ურთიერთგაცვლის ოპერაციების დაბეგვრა (მოიჯარემ მეიჯარეს იჯარის თანხის სანაცვლოდ მიაწოდა სარემონტო მომსახურება) N 0708
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
ურთიერთგაცვლის ოპერაციების დაბეგვრა N 0708
ფაქტობრივი გარემოებები
· 2009 წლის იანვარში საწარმომ 10 წლის ვადით იჯარით აიღო საოფისე ფართი დღგ-ის გადამხდელი ფიზიკური პირისაგან. საიჯარო გადასახდელი შეადგენს თვეში 8 000 ლარს (დღგ-ის გარეშე). მხარეების შეთანხმებით, მოიჯარემ საიჯარო ქირის შემცირების პირობით შეასრულა 100 000 ლარის (დღგ-ის გარეშე) ღირებულების განუყოფელი გაუმჯობესება (სარემონტო სამუშაოები). შეთანხმების შესაბამისად, მოიჯარე 100 000 ლარის განაშთვამდე არ იხდის ყოველთვიურ საიჯარო ქირას
· მოიჯარემ, რომელმაც 4 თვეში დაასრულა სარემონტო სამუშაოები, მათი ღირებულება არ ასახა ერთობლივ შემოსავალში, არ დაბეგრა დღგ-ით, თუმცა სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებული ხარჯები გამოქვითა ერთობლივი შემოსავლიდან
· მეიჯარემ შემოსავლის აღიარება და დღგ-ის გადახდა დაიწყო საიჯარო გადასახდელების ფაქტობრივად მიღებიდან - მე-13 თვიდან (საანგარიშო პერიოდიდან)
შეფასება
· მოიჯარის მიერ სარემონტო სამუშაოების შესრულება მიჩნეულ უნდა იქნეს მეიჯარისათვის მომსახურების მიწოდებად
· მეიჯარისათვის ქონების განუყოფელი გაუმჯობესების ღირებულება განხილულ უნდა იქნეს მეიჯარის მიერ გაწეული მომსახურების (იჯარის) სანაცვლოდ მიღებულ მომსახურებად (გაუმჯობესებული ქონება)
· დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის დროდ და თანხად განისაზღვრება: ა) მეიჯარისათვის - მომსახურების (იჯარის) - ყოველი საანგარიშო თვე დაწყებული პირველივე თვიდან (8 000 ლარი); ბ) მოიჯარისათვის - სარემონტო სამუშაოების დასრულების მომენტი (მე-4 თვე) და შესაბამისი ღირებულება (100 000 ლარი)
· მოიჯარეს 2009 წლის ერთობლივ შემოსავალში უნდა შეეტანა 100 000 ლარი და უნდა გამოექვითა მხოლოდ 96 000 ლარი (1 წლის საიჯარო ქირის ტოლფასი თანხა)
· მეიჯარეს 2009 წელს და შემდგომი ყოველი საგადასახადო წლის ერთობლივ შემოსავალში უნდა შეეტანა 96 000 ლარი (8 000 X 12 თვე), ხოლო ერთობლივი შემოსავლიდან რემონტის ხარჯები გამოექვითა სსკ-ის 183-ე და 184-ე მუხლებით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით
ღონისძიებები
· ორივე პირს ზემოაღნიშნული შეფასების პრინციპების გათვალისწინებით, გადაუანგარიშდება მოგების/საშემოსავლო/ ქონების გადასახადითა და დღგ-ით დასაბეგრი ბაზა და დაერიცხება შესაბამისი გადასახადები
· შესაბამისი პირი დეკლარაციაში გადასახადის შემცირების შემთხვევაში, დაჯარიმდება სსკ-ის 132- მუხლის საფუძველზე