საწარმოს დამოუკიდებლად მოქმედი ქვედანაყოფის მიწოდება N 11123

11123 საწარმოს დამოუკიდებლად მოქმედი ქვედანაყოფის მიწოდება 05.07.2019
№ დოკუმენტი 11123
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

საწარმოს დამოუკიდებლად მოქმედი ქვედანაყოფის მიწოდება N 11123

ფაქტობრივი გარემოებები

· დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულმა საწარმომ, რომელიც ახორციელებს სხვადასხვა საქმიანობას (გააჩნია ორი საკუთარი შენობა და ამ შენობებში ცალ-ცალკე განლაგებული, ფუნქციონირებადი ლიმონათის ჩამოსასხმელი ხაზი და საკონდიტრო საამქრო), სხვა დღგის გადამხდელ პირს ერთი სამეურნეო ოპერაციის ფარგლებში მიაწოდა ფუნქციონირებადი ბიზნესი, კერძოდ, ერთი შენობა და ამ შენობაში განთავსებული ლიმონათის ჩამოსასხმელი ხაზი. ამასთან, მიწოდებამდე:

· ვარიანტი I: რეალიზებული შენობის კედლის გარკვეული ფართი იჯარით ჰქონდა გაცემული სარეკლამო ბანერების განსათავსებლად.

· ვარიანტი II: რეალიზებული შენობის გარკვეული ფართი იჯარით ჰქონდა გაცემული სხვა პირისთვის, რომლის მიერ ამ ფართში ლიმონათის ჩამოსასხმელი ხაზისგან დამოუკიდებლად, ფუნქციონირებდა ვალუტის გადამცვლელი პუნქტი.

· ორივე ვარიანტში აღნიშნული იჯარა გაგრძელდა კანონმდებლობის შესაბამისად.

· ორივე ვარიანტში საწარმომ აღნიშნული მიწოდება მიიჩნია სსკ-ის 168(4.მ)-ე მუხლით ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებულ სამეურნეო ოპერაციად და არ დაბეგრა დღგ-ით.

შეფასება

· სსკ-ის 168(4.მ)-ე მუხლის მიხედვით: - ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებულია დღგ-ის გადამხდელის (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმის) მიერ საწარმოს ან ამ საწარმოს დამოუკიდებლად მოქმედი ქვედანაყოფის ყველა აქტივის მიწოდება ერთი ოპერაციის ფარგლებში დღგ-ის მეორე გადამხდელისათვის, -დამოუკიდებლად მოქმედ ქვედანაყოფად ითვლება ერთმანეთთან ფუნქციურად დაკავშირებული ძირითადი საშუალებებისა და თანმხლები კომუნიკაციების ერთობლიობა, რომელიც დამოუკიდებლად ფუნქციონირებს (გარდა იჯარით, ქირით და სხვა ამგვარი ფორმით გაცემული შენობანაგებობისა) და რომლის დამოუკიდებლად ფუნქციონირება და საქმიანობის სახე არ არის დამოკიდებული მესაკუთრის შეცვლაზე.

· იმის გათვალისწინებით, რომ გარიგების ფარგლებში გადაცემული ლიმონათის ჩამოსასხმელი ხაზი გადაცემის მომენტისათვის დამოუკიდებლად ფუნქციონირებადია და მისი საქმიანობა დამოუკიდებელია საწარმოს სხვა საქმიანობისგან და შესაბამისად მესაკუთრის შეცვლა არ ცვლის მისი საქმიანობის სახეს, მხოლოდ ის ფაქტი, რომ რეალიზებული საწარმოს დამოუკიდებლად მოქმედი ქვედანაყოფის შენობის გარკვეული ფართი (ორივე ვარიანტში) იჯარით ჰქონდა გაცემული, განსახილველ შემთხვევებში, არაარსებითია და ვერ იქონიებს გავლენას ოპერაციის შეფასებაზე. შესაბამისად, პირს არ უკარგავს სსკ-ის 168(4.მ)-ე მუხლით დადგენილი შეღავათით სარგებლობის საშუალებას.

ღონისძიებები

· პირის ქმედება მართლზომიერია და დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილში დამატებითი საგადასახადო ვალდებულება არ დაეკისრება.

იგულისხმება რომ გარიგებაში მონაწილე მხარეებმა მიწოდებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში წერილობით შეატყობინეს საგადასახადო ორგანოს მიწოდების შესახებ.

სიტუაციური სახელმძღვანელო ეხება ისეთ შემთხვევას, როდესაც არ არსებობს სსკ-ის 73-ე მუხლით გათვალისწინებული ოპერაციისათვის კვალიფიკაციის შეცვლის საფუძველი.

სიტუაციური სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2019 წლის 15 მაისისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით და ვრცელდება წინა პერიოდებზეც.

სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით