ბრძანება N 2429

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება დაკმაყოფილდა 10.02.2023
№ დოკუმენტი 2429
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 2429

10.02.2023

შპს „----------“ (ს/ნ ----------)

(მის: ქ. თბილისი, კოსტავას ქ. №37-39)

2022 წლის 21 დეკემბრის საჩივრის

დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 27 იანვრის სხდომაზე (ოქმი №7) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) №77454/1/2022 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2022 წლის 9 დეკემბრის №EL193803 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ კომპანიის სახელზე „----------“ შემოვიდა ტვირთი, რომელზეც წინასწარი დეკლარაცია იყო რეგისტრირებული. დეკლარირების დროს სხვა დოკუმენტებთან ერთად ატვირთული ჰქონდათ საქონლის წარმოშობის სერთიფოკატი, რომლის საფუძველზეც ტვირთი გათავისუფლდა იმპორტის გადასახადისგან. დაზღვევის მიზნით, საქონლის მომწოდებელმა ორიგინალი სერთიფიკატი გამოაგზავნა ფოსტის მეშვეობით. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, „----------“ გართულებული ტრანსპორტირების გამო, დოკუმენტის მოწოდება დაგვიანდა და ტვირთის შემოსვლის მომენტში ვერ წარადგინეს ორიგინალი სერთიფიკატი და დაჯარიმდა. მოგვიანებით, კომპანიის მიერ საბაჟო დეპარტამენტში წარდგენილი ორიგინალი CT1-ის საფუძველზე, გავრცელდა საგადასახადო შეღავათი და შემცირდა იმპორტის გადასახადი.

აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2022 წლის 30 ნოემბერს, შპს „----------“ (ს/ნ ----------) მიერ №---------- საბაჟო დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში დეკლარირებული იქნა 131 173.38 ლარის საბაჟო ღირებულების სხვადასხვა დასახელების საქონელი (საერთო წონით 18 621.03 კგ). დეკლარარირებული მონაცემების რისკის პროფილთან თანხვედრის გამო აღნიშნული საბაჟო დეკლარაციისთვის განისაზღვრა „წითელი დერეფანი“.

გაფორმების ეკონომიკური ზონა „----------“ უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა აღნიშნული საბაჟო დეკლარაციისა და თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმება და დეკლარირებული საქონლის დათვალიერება, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ საბაჟო პროცედურის განსაზღვრისას წარდგენილი წარმოშობის სერტიფიკატი (CT-1 №---------- (----------) 25/11/2022) არ იყო ორიგინალი. ამის გათვალისწინებით, გაფორმების ორგანოს მიერ საქონლის გაფორმების დასრულების საბაჟო ფორმალობები განხორციელდა მითითებული წარმოშობის სერტიფიკატის გათვალისწინების გარეშე და დეკლარირებული საქონლის იმპორტი დაექვემდებარა იმპორტის გადასახადით დაბეგვრას.

გამოვლენილ ფაქტზე, გაფორმების ეკონომიკური ზონა „----------“ უფლებამოსილი პირის მიერ 2022 წლის 9 დეკემბერს შედგენილ იქნა №EL193803 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც შპს „----------“ (ს/ნ ----------) დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 18 249.88 ლარის ოდენობით.

2022 წლის 15 დეკემბერს შპს „----------“ (ს/ნ ----------) მიერ გაფორმების საბაჟო ორგანოში წარდგენილ იქნა საქონლის პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის (CT-1 №---------- (----------) 25.11.22) ორიგინალი, რომლის საფუძველზე საბაჟო დეკლარაციაში განხორციელდა ცვლილება და შემცირდა დეკლარირებული საქონლის იმპორტზე დარიცხული იმპორტის გადასახდელის თანხის ოდენობა.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილია, რომ პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:

ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;

ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;

გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

ამავე კოდექსის 36-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქონლის წარმოშობა განისაზღვრება საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას ან/და საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას ვაჭრობაში დამცავი ღონისძიებების განხორციელების მიზნით.

ამავე მუხლის მე-5 ნაწილი ადგენს, რომ საქონლის პრეფერენციული წარმოშობის განსაზღვრის კრიტერიუმები და წესი, აგრეთვე საქონლის პრეფერენციული წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტის ფორმა და მისი შევსების წესი განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო შეღავათის სარგებლობისათვის წარდგენილ უნდა იქნეს საქონლის წარმოშობის სერთიფიკატი.

ამავე ინსტრუქციის მე-13 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი აზუსტებს, რომ თუ საქონლის საბაჟო დეკლარაციას ავსებს დეკლარანტი, ამ დეკლარაციის „eCustoms“-ში რეგისტრაციისას, ამ ინსტრუქციის მე-6 მუხლით განსაზღვრული დოკუმენტები წარედგინება ელექტრონულად, ხოლო დოკუმენტები მატერიალური სახით ინახება დეკლარანტთან. ამასთან, ლიცენზიები, ნებართვები, სერტიფიკატები, გარანტიები და შეღავათების დამადასტურებელი დოკუმენტები ინახება ორიგინალის სახით, ხოლო სხვა დოკუმენტების შენახვა შესაძლებელია როგორც დედნის, ასევე დეკლარანტის მიერ ხელმოწერითა და ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში) დამოწმებული ასლის სახით. ამასთან, დეკლარანტი ვალდებულია, ასლის სახით წარდგენილი პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის ორიგინალი, მოთხოვნისამებრ, წარუდგინოს საბაჟო ორგანოს.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება (გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა)– იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით

პრეფერენციული წარმოშობის სერთიფიკატი ადგენს გარკვეულ სატარიფო უპირატესობებს, რაც გულისხმობს შემცირებულ ან ნულოვან განაკვეთს საქონლისათვის, რომელიც ვაჭრობის საგანს წარმოადგენს პრეფერენციული ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოთა შორის.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი არის საქონლის აღწერის განსაზღვრული ფორმის დოკუმენტი, რომლითაც მისი გაცემისათვის უფლებამოსილი ორგანო ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ საქონელი, რომელზეც გაცემულია ეს სერტიფიკატი, წარმოშობილია მოცემული ქვეყნიდან.

დადგენილია და სადავოდ არ არის გამხდარი, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირების ფაქტს, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. აღნიშნული სამართალდარღვევისათვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლით დაკისრებული სანქცია მართლზომიერია.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2022 წლის 15 დეკემბერს შპს „----------“ (ს/ნ ----------) მიერ გაფორმების საბაჟო ორგანოში წარდგენილ იქნა საქონლის პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის (CT-1 №---------- (----------) 25.11.22) ორიგინალი, რომლის საფუძველზე საბაჟო დეკლარაციაში განხორციელდა ცვლილება და შემცირდა დეკლარირებული საქონლის იმპორტზე დარიცხული იმპორტის გადასახდელის თანხის ოდენობა.

შემოსავლების სამსახური ასევე მიუთითებს საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილზე, რომლის მიხედვით საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.

კანონმდებელი სამართალდამრღვევის მიმართ საბაჟო სანქციის შემცველი ნორმების დადგენის პარალელურად ითვალისწინებს პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესაძლებლობას, რაც კონკრეტული საფუძვლების განსაზღვრაში გამოიხატა. საბაჟო პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებებისაგან განსხვავებით პირის მიერ ჩადენილი ქმედება შეიცავს სამართალდარღვევის ყველა ნიშანს, მაგრამ საბაჟო პასუხისმგებლობის კანონიერი საფუძვლის არსებობის მიუხედავად, კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, იგი თავისუფლდება საბაჟო სანქციისგან.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილი პირის საბაჟო სანქციისაგან გათავისუფლებას ითვალისწინებს იმ პირობებში, როცა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმის საფუძველს, რომ პირი ცდება, ან არ არის მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი საბაჟო პასუხისმგებლობა გამოიწვია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს საბაჟო კოდექსით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომის - საბაჟო სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველი და სამართალდამრღვევი უნდა გათავისუფლდეს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან (საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილით).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. მომჩივანი საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს 2022 წლის 9 დეკემბრის №EL193803 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან;

3. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს განახორციელოს შესაბამისი კორექტირება მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.