ბრძანება N 18624

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 31.07.2023
№ დოკუმენტი 18624
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 18624

31 ივლისი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ -------- (ს/ნ -------)

(მის.: -----------)

2023 წლის 26 იანვრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 13 ივლისის სხდომაზე (ოქმი №74) განიხილა ი/მ -------- (ს/ნ -------) 2023 წლის 26 იანვრის №78601/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 დეკემბრის №021-143 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადამხდელი არ ეთანხმება უძრავი ქონების რეალიზაციით მიღებული ერთობლივი შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული გამოსაქვითი ხარჯების ოდენობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 ივნისის №16591 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ ------- (ს/ნ ------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 ივნისამდე საანგარიშო პერიოდში უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების შესრულების სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 28 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 28 დეკემბრის №33428 ბრძანება და ამავე თარიღის №021-143 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 261 432 ლარი, მათ შორის გადასახადი 193 769 ლარი, ჯარიმა 48 442 ლარი და საურავი 19 221 ლარი.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

ი/მ ------- --------- რაიონში, აგრარული საქმიანობისთვის შეძენილი აქვს მიწის ნაკვეთები, რომლის რეალიზაციაც მოახდინა 2019-2021 წლებში, ასევე გადასახადის გადამხდელს 2019 წელს შეძენილი აქვს 3 საცხოვრებელი ბინა, რომელიც ამავე წელს რეალიზებული აქვს ფიზიკურ პირებზე. შემოწმებით ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელს მიწებისა და საცხოვრებელი ბინების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი, ასევე, გამოსაქვით ხარჯები არ აქვს დეკლარირებული შესაბამისი პერიოდში. შემოწმების მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 და 105-ე მუხლების შესაბამისად, პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში მიუთითებს, რომ 2014 წელს მხარეებს შორის გაფორმდა ხელშეკრულება 7 წლის ვადით, რომლის თანახმად გამსესხებელი იღებს ვალდებულებას 500 000 აშშ დოლარი --------დან ეტაპობრივად გამოუგზავნოს მსესხებელს ასათვისებელი თანხა, მსესხებელმა თანხა უნდა გამოიყენოს ------ აგრარული მეურნეობის მოსაწყობად, კერძოდ: ეტაპობრივად შეიძინოს მიწის ნაკვეთები, გააშენოს ვენახი და შეიძინოს ძირითადი საშუალებები, ვაზის სხვადასხვა ჯიშის ნერგები და სხვა საშუალებები, რაც დაკავშირებულია კერძო საოჯახო მეურნეობის მოწყობასთან, სესხი სარგებლიანია და შეადგენს ათვისებული თანხის 12%-ს. ხელშეკრულების მოქმედების ფარგლებში გზავნილების სახით ათვისებულმა თანხამ შეადგინა 273 600 აშშ დოლარი. გადამხდელი განმარტავს, რომ ვინაიდან საქმიანობამ არ გაამართლა, მხარეები შეთანხმდნენ, რომ გასხვისდებოდა გაშენებული მეურნეობა და სასესხო ვალდებულება დაიფარებოდა სარგებელთან ერთად, რაც გამოიხატა შემდეგში: 2021 წლის 27 სექტემბერს მსესხებლის მიერ დაბრუნებულ იქნა ძირი თანხა 389 762 ლარი, 2021 წლის 30 სექტემბერს ასევე დაფარულ იქნა ძირი თანხა 234 210 ლარი, 2021 წლის 6 ოქტომბერს ასევე დაბრუნებულ იქნა ძირი თანხა 231 346 ლარი, ხოლო 2021 წლის 7 ოქტომბერს სარგებელი - 157 420 ლარი. შემოწმების მიერ ერთობლივი შემოსავლიდან არ იქნა გამოქვითული სესხზე გადახდილი პროცენტი, იმ მიზეზით, რომ ფიზიკურ პირზე გადახდილი პროცენტები არ იყო დაბეგრილი 5%-იანი განაკვეთით გადახდის წყაროსთან. გადამხდელი მიუთითებს, რომ ვინაიდან, სესხის მიღება/დაბრუნება სარგებელთან ერთად დადასტურებულია საერთაშორისო გზავნილებით, ასევე სესხზე გადახდილი პროცენტები დაბეგრილია 5%-ით, აღნიშნული სესხი უნდა ჩაითვალოს ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებულად, ხოლო სარგებელი აღიარდეს ხარჯად. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელს საჩივარზე დართული აქვს სესხის მიღება/დაფარვასთან დაკავშირებული გარკვეული დოკუმენტაცია. მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის ოდენობის განსაზღვრა საჭიროებს დამატებით შესწავლას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ხოლო, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მ.შ საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ი/მ ------- (ს/ნ ---------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მ.შ საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება უძრავი ქონების რეალიზაციით მიღებული ერთობლივი შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული გამოსაქვითი ხარჯების ოდენობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანს აგრარული საქმიანობისთვის შეძენილი აქვს მიწის ნაკვეთები, რომლის რეალიზაციაც მოახდინა 2019-2021 წლებში, ასევე გადასახადის გადამხდელს 2019 წელს შეძენილი აქვს 3 საცხოვრებელი ბინა, რომელიც ამავე წელს რეალიზებული აქვს ფიზიკურ პირებზე. შემოწმებით ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელს მიწებისა და საცხოვრებელი ბინების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი, ასევე, გამოსაქვით ხარჯები არ აქვს დეკლარირებული შესაბამისი პერიოდში. შემოწმების მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 და 105-ე მუხლების შესაბამისად, პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ხოლო, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მ.შ საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136(3), 43(4), 80(1), 100, 105(1).