ტექნიკური რეგლამენტების − „სურსათის ჰიგიენის ზოგადი წესისა“ და „სურსათის ჰიგიენის გამარტივებული წესის“ დამტკიცების თაობაზე

მთავრობის დადგენილება 25.06.2010
№ დოკუმენტი 173
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს მთავრობა

📄 სრული ტექსტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №173

2010 წლის 25 ივნისი

ქ . თბილისი

ტექნიკური რეგლამენტების − „სურსათის ჰიგიენის ზოგადი წესისა“ და „სურსათის

ჰიგიენის გამარტივებული წესის“ დამტკიცების თაობაზე

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 16 ოქტომბრის დადგენილება №534 - ვებგვერდი, 19.10.2015წ.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 13 მარტის დადგენილება №170 – ვებგვერდი, 16.03.2020წ.

მუხლი 1. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის საფუძველზე, დამტკიცდეს:

ა) ტექნიკური რეგლამენტი − „სურსათის ჰიგიენის ზოგადი წესი“ (დანართი №1);

ბ) ტექნიკური რეგლამენტი − „სურსათის ჰიგიენის გამარტივებული წესი“ (დანართი №2).

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 16 ოქტომბრის დადგენილება №534 - ვებგვერდი, 19.10.2015წ.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 13 მარტის დადგენილება №170 – ვებგვერდი, 16.03.2020წ.

მუხლი 2. (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 ივნისის დადგენილება №239 - ვებგვერდი, 16.06.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 16 ოქტომბრის დადგენილება №534 - ვებგვერდი, 19.10.2015წ.

მუხლი 3. ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის − „სურსათის ჰიგიენის ზოგადი წესის“ (დანართი №1) პირველი მუხლის 31 პუნქტით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილების მიზნით, სურსათის უვნებლობის პროცედურები საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემა დანერგილი უნდა ჰქონდეს:

ა) ბიზნესოპერატორს, რომელიც ახორციელებს ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებას ან/და გადამუშავებას (გარდა იმ ბიზნესოპერატორისა, რომელიც ახორციელებს ცხოველის დაკვლას ან/და ნედლი რძის თერმულ დამუშავებას) – 2021 წლის პირველ იანვრამდე;

ბ) ბიზნესოპერატორს, რომელიც საცალო ვაჭრობის პუნქტში ახორციელებს სურსათის წარმოებას/გადამუშავებას – 2021 წლის პირველ ივნისამდე;

გ) ყველა სხვა ბიზნესოპერატორს (გარდა იმ ბიზნესოპერატორისა, რომელიც ახორციელებს ექსპორტისთვის განკუთვნილი თხილის გულისა და გადამუშავებული თხილის გულის დამზადებას) – 2023 წლის პირველ ივნისამდე.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 ივნისის დადგენილება №239 - ვებგვერდი, 16.06.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 16 ოქტომბრის დადგენილება №534 - ვებგვერდი, 19.10.2015წ.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №409 - ვებგვერდი, 29.08.2019წ.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 13 მარტის დადგენილება №170 – ვებგვერდი, 16.03.2020წ.

საქართველოს მთავრობის 2022 წლის 18 ნოემბრის დადგენილება №528 – ვებგვერდი, 18.11.2022წ.

მუხლი 4. დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს :

1. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 მარტის №52 დადგენილება „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სურსათის უვნებლობის , ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის ზედამხედველობის , მონიტორინგისა და კონტროლის სფეროების განსაზღვრის შესახებ “.

2. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 7 აგვისტოს №2-147 ბრძანება „ნიმუშის აღების წესის დამტკიცების შესახებ “.

3. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 7 აგვისტოს №2-145 ბრძანება „უფლებამოსილი მოხელის მიერ უფლებამოსილების განხორციელების წესებისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ “.

4. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 7 აგვისტოს №2-153 ბრძანება ,,ინსპექტირების განხორციელების წესებისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ “.

 

მუხლი 5. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .

 

პრემიერ -მინისტრი ნ . გილაური

 

დანართი №1

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 16 ოქტომბრის დადგენილება №534 - ვებგვერდი, 19.10.2015წ.

 

ტექნიკური რეგლამენტი − სურსათის ჰიგიენის ზოგადი წესი

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 13 მარტის დადგენილება №170 – ვებგვერდი, 16.03.2020წ.

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს წესი ადგენს ზოგად ჰიგიენურ მოთხოვნებს სურსათის მიმართ და ვრცელდება სურსათის წარმოების, მათ შორის, პირველადი წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ყველა ეტაპზე.

2. ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები სავალდებულოა ბიზნესოპერატორებისათვის (შემდგომში − ბიზნესოპერატორი), რომლებიც ახორციელებენ სურსათის წარმოებას, მათ შორის, პირველად წარმოებას, გადამუშავებას ან/და დისტრიბუციას.

3. შესაძლებელია, ბიზნესოპერატორის მიერ, რომელიც ახორციელებს სურსათის წარმოებას, მათ შორის, პირველად წარმოებას, გადამუშავებას, დისტრიბუციას, გამოყენებულ იქნეს ამ წესისაგან განსხვავებული წესები იმ შემთხვევაში, თუ განსხვავებული წესებით ზოგადი ჰიგიენური მოთხოვნების უზრუნველყოფის მდგომარეობა დასაბუთებული იქნება ბიზნესოპერატორის მიერ.

31 . ბიზნესოპერატორს დანერგილი უნდა ჰქონდეს სურსათის უვნებლობის პროცედურები, საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის პრინციპების შესაბამისად, სულ მცირე, Codex Alimentarius-ის სტანდარტით − „სურსათის ჰიგიენის ზოგადი პრინციპებით“ განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით.

32 . ბიზნესოპერატორს სურსათის უვნებლობის პროცედურების დანერგვა საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის პრინციპების შესაბამისად არ მოეთხოვება, თუ იგი ახორციელებს:

ა) პირველად წარმოებას;

ბ) ალკოჰოლიანი სასმელების წარმოებას;

გ) პურ-ფუნთუშეულის წარმოებას და აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი;

დ) არაცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებას და აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი;

ე) საბოლოო მომხმარებლისთვის მზა სურსათის მომზადებასა და მიწოდებას (საზოგადოებრივი კვების ობიექტი) და აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი;

ვ) სურსათის შენახვას ან/და რეალიზაციას, სადაც არ ხდება სურსათის დამუშავება, გადამუშავება ან/და სურსათთან დაკავშირებული სხვა ქმედება, გარდა საბითუმო ვაჭრობისა;

ზ) აგრარულ ბაზრებში/ბაზრობებში სურსათის რეალიზაციას;

თ) მოძრავ ან/და დროებით შენობებში, მათ შორის, ავტომატებით სურსათის წარმოებას/გადამუშავებას და რეალიზაციას;

ი) სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრულ მომსახურებებს, სადაც გათვალისწინებულია კვება;

კ) სასმელი წყლის ცენტრალიზებულად მიწოდებას;

ლ) სურსათის ტრანსპორტირებას.

4. ეს წესი არ ვრცელდება:

ა) ოჯახური წარმოების სუბიექტზე;

ბ) იმ ბიზნესოპერატორზე, რომელსაც სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის შესაბამისად აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი და რომელიც ახორციელებს პირველადი პროდუქტის პირდაპირ მიწოდებას საბოლოო მომხმარებლისთვის ან იმ საცალო ვაჭრობის პუნქტისთვის, რომელიც უშუალოდ ამარაგებს საბოლოო მომხმარებელს;

გ) იმ ბიზნესოპერატორზე, რომელიც იყენებს ტრადიციულ მეთოდებს;

დ) მაღალმთიან რეგიონში არაქარხნული წესით სურსათის წარმოებაზე, გადამუშავებაზე ან/და დისტრიბუციაზე, ასევე პირველად წარმოებაზე;

ე) იმ ბიზნესოპერატორზე, რომელიც ჟელატინისა და კოლაგენის წარმოებისათვის გადაამუშავებს ნედლეულს;

ვ) ბიზნესოპერატორზე, რომელსაც აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი და ახორციელებს გეოგრაფიული აღნიშვნით/ადგილწარმოშობის დასახელებით დაცული ან/და ხარისხის ნიშნის მქონე სურსათის წარმოებას/პირველად წარმოებას.“;

41 . სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში − სააგენტო) მიერ საქართველოში ადგილწარმოშობის დასახელებით/გეოგრაფიული აღნიშვნით დაცული ან/და ხარისხის ნიშნის მქონე სურსათის სახელმწიფო კონტროლი წარმოადგენს ქმედებას, რომლის დროსაც ხორციელდება „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით განსაზღვრულ, ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის სურსათის სპეციფიკაციებთან, მათ შორის, ავთენტური და უცვლელი ადგილობრივი მეთოდების აღწერასთან შესაბამისობის დადგენა და ასევე ბაზარზე განთავსებული სურსათის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის ამავე კანონით დადგენილი წესით გამოყენების კონტროლი.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“, „გ“ „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებზე ვრცელდება ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტი − „სურსათის ჰიგიენის გამარტივებული წესი“.

6. ამ წესის მე-4−მე-6 მუხლებით დადგენილი მოთხოვნები არ ვრცელდება მოძრავ ან/და დროებით შენობებზე (მათ შორის, ავტომატებზე).

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №409 - ვებგვერდი, 29.08.2019წ.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 13 მარტის დადგენილება №170 – ვებგვერდი, 16.03.2020წ.

საქართველოს მთავრობის 2021 წლის 14 დეკემბრის დადგენილება №579 – ვებგვერდი, 15.12.2021წ.

საქართველოს მთავრობის 2022 წლის 18 ნოემბრის დადგენილება №528 – ვებგვერდი, 18.11.2022წ.

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 15 მაისის დადგენილება №180 – ვებგვერდი, 16.05.2023წ.

საქართველოს მთავრობის 2025 წლის 11 ივლისის დადგენილება №254 - ვებგვერდი, 14.07.2025წ.

 

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ წესის მიზნებისათვის, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის შესახებ კოდექსით განსაზღვრულ ტერმინებთან ერთად, გამოიყენება ტერმინები, რომელთაც აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სურსათის ჰიგიენა – ღონისძიებები და პირობები, რომლებიც აუცილებელია საფრთხის კონტროლისათვის, სურსათის უვნებლობის უზრუნველსაყოფად მისი დანიშნულებისამებრ გამოყენების გათვალისწინებით;

ბ) დაბინძურება – საფრთხის არსებობა ან შეტანა;

გ) სასმელი წყალი – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული, ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი წყალი;

დ) სუფთა წყალი − ზღვის წყალი ან მსგავსი ხარისხის მტკნარი წყალი;

ე) ზღვის სუფთა წყალი − ბუნებრივი, ხელოვნური ან გაწმენდილი ზღვის წყალი ან მარილიანი წყალი, რომელიც არ შეიცავს მიკროორგანიზმებს, მავნე ნივთიერებებს ან ზღვის ტოქსიკურ პლანქტონს ისეთი რაოდენობით, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ გავლენას ახდენს სურსათის უვნებლობაზე;

ვ) შეფუთვა − სურსათის მოთავსება შესაფუთ მასალაში ან ჭურჭელში, რომელიც უშუალო შეხებაშია სურსათთან და თვით შესაფუთი მასალა ან ჭურჭელი;

ზ) დაფასოება − სურსათის ერთი ან მეტი შეფუთული ერთეულის ერთობლიობა, რომელიც მოთავსებულია სხვა შეფუთვაში ან ჭურჭელში და თვით სხვა შეფუთვა ან ჭურჭელი;

თ) ჰერმეტულად დახურული კონტეინერი – ჭურჭელი, რომელიც იცავს შიგთავსს საფრთხის შეღწევისაგან;

ი) საწარმო − ადგილი, სადაც ხორციელდება სურსათის წარმოება, გადამუშავება ან/და დისტრიბუცია.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 13 მარტის დადგენილება №170 – ვებგვერდი, 16.03.2020წ.

 

მუხლი 3. ჰიგიენური მოთხოვნები პირველადი წარმოებისა და მასთან დაკავშირებული პროცედურების მიმართ

1. პირველადი წარმოების ჰიგიენური მოთხოვნები და მასთან დაკავშირებული პროცედურები მოიცავს:

ა) პირველადი პროდუქტების წარმოებას, ადგილზე შენახვასა და ტრანსპორტირებას, რომელთა დროსაც არსებითად არ უნდა შეიცვალოს მათი ძირითადი თვისებები;

ბ) მოთხოვნებს ცოცხალი ცხოველების ტრანსპორტირებისათვის;

გ) მცენარეული წარმოშობის პროდუქტების, თევზჭერის, ნანადირევისა და მეფუტკრეობის პროდუქტებისათვის წარმოების ადგილიდან გადამამუშავებელ საწარმომდე ტრანსპორტირების პირობებს, რომლის დროსაც არ უნდა შეიცვალოს მათი ძირითადი თვისებები.

2. ბიზნესოპერატორმა შეძლებისდაგვარად უნდა განახორციელოს საფრთხეების კონტროლის ღონისძიებები, კერძოდ:

ა) ჰაერიდან, ნიადაგიდან, წყლიდან, ცხოველის საკვებიდან, სასუქებიდან, ვეტერინარიული პრეპარატებიდან, მცენარეთა დაცვის საშუალებებიდან და ბიოციდებიდან წარმოქმნილი, ასევე შენახვის, წარმოებისა და ნარჩენების მართვის შედეგად გამოწვეული დაბინძურების კონტროლის ღონისძიებები;

ბ) ცხოველთა ჯანმრთელობასთან და მცენარეთა სიჯანსაღესთან დაკავშირებული ღონისძიებები, რომლებიც გავლენას ახდენენ ადამიანის/ცხოველის ჯანმრთელობაზე, მათ შორის, ზოონოზებისა და ზოონოზური აგენტების მონიტორინგისა და კონტროლის პროგრამები.

3. ბიზნესოპერატორმა, რომელიც ეწევა მეცხოველეობას, ნადირობას ან აწარმოებს ცხოველური წარმოშობის პირველად პროდუქტებს, გარემოებიდან გამომდინარე, უნდა განახორციელოს შემდეგი ადეკვატური ღონისძიებები:

ა) სუფთა მდგომარეობაში შეინახოს ნებისმიერი მოწყობილობა, რომელიც უშუალო კავშირშია პირველად წარმოებასა და მასთან დაკავშირებულ ოპერაციებთან, მათ შორის, შენობები, რომლებიც გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვების შესანახად ან წარმოებისათვის, მოწყობილობები, ჭურჭელი, ყუთები, სადისტრიბუციო და სხვა გადასაზიდი საშუალებები, რომლებიც გამოიყენება პირველადი პროდუქტების შენახვის, გადაზიდვისა და ჩატვირთვა-გადმოტვირთვისათვის. საჭიროების შემთხვევაში, გაწმენდის შემდეგ სათანადო წესით მოახდინოს მათი დეზინფიცირება;

ბ) საჭიროების შემთხვევაში, ამ წესის მე-8 მუხლის შესაბამისად, გამოიყენოს სასმელი წყალი ან სუფთა წყალი;

გ) თავიდან აიცილოს ცხოველებისა და მავნებლებისაგან პირველადი პროდუქტის დაბინძურება;

დ) ნარჩენებსა და საფრთხის შემცველ ნივთიერებებს მოეპყროს ისე, რომ თავიდან იქნეს აცილებული პირველადი პროდუქტების დაბინძურება;

ე) საწარმოში ახალი ცხოველების შემოყვანის დროს გაატაროს პრევენციული ზომები ადამიანისათვის საშიშ ინფექციურ დაავადებათა გავრცელების საწინააღმდეგოდ და ასეთ დაავადებებთან დაკავშირებით ეჭვის წარმოქმნის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს;

ვ) გაითვალისწინოს ცხოველებისაგან აღებული ნიმუშების ან ნებისმიერი სხვა ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგები, რომლებიც მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობისათვის;

ზ) გამოიყენოს ცხოველის საკვების დანამატები და ვეტერინარიული პრეპარატები, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

4. ბიზნესოპერატორმა, რომელიც აწარმოებს ან მოჰყავს მცენარეული წარმოშობის პირველადი პროდუქტები, უნდა განახორციელოს ადეკვატური ღონისძიებები, კერძოდ:

ა) სუფთა მდგომარეობაში შეინახოს ნებისმიერი მოწყობილობა, რომელიც უშუალო კავშირშია პირველად წარმოებასა და მასთან დაკავშირებულ ოპერაციებთან, მათ შორის, მოწყობილობები, ჭურჭელი, ყუთები, სადისტრიბუციო და სხვა გადასაზიდი საშუალებები, რომლებიც გამოიყენება პირველადი პროდუქტების შენახვის, გადაზიდვისა და ჩატვირთვა-გადმოტვირთვისათვის. საჭიროების შემთხვევაში, გაწმენდის შემდეგ სათანადო წესით მოახდინოს მათი დეზინფიცირება;

ბ) საჭიროების შემთხვევაში, ამ წესის მე-8 მუხლის შესაბამისად, გამოიყენოს სასმელი წყალი ან სუფთა წყალი;

გ) რამდენადაც შესაძლებელია, თავიდან აიცილოს ცხოველებისა და მავნებლებისაგან პირველადი პროდუქტის დაბინძურება;

დ) ისე შეინახოს და მოეპყროს ნარჩენებსა და საფრთხის შემცველ ნივთიერებებს, რომ თავიდან იქნეს აცილებული პირველადი პროდუქტების დაბინძურება;

ე) გაითვალისწინოს მცენარეებისაგან აღებული ნიმუშების ან სხვა შესაბამისი ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგები, რომლებიც მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობისათვის;

ვ) გამოიყენოს მცენარეთა დაცვის საშუალებები და ბიოციდები, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ზ) დარწმუნდეს, რომ მომსახურე პერსონალი ჯანმრთელია (ჯანმრთელობის მდგომარეობით არ ქმნის რისკს) და გადის ჯანმრთელობის რისკებთან დაკავშირებულ სწავლებებს.

5. ბიზნესოპერატორმა უნდა განახორციელოს შესაბამისი ღონისძიება სახელმწიფო კონტროლის დროს გამოვლენილი შეუსაბამობების გამოსწორების მიზნით.

6. ბიზნესოპერატორმა, სათანადო წესით, გარკვეული პერიოდულობით უნდა აწარმოოს და შეინახოს საფრთხეების გაკონტროლებასთან დაკავშირებით განხორციელებულ ღონისძიებათა ჩანაწერები, მოთხოვნის შემთხვევაში, უნდა მიაწოდოს ასეთ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია სააგენტოსა და პირველადი პროდუქტის მიმღებ ბიზნესოპერატორს.

7. ბიზნესოპერატორმა, რომელიც მისდევს მეცხოველეობას ან აწარმოებს ცხოველური წარმოშობის პირველად პროდუქტებს, უნდა აწარმოოს ჩანაწერები:

ა) ცხოველის საკვების წარმოშობისა და ტიპის შესახებ;

ბ) ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების ან სხვა დანიშნული მკურნალობის შესახებ, მათი გამოყენების თარიღებისა და ორგანიზმიდან გამოდევნის პერიოდის მითითებით;

გ) დაავადებათა შემთხვევების შესახებ, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს ცხოველური წარმოშობის სურსათის უვნებლობაზე;

დ) ცხოველისაგან აღებული ნებისმიერი ნიმუშის ლაბორატორიული გამოკვლევის ან დიაგნოსტიკის მიზნით ნებისმიერი სხვა გამოკვლევის შედეგების შესახებ, რაც შესაძლოა მნიშვნელოვანი იყოს ადამიანის ჯანმრთელობისათვის;

ე) ნებისმიერი ანგარიში ცხოველის ან ცხოველური წარმოშობის სურსათის შემოწმებათა განხორციელების შესახებ;

ვ) დარწმუნდეს, რომ მომსახურე პერსონალი ჯანმრთელია (ჯანმრთელობის მდგომარეობით არ ქმნის რისკს) და გადის ჯანმრთელობის რისკებთან დაკავშირებულ სწავლებებს.

8. ბიზნესოპერატორმა, რომელიც აწარმოებს ან მოჰყავს მცენარეული წარმოშობის პირველადი პროდუქტები, უნდა აწარმოოს ჩანაწერები:

ა) მცენარეთა დაცვის საშუალებების და ბიოციდების გამოყენების შესახებ, მათი გამოყენების თარიღების მითითებით;

ბ) ნებისმიერი მავნებლების ან დაავადებების არსებობის შესახებ, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს მცენარეული წარმოშობის პირველადი პროდუქტების უვნებლობაზე;

გ) მცენარეებისაგან აღებული ნებისმიერი ნიმუშის ლაბორატორიული ან სხვა გამოკვლევის შედეგების შესახებ, რაც შესაძლოა მნიშვნელოვანი იყოს ადამიანის ჯანმრთელობისათვის.

