უცხოური საწარმოსაგან მიღებული დივიდენდის განაწილება N 2628
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
უცხოური საწარმოსაგან მიღებული დივიდენდის განაწილება N 2628
ფაქტობრივი გარემოებები
· საქართველოს რეზიდენტი კომპანიის - შპს „X“-ის 100%-იან წილს ფლობს ფიზიკური პირი. ამავდროულად, შპს „X“-ს საქართველოს ფარგლებს გარეთ დაფუძნებული აქვს შვილობილი კომპანია. 2017 წლის განმავლობაში შპს „X“-ს მიღებული აქვს გაუნაწილებელი მოგება სულ 300 000 ლარი, მათ შორის:
- შვილობილი კომპანიისგან დივიდენდის სახით - 200 000 ლარი;
- საქართველოში საქმიანობიდან -100 000 ლარი.
შპს „X“-მა 2018 წლის განმავლობაში გაანაწილა 2017 წელს მიღებული მოგება შემდეგი სახით: აპრილის თვეში - 150 000 ლარი; მაისის თვეში - 70 000 ლარი; ივნისის თვეში - 80 000 ლარი.
· საწარმოს აღნიშნულ ოპერაციებზე მოგების გადასახადში არ მოუხდენია საგადასახადო ანგარიშგება.
შეფასება
· სსკ-ის 981 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაწილებულ მოგებად არ ითვლება საწარმოს მიერ უცხოური საწარმოსგან (გარდა შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული პირისა) მიღებული დივიდენდის განაწილება. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით,სსკ-ის 981 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხის იდენტიფიცირებისათვის ითვლება, რომ საწარმოს მიერ დივიდენდის განაწილებისას პირველ რიგში ეს თანხა გაიცემა. სსკ-ის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5- პროცენტიანი განაკვეთით.
· ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე მოცემულ შემთხვევაში:
- აპრილის თვეში შპს „X“-ს არ წარმოეშობა მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი. ამასთან, დამფუძნებელზე განაწილებული დივიდენდი დაექვემდებარება გადახდის წყაროსთან დაბეგვრას 5%-პროცენტიანი განაკვეთით. დამფუძნებლის მიერ ხელზე ასაღები თანხა შეადგენს 142 500 ლარს (150000-(150 000*5%)).
- მაისის თვეში შპს „X“-ს წარმოეშობა მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი. დასაბეგრი თანხა შეადგენს 20 000 ლარს. საწარმოს შესაბამის საანგარიშო პერიოდში უნდა დაერიცხა და ბიუჯეტში გადაეხადა მოგების გადასახადი 3529 ლარის ოდენობით (20 000/0,85*15%). დამფუძნებელზე განაწილებული დივიდენდი დაექვემდებარება გადახდის წყაროსთან დაბეგვრას 5%-პროცენტიანი განაკვეთით. დამფუძნებლის მიერ ხელზე ასაღები თანხა შეადგენს 66 500 ლარს (70000-(70000*5%)).
- ივნისის თვეში შპს „X“-ს წარმოეშობა მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი. დასაბეგრი თანხა შეადგენს 80 000 ლარს. საწარმოს შესაბამის საანგარიშო პერიოდში უნდა დაერიცხა და ბიუჯეტში გადაეხადა მოგების გადასახადი 14 117 ლარის ოდენობით (80000/0,85*15%). სსკის 130-ე მუხლის გათვალისწინებით, დამფუძნებლის მიერ ხელზე ასაღები თანხა შეადგენს 76 000 ლარს (80000- (80000*5%)).
ღონისძიებები
· პირს დაეკისრება საგადასახადო ვალდებულებები მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებში და დეკლარაციაში თანხის შემცირებისათვის, პირს დაეკისრება ჯარიმა სსკ-ის 275-ე მუხლის შესაბამისად.
სიტუაციური სახელმძღვანელო ეხება შემთხვევას, როდესაც შპს „X“ მოგების გადასახადით იბეგრება სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით