ნაპატიები თანხების გაცემის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა N 2416
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
ნაპატიები თანხების გაცემის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა N 2416
ფაქტობრივი გარემოებები
· საწარმომ 2011 წელს გასცა სესხი გადასახადის მოწმობის არმქონე არადაქირავებულ ფიზიკურ პირებზე სარგებლით. ცალკეულ შემთხვევებში, მსესხებელი ფიზიკური პირის ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, საწარმომ პატიების ხელშეკრულების/შეთანხმების საფუძველზე, მსესხებელ ფიზიკურ პირს უსასყიდლოდ აპატია სესხის ძირითადი თანხის ნაწილი ან/და სესხზე დარიცხული სარგებლის თანხა (ან მისი ნაწილი), აგრეთვე სესხის ძირითადი თანხისა და მასზე დარიცხული სარგებლის გადაუხდელობისათვის დარიცხული ჯარიმის/პირგასამტეხლოს თანხა (ან მისი ნაწილი).
· ვარიანტი I: საწარმომ ფიზიკური პირისათვის ნაპატიები თანხა არ დაბეგრა გაცემის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით (არ შეასრულა საგადასახადო აგენტის ფუნქცია).
· ვარიანტი II: საწარმომ საკუთარი ხარჯებით, ნაპატიები სესხის ძირითად თანხაზე შეასრულა საგადასახადო აგენტის ფუნქცია და გადაიხადა საშემოსავლო გადასახადი.
შეფასება
· საწარმოს მიერ ფიზიკური პირისათვის სესხის ძირითადი თანხის პატიება განიხილება ქონების უსასყიდლოდ მიწოდებად.
· I ვარიანტში სსკ-ის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის "მ" ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო აგენტის ვალდებულება ეკისრება პირს, რომელიც უსასყიდლოდ გადასცემს ქონებას ფიზიკურ პირს, რომელსაც არ აქვს გადასახადის გადამხდელის მოწმობა.
· I ვარიანტში ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საწარმო ვალდებული იყო ფიზიკური პირისათვის ნაპატიები ძირითადი თანხის მიხედვით მოეხდინა საშემოსავლო გადასახადის წყაროსთან დაკავება სესხის პატიების საანგარიშო პერიოდში.
· II ვარიანტში საწარმოს ქმედება მართლზომიერია
ღონისძიებები
· I ვარიანტში საწარმოს დაერიცხება კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი სესხის პატიების საანგარიშო პერიოდის მიხედვით
· I ვარიანტში დეკლარაციის წარუდგენლობისათვის საწარმო დაჯარიმდება სსკ-ის 274-ე მუხლის ან გადასახადის შემცირებისათვის სსკ-ის 275-ე მუხლის შესაბამისად
· II ვარიანტში პირის მიმართ საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება და დამატებითი ვალდებულების დაკისრება არ ხდება
იგულისხმება, რომ საწარმომ გაზარდა ერთობლივი შემოსავალი უსასყიდლოდ გაცემული ქონების - სესხზე დარიცხული სარგებლის თანხა (ან მისი ნაწილი), სესხის ძირითადი თანხისა და მასზე დარიცხული სარგებლის გადაუხდელობისათვის დარიცხული ჯარიმის/პირგასამტეხლოს თანხით.
სახელმძღვანელო შემუშავებულია 2011 წლის 24 ივნისისათვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით და ვრცელდება 2011 წლიდან საგადასახადო პერიოდებზე