9. პასუხისმგებლობა დოკუმენტების წარმოებისა და მათში ჩანაწერების სისწორის, მათი შენახვისა და დაცვისათვის ეკისრება ბიზნესოპერატორს.

10. მიზანშეწონილია, ჰიგიენის კარგი პრაქტიკის განხორციელებისათვის, გათვალისწინებულ იქნეს:

ა) ინფორმაცია იმ საფრთხეებზე, რომლებიც შესაძლოა წარმოიქმნას პირველად წარმოებაში ან მასთან დაკავშირებული ოპერაციების დროს;

ბ) საფრთხეების კონტროლის ღონისძიებები, კერძოდ:

ბ.ა) საფრთხეების, მათ შორის, მიკოტოქსინების, მძიმე მეტალებისა და რადიოაქტიური ნივთიერებების კონტროლს;

ბ. ბ) წყლის, ორგანული ნარჩენებისა და სასუქების გამოყენება;

ბ.გ) მცენარეთა დაცვის საშუალებებისა და ბიოციდების სწორად და შესაბამისად გამოყენება და მათი მიკვლევადობა;

ბ.დ) ვეტერინარული პრეპარატებისა და ცხოველის საკვები დანამატების სწორად და შესაბამისად გამოყენება და მათი მიკვლევადობა;

ბ.ე) ცხოველის საკვების მომზადება, შენახვა, გამოყენება და მათი მიკვლევადობა;

ბ.ვ) მკვდარი ცხოველის სათანადოდ განადგურება, ნარჩენების გატანა;

ბ.ზ) ადამიანებში სურსათით გამოწვეული გადამდები ინფექციური დაავადებების გავრცელების თავიდან ასაცილებლად შესაბამისი ზომების გატარება და სააგენტოსთვის მათ შესახებ შეტყობინების ნებისმიერი ვალდებულება;

ბ.თ) სურსათის წარმოების, გადამუშავების, შეფუთვის, შენახვისა და ტრანსპროტირების ჰიგიენურ პირობებში განხორციელებისათვის, რეცხვა-დეზინფექციისა და მავნებლების კონტროლის გათვალისწინებით, შესაბამისი პროცედურებისა და მეთოდების გამოყენება;

ბ.ი) დასაკლავად და სურსათის საწარმოებლად განკუთვნილი ცხოველის სისუფთავის დაცვა;

ბ.კ) სათანადო ჩანაწერების შენახვა.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 13 მარტის დადგენილება №170 – ვებგვერდი, 16.03.2020წ.

 

მუხლი 4. მოთხოვნები საწარმოს ტერიტორიისადმი

1. საწარმოს ტერიტორიის დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით, გათვალისწინებული უნდა იყოს დაბინძურების ყველა პოტენციური წყარო.

2. საწარმოს ტერიტორია მოსახერხებელი უნდა იყოს მყარი და თხევადი ნარჩენების გასატანად.

3. ტერიტორიაზე განთავსებული ნაგებობები, ინვენტარი, აღჭურვილობა და სხვა მასალა, ასევე ტერიტორიაზე დარგული მწვანე ნარგავები უნდა გამორიცხავდეს სურსათის დაბინძურებას.

4. საწარმოს ტერიტორია უნდა სუფთავდებოდეს რეგულარულად.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 13 მარტის დადგენილება №170 – ვებგვერდი, 16.03.2020წ.

 

მუხლი 5. მოთხოვნები საწარმოს შენობის მიმართ

1. საწარმოს შენობა მოწყობილი უნდა იყოს იმგვარად, რომ:

ა) იძლეოდეს მის ადეკვატურად სუფთა მდგომარეობაში შენარჩუნების შესაძლებლობას;

ბ) იძლეოდეს დასუფთავების, დეზინფიცირების, ჰაერიდან დაბინძურების თავიდან აცილების ან მინიმუმამდე შემცირების შესაძლებლობას;

გ) უზრუნველყოფილ იქნეს ჰიგიენური პირობების დაცვა და არსებობდეს ადეკვატური სამუშაო სივრცე;

დ) არ ხდებოდეს ჭუჭყის დაგროვება, სურსათის კონტაქტი ტოქსიკურ მასალებთან, სურსათში უცხო ნაწილაკების მოხვედრა და ზედაპირზე კონდენსატის ან არასასურველი ობის სოკოს წარმოქმნა;

ე) ხელს უწყობდეს ჰიგიენის კარგი პრაქტიკის დანერგვას, მათ შორის, დაბინძურებისაგან დაცვას, კერძოდ, მავნებლების კონტროლს;

ვ) საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფილი იყოს სურსათის სათანადო ტემპერატურით დამუშავებისა და შენახვის პირობების დაცვა, ამასთან, იძლეოდეს ტემპერატურის კონტროლისა და, საჭიროების შემთხვევაში, მისი აღრიცხვის შესაძლებლობას.

2. ტუალეტი უნდა იყოს საკმარისი რაოდენობის, ადვილად უნდა ხდებოდეს მისი დასუფთავება/დეზინფიცირება, უზრუნველყოფილი უნდა იყოს დრენაჟის ეფექტიანი სისტემით და აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი ჰიგიენური საშუალებებით. ტუალეტის კარი არ უნდა იღებოდეს იმ ოთახში, სადაც ხდება სურსათის წარმოება ან/და გადამუშავება.

3. შენობაში უნდა იყოს შესაბამის ადგილას განთავსებული საკმარისი რაოდენობის ხელსაბანი, აღჭურვილი სათანადო ჰიგიენური საშუალებებით, ცხელი და ცივი წყლით. საჭიროების შემთხვევაში, სურსათის გასარეცხი მოწყობილობა განცალკევებული უნდა იქნეს ხელის დასაბანი მოწყობილობისაგან.

4. შენობა, მათ შორის, სანიტარიული კვანძები, აღჭურვილი უნდა იყოს სათანადო ბუნებრივი ან მექანიკური ვენტილაციის საშუალებებით. ვენტილაციის სისტემა უნდა იყოს დაგეგმარებული და მოწყობილი ისე, რომ ჰაერი არ მიედინებოდეს დაბინძურებული ადგილიდან სუფთა ადგილისაკენ, ასევე შესაძლებელი იყოს ფილტრებისა და სხვა ნაწილების ადვილად გაწმენდა და შეცვლა.

5. სურსათის საწარმოებლად განკუთვნილ შენობებს უნდა ჰქონდეთ ადეკვატური ბუნებრივი ან/და ხელოვნური განათება. გასანათებელი მოწყობილობები უნდა იყოს იმგვარად დაცული, რომ ნათურის, მათ შორის, აღჭურვილობების შიდა ზედაპირის დათვალიერებისთვის დასაშვები გადასატანი ნათურის ან გასანათებელი მოწყობილობის გატეხის შემთხვევაში, თავიდან იქნეს აცილებული სურსათის დაბინძურება.

6. საწარმოში უნდა იყოს უზრუნველყოფილი სათანადო სისუფთავე ყველა უბანზე. ფანჯრები, ფანჯრის მინები, სივრცეები, გამათბობელი მოწყობილობები, სავენტილაციო კამერები და არხები უნდა იყოს სუფთა მდგომარეობაში.

7. საჭიროების შემთხვევაში, შენობაში უნდა იყოს პერსონალის ტანსაცმლის გამოსაცვლელი ადგილი.

8. სადრენაჟო სისტემა ისე უნდა იქნეს დაპროექტებული და მოწყობილი, რომ თავიდან იქნეს აცილებული დაბინძურების რისკი. ნარჩენები დაბინძურებული ტერიტორიიდან არ უნდა მოხვდეს სუფთა ტერიტორიაზე.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 13 მარტის დადგენილება №170 – ვებგვერდი, 16.03.2020წ.

 

მუხლი 6. მოთხოვნები იმ სათავსის მიმართ, რომელშიც ხდება სურსათის წარმოება ან/და გადამუშავება

1. სათავსი, სადაც ხდება სურსათის წარმოება ან/და გადამუშავება, უნდა იყოს მოწყობილი იმგვარად, რომ იძლეოდეს წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე სურსათის დაბინძურებისაგან დაცვის საშუალებას, კერძოდ:

ა) შესასვლელები უნდა იყოს მოწყობილი იმგვარად, რომ გამოირიცხოს საწარმოში სურსათის რაიმე სახით დაბინძურება;

ბ) იატაკის ზედაპირი უნდა იყოს ადვილად გასაწმენდი და, საჭიროების შემთხვევაში, იძლეოდეს დეზინფიცირების საშუალებას. ამისათვის რეკომენდებულია, იატაკის ზედაპირისათვის გამოყენებულ იქნეს წყალგაუმტარი, შეწოვის უნარის არმქონე, რეცხვადი და არატოქსიკური მასალა. საჭიროების შემთხვევაში, იატაკი უნდა იყოს მოწყობილი იმგვარად, რომ იძლეოდეს ზედაპირის ადეკვატური დრენაჟის საშუალებას;

გ) კედლის (ტიხრების) ზედაპირი უნდა იყოს ადვილად გასაწმენდი და, საჭიროების შემთხვევაში, იძლეოდეს დეზინფიცირების საშუალებას. ამისათვის რეკომენდებულია კედლის ზედაპირის დასაფარად გამოყენებულ იქნეს წყალგაუმტარი, შეწოვის უნარის არმქონე, რეცხვადი და არატოქსიკური მასალა, ტექნოლოგიური პროცესისათვის საჭირო სიმაღლეზე; ბიზნესოპერატორს უფლება აქვს, სააგენტოსთან შეთანხმებით გამოიყენოს სხვა მასალა;

დ) ჭერი მოპირკეთებული უნდა იყოს ისე, რომ ადვილად იწმინდებოდეს, არ ხდებოდეს ჭუჭყის დაგროვება, არასასურველი ობის წარმოქმნა, ნაწილაკების ცვენა და მინიმუმამდე იქნეს შემცირებული კონდენსატის წარმოქმნა;

ე) ფანჯრები და სინათლის სხვა ღიობები (მათ შორის, სარკმლები, სანათი მოწყობილობები) უნდა დამონტაჟდეს ისე, რომ თავიდან იქნეს აცილებული ჭუჭყის დაგროვება. ის ფანჯრები, რომლებიც გადის გარეთ, უნდა დაიფაროს მწერებისაგან დამცავი და ადვილად გასაწმენდი ბადით. თუ ღია ფანჯრები შეიძლება, გახდეს დაბინძურების წყარო, წარმოების დროს ისინი უნდა იყოს დახურული;

ვ) კარები უნდა იყოს ადვილად გასაწმენდი, შეწოვის უნარის არმქონე და, საჭიროების შემთხვევაში, უნდა იძლეოდეს დეზინფიცირების საშუალებას. ბიზნესოპერატორს უფლება აქვს, სააგენტოსთან შეთანხმებით გამოიყენოს სხვა მასალა;

ზ) ზედაპირები (მათ შორის, მოწყობილობის ზედაპირი), რომლებიც უშუალო შეხებაშია სურსათთან, უნდა იყოს ადვილად გასაწმენდი და, საჭიროების შემთხვევაში, იძლეოდეს დეზინფიცირების საშუალებას, ამისათვის რეკომენდებულია, ზედაპირი დამზადდეს გლუვი, რეცხვადი, კოროზიისადმი მდგრადი და არატოქსიკური მასალით. ბიზნესოპერატორს უფლება აქვს, სააგენტოსთან შეთანხმებით გამოიყენოს სხვა მასალა;

თ) სათავსში, რომელშიც ხდება სურსათის წარმოება ან/და გადამუშავება, ყველა სახის დაკიდებული კონსტრუქციები დამონტაჟებული უნდა იქნეს იმგვარად, რომ არ მოხდეს სურსათის დაბინძურება კონდენსატით. დაკიდებული კონსტრუქციები ადვილად უნდა სუფთავდებოდეს.

2. სათავსში უნდა იყოს მოწყობილობა, რომელშიც მოხდება ინვენტარისა და აღჭურვილობების რეცხვა, წმენდა, დეზინფიცირება და შენახვა. ეს მოწყობილობა დამზადებული უნდა იყოს კოროზიისადმი მდგრადი, ადვილად რეცხვადი მასალისაგან და უზრუნველყოფილი უნდა იყოს ცივი და ცხელი წყლით.

3. სათავსში განთავსებული უნდა იყოს სურსათის რეცხვისთვის საკმარისი რაოდენობის ნიჟარა, რომლებიც უზრუნველყოფილი იქნება ცივი ან/და ცხელი წყლით და დააკმაყოფილებს ამ წესის მე-8 მუხლის მოთხოვნებს.

4. დაუშვებელია საწარმოს საამქროებში სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობისას სურსათის წარმოება. ნებადართულია მცირე შეკეთებითი სამუშაოების შესრულება წარმოების გაჩერების გარეშე, სურსათში სხვადასხვა უცხო საგნის მოხვედრისაგან საიმედო დაცვის უზრუნველყოფით.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 13 მარტის დადგენილება №170 – ვებგვერდი, 16.03.2020წ.

 

მუხლი 7. მოთხოვნები მოძრავი ან/და დროებითი შენობების მიმართ

მოძრავი ან/და დროებითი შენობები (მათ შორის, ავტომატები), სადაც ხდება სურსათის წარმოება, გადამუშავება ან/და დისტრიბუცია, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) უნდა იყოს დაპროექტებული, დამონტაჟებული და განთავსებული ისე, რომ უზრუნველყოფილ იქნეს სათანადო სისუფთავე. თავიდან იქნეს აცილებული ცხოველებისა და პარაზიტებით დაბინძურების რისკი;

ბ) საჭიროების შესაბამისად, აღჭურვილ უნდა იქნეს სათანადო მოწყობილობებით, რათა მოხდეს პირადი ჰიგიენის დაცვა (მათ შორის, ხელის დასაბანი, გასამშრალებელი მოწყობილობები და გასახდელები);

გ) სურსათთან შეხებაში არსებული ზედაპირები უნდა იყოს ადვილად გასაწმენდი და, საჭიროების შემთხვევაში, იძლეოდეს დეზინფიცირების საშუალებას, ამისათვის საჭიროა გლუვი, რეცხვადი ანტიკოროზიული და არატოქსიკური მასალების გამოყენება. ბიზნესოპერატორს უფლება აქვს, სააგენტოსთან შეთანხმებით გამოიყენოს სხვა მასალა;

დ) უზრუნველყოფილი უნდა იყოს ინვენტარისა და აღჭურვილობების რეცხვა, წმენდა, დეზინფიცირება და შენახვა;

ე) თუ სურსათის გასუფთავება ხორციელდება სურსათის წარმოების/გადამუშავების დროს, დაცული უნდა იქნეს ჰიგიენის მოთხოვნები;

ვ) უზრუნველყოფილი უნდა იყოს ცხელი ან/და ცივი სასმელი წყლის ადეკვატური მიწოდება;

ზ) უზრუნველყოფილი უნდა იყოს საფრთხის შემცველი და საკვებად უვარგისი ნივთიერებებისა და ნარჩენების შეგროვების, შენახვისა და გატანის ჰიგიენური ღონისძიებები ან/და მოწყობილობები;

თ) უზრუნველყოფილი უნდა იყოს სურსათის სათანადო ტემპერატურული პირობების შენარჩუნებისა და მონიტორინგისათვის საჭირო ადეკვატური მოწყობილობები ან/და ღონისძიებები.

 

მუხლი 8. მოთხოვნები წყალმომარაგებისა და კანალიზაციისადმი

1. სურსათის საწარმოებლად ბიზნესოპერატორი უნდა იყენებდეს ისეთი ხარისხის სასმელ წყალს, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

2. სურსათის გადამუშავებამდე, თევზისა და სხვა ზღვის პროდუქტების გასარეცხად შესაძლებელია სუფთა წყლის გამოყენება. ზღვის სუფთა წყალი შეიძლება, გამოყენებულ იქნეს ცოცხალი ორსადგულიანი მოლუსკების, კანეკლიანების, ტუნიკატებისა და ზღვის მუცელფეხიანების გარეცხვისათვის. სუფთა წყალი შეიძლება, გამოყენებულ იქნეს მათი გარედან გარეცხვისათვის. სუფთა წყლის გამოყენებისას, მისი მიწოდებისათვის საჭიროა შესაბამისი მოწყობილობები და პროცედურები, რომ არ მოხდეს სურსათის დაბინძურება.

3. სურსათისთვის განკუთვნილი ყინული უნდა დამზადდეს სასმელი წყლისაგან, ხოლო მთლიანი თევზისა და ზღვის პროდუქტების გასაგრილებლად განკუთვნილი ყინული, შესაძლებელია, დამზადდეს სუფთა წყლისაგან. ყინულის მომზადება და შენახვა უნდა განხორციელდეს ისე, რომ დაცული იქნეს დაბინძურებისაგან.

4. ორთქლი, რომელიც უშუალო შეხებაშია სურსათთან ან მის ზედაპირთან, არ უნდა შეიცავდეს ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც საფრთხეს შეუქმნის ადამიანის ჯანმრთელობას ან სურსათის სავარაუდო დაბინძურებას.

5. აუცილებლობის შემთხვევაში, საწარმოში შესაძლოა არსებობდეს მოწყობილობები წყლის შენახვისა და მიწოდებისათვის, რომლებიც დაცული იქნება დაბინძურებისაგან. საჭიროების შემთხვევაში, უნდა ხდებოდეს ასეთ მოწყობილობათა დეზინფიცირება.

6. საწარმოსთვის სუფთა წყლის მიწოდება, ასეთის არსებობის შემთხვევაში, უნდა ხდებოდეს სასმელი წყლის მილებისაგან განცალკევებული მილებით.

7. საწარმოს, საჭიროების შემთხვევაში, უნდა ჰქონდეს დრენაჟის ეფექტიანი სისტემა, რომელიც უნდა იყოს გამართულ მდგომარეობაში.

8. გამოყენებული წყლის გაწმენდა-გასუფთავების შემდეგ მისი ხელახალი გამოყენება სურსათში ინგრედიენტის სახით ან სურსათის გადამუშავებისათვის არ უნდა ქმნიდეს სურსათის დაბინძურების რისკს. გაწმენდილ-გასუფთავებული წყალი უნდა აკმაყოფილებდეს სასმელი წყლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

9. ჰერმეტულად დახურულ კონტეინერში, სურსათის თერმული დამუშავებისას, გასაცივებლად გამოყენებული წყალი არ უნდა გახდეს სურსათის დაბინძურების წყარო.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 13 მარტის დადგენილება №170 – ვებგვერდი, 16.03.2020წ.

 

მუხლი 9. მოთხოვნები აღჭურვილობისა და მოწყობილობებისადმი

1. ყველა საგანი, აღჭურვილობა და მოწყობილობა, რომლებიც შეხებაშია სურსათთან:

ა) უნდა სუფთავდებოდეს და, აუცილებლობის შემთხვევაში, უნდა მოხდეს მათი დეზინფიცირება. დასუფთავება და დეზინფიცირება უნდა მოხდეს ისეთი სიხშირით, რომელიც საკმარისია ნებისმიერი დაბინძურების რისკის თავიდან ასაცილებლად;

ბ) უნდა იყოს ისეთი მასალისაგან დამზადებული და დამონტაჟებული, რომ მინიმუმამდე შემცირდეს დაბინძურების რისკი, შესაძლებელი იყოს მათი გაწმენდა (გარდა ერთჯერადი კონტეინერებისა და შესაფუთი მასალებისა) და, საჭიროების შემთხვევაში, იძლეოდეს დეზინფიცირების საშუალებას;

გ) უნდა იყოს დამონტაჟებული იმგვარად, რომ იძლეოდეს მოწყობილობებისა და გარშემო ტერიტორიის ადეკვატური გაწმენდის შესაძლებლობას.

2. იმ მოწყობილობისა და კონტეინერის კოროზიის თავიდან ასაცილებლად, რომლებიც უშუალო შეხებაში არ არიან სურსათთან, შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს ქიმიური საშუალებები.

3. საჭიროების შემთხვევაში, მოწყობილობები აღჭურვილ უნდა იქნეს ნებისმიერი სახის საკონტროლო მოწყობილობით, რაც ხელს შეუწყობს ამ წესით განსაზღვრული მიზნის მიღწევას.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 13 მარტის დადგენილება №170 – ვებგვერდი, 16.03.2020წ.

 

მუხლი 10. მოთხოვნები სურსათის მიმართ

1. ბიზნესოპერატორმა სურსათის წარმოებისათვის/გადამუშავებისათვის არ უნდა მიიღოს ისეთი ნედლეული, ინგრედიენტი (გარდა ცოცხალი ცხოველისა) ან ნებისმიერი სხვა მასალა, თუ ცნობილია ან არსებობს ეჭვი, რომ ის დაბინძურებულია მავნებლებით, პათოგენური მიკროორგანიზმებით, უცხო სხეულებით ან ტოქსიკურია, გაფუჭებულია ისეთ დონემდე, რომ მაშინაც კი, თუ მათი შენახვა, წარმოება ან/და გადამუშავება მოხდება ამ წესის სრული დაცვით, საბოლოო სურსათი მავნე იქნება ადამიანის ჯანმრთელობისათვის.

2. ბიზნესოპერატორმა სურსათის წარმოებისათვის/გადამუშავებისათვის საჭირო ნედლეულის, ინგრედიენტის ან ნებისმიერი სხვა მასალის მიღებისას უნდა აწარმოოს ჩანაწერი მიმწოდებლის საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და ნედლეულის, ინგრედიენტის ან ნებისმიერი სხვა მასალის ჩაბარების თარიღისა და რაოდენობის მითითებით.

3. ნედლეული, ინგრედიენტი ან ნებისმიერი სხვა მასალა (რომელიც გამოიყენება სურსათის დასამზადებლად) უნდა ინახებოდეს ისეთ პირობებში, რომელიც უზრუნველყოფს მათი დაბინძურების და გაფუჭების თავიდან აცილებას.

4. წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ყველა ეტაპზე სურსათი დაცული უნდა იყოს ნებისმიერი ისეთი სახის დაბინძურებისაგან, რომელმაც შესაძლოა, ის ადამიანის ჯანმრთელობისათვის სახიფათოდ აქციოს, ან ისე დააბინძუროს, რომ არამიზანშეწონილი გახდეს მისი მოხმარება.

5. ბიზნესოპერატორმა უნდა უზრუნველყოს ადეკვატურ ღონისძიებათა განხორციელება მავნებლების გაკონტროლების მიზნით. აგრეთვე შესაბამისი ღონისძიებები უნდა იქნეს მიღებული, რათა არ დაუშვან საწარმოო ზონაში შინაური ბინადარი ცხოველები.

6. ნედლეულის, ინგრედიენტების, შუალედური და საბოლოო სურსათის წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე უზრუნველყოფილ უნდა იქნეს კონკრეტული სურსათის შენახვისათვის დადგენილი ტემპერატურის, ტენიანობის, აერაციის სათანადო რეჟიმი, საკმარისი რაოდენობის სამაცივრე დანადგარები, რაც გამორიცხავს მიკროორგანიზმების ზრდა-განვითარებას, პარაზიტების გამრავლებასა და ტოქსინების წარმოქმნას.

7. სურსათის შენახვისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს არაერთგვაროვანი პროდუქციის განცალკევება ისე, რომ ცალკეულმა სურსათმა არ დაკარგოს მისთვის დამახასიათებელი ორგანოლეპტიკური თვისებები.

8. სურსათის გალღობა უნდა განხორციელდეს ისე, რომ მინიმუმამდე შემცირდეს პათოგენური მიკროორგანიზმების ან ტოქსინების წარმოქმნა. გალღობა უნდა განხორციელდეს ისეთ ტემპერატურაზე, რომ რისკი არ შეექმნას ადამიანის ჯანმრთელობას. თუ გალღობის შედეგად გამოყოფილი სითხე რისკს უქმნის ჯანმრთელობას, უნდა მოხდეს მისი მოცილება. გალღობის შემდეგ სურსათი უნდა დამუშავდეს ისე, რომ მინიმუმამდე შემცირდეს პათოგენური მიკროორგანიზმებისა და ტოქსინების წარმოქმნის რისკი.

9. საფრთხის შემცველი ან/და არასაკვები ნივთიერებები, მათ შორის, ცხოველის საკვები, სათანადოდ უნდა იყოს ეტიკეტირებული და შენახული ცალკე, დაცულ კონტეინერებში.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 13 მარტის დადგენილება №170 – ვებგვერდი, 16.03.2020წ.

 

მუხლი 11. სურსათის შეფუთვისა და დაფასოებისათვის საჭირო მოთხოვნები

1. სურსათთან შეხებაში მყოფი მასალა, რომელიც გამოიყენება შესაფუთად ან დასაფასოებლად, არ უნდა იყოს დაბინძურების წყარო და უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა მოთხოვნებს.

2. სურსათის შესაფუთი მასალა უნდა შეინახოს და გამოყენებისას იყოს ისეთ მდგომარეობაში, რომ სურსათთან უშუალო შეხებისას არ გამოიწვიოს პროდუქტის დაბინძურების რისკი. კონსერვის ქილების შემთხვევაში, კონტეინერის კონსტრუქციის მთლიანობა და მისი სისუფთავე უნდა იყოს უზრუნველყოფილი.

3. შესაფუთი და დასაფასოებელი მასალები, რომლებიც ხელმეორედ გამოიყენება სურსათისთვის, ადვილად უნდა იწმინდებოდეს და, საჭიროების შემთხვევაში, უნდა მოხდეს მათი დეზინფიცირება.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 13 მარტის დადგენილება №170 – ვებგვერდი, 16.03.2020წ.

 

მუხლი 12. თერმული დამუშავება

1. სურსათი, რომელიც ბაზარზე განთავსებულია ჰერმეტულად დახურულ კონტეინერში, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) თერმული დამუშავების დროს, რომელიც გამოიყენება გადაუმუშავებელი სურსათის გადასამუშავებლად ან გადამუშავებული სურსათის შემდგომი გადამუშავებისათვის, გადასამუშავებელი სურსათის ყოველი ნაწილი მიყვანილი უნდა იქნეს საჭირო ტემპერატურამდე განსაზღვრული დროის პერიოდში;

ბ) გადამუშავების პროცესის დროს თავიდან უნდა იქნეს აცილებული სურსათის დაბინძურება;

გ) თერმული დამუშავება უნდა განხორციელდეს პასტერიზაციით, ულტრამაღალი ტემპერატურით ან სტერილიზაციით.

2. ბიზნესოპერატორი ვალდებულია, რეგულარულად, მათ შორის, ავტომატური ხელსაწყოების გამოყენებით, შეამოწმოს ტემპერატურა, წნევა, კონტეინერის ჰერმეტულობა, მიკრობიოლოგიური მაჩვენებლები.

 

მუხლი 13. ნარჩენების მართვა

1. სურსათის წარმოების ნარჩენები, მცენარეული და ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტები, დაგროვების თავიდან აცილების მიზნით, გატანილ უნდა იქნეს იმ საამქროდან, რომლებშიც სურსათია განთავსებული.

2. სურსათის წარმოების ნარჩენების, მცენარეული და ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტების გატანა უნდა მოხდეს ისეთი საშუალებით, რომ გამოირიცხოს ნარჩენების გატანის პროცესში საწარმოს დაბინძურება. კონტეინერებით ნარჩენების გატანის შემთხვევაში, ეს კონტეინერები ადვილად უნდა იწმინდებოდეს და, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელი უნდა იყოს მათი დეზინფიცირება.

3. საწარმოს საჭიროების შემთხვევაში უნდა ჰქონდეს ნარჩენების გატანის ეფექტიანი სისტემა.

4. ადგილი, სადაც ხდება სურსათის წარმოების ნარჩენების, ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტების დროებით განთავსება, უნდა იყოს ისეთი, რომ შესაძლებელი იყოს მისი სუფთა მდგომარეობაში შენარჩუნება და, საჭიროების შემთხვევაში, ცხოველებისა და პარაზიტებისაგან დაცვა.

5. ყველა სახის ნარჩენი უნდა განადგურდეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ჰიგიენური წესით და არ უნდა გახდეს გარემოს დაბინძურების პირდაპირი ან არაპირდაპირი წყარო.

6. ნარჩენების მართვა უნდა განხორციელდეს ამ მუხლისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნის შესაბამისად.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 13 მარტის დადგენილება №170 – ვებგვერდი, 16.03.2020წ.

 

მუხლი 14. დეზინფექცია

1. დასალაგებელი ინვენტარი, სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებები, აგრეთვე სადეზინფექციო საშუალებების დასამზადებელი ქიმიური ნივთიერებები უნდა ინახებოდეს ისე, რომ არ მოხდეს მათი შეხება შესაფუთ მასალასა და სურსათთან.

2. დასუფთავებისა და დეზინფექციის ყოველი პროცედურა, მისი დამთავრების შემდეგ, უნდა აღირიცხოს თარიღისა და დროის მითითებით.

3. სურსათის წარმოებაში გამოყენებული სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებები არ უნდა ქმნიდეს რისკს სურსათისთვის.

4. სადეზინფექციო საშუალებები უნდა იქნეს რეგისტრირებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და თანმხლები დოკუმენტაციის თანახმად დასაშვები სურსათის წარმოებაში/გადამუშავებაში.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 13 მარტის დადგენილება №170 – ვებგვერდი, 16.03.2020წ.

 

მუხლი 15. მოთხოვნები სურსათის ტრანსპორტირებისადმი

1. ჭურჭელი ან/და კონტეინერები, რომლებიც გამოიყენება სურსათის გადასაზიდად, უნდა იძლეოდეს მის ადეკვატურად სუფთა მდგომარეობაში შენარჩუნების შესაძლებლობას და, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელი იყოს მათი გაწმენდა და დეზინფიცირება.

2. გადასაზიდი საშუალებები, აგრეთვე კონტეინერები და შესანახი ჭურჭელი არ უნდა გამოიყენებოდეს სურსათის გარდა სხვა რამის გადასაზიდად, თუ შესაძლებელია, რომ ამან გამოიწვიოს სურსათის დაბინძურება. ასეთ შემთხვევაში, უნდა განხორციელდეს გადასაზიდი საშუალებების, აგრეთვე კონტეინერებისა და შესანახი ჭურჭლის შესაბამისი დასუფთავება/დეზინფექცია.

3. თუ გადასაზიდი საშუალებები, ასევე კონტეინერები და შესანახი ჭურჭელი სურსათის გარდა გამოიყენება სხვა რამის გადასაზიდად, ან ერთსა და იმავე დროს არაერთგვაროვანი სურსათის გადასაზიდად, საჭიროა, მოხდეს გადასაზიდი საშუალებების, ასევე კონტეინერებისა და შესანახი ჭურჭლის ერთმანეთისაგან განცალკევება.

4. თხევადი, დაქუცმაცებული ან ფხვნილის სახის შეუფუთავი სურსათი გადატანილ უნდა იქნეს მხოლოდ სურსათისათვის განკუთვნილი ჭურჭლით/კონტეინერებით/ტანკერებით. ასეთი კონტეინერები უნდა იყოს თვალსაჩინოდ მარკირებული, წარწერა უნდა მიანიშნებდეს, რომ მათი გამოყენება ხდება მხოლოდ სურსათის ტრანსპორტირებისათვის, ან უნდა იყოს წარწერა „მხოლოდ სურსათისათვის“.

5. გადასაზიდ საშუალებებში, ასევე კონტეინერებსა და შესანახ ჭურჭელში არსებული სურსათი უნდა განთავსდეს და დაცულ იქნეს ისე, რომ მინიმუმამდე შემცირდეს დაბინძურების რისკი.

6. აუცილებლობის შემთხვევაში, გადასაზიდი საშუალებები, ასევე კონტეინერები და შესანახი ჭურჭელი უნდა უზრუნველყოფდეს სურსათისათვის საჭირო ტემპერატურის შენარჩუნებასა და მათი მონიტორინგის საშუალებას.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 13 მარტის დადგენილება №170 – ვებგვერდი, 16.03.2020წ.

 

მუხლი 16. პერსონალის პირადი ჰიგიენა და ჯანმრთელობის მდგომარეობა

1. სურსათის წარმოებასთან/გადამუშავებასთან შეხებაში მყოფი პერსონალი განსაკუთრებით უნდა იცავდეს სისუფთავეს. უნდა ეცვას შესაფერისი, სუფთა და, საჭიროების შემთხვევაში, დამცავი ტანსაცმელი, საფრთხით გამოწვეული არასასურველი ზეგავლენის თავიდან აცილებისათვის.

2. დაუშვებელია პერსონალმა, რომელიც ინფიცირებულია ისეთი დაავადებით, რომლის გავრცელება შესაძლებელია სურსათით (მაგალითად, ინფიცირებული ჭრილობა, კანის ინფექცია, წყლული და სხვ.), მონაწილეობა მიიღოს სურსათის წარმოების/გადამუშავების პროცესში, თუკი არსებობს სურსათის პირდაპირი ან არაპირდაპირი დაბინძურების რისკი.

3. პერსონალმა, რომელიც ინფიცირებულია და დასაქმებულია სურსათის წარმოებაში, და რომელიც, სავარაუდოდ, შეიძლება შეეხოს სურსათს, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს საწარმოს ხელმძღვანელს ან წარმომადგენელს თავისი ავადმყოფობის ან სიმპტომების შესახებ და, თუ შესაძლებელია, მათი სავარაუდო გამომწვევი მიზეზების შესახებაც.

4. საწარმოში თამბაქოს მოწევა, გარდა სპეციალურად გამოყოფილი ადგილისა, დაუშვებელია.

5. აკრძალულია დამცავი ტანსაცმლის ქინძისთავებით, ნემსებით შეკვრა, ასევე პირადი ჰიგიენის საგნების ან/და სხვა გარეშე ნივთების ