გადაწყვეტილება №21242/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 18.04.2024
№ დოკუმენტი 21242/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21242/2/2023

18 აპრილი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 15.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 5.11.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21242/2/2023).

 

დავის საგანი:

1. კომპანიის მიერ განხორციელებული ოპერაციის გრძელვადიანი კონტრაქტის ფარგლებში განხორციელებულ ბარტერულ ოპერაციად დაბეგვრა;

2. შემოწმების შედეგად დადგენილი ფულის ნაშთის დანაკლისის დირექტორზე გაცემულ ხელფასად მიჩნევა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2022 წლის №006-688 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 19.10.2023 წლის №25871 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 694 909.79 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 412 815

დღგ - 68 289

მიწა - არასასოფლო - 3 146

საშემოსავლო გადასახადი - 341 380

ჯარიმა - 206 508

საურავი - 75 586.79

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა და რეალიზაცია.

აუდიტის დეპარტამენტის 25.05.2022 წლის №13140 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა კომპანიის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.03.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდების გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 28.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც სადავო საკითხებზე ირკვევა შემდეგი:

- 2016 წლის 1 სექტემბერს გაფორმებული „უძრავ ქონების ნასყიდობის, მშენებლობის განხორციელებისა და იპოთეკის შესახებ“ ხელშეკრულების მიხედვით მიწის მესაკუთრეებზე: ----------, ----------,----------, ---------- და შპს „-----------ზე ბარტერის სახით გადასაცემი იყო აშენებული სასარგებლო ფართების 20%, არანაკლებ 4 050 კვ/მ. 2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქციით საგადასახადო კოდექსის 18-ე მუხლის მე-10 ნაწილის, 161-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების და 161-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე აღნიშნულ პირთა მიერ განხორციელებული ოპერაცია შემოწმების შედეგად განხილულია გრძელვადიანი კონტრაქტის ფარგლებში განხორციელებული ბარტერული ოპერაციად და დაექვემდებარა საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 107-ე ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად დაბეგვრას. ხოლო, დასაბეგრი თანხა განისაზღვრა ფაქტიურად გაწეული ხარჯებთან შეპირისპირებით 10%-იანი ფასნამატის გათვალისწინებით. შედეგად კომპანიას დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

- შესამოწმებელ პერიოდზე განხორციელდა გადამხდელის ფულადი ნაკადების ანალიზი, კერძოდ, რეალიზაციიდან მიღებულ თანხებს გამოაკლდა შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი სასაქონლომატერიალური მარაგების და მომსახურების ღირებულება, ასევე გადახდილი ხელფასები და გადასახადები, რის შემდეგაც განისაზღვრა ფულის ნაშთი საწარმოში, რომელმაც შეადგინა 1 358 782 ლარი, ხოლო ბუღალტრული მონაცემების მიხედვით ნაშთი შეადგენს 0 ლარს. შესაბამისად, დანაკლისი შეადგენს 1 358 782 ლარს, რომელიც შემოწმების მიერ საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების მიხედვით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა კუთვნილი გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე და 291-ე მუხლებით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2022 წლის №33708 ბრძანება და ამავე თარიღის №006-688 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 15.02.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 19.10.2023 წლის №25871 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. შემოსავლების სამსახური ასევე განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი არგუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს. შესაბამისად, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმებით დამატებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

2016 წელს 1 სექტემბერს გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც დაბეგრილია დღგ-ის მიზნებისთვის. შესამოწმებელ პერიოდში მოხდა შესწავლა ფულადი ნაკადების მოძრაობის. ფულადი ნაკადების ნაშთი არ უფიქსირდება ორგანიზაციას.

არგუმენტირებულად საბუთდება, რომ ორგანიზაციას აქვს დაბეგრილი მიღებული შემოსავალი სრულად და შესაბამისად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი დარიცხვა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაცია საქონლის/მომსახურების მიმწოდებელი თითოეული მხარისათვის ითვლება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასით რეალიზაციად, ხოლო საქონლის/მომსახურების თითოეული მიმღებისათვის – საქონლის/მომსახურების იმავე საბაზრო ფასით შეძენად.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის თითოეული მხარისათვის:

ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად;

ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დრო განისაზღვრება ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება საქონლის/ მომსახურების საბაზრო ფასით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის გარეშე თუ დღგ-ის გადამხდელი დასაბეგრი ოპერაციის სანაცვლოდ იღებს ან უფლება აქვს, მიიღოს საქონელი/მომსახურება.

ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 107-ე ნაწილის შესაბამისად, 2018 წლის 1 იანვრამდე დადებული გრძელვადიანი კონტრაქტების მიმართ დღგ-ით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენება 2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი ნორმები.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად:

6. გრძელვადიანი კონტრაქტის შემთხვევაში, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობა:

ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა კალენდარული წლისათვის განისაზღვრება ფაქტობრივი შესრულების მოცულობის მიხედვით, რომელიც გაიანგარიშება გაწეული ხარჯების კონტრაქტით გათვალისწინებულ ერთობლივ ხარჯებთან შეპირისპირებით. ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯების გაწევის მომენტი განისაზღვრება ამ კოდექსის 142-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი შეზღუდვის გაუთვალისწინებლად;

ბ) დასაბეგრი ოპერაციის მომენტად ითვლება არაუგვიანეს ყოველი წლის დეკემბერი. ამასთანავე, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოიწერება და ამ კოდექსის 174-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეზღუდვის ვადა აითვლება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობის დადგომის საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით:

4. თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

9. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ:

- 2016 წლის 1 სექტემბერს გაფორმებული „უძრავ ქონების ნასყიდობის, მშენებლობის განხორციელებისა და იპოთეკის შესახებ“ ხელშეკრულების მიხედვით მიწის მესაკუთრეებზე: ----------, ----------, ----------, ---------- და შპს „----------“-ზე ბარტერის სახით გადასაცემი იყო აშენებული სასარგებლო ფართების 20%, არანაკლებ 4 050 კვ/მ. აღნიშნულ პირთა მიერ განხორციელებული ოპერაცია შემოწმების შედეგად განხილულია გრძელვადიანი კონტრაქტის ფარგლებში განხორციელებული ბარტერული ოპერაციად და დაექვემდებარა საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 107-ე ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად დაბეგვრას. ხოლო, დასაბეგრი თანხა განისაზღვრა ფაქტიურად გაწეული ხარჯებთან შეპირისპირებით 10%-იანი ფასნამატის გათვალისწინებით.

- ჩატარდა ფულადი ნაკადების ანალიზი, შედეგად განისაზღვრა ფულის ნაშთი საწარმოში, რომელმაც შეადგინა 1 358 782 ლარი, ხოლო ბუღალტრული მონაცემების მიხედვით ნაშთი შეადგენს 0 ლარს. გამოვლენილი დანაკლისი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

მომჩივანი არგუმენტებს/მტკიცებულებებს სადავო საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს, არ წარმოადგენს.

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. კომპანიის მიერ განხორციელებული ოპერაციის გრძელვადიანი კონტრაქტის ფარგლებში განხორციელებულ ბარტერულ ოპერაციად დაბეგვრა;

2. შემოწმების შედეგად დადგენილი ფულის ნაშთის დანაკლისის დირექტორზე გაცემულ ხელფასად მიჩნევა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

- 2016 წლის 1 სექტემბერს გაფორმებული „უძრავ ქონების ნასყიდობის, მშენებლობის განხორციელებისა და იპოთეკის შესახებ“ ხელშეკრულების მიხედვით მიწის მესაკუთრეებზე ბარტერის სახით გადასაცემი იყო აშენებული სასარგებლო ფართების 20%, არანაკლებ 4 050 კვ/მ. აღნიშნულ პირთა მიერ განხორციელებული ოპერაცია შემოწმების შედეგად განხილულია გრძელვადიანი კონტრაქტის ფარგლებში განხორციელებული ბარტერული ოპერაციად და დაექვემდებარა საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 107-ე ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად დაბეგვრას. ხოლო, დასაბეგრი თანხა განისაზღვრა ფაქტიურად გაწეული ხარჯებთან შეპირისპირებით 10%-იანი ფასნამატის გათვალისწინებით. - ჩატარდა ფულადი ნაკადების ანალიზი, შედეგად განისაზღვრა ფულის ნაშთი საწარმოში, რომელმაც შეადგინა 1 358 782 ლარი, ხოლო ბუღალტრული მონაცემების მიხედვით ნაშთი შეადგენს 0 ლარს. გამოვლენილი დანაკლისი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 101(1); 154(1„ა“); 275; 291

(2021 წლამდე მოქმედი): 161(6, 7„ა,ბ“)