N 440 - 04/09/2019 - „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლიცენზიისა და ნებართვების გაცემის წესისა და დამატებითი სანებართვო პირობების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 სექტემბრის №162 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მთავრობის დადგენილებაში ცვლილება 04.09.2019
№ დოკუმენტი 440
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს მთავრობა

📄 სრული ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №440

2019 წლის 4 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლიცენზიისა და ნებართვების გაცემის წესისა და დამატებითი სანებართვო

პირობების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 სექტემბრის №162 დადგენილებაში ცვლილების

შეტანის თაობაზე

მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლიცენზიისა და ნებართვების გაცემის წესისა და დამატებითი სანებართვო პირობების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 სექტემბრის №162 დადგენილებაში (სსმ III, №113, 27/09/2005) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-7 მუხლის:

1. მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ნებართვის მაძიებლის მოთხოვნით ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ნებართვაში „გადაადგილების მარშრუტის“ გრაფაში შეიძლება მიეთითოს რეგისტრაციის ვადის დადგომამდე საქართველოში შემოტანილი სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან გაზის (აირის) იარაღის ან/და მისი/მათი ძირითადი ელემენტების დროებითი შენახვის ადგილი, რაც უფლებას აძლევს ნებართვის მფლობელს, საბაჟო პროცედურის განხორციელების შემდეგ ორი კალენდარული დღის ვადაში, აღნიშნული ნებართვის საფუძველზე, გადაიტანოს საქართველოში შემოტანილი სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღი, მისი/მათი ძირითადი ელემენტები ან/და საბრძოლო მასალა დროებითი შენახვის ადგილზე.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ნებართვის საფუძველზე შემოტანილი სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღი, მისი/მათი ძირითადი ელემენტები საჭიროებს სააგენტოში რეგისტრაციას საქართველოში შემოტანიდან 10 სამუშაო დღის ვადაში (აღნიშნულ ვადაში არ ჩაითვლება შესაბამისი საბაჟო პროცედურის განხორციელების დრო).“.

2. მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. შესაბამისი პროფილის სპორტულ დაწესებულებას უფლება აქვს, ამ მუხლის მე-12 პუნქტით განსაზღვრული ნებართვის საფუძველზე, სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის უკან საქართველოში შემოტანისა და შესაბამისი საბაჟო პროცედურის განხორციელების შემდეგ, ორი სამუშაო დღის განმავლობაში გადაიტანოს იარაღი მუდმივი შენახვის ადგილზე.“.

 

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 1 სექტემბრიდან.

 

პირველი ვიცე-პრემიერი გიორგი გახარია

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე