აქტივის მიწოდება, რომლის მიხედვით გადახდილი დღგ არ იყო ჩათვლილი N 1195

1195 აქტივის მიწოდება, რომლის მიხედვით გადახდილი დღგ არ იყო ჩათვლილი 30.12.2015
№ დოკუმენტი 1195
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

აქტივის მიწოდება, რომლის მიხედვით გადახდილი დღგ არ იყო ჩათვლილი N 1195

ფაქტობრივი გარემოებები

· დღგ-ის გადამხდელმა საწარმომ 2012 წლის მარტში შეიძინა შენობა და დაიწყო მისი გამოყენება ერთდროულად ჩათვლის უფლების მქონე და ჩათვლის უფლების გარეშე ისეთ ოპერაციებში, რომელთა გამიჯვნა შეუძლებელია. შენობის შეძენისას გადახდილი დღგ 10 000 ლარი ვერ ჩაითვალა შეძენის საანგარიშო პერიოდში (თვეში) წინა საგადასახადო წლის დასაბეგრი და გათავისუფლებული ბრუნვების პროპორციიდან გამომდინარე

· წლის განმავლობაში საერთო ბრუნვაში ჩათვლის უფლების მქონე დასაბეგრი ოპერაციების ხვედრითი წონიდან გამომდინარე, ყოველწლიურად ჩასათვლელი 1000 ლარიდან (10 000/10) ვერ ჩაითვალა: 2012 წელს - 100 ლარი, 2013 წელს - 500 ლარი, 2014 წელს - 700 ლარი (სულ 1300 ლარი).

· ვარიანტი I აღნიშნული შენობა საწარმომ გაყიდა 2015 წელს შეძენის ფასად და რეალიზაციის საანგარიშო პერიოდის დეკლარაციაში დასაბეგრ ოპერაციაზე დასარიცხი დღგ-ის თანხა შეამცირა ჩასათვლელი დღგ-ის (7000 ლარი) და 2012-2014 წლებში გაუქმებული დღგ-ის (1300 ლარი) თანხების ჯამით, სულ 8300 ლარით.

· ვარიანტი II აღნიშნული შენობა საწარმომ შეიტანა სხვა საწარმოს კაპიტალში 2015 წელს. კაპიტალში შეტანის საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციით განახორციელა 7000 ლარის ჩათვლა.

შეფასება

· სსკ-ის 174-ე მუხლის 91 ნაწილის შესაბამისად, პირს უფლება აქვს, იმ ძირითადი საშუალების მიწოდებისას, რომლის მიხედვითაც ამ მუხლის მე7−მე-9 ნაწილების გათვალისწინებით არ მიუღია ან/და გაუუქმდა დღგ-ის ჩათვლა, დასაბეგრ ოპერაციაზე დასარიცხი დღგ-ის თანხა შეამციროს ამ ძირითადი საშუალების მიხედვით მიუღებელი ან/და გაუქმებული დღგ-ის ჩათვლის თანხის ოდენობით, შესაბამისი დოკუმენტის ან/და საფუძვლის არსებობისას.

· I ვარიანტში: საწარმოს უფლება აქვს გამოიყენოს სსკის 174-ე მუხლის 91 ნაწილით მინიჭებული უფლება და შენობის რეალიზაციის საანგარიშო პერიოდში დასაბეგრ ოპერაციაზე დარიცხული დღგ-ის თანხა შეამციროს ამ აქტივის მიხედვით მიუღებელი და გაუქმებული დღგ-ის თანხებით - 8300 ლარით. ამასთან, 2012-2014 წლებში გაუქმებული ჩათვლების თანხით (1300 ლარი) შემცირდება 2015 წლის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი თანხა.

· II ვარიანტში: იმის გათვალისწინებით, რომ სსკ-ის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ო“ ქვეპუნქტის მიხედვით, აქტივების მიწოდება შესატანის სახით საწარმოს კაპიტალში გათავისუფლებულია დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით, საწარმოს უფლება აქვს ჩაითვალოს ამ აქტივის მიხედვით დარჩენილი 7 წლის პროპორციულად ჩასათვლელი დღგ-ის თანხა - 7000 ლარი.

ღონისძიებები

· I ვარიანტში: დღგ-ის გაუქმებული ჩათვლების თანხით (1300 ლარი) დაკორექტირდება 2015 წლის დასაბეგრი მოგება. დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირების შემთხვევაში, პირი დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმით.

· II ვარიანტში: პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება და დამატებითი საგადასახადო ვალდებულების დაკისრება არ ხდება.

სიტუაციური სახელმძღვანელო შემუშავებულია 2015 წლისათვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით

სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით