გადაწყვეტილება №22295/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 27.05.2024
№ დოკუმენტი 22295/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22295/2/2024

27 მაისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 25.04.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ს 19.02.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22295/2/2024).

 

დავის საგანი:

განკარგვადი თანხის სალაროზე პასუხისმგებელ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 8.12.2023 წლის №002-278 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 30.01.2024 წლის №1456 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

53 469,94 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 34 508

ჯარიმა - 17 254

საურავი - 1 707,94

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

კომპანიის საქმიანობაა ნავთობპროდუქტების, კერძოდ ბიტუმის შეძენა-რეალიზაცია. აუდიტის დეპარტამენტის 5.12.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 6.12.2019 წლიდან 1.09.2023 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით: კომპანია რეგისტრირებულია 6.12.2019 წელს. სარეალიზაციოდ განკუთვნილი ნავთობის ბიტუმი იმპორტირებული აქვს ---დან 22.01.2020 წელს და 4.02.2020 წელს, სულ 84 430 კგ. 69 853 ლარის ღირებულების, ასევე, შეძენილი აქვს ბიტუმი ადგილობრივ ბაზარზე ---გან (ს/ნ ---) 666 010 კგ. 802 090 ლარის და შპს ---გან (ს/ნ ----) 44 200 კგ. 47 513 ლარის ღირებულების.

შესამოწმებელ პერიოდში 6.12.2019 წლიდან 1.09.2023 წლამდე სულ შეძენილი აქვს 919 457 ლარის ბიტუმი. ბიტუმის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი შეადგენს 983 440 ლარს. რეალიზაცია განხორციელებული აქვს ადგილობრივ ბაზარზე 2020 წლის საანგარიშო პერიოდში. 2021 წლიდან შეძენარეალიზაცია არ განუხორციელებია. საწარმოს არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებების დადგენა განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. გადასახადის გადამხდელს პარტნიორზე არ აქვს გაცემული დივიდენდი. შემოწმებით გაანგარიშებული იქნა ნაღდი ფულის მოძრაობა, არაპირდაპირი მეთოდით შემოსავლები ჩაითვალა მიღებულად, ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი გადახდილად. გათვალისწინებული იქნა დებიტორულ-კრედიტორული ნაშთები (საწარმოს დებიტორული დავალიანება არ გააჩნია. ჰყავს ერთი კრედიტორი შპს ---, რომლის მიმართ კრედიტორული დავალიანება შეადგენს 84 209 ლარს (2020 წლის აგვისტოს ჩათვლით შპს ---ის დირექტორი --- იყო შპს ----ს დაქირავებული თანამშრომელი). 6.10.2023 წლის მდგომარეობით, საწარმოში ჩატარებულია სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ გადამხდელს სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი არ გააჩნია. ვინაიდან საწარმოს არ აქვს იმპორტირებულ საქონელზე თანხის გადახდის სრულყოფილი დოკუმენტი, შემოწმების ჯგუფის მიერ საწარმოს საქონლის შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №8) შესაბამისად - იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებელისთვის საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი თანხის 75% ჩაითვალა ანაზღაურებულად.

ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლის შედეგად, განკარგვადი თანხა 138 034 ლარის ოდენობით (172 543 ლარი აგროსილი), მიჩნეულ იქნა სალაროზე პასუხისმგებელ პირზე, კომპანიის დირექტორზე ---ზე გაცემულ ხელფასად. საგადასახადო კოდექსის 73-ე, 154-ე და 101-ე მუხლების თანახმად, აღნიშნული განაცემი, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. შედეგად, საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 8.12.2023 წლის №002-278 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 30.01.2024 წლის №1456 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 105-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე. შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ ნაღდი ფულის მოძრაობის შედეგად, დებიტორულკრედიტორული ნაშთების გათვალისწინებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაანგარიშდა განკარგვადი თანხა, კერძოდ, შემოსავლები ჩაითვალა მიღებულად, ხოლო ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი გადახდილად. იმის გათვალისწინებით, რომ საწარმოს არ აქვს იმპორტირებულ საქონელზე თანხის გადახდის სრულყოფილი დოკუმენტი, შემოწმების მიერ საწარმოს იმპორტირებული საქონლის შეძენის ხარჯად ჩაითვალა, შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №8) შესაბამისად, საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი თანხის 75%. შედეგად, განსაზღვრული განკარგვადი თანხა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც ირკვევა, რომ საწარმოს დებიტორული დავალიანების დადგენის მიზნით, შემოწმების პროცესში, საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად, გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია მესამე პირებიდან. შპს ---ს (ს/ნ ---) მიერ არ იქნა წარმოდგენილი მოთხოვილი ინფორმაცია. ამასთან, ჩატარებულია შპს ---ის საგადასახადო შემოწმება (24.01.2018 წლიდან 1.03.2021 წლამდე პერიოდზე), შპს ---ის მიერ შემოწმებისათვის წარდგენილი ბუღალტრული პროგრამა ორისის ბარათის ამონაწერის მიხედვით, შპს ---ს შპს ---გან შეძენილი ბიტუმის ღირებულება გადახდილი აქვს ნაღდი ანგარიშსწორებით და შპს ---ს შპს ---ის მიმართ დავალიანება არ ერიცხება. ამასთან, შპს ---ის შემოწმების პროცესში ურთიერთშედარების აქტი არ წარმოუდგენია. გადასახადის გადამხდელს შემოწმებისათვის არ აქვს წარმოდგენილი იმპორტირებულ ბიტუმზე თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მართლზომიერად მიაჩნია შემოწმების მიერ განსაზღვრული განკარგვადი თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საგადასახადო შემოწმების აქტის შედგენისას აუდიტორმა იხელმძღვანელა გადამხდელისგან მიწოდებული ინფორმაციით, კერძოდ საბანკო ამონაწერებით და სხვა სააღრიცხვო დოკუმენტაციით, მათ შორის დებიტორების და კრედიტორების ჩამონათვალით, თუმცა აღსანიშნავია, რომ აუდიტორმა საწარმოს კრედიტორული ნაშთი აღიარა დავალიანებად, ხოლო დებიტორული ნაშთი (დებიტორული დავალიანება საწარმოს მიმართ აქვს შპს ---ის ს/ნ ---), რომელიც შეადგენს 105 046,63 ლარს, მიიჩნია მიღებულ შემოსავლად და აღრიცხა ნაღდი ფულის მიმოქცევის უწყისში, ჩათვალა დირექტორის მიმართ გაცემულ თანხად და დაბეგრა საშემოსავლო გადასახადით. ამავდროულად შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოზე აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან არგუმენტად იქნა მოყვანილი, რომ ჩატარებულია შპს ---ის საგადასახადო შემოწმება (24.01.2018 წლიდან 1.03.2021 წლამდე პერიოდზე), შპს ---ის მიერ შემოწმებისათვის წარდგენილი ბუღალტრული პროგრამა ორისის ბარათის ამონაწერის მიხედვით, შპს ---ს შპს ---ისგან შეძენილი ბიტუმის ღირებულება გადახდილი აქვს ნაღდი ანგარიშსწორებით და შპს ---ს შპს ---ის მიმართ დავალიანება არ ერიცხება. აუდიტის დეპარტამენტმა არ იხელმძღვანელა პირველადი დოკუმენტით, დაეყრდნო მხოლოდ წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამა ორისიდან ამოღებულ ანგარიშის ბარათს. პირველადი დოკუმენტი ფაქტობრივად არ არსებობს, რადგან შპს ---ის არც ნაღდი და არც უნაღდო ანგარიშსწორებით დებიტორისგან ფული არ მიუღია. მიუხედავად მოცულობითი დავალიანებას შპს ---ის, არც დამფუძნებელს და არც დირექტორს სასამართლო დავა არ დაუწყია რამდენიმე გარემოების გამო:

1. შპს ---ის არ გააჩნია არანაირი მატერიალური ფასეულობის მქონე ფინანსური აქტივი და სასამართლო დავის წამოწყება კიდევ უფრო ფინანსურად დააზარალებდა ორგანიზაციას (სასამართლო ბაჟი, იურისტის მომსახურება).

2. შპს ---ის სახელით, რომლის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია ---- შპს ---თან ურთიერთობას აწარმოებდა მისი მეუღლე ორგანიზაციის რეალური მმართველი ----, რომელიც ამჟამად ეკონომიური დანაშაულის გამო დაკავებულია. ხოლო ქალბატონი ---ის განმარტებით აღნიშნულ საქმესთან მას არანაირი ინფორმაცია და შეხება არ გააჩნია, საქმიანობას აწარმოებდა მისი სახელით მისი მეუღლე ----. შპს --- ნედლეულს შეიძენდა როგორც ადგილობრივ ბაზარზე ასევე იმპორტით, კერძოდ ----დან. ---ში მოქმედი სანქციებიდან გამომდინარე საბანკო გადარიცხვები შეზღუდულია, შეძენა ხდებოდა ნაღდი ანგარიშსწორებით.

ადგილობრივ ბაზარზე შეძენა დასტურდება საგადასახადო სპეციალურ ანგარიშ ფაქტურების გამოწერით, ხოლო რაც შეეხება იმპორტს, აღნიშნულის დასადასტურებლად გადამხდელმა აუდიტორს მიაწოდა ადგილზე შეძენის ინვოისები და ---ს მხარის მიერ ხელმოწერილი შემოსავლის ორდერები. მიუხედავად აღნიშნულისა, აუდიტორმა არ ჩათვალა ხარჯი დადასტურებულად, მაგრამ ვინაიდან ფაქტობრივად მომხდარი დანახარჯი იყო შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით (№22708) დამტკიცებული მეთოდური მითითების მიხედვით, გაწეულ ხარჯად აღიარა საინვოისო ღირებულების 75%.

----დან პროდუქციის იმპორტი განხორციელდა 2020 წლის იანვრის და თებერვლის თვეებში, მხოლოდ ამის შემდგომ ხდება ნედლეულის ადგილობრივ ბაზარზე შეძენა. იმპორტის განსახორციელებელი თანხა დამფუძნებელმა საწარმოში შეიტანა საკუთარი კაპიტალის დანიშნულებით (თანხა საბანკო ტრანზაქციებში არ მონაწილეობს). საგადახადო შემოწმების პერიოდში აუდიტორის მიერ შედგენილი სამუშაო დოკუმენტაცია, რის საფუძველზეც მოხდა საბოლოო საგადასახადო შემოწმების აქტის შედგენა, საწარმოს დირექტორისთვის და არც სხვა პასუხისმგებელი პირისთვის არ არის ცნობილი.

ზემოთხსენებული ფაქტებიდან გამომდინარე მოხდა, არსებულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით ნაღდი ფულის მიმოქცევის ახალი უწყისის შედგენა, რის მიხედვითაც ორგანიზაციას ნაღდი ფულის ნაშთი არ რჩება. ვინაიდან არ არის აუდიტის დეპარტამენტის მიერ გადასახადის დაანგარიშების დოკუმენტი (რომელიც ასევე იყო მოთხოვნილი შემოსავლების სამსახურის დავების საბჭოზეც), წარმოდგენილია ნაღდი ფულის მოძრაობის უწყისი დანართის სახით. წარმოდგენილ მსჯელობაზე დაყრდნობით, ახლად შედგენილ ნაღდი ფულის მიმოქცევის უწყისში დარჩენილი ფულის ნულოვანი ნაშთიდან გამომდინარეობს, რომ საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა არ არსებობს და სრულად უნდა შემცირდეს დარიცხული გადასახადი 34 508 ლარი, მასზედ დარიცხული ჯარიმა 17 254 ლარი და მიმდინარე საურავი 1 707,94 ლარი, სულ 53 469,94 ლარის ოდენობით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო: საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

მომჩივნის წარმომადგენლმა საბჭოს სხდომაზე დამატებით მიუთითა, რომ კომპანიის მიერ აუდიტის დეპარტამენტისთვის წარდგენილია ინვოისიც და ---კომპანიების მიერ გაცემული სალაროს შემოსავლის ორდერიც და ამ მოცემულობის პირობებში საქონლის ღირებულების 75%-ის მიჩნევა ანაზღაურებულად ალოგიკურია. საქონლის ფასი არის იმ პერიოდისთვის საქონლის საბაზრო ფასის შესაბამისი.

დადგენილია, რომ შემოწმების შედეგად, ვინაიდან საწარმოს არ აქვს იმპორტირებულ საქონელზე თანხის გადახდის სრულყოფილი დოკუმენტი, შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის 5 №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №8) შესაბამისად, იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებელისთვის საინვოისო ღირებულების 75% ჩაითვალა ანაზღაურებულად. განკარგვადი თანხა (აგროსილი), მიჩნეულ იქნა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად. აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, ინვოისი გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილია, ასევე არსებობს საბაჟო დეკლარაციები, თუმცა თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი შემოწმებისთვის წარდგენილი არ ყოფილა. დირექტორმა განმარტა, რომ თანხა გაატანა ფიზიკურ პირს (მძღოლს), რომელმაც სატრანსპორტო მომსახურება გაუწია კომპანიას. აღნიშნულ პირთან დაკავშირებისას მან განმარტა, რომ მხოლოდ და მხოლოდ შეასრულა ბიტუმის გადაზიდვის მომსახურება.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ იმპორტირებული ბიტუმის ფასები საეჭვოდ არ იქნა მიჩნეული. საბჭო აღნიშნავს, რომ მომჩივნის მიერ იმპორტირებული საქონელი წარმოადგენს ერთგვაროვან საქონელს და განეკუთვნება ნავთობპროდუქტებს, მომჩივანს საქონელი მიღებული აქვს შესაბამისი ინვოისით, ხოლო საქონლის საინვოისო ღირებულება შემოწმების შედეგად არ დაკორექტირებულა. ამასთან, ღირებულება გადახდილად მიჩნეულია, თუმცა, ვინაიდან თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი შემოწმებისთვის წარდგენილი არ ყოფილა, გათვალისწინებულია საინვოისო ღირებულების 75%. ამასთან, არსებობს საქონლის შეძენის/იმპორტის დოკუმენტები.

სადავო შემთხვევაში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, სადავო საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, შესწავლას საჭიროებს მსგავსი საქონლის იმპორტის გზით შეძენის შემთხვევებში დაფიქსირებული საქონლის ფასი და იმ შემთხვევაში, თუ არ დადასტურდება მომჩივნის მიერ იმპორტირებულ საქონელზე დაფიქსირებული ფასის არაგონივრული/არსებითი ოდენობით სხვაობები, გამოყენებული უნდა იქნას მსგავსი საქონლის შეძენის ფასები ხოლო, იმ შემთხვევაში თუ დაფიქსირდება საქონლის ფასის/გადახდილი თანხის მომჩივნის მიერ ხელოვნურად/არსებითად გაზრდის ფაქტი, უცვლელად დარჩეს აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოყენებული მეთოდით განსაზღვრული ანაზღაურებულად ჩათვლილი თანხის მოცულობა.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 30.01.2024 წლის №1456 ბრძანება;

3. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს სადავო საკითხი შეისწავლოს ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

განკარგვადი თანხის სალაროზე პასუხისმგებელ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებების დადგენა განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. გადასახადის გადამხდელს პარტნიორზე არ აქვს გაცემული დივიდენდი. შემოწმებით გაანგარიშებული იქნა ნაღდი ფულის მოძრაობა, არაპირდაპირი მეთოდით შემოსავლები ჩაითვალა მიღებულად, ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი გადახდილად. გათვალისწინებული იქნა დებიტორულ-კრედიტორული ნაშთები. 6.10.2023 წლის მდგომარეობით, საწარმოში ჩატარებულია სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ გადამხდელს სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი არ გააჩნია. ვინაიდან საწარმოს არ აქვს იმპორტირებულ საქონელზე თანხის გადახდის სრულყოფილი დოკუმენტი, შემოწმების ჯგუფის მიერ საწარმოს საქონლის შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №8) შესაბამისად - იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებელისთვის საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი თანხის 75% ჩაითვალა ანაზღაურებულად.

ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლის შედეგად, განკარგვადი თანხა 138 034 ლარის ოდენობით (172 543 ლარი აგროსილი), მიჩნეულ იქნა სალაროზე პასუხისმგებელ პირზე, კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

საგადასახადო კოდექსის 73-ე, 154-ე და 101-ე მუხლების თანახმად, აღნიშნული განაცემი, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. შედეგად, საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 8.12.2023 წლის №002-278 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 30.01.2024 წლის №1456 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73; 101; 154.