გადაწყვეტილება №24591/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24591/2/2025
31 მარტი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ ---------ი (ს/ნ ------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 21.02.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ --------ის 13.01.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24591/2/2025).
დავის საგანი:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;
2. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 14 ნოემბრის №079-9 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 26 დეკემბრის №27434 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 157 942,96 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 88 489
დღგ - 81 882
მიწის გადასახადი - 9
საშემოსავლო გადასახადი - 5 398
ქონების გადასახადი - 1 200
ჯარიმა - 40 200
საურავი - 29 253,96
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა პურისა და სხვადასხვა ფუნთუშეულის წარმოება ქ. -- და ------ში. 2016 წლიდან მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი. აქვს თონე და 2016 წლიდან სარგებლობს ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსით.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა მომჩივნის საქმიანობის 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 8 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 2024 წლის 14 ნოემბრის №24153 ბრძანება და ამავე თარიღის №079- 9 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული დარიცხვა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 26 დეკემბრის №27434 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელს არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა და შესაბამისად, შემოწმების პროცესში ვერ წარადგინა მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოებასთან დაკავშირებით. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ დეკლარირებული მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 164 723 ლარს. მის მიერ ბიუჯეტში გადახდილია 2 255 ლარი. ამასთან, სასაქონლო ზედნადებებით შეძენილი სმფ-ების (ფქვილი) ღირებულება შეადგენს 434 251 ლარს.
გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ, შეძენილი ფქვილი გაიმიჯნა თონესთვის და პურის საცხობისთვის სასაქონლო ზედნადების შესაბამისად (მითითებული აქვს ,,თონე“), ხოლო გადამხდელის მიერ წარმოდგენილი კალკულაციების მიხედვით განისაზღვრა წარმოებული პურის (თეთრი/რუხი) რაოდენობა (გაანგარიშებაში გათვალისწინებულია ფქვილის დანაკარგი 1.66%-ის ოდენობით და ნაშთი ინვენტარიზაციისას).
გადამხდელის განმარტებით, 2024 წლამდე მხოლოდ პური იწარმოებოდა საცხობში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოებული პურის რაოდენობაზე გავრცელდა საკონტროლო შესყიდვის ფასები, რაც თეთრი პურის შემთხვევაში შეადგენს 1 (ერთ) ლარს, ხოლო რუხი პურის შემთხვევაში - 0.6 ლარს. აღნიშნულის შედეგად, გაიზარდა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი და საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის თანახმად გადამხდელს წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება 2021 წლის 11 აგვისტოს. აღნიშნული თარიღიდან გაანგარიშდა წარმოებული თონის პურის რაოდენობა (განმარტების საფუძველზე, 50კგ. ფქვილიდან იწარმოება 160 ცალი თონის პური), რაც მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე საცხობის შემოსავალთან ერთად დაიბეგრა დღგ-ით შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე. ჩათვლაში გათვალისწინებული იქნა გადამხდელის მიერ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით შეძენილ საქონელზე გადახდილი დღგ (სულ 47 503 ლარი).
ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის გაუქმების შემდეგ მეწარმეს წარმოეშვა საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციების წარდგენის ვალდებულება. შესაბამისად, თონედან მიღებული შემოსავალი დაექვემდებარა საერთო წესით დაბეგვრას. განისაზღვრა 2021 და 2022 წლების ერთობლივი შემოსავალი და გამოსაქვითი ხარჯები. გამოქვითვებში არ იქნა გათვალისწინებული გაუმიჯნავი ხარჯები. მეწარმის დასაბეგრ შემოსავალში და დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში გათვალისწინებულია ასევე იჯარით გაცემული ფართიდან მიღებული შემოსავალი. ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადის სტატუსის გაუქმების შემდგომ პერიოდზე შემცირდა ბარათზე დარიცხული ფიქსირებული გადასახადი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი, ასევე შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე და 282-ე მუხლებით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-8 მუხლის 22-ე ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 90-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 92-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 951 მუხლზე, 955 მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 ნაწილებზე, „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-13 მუხლის პირველ ნაწილზე, „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებით დამტკიცებული ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების, ფიქსირებული გადასახადის გადახდისა და ანგარიშგების და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სერტიფიკატის გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის მე-3 მუხლის პირველ და მე-2 ნაწილზე, ამავე ინსტრუქციის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 165-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 174-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილზე, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-80 მუხლის პირველ ნაწილზე, მე-100 მუხლის პირველ ნაწილზე, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი ისეთი არგუმენტაცია/დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივნის საქმიანობის ძირითად საგანს წამოადგენს პურის ცხობა ხონის რაიონში და 2023 წლის მეორე ნახევრიდან ----ის რაიონშიც. საქმიანობას ახორციელებდა ე.წ შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმის ფარგლებში, კერძოდ: ფიქსირებული გადასახადის გადამხდელად შოთის პურის წარმოების ნაწილში, ხოლო მცირე მეწარმის სტატუსის ფარგლებში სხვა დანარჩენი პურის ცხობა (წარმოება). სამწუხაროდ ტყუილად ეგონა რომ თონის პურის ცხობიდან მიღებულ შემოსავალზე საგადასახადო შეღავათი ეკუთვნოდა. მცირე ბიზნესის სტატუსით სარგებლობის ნაწილშიც იგივე განცდებით მოქმედებდა და მოლოდინები აქაც შეღავათიან დაბეგვრის რეჟიმთან არ გამართლდა, როცა ეგონა რომ გამარტივებულად შეეძლო მისი საქმიანობის წარმოება და გადასახადების მხოლოდ 1% იანი დაბეგვრა.
საგადასახადო შემოწმებით დაერიცხა სხვადასხვა განაკვეთით გადასახადები (1%,18%,20%) რამაც ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩააგდო. როგორც ზემოთ აღნიშნა მისი საქმიანობის ძირითადი ნაწილს წარმოადგენს პურის ნაწარმის - შოთის, ბატონის, ბაგეტის და სერი პურის გამოცხობა, საგადასახადო შემოწმებით 580 გრამიან გამომცხვარ შოთის პურზე - ჩამოწერილია 312 გრ ფქვილი, რეალურად კი საჭიროა 453 გრ ფქვილი. 550 გრამიან ბატონის და 550 გრამიან ბაგეტის პურზე საგადასახადო შემოწმებით ჩამოწერილია 350 გრ და 350 გრ ფქვილი რეალურად კი საჭიროა თითეულისთვის ცალ-ცალკე 430 გრ ფქვილი, 380 გრ სერ პურზე ჩამოწერილია 200 გრ ფქვილი რეალურად კი საჭიროა 297 გრ ფქვილი. საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს პურის ცხობის, ასევე მიაჩნია რომ საგადასახადო ორგანოც არ უნდა უჩიოდეს ინფორმაციის ნაკლებობას და ამის გარკვევას დიდი რესურსი არ სჭირდება, გულდასაწყვეტია ის ფაქტი რომ პურის წარმოების ოფიციალური ნორმები არ არის დადგენილი სახელმწიფოს მიერ.
პურის ცხობის წარმოების ძირითადი ნედლეულია ფქვილი, მარილი, საფუარი და წყალი.
მომჩივანი მოკლედ აღწერს პურის ცხობის და რეალიზაციის პროცესს: 1 კგ ფქვილიდან იღებს ცომის სახით 1,6 კილოგრამ ცომის მასას, ცომის მასა ცხობის პროცესში განიცდის დანაკარგს, რასაც ცხობის დანაკარგს ეძახის მისი მნიშვნელობა 15%-20% პროცენტია, ცხობის დანაკარგია ყველაზე დიდი დანაკარგი პურის წარმოებაში. 50 კილოგრამიან ფქვილის წარმოებაში ჩაშვების დროს საშუალოდ 1,5კგ-2კგ ფქვილი გამოიყენება სამუშაო სივრცეში მოსაყრელად რომელსაც სარეალიზაციო ღირებულება არ აქვს. ფიქსირდება ასევე ისეთი შემთხვევები როდესაც ტომარაზე მითითებულია რომ 50 კგ ფქვილი და ფაქტობრივად 48 ან 49 კილოგრამი იწონის.
აღსანიშნავია ასევე ის ფაქტი რომ გამომცხვარი პურის სრულ რეალიზებას ვერ ახდენს, ღამე გათეული პური კი იწყებს ხმობას, ქვეითდება არომატი და გემო, მომხმარებლებს არ აქვს სურვილი შეიძინოს მსგავსი პროდუქტი, ერთი პერიოდი დაანაწევრეს, გახუხეს და სუხარად გაყიდეს მაგრამ არ იმუშავა, ბოლოს ნახევარ ფასად ყიდიდნენ ძველ პურს, თუმცა ბოლომდე არც ეს მეთოდია გამართლებული, არის შეთხვევები რომ გამოსაყენებლად უვარგისის გადაყრაც მოუწია, ესეთი ნიუანსები თან ახლავს პურის ცხობის წარმოებას და რეალიზაციას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან წარმოების პროცესში ერთ ცალ პურზე ჩამოწერილია იმაზე ნაკლები ოდენობის ფქვილი ვიდრე რეალურად სჭირდება წარმოების პროცესში საგადასახადო ორგანომ უნდა უზრუნველყოს შესაბამისი პროპორციის დაცვით გაანგარიშება რაც გამოიწვევს არასწორად დარიცხული თანხის შემცირებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
საგადასახადო კოდექსის 956 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი უქმდება, თუ საქართველოს მთავრობის მიერ ფიქსირებული გადასახადის გადამხდელისთვის ნებადართული დამატებითი საქმიანობის ნაწილში პირს წარმოეშვა დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება ან ნებაყოფლობით გატარდა დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციაში.
სადავო საკითხზე წარმოდგენილია შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 18 თებერვლის №11840-21-14 წერილი, სადაც მითითებულია, შემდეგი:
მეწარმეს 2016 წლიდან მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი. გარდა ამისა, აქვს თონე და 2016 წლიდან სარგებლობს ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსით. მომჩივანი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას და შესაბამისად ვერ წარადგინა ინფორმაცია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთების და წარმოების პროცესში ჩამოწერილი/გახარჯული საქონლის შესახებ. შესაბამისად, შემოწმებისას გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას გამოყენებულია არაპირდაპირი მეთოდი საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კერძოდ, შეძენილი ფქვილი გაიმიჯნა თონესთვის და პურის საცხობისთვის სასაქონლო ზედნადების შესაბამისად (მითითებული აქვს „თონე"), ხოლო გადამხდელის მიერ წარმოდგენილი კალკულაციების მიხედვით განისაზღვრა წარმოებული პურის (თეთრი/რუხი) რაოდენობა (გაანგარიშებაში გათვალისწინებულია ფქვილის დანაკარგი 1.66%-ის ოდენობით და ნაშთი ინვენტარიზაციისას).
გადამხდელის განმარტებით, 2024 წლამდე მხოლოდ პური იწარმოებოდა საცხობში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოებული პურის რაოდენობაზე გავრცელდა საკონტროლო შესყიდვის ფასები, რაც თეთრი პურის შემთხვევაში შეადგენს 1 ლარს, ხოლო რუხი პურის შემთხვევაში - 0.6 ლარს. აღნიშნულის შედეგად, გაიზარდა მცირე მეწარმის დასაბეგრი შემოსავალი. დღგ-ს რეგისტრაციის თარიღიდან გაანგარიშდა წარმოებული თონის პურის რაოდენობა (განმარტების საფუძველზე, 50კგ-დან 160 ცალი თონის პური), რაც მცირე მეწარმის სტატუსის მქონე საცხობის შემოსავალთან ერთად დაიბეგრა დღგ-ით შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე. შემოწმების მიერ ჩათვლაში გათვალისწინებული იქნა გადამხდელის მიერ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით შეძენილ საქონელზე გადახდილი დღგ (სულ 47 503 ლარი). ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის გაუქმების შემდეგ მეწარმეს წარმოეშვა ვალდებულება წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარირების. შესაბამისად, თონედან მიღებული შემოსავალი დაექვემდებარა საერთო წესით დაბეგვრას. შემოწმებით განისაზღვრა 2021 და 2022 წლების ერთობლივი შემოსავალი და გამოსაქვითი ხარჯები. გამოქვითვებში არ იქნა გათვალისწინებული გაუმიჯნავი ხარჯები. მეწარმის დასაბეგრ შემოსავალში და დღგ- ით დასაბეგრ ბრუნვაში გათვალისწინებულია ასევე იჯარით გაცემული ფართიდან მიღებული შემოსავალი. ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადის სტატუსის გაუქმების შემდგომ პერიოდზე შემცირდა ბარათზე დარიცხული ფიქსირებული გადასახადი.
საჩივარში დასმულ საკითხებთან დაკავშირებით ამავე წერილში დამატებით აღნიშნულია, რომ არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული პურის რაოდენობის განსაზღვრისას გამოყენებულია გადამხდელის მიერ მოწოდებული კალკულაციები. კერძოდ, თეთრი პურის შემთხვევაში (ბატონი, ბაგეტი, ტოსტის პური) 350 გრამი ფქვილი, ხოლო რუხი პურის შემთხვევაში 200 გრამი ფქვილი. ამასთან, შემოწმებისას ფქვილის რაოდენობის განსაზღვრისთვის გამოყენებული იქნა მსგავსი ტიპის საცხობის ექსპერტიზისას დადგენილი პურის წარმოების პროცესში ფქვილის ბუნებრივი დანაკარგის ნორმა 1,66%-ის ოდენობით. გადასახადის გადამხდელს შემოწმების პროცესში არ წარმოუდგენია ინფორმაცია გაფუჭებული, ვადაგასული და ჩამოწერილი პროდუქციის შესახებ.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მომჩივანი საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, რის გამოც შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის სრულად დადგენა, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და დადგენილი ფასნამატით მართებულია. ასევე მართებულია საშემოსავლო გადასახადის ნაწილში შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
2. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 14 ნოემბრის №079-9 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, მომჩივანს შეეფარდა ჯარიმა 40 200 ლარის ოდენობით და დაეკისრა საურავი - 29 253,96 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 282-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 286-ე მუხლის მე-11 ნაწილზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
მიაჩნია, რომ მისთვის ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის გაუქმების შედეგად, ამავე ნაწილში დარიცხული ჯარიმა სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე უნდა გაუქმდეს, ეპატიოს როგორც კეთილსინდისიერ მოქალაქეს და მეწარმეს. მისი შემთხვევა არანაირად არ წარმოადგენს გადასახადისგან თავის არიდების ან დამალვის მცდელობას, ყველაფერი გაცხადებული იყო და ვერაფერი ვერ დაიმალებოდა ისედაც, ყველა ოპერაცია აღრიცხულია შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მოუწია ასეთ მდგომარეობაში ჩავარდნა არის არასაკმარისი ცოდნა ბუღალტრულ და საგადასახადო აღრიცხვაში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის;
2. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა – იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის ნაწილში სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მომჩივნის შეცდომით. იგი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, იმ რწმენით, რომ მისი ქმედება არ იყო მართლსაწინააღმდეგო. მომჩივანი არასწორად აფასებდა ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს. შესაბამისად, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივანი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, უნდა გათავისუფლდეს სადავო საგადასახადო მოთხოვნაში ასახული საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე შეფარდებული ჯარიმისგან. დაკისრებულ სხვა სანქციებთან მიმართებით, საბჭოს მომჩივნის გათავისუფლება მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მომჩივანი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, განთავისუფლდეს სადავო საგადასახადო მოთხოვნაში ასახული საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე შეფარდებული ჯარიმისგან;
3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა მომჩივნის საქმიანობის 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა №24153 ბრძანება და №079- 9 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული დარიცხვა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. რომლის №27434 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
ამასთან,მომჩივანი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, უნდა გათავისუფლდეს სადავო საგადასახადო მოთხოვნაში ასახული საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე შეფარდებული ჯარიმისგან. დაკისრებულ სხვა სანქციებთან მიმართებით, საბჭოს მომჩივნის გათავისუფლება მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5„ა“); 956(1 „დ“); 165(1); 282(1); 269(7);