N 28 - 03/04/2025 - „სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ბრძანებაში ცვლილება 03.04.2025
№ დოკუმენტი 28
სტატუსი მოქმედი
მიმღები არაკლასიფიცირებული

📄 სრული ტექსტი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №28

2025 წლის 3 აპრილი

ქ. თბილისი

„სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1

„სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში (სსმ, №14, 01/02/2007, 310.150.000.22.034.009.916) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 43-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. თუ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეალიზაციას ან საკუთრებაში აღრიცხვას ახორციელებენ საგადასახადო გირავნობის რეგისტრაციამდე რეგისტრირებული გირავნობის მოგირავნე კომერციული ბანკები, მიკრობანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, სადაზღვევო ორგანიზაციები, საერთაშორისო და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტები, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის განხორციელებისათვის სავალდებულო არ არის საგადასახადო ორგანოდან საგადასახადო გირავნობის გაუქმების ან რეგისტრაციის განხორციელებაზე თანხმობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.“.

მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე