ბრძანება N 3991
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 3991
07 მარტი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------ს“ (ს/ნ -------------)
(ფაქტ. მის.: -------------------;
იურ. მის.: ---------------------)
2025 წლის 29 იანვრის საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 20 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №15) განიხილა შპს „-------ს“ (ს/ნ -------------) 2025 წლის 29 იანვრის №93981/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 20 დეკემბრის №006-527 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადამხდელი არ ეთანხმება საწარმოს მიერ იჯარით აღებულ მიწის ნაკვეთზე ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოების (მოეწყო 20 სმ-იანი ბეტონის საფარი ღირებულებით 1 092 464 ლარი) ურთიერთდამოკიდებული პირისათვის გაწეულ მომსახურებად განხილვას და აღნიშნულის საფუძველზე დღგ-ის, მოგების და საშემოსავლო გადასახადების დარიცხვას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 12 მარტის №5386 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „-------ს“ (ს/ნ -------------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 18 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 20 დეკემბრის №26747 ბრძანება და ამავე თარიღის №006-527 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 684 685 ლარი, მათ შორის, გადასახადი 423 296 ლარი, ჯარიმა 214 084 ლარი და საურავი 47 305 ლარი.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით: შპს „-------“ გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირდა 2011 წლის 19 ოქტომბერს, საწარმოს დირექტორი და დამფუძნებელია ------ძე. კომპანიის საქმიანობის საგანს წარმოადგენს სხვადასხვა მოწყობილობების (ჰიდრომეტეოროლოგიურიმოწყობილობები, აქსესუარები) იმპორტი და რეალიზაცია. შესამოწმებელ პერიოდში - 2023 წლის 30 ივნისს, საწარმოს იჯარით აღებული აქვს ფ/პ --------საგან (შპს „-----ს“ დირექტორი/დამფუძნებლის ძმა) - 93 833 კვ.მ მიწის ფართი ------ის სოფ. ------ში. იჯარის ვადად განსაზღვრულია 20 წელი და საერთო ფასი შეადგენს 660 000 აშშ დოლარი, რაც უნდა გადაიხადოს შპს „-------მ“ გრაფიკის მიხედვით (პირველი გადახდას საწარმო დაიწყებს 2024 წლის დეკემბრის თვეში). მათი განმარტებით მიწის ნაკვეთს აქვს ხელსაყრელი მდებარეობა მომავალი სხვადასხვა პროექტებისათვის. ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთი 93 833 კვ.მ შედგება 28 საკადასტრო კოდისაგან, რომელთა სერვიტუტებზეც მეიჯარეს (ფ/პ -------ძეს) უფიქსირდება ვალდებულება შპს „------ის“ მიმართ 2021 წლის 5 ნოემბერს გაფორმებული ნასყიდობის №------- ხელშეკრულების შესაბამისად. კერძოდ, ფიზიკურმა პირმა 2021 წელს გაყიდა ასევე მის საკუთრებაში არსებული სხვა მიწები სულ 221 922 კვ.მ ფართის და აიღო იმავდროულად ვალდებულება, რომ მის საკუთრებაში დარჩენილ სხვა მიწების (93 833 კვ.მ მიწა, რაც 2023 წელის ივნისში იჯარით აიღო შპს „-----მ“) სერვიტუტებზე მოაწყობდა 20 სმ-იან ბეტონის საფარსა და ინფრასტრუქტურას ისე, რომ გაყიდული მიწა 221 922 კვ.მ დაუერთდებოდა მთავარ გზას (საჯარო რეესტრშიც ფიქსირდება ვალდებულება საკადასტრო კოდებზე და ამასთან, მიწების გაყიდვის შემთხვევაში ვალდებულება გადადიოდა მომავალ მესაკუთრეზე). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიწის ფართის (93 833 კვ.მ) იჯარით აღების შემდეგ, 2023 წლის ივნისი-ნოემბრის პერიოდში, შპს „------ს“ მიერ ქვეკონტრაქტორი კომპანიის გამოყენებით განხორციელდა ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები, კერძოდ, მიწის ნაკვეთების სერვიტუტებზე მოეწყო 20 სმ-იანი ბეტონის საფარი, რომლითაც იჯარით აღებული მიწის ნაკვეთები თანამედროვე მაღალი ხარისხის გზით დაუკავშირდა ცენტრალურ საგზაო მაგისტრალს. ბეტონის დაგების სამუშაოები შეასრულა შპს „-------მა“, მომსახურების საერთო თანხამ შეადგინა 1 092 464 ლარი. ამდენად, მიღებულ მომსახურებაზე შპს „-----მ“ მიიღო შესაბამისი ჩათვლა. შპს „-------ის“ მიერ შესრულებულ იქნა შპს „-----სთვის“ ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები 2023 წლის ნოემბრის თვეში. სწორედ ამ დროს 2023 წლის 21 ნოემბერს საჯარო რეესტრში შპს „-----ის“ მიერ მოხსნილია ვალდებულებები საკადასტრო კოდებზე, კომპანიის ურთიერთდამოკიდებული ფიზიკურ პირის ----------ძის მიმართაც. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19, 97-ე, 98-ე, 130-ე, 159-ე და 163-ე მუხლებით და აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით დაკორექტირდა გადამხდელის დეკლარირებული მონაცემები, შედეგად, აღნიშნულ პირზე მიწოდებული მომსახურების საბაზრო ფასი განისაზღვრა შპს „----ს“ მიერ შპს „-------საგან“ მიღებული მომსახურების ფასით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა დამატებით საგადასახადო ვალდებულებები დღგ-ის, მოგებისა და საშემოსავლო გადასახადის (დივიდენდის) ნაწილში. პირს, ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „თ“ ქვეპუნქტების თანახმად, განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც:
ბ) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირ საწარმოში, თუ ასეთი მონაწილეობის წილი არანაკლებ 20 პროცენტია;
თ) პირები ნათესავები არიან; ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მიზნებისათვის ფიზიკური პირის ნათესავებად ითვლებიან:
ა) ნათესავების პირველი შტო: მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა;
ბ) ნათესავების მეორე შტო: პირველი შტოს თითოეული ნათესავის მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა, გარდა იმ ფიზიკური პირისა, რომელიც უკვე მიეკუთვნა პირველ შტოს;
ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ფიზიკური პირი ითვლება წილის არაპირდაპირ მფლობელად, თუ ამ წილს ფლობს მისი ნათესავი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენოს საბაზრო ფასი შემდეგ შემთხვევებში, თუ გარიგება განხორციელდა ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ ახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასად ითვლება ფასი, რომელიც ყალიბდება საქონლის/მომსახურების ბაზარზე იდენტური (ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – მსგავსი) საქონლის/მომსახურების მოთხოვნისა და მიწოდების ურთიერთზემოქმედების შედეგად და შესაბამის ბაზარზე იმ პირებს შორის დადებული გარიგების საფუძველზე, რომლებიც ამ კოდექსის მე-19 მუხლის მიხედვით არ არიან ურთიერთდამოკიდებული პირები. ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგება მხედველობაში მიიღება მხოლოდ იმ პირობით, რომ მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ მოახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მე-4 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების განაწილებად ითვლება საწარმოს მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირთან (რომელიც მოგების გადასახადით არ იბეგრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით) განხორციელებული ოპერაცია, თუ მათ შორის დადებული გარიგების ფასი განსხვავდება მისი საბაზრო ფასისაგან და მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას ახდენს გარიგების შედეგზე. ასეთ შემთხვევაში განაწილებული მოგების ოდენობა შეადგენს გარიგების საბაზრო ფასსა და მიღებულ/მისაღებ შემოსავალს შორის სხვაობას, თუ გარიგების საბაზრო ფასი აღემატება მიღებულ/მისაღებ შემოსავალს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5 პროცენტიანი განაკვეთით.
ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი,საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადოკოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
ამავე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციის დროს დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი, დღგ-ის გარეშე, თუ, დასაბეგრი ოპერაციის ანაზღაურების თანხა დაბალია მის საბაზრო ფასზე და საქონლის/მომსახურების შემძენს ამ კოდექსის შესაბამისად, ამ ოპერაციაზე არ აქვს დღგ-ის სრულად ჩათვლის უფლება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის „რ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კარის მიზნებისთვის საბაზრო ფასი არის ფასი, რომელიც გადასახდელი იქნებოდა მომხმარებლის მიერ შესაბამის დროს ამ საქონლის ან მომსახურების შესყიდვისას იმავე დონის ბაზარზე, სადაც თავისუფალი კონკურენციისა და სუბიექტების ეკონომიკური დამოუკიდებლობის პირობებში ხორციელდება საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა და, სადაც ეს ოპერაცია იბეგრება დღგ-ით. თუ შეუძლებელია საქონლის ან მომსახურების შედარებითი ფასის დადგენა, დღგ-ის მიზნისთვის საბაზრო ფასი არის:
რ.ა) საქონლისთვის − ფასი, რომელიც არ უნდა იყოს ამ ან ანალოგიური საქონლის შესყიდვის ფასზე ნაკლები, ხოლო, თუ შესყიდვის ფასი არ არსებობს, ამ საქონლის წარმოების ღირებულება მისი მიწოდების მომენტში;
რ.ბ) მომსახურებისთვის − ფასი, რომელიც არ უნდა იყოს ნაკლები ამ მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ყველა დანახარჯის ღირებულებაზე;
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96– ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილი საჩივრით არ ეთანხმება საწარმოს მიერ ურთიერთდამოკიდებული პირის ვალდებულების შპს „-----ის” მიმართ შესრულებულად განხილვას და აღნიშნულის შესაბამისად დღგ-ის, მოგების და საშემოსავლო გადასახადების დარიცხვას. განმარტავს, რომ 2023 წელს საწარმოს მიერ განხორციელდა №06-23 იჯარის ხელშეკრულების გაფორმება სოფ. -----ში მიწის ნაკვეთების (საერთო ფართი: 93,833 კვ.მ.) იჯარასთან დაკავშირებით (დისტანცია თბილისის გაფორმების ეკონომიკური ზონიდან - გეზიდან 3 კმ). იჯარის ხელშეკრულების ვადა შეადგენს 20 წელს. კომპანიას დაგეგმილი აქვს მიწის ნაკვეთებზე შემდეგი საქმიანობის განხორციელება: სასაწყობე მეურნეობების მოწყობა, TIR პარკის მოწყობა, ტერმინალის მოწყობა, მიწის ნაკვეთების იჯარით მესამე პირებისთვის დროებით გადაცემა. აქვე აღსანიშნავია, რომ 2024 წელს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება -----ის ტერიტორიაზე ------- აეროპორტის მშენებლობასთან დაკავშირებით. იჯარით აღებული მიწის ნაკვეთები 1.5 კმ-ით არის დაშორებული ახალი აეროპორტის ტერიტორიიდან და არსებული ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე კიდევ უფრო გაზრდის ნაკვეთების განვითარების პოტენციალს ლოჯისტიკური კუთხით.
განმარტავს, რომ შპს „------სა“ და -------ძეს შორის 2021 წლის 5 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულება გულისხმობდა 20 სმ სისქის ბეტონის გზის დაგებას, თუმცა აღნიშნულ ხელშეკრულებაში არ იყო მითითებული მოთხოვნა გზის არმირებასთან, სანიაღვრე არხებისა და კიუვეტების მოწყობასთან დაკავშირებით. შპს „-----ს“ მიერ ინფრასტრუქტურის მოწყობისას განხორციელდა არმირებული ბეტონის გზის, სანიაღვრე არხებისა და კიუვეტების მოწყობა, ასევე გზის პროექტირება/მშენებლობა შესრულდა დახრილობის გათვალისწინებით, რაც დაკავშირებული იყო მნიშვნელოვან დამატებით ხარჯებთან, თუმცა აღნიშნული ღონისძიებები უზრუნველყოფს გზის საფარის შენარჩუნებას 10-15 წლის მანძილზე, რაც მნიშვნელოვანია კომპანიისათვის, რადგანაც იჯარით აღებული მიწის ნაკვეთების გამოყენება იგეგმება სასაწყობე მეურნეობების მოწყობისა და მსგავსი საქმიანობის განხორციელების მიზნით. სანიაღვრე არხებისა და კიუვეტების მოწყობა უზრუნველყოფს როგორც არმირებული ბეტონის გზის საფარის გრძელვადიანად შენარჩუნებას, ასევე დაგეგმილი სასაწყობე მეურნეობების მშენებლობის შედეგად სანიაღვრე არხებზე დაერთების შესაძლებლობას, რაც ტერიტორიის რელიეფიდან გამომდინარე ძალაზედ მნიშვნელოვანია, რათა არ მოხდეს სასაწყობე მეურნეობის ტერიტორიების დატბორვა. იმ შემთხვევაში, თუ შპს „-----ს“ მიზანი იქნებოდა ------ძის ვალდებულებების შესრულება, მაშინ კომპანია არ განახორციელებდა დამატებითი სამუშაოების შესრულებას, რომელიც არ იყო შპს „-----ის“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული და მნიშვნელოვნად შეამცირებდა საკუთარ დანახარჯებს. შპს „-----“ ინფრასტრუქტურის მოწყობის დროს მოქმედებდა მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე და ინვესტიცია განახორციელა გრძელვადიანი გეგმების შესაბამისად. შპს „-------სა“ და -----ძეს შორის 2021 წლის 5 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულება ასევე გულისხმობდა სხვა ვალდებულებების შესრულებას, როგორიცაა თბილისის შემოვლითი გზის ------- ნაკვეთთან დაერთებისათვის გზის დაგების სამუშაოებს. ამჟამინდელი მდგომარეობით აღნიშნულ მონაკვეთზე უკვე მოწყობილია 2.14 კმ. სიგრძის 7 მეტრი სიგანის ასფალტის საფარის გზა, თუმცა აღნიშნული გზის დაგების სამუშაოებში შპს „------“ მონაწილეობა არ მიუღია.
გადამხდელი ასევე აღნიშნავს, რომ შპს „-----“ და --------ეს შორის დადებულ №06-23 იჯარის ხელშეკრულებაში შეტანილ იქნა ცვლილება, რომლითაც იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების შეწყვეტა განხორციელდება მეიჯარის მიერ ხელშეკრულების 1.3 პუნქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე, მეიჯარე ვალდებულია აუნაზღაუროს მოიჯარეს აღნიშნული ტერიტორიის ინფრასტრუქტურასა და კეთილმოწყობაზე ინვესტირებული თანხის სრული ოდენობა. აღნიშნული ჩანაწერი ასევე ადასტურებს, რომ შპს „-----“ ინტერესები სრულად დაცული იქნება საიჯარო ხელშეკრულების 20 წლიანი მოქმედების ვადის განმავლობაში. შპს „------“ მიერ განხორციელებული ინვესტიცია ინფრასტრუქტურაში წარმოადგენს იჯარით აღებული ტერიტორიის პოტენციალიდან გამომდინარე გამართლებულ ხარჯს, რაც მნიშვნელოვან მოგებას მოუტანს კომპანიას შემდეგი წლების განმავლობაში.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად საწარმოს იჯარით აღებული აქვს ფ/პ --------საგან (შპს „-----“ დირექტორი/დამფუძნებლის ძმა) - 93 833 კვ.მ მიწის ფართი -----ის სოფ. ------ში. იჯარის ვადად განსაზღვრულია 20 წელი და საერთო ფასი შეადგენს 660 000 აშშ დოლარი, რაც უნდა გადაიხადოს შპს „-----“ გრაფიკის მიხედვით. აღსანიშნავია, რომ შპს „------სა“ და ------ძეს შორის 2021 წლის 5 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულება გულისხმობდა 20 სმ სისქის ბეტონის გზის დაგებას, თუმცა აღნიშნულ ხელშეკრულებაში არ იყო მითითებული მოთხოვნა გზის არმირებასთან, სანიაღვრე არხებისა და კიუვეტების მოწყობასთან დაკავშირებით. შპს „-----“ მიერ ინფრასტრუქტურის მოწყობისას განხორციელდა არმირებული ბეტონის გზის, სანიაღვრე არხებისა და კიუვეტების მოწყობა, ასევე გზის პროექტირება/მშენებლობა შესრულდა დახრილობის გათვალისწინებით, რაც დაკავშირებული იყო მნიშვნელოვან დამატებით ხარჯებთან, რადგანაც იჯარით აღებული მიწის ნაკვეთების გამოყენება იგეგმება სასაწყობე მეურნეობების მოწყობისა და მსგავსი საქმიანობის განხორციელების მიზნით.
ასევე, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის განმარტებაზე, რომ შპს „-----ა“ და -------ძეს შორის დადებულ იჯარის ხელშეკრულებაში შეტანილ იქნა ცვლილება, რომლითაც იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების შეწყვეტა განხორციელდება მეიჯარის მიერ ხელშეკრულების 1.3 პუნქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე, მეიჯარე ვალდებულია აუნაზღაუროს მოიჯარეს აღნიშნული ტერიტორიის ინფრასტრუქტურასა და კეთილმოწყობაზე ინვესტირებული თანხის სრული ოდენობა. ამასთან, გადამხდელის განმარტებით, აღნიშნული ხელშეკრულება დარეგისტრირებულია საჯარო რეესტრშიც.
ყოველივე ზემოაღნიშნულის, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, ასევე იმ გარემოებაზე მითითებით, რომ საწარმოს მიერ სამუშაოები შესრულებულია მისი ეკონომიკური საქმიანობისა და მიზნებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური იზიარებს მომჩივნის პოზიციას და აღნიშნავს, რომ შემოწმებით საწარმოს მიერ იჯარით აღებულ მიწის ნაკვეთზე ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოების (მოეწყო 20 სმ-იანი ბეტონის საფარი ღირებულებით 1 092 464 ლარი) ურთიერთდამოკიდებული პირისათვის გაწეულ მომსახურებად განხილვა დაუსაბუთებელია და აღნიშნული საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები უნდა დაუქვემდებაროს შემცირებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------ს“ (ს/ნ -------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საწარმოს მიერ იჯარით აღებულ მიწის ნაკვეთზე ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოების (მოეწყო 20 სმ-იანი ბეტონის საფარი ღირებულებით 1 092 464 ლარი) ურთიერთდამოკიდებული პირისათვის გაწეულ მომსახურებად განხილვის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას;
3. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება საწარმოს მიერ იჯარით აღებულ მიწის ნაკვეთზე ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოების ურთიერთდამოკიდებული პირისათვის გაწეულ მომსახურებად განხილვას და აღნიშნულის საფუძველზე დღგ-ის, მოგების და საშემოსავლო გადასახადების დარიცხვას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №5386 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა მომჩივანის საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №26747 ბრძანება და №006-527 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 684 685 ლარი, მათ შორის, გადასახადი 423 296 ლარი, ჯარიმა 214 084 ლარი და საურავი 47 305 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით კომპანიის საქმიანობის საგანს წარმოადგენს სხვადასხვა მოწყობილობების (ჰიდრომეტეოროლოგიურიმოწყობილობები, აქსესუარები) იმპორტი და რეალიზაცია. შესამოწმებელ პერიოდში - 2023 წლის 30 ივნისს, საწარმოს იჯარით აღებული აქვს ფ/პ-საგან (მომჩივანის დირექტორი/დამფუძნებლის ძმა) - 93 833 კვ.მ მიწის ფართი . იჯარის ვადად განსაზღვრულია 20 წელი და საერთო ფასი შეადგენს 660 000 აშშ დოლარი, რაც უნდა გადაიხადოს გადამხდელმა გრაფიკის მიხედვით (პირველი გადახდას საწარმო დაიწყებს 2024 წლის დეკემბრის თვეში). მათი განმარტებით მიწის ნაკვეთს აქვს ხელსაყრელი მდებარეობა მომავალი სხვადასხვა პროექტებისათვის.
ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთი 93 833 კვ.მ შედგება 28 საკადასტრო კოდისაგან, რომელთა სერვიტუტებზეც მეიჯარეს (ფ/პ-ს) ასევე უფიქსირდება ვალდებულება სხვა პირის მიმართ 2021 წლის 5 ნოემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისად.
კერძოდ, ფიზიკურმა პირმა 2021 წელს გაყიდა ასევე მის საკუთრებაში არსებული სხვა მიწები სულ 221 922 კვ.მ ფართის და აიღო იმავდროულად ვალდებულება, რომ მის საკუთრებაში დარჩენილ სხვა მიწების (93 833 კვ.მ მიწა, რაც 2023 წელის ივნისში იჯარით აიღო მომჩივანმა) სერვიტუტებზე მოაწყობდა 20 სმ-იან ბეტონის საფარსა და ინფრასტრუქტურას ისე, რომ გაყიდული მიწა 221 922 კვ.მ დაუერთდებოდა მთავარ გზას (საჯარო რეესტრშიც ფიქსირდება ვალდებულება საკადასტრო კოდებზე და ამასთან, მიწების გაყიდვის შემთხვევაში ვალდებულება გადადიოდა მომავალ მესაკუთრეზე). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიწის ფართის (93 833 კვ.მ) იჯარით აღების შემდეგ, 2023 წლის ივნისი-ნოემბრის პერიოდში, მომჩივანის მიერ ქვეკონტრაქტორი კომპანიის გამოყენებით განხორციელდა ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები, კერძოდ, მიწის ნაკვეთების სერვიტუტებზე მოეწყო 20 სმ-იანი ბეტონის საფარი, რომლითაც იჯარით აღებული მიწის ნაკვეთები თანამედროვე მაღალი ხარისხის გზით დაუკავშირდა ცენტრალურ საგზაო მაგისტრალს.
ბეტონის დაგების სამუშაოები შეასრულა მომჩივანის მომსახურე ქვეკონტრაქტორმა კომპანიამ, მომსახურების საერთო თანხამ შეადგინა 1 092 464 ლარი. ამდენად, მიღებულ მომსახურებაზე მომჩივანმა მიიღო შესაბამისი ჩათვლა.
მომსახურების გამწევი კომპანიის მიერ შესრულებულ იქნა მომჩივანისთვის ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები 2023 წლის ნოემბრის თვეში. სწორედ ამ დროს 2023 წლის 21 ნოემბერს საჯარო რეესტრში მოიჯარის მიერ მოხსნილია ვალდებულებები საკადასტრო კოდებზე, კომპანიის ურთიერთდამოკიდებული ფიზიკურ პირის მიმართაც.
შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19, 97-ე, 98-ე, 130-ე, 159-ე და 163-ე მუხლებით და აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით დაკორექტირდა გადამხდელის დეკლარირებული მონაცემები, შედეგად, აღნიშნულ პირზე მიწოდებული მომსახურების საბაზრო ფასი განისაზღვრა მომჩივანის მიერ მომსახურების გამწევი კომპანიისაგან მიღებული მომსახურების ფასით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა დამატებით საგადასახადო ვალდებულებები დღგ-ის, მოგებისა და საშემოსავლო გადასახადის (დივიდენდის) ნაწილში. პირს, ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
გადაწყვეტილება
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, ასევე იმ გარემოებაზე მითითებით, რომ საწარმოს მიერ სამუშაოები შესრულებულია მისი ეკონომიკური საქმიანობისა და მიზნებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური იზიარებს მომჩივნის პოზიციას და აღნიშნავს, რომ შემოწმებით საწარმოს მიერ იჯარით აღებულ მიწის ნაკვეთზე ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოების (მოეწყო 20 სმ-იანი ბეტონის საფარი ღირებულებით 1 092 464 ლარი) ურთიერთდამოკიდებული პირისათვის გაწეულ მომსახურებად განხილვა დაუსაბუთებელია და აღნიშნული საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები უნდა დაუქვემდებაროს შემცირებას.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 18(11 „ა“); 73(4); 97(1 „ა“); 981(1.4 „ა.ა“); 130(1); 154(1„ზ“); 157( „რ“); 159(1 „ა“და „ბ“); 163(1); 164(1.7 „ა“);