშიც ხელზე გადაიხადა 147 000 ლარი. აღნიშნული არცერთი გადახდა არ აქვს გათვალისწინებული შემმოწმებელს.
ასევე, ამ წლებში ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილი აქვს მომსახურების თანხები ---------- კომპანია ----------.
2019 და 2020 წელს სულ ხელზე გადახდილი თანხა შეადგენს 1 107 961 ლარს.
მომჩივანი ითხოვს საშემოსავლო გადასახადში დარიცხული თანხების სრულად გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ვინაიდან შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილებით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი არგუმენტაციის გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშზე დირექტორის მიერ ნავაჭრი თანხის მითითებით (დანიშნულებით) შეტანილი თანხები, არ გაითვალისწინოს დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად და აღნიშნულის შესაბამისად, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება), საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
3. საქონლის შეძენაზე გაწეული ხარჯის არაეკონომიკურ ხარჯად განხილვა და აღნიშნული დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად ჩათვლა
ფაქტების აღწერა
შეძენილი საქონლის ანალიზის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება არაეკონომიკური ხარჯები, რაც ჩაითვალა დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით, ასევე დღგ-ით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, გადასახადის გადამხდელის არგუმენტზე, რომ 2021 წელს შეძენილია ჭაბურღილის ტუმბო და გათბობის ქვაბი ინვენტარით, რომელთა სასაქონლო ზედნადებებში დასრულების მისამართი შეცდომით არის მითითებული. აღნიშნული ჭაბურღილის ტუმბო ინახება საწყობში, ხოლო გათბობის ქვაბი ინვენტარით, კომპანიის საკუთრებაში არსებულ ფართში განხორციელებული სარემონტო სამუშაოებისას არის გამოყენებული.
ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამდენად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
თანახმაა ითანამშრომლოს და მოხდეს კომპანიის საწყობის და კომერციული ფართის დათვალიერება, რათა დადგინდეს, რომ ნივთები განთავსებულია მათთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს საშემოსავლო გადასახადში და დღგ-ში დარიცხული თანხების გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად ითვლება დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქონლის/მომსახურების მიწოდებისას ან კომპენსაციის გარეშე გადაცემისას – ასეთი საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურების სანაცვლოდ, საქონლის მიწოდებად ასევე განიხილება დასაბეგრი პირის მიერ საქონლის მიწოდება მისი დაქირავებული პირის პირადი სარგებლობისთვის ან მიწოდება/გამოყენება საკუთარი საქმიანობის მიზნისგან განსხვავებული მიზნით, თუ მას ამ საქონელზე ან მასზე გაწეულ ხარჯზე დღგ სრულად ან ნაწილობრივ აქვს ჩათვლილი.
ვინაიდან შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, სადავო საკითხის ყოველმხრივ შესწავლა, საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება), საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. ერთი და იმავე გადაზიდვაზე ორი კომპანიის მიერ გაწეული სატრანსპორტო მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის არაეკონომიკურ ხარჯად განხილვა და განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები;
2.ნაღდი ანგარიშსწორებით მიღებული დებიტორული მოთხოვნის დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად განხილვა და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა;
3.საქონლის შეძენაზე გაწეული ხარჯების არაეკონომიკურ ხარჯად განხილვა და აღნიშნულის დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად ჩათვლა.
ფაქტობრივი გარემოებები
1.შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება საერთაშორისო გადაზიდვების მომსახურება, როგორც საკუთარი სატვირთო ავტომობილებით, ისე სხვა გადამზიდავი კომპანიების მიერ გაწეულის სატრანსპორტო მომსახურების გადაყიდვით.ინვოისებით ფიქსირდება ერთი და იმავე გადაზიდვაზე ორი კომპანიის მიერ გაწეული სატრანსპორტო მომსახურება. ასევე, საკუთარი სატვირთო ავტომობილით საქონლის გადაზიდვაზე მიღებული აქვს არარეზიდენტი კომპანიის მომსახურება.დამატებითი ხარჯის გაწევა ჩაითვალა არაეკონომიკურად და დაიბეგრა მოგების გადასახადით.
2.შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს მიწოდებულ საქონელზე სრულად აქვს მიღებული დებიტორული მოთხოვნა ნაღდი ანგარიშსწორებით, რასაც ასევე, ადასტურებს საქონლის მიმწოდებელი და მყიდველი. , მიღებული ფულადი სახსრები ჩაითვალა დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
3.შეძენილი საქონლის ანალიზის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება არაეკონომიკური ხარჯები, რაც ჩაითვალა დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით, ასევე დღგ-ით.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;136(3);73(9);101(1);154(1);159(1);160(3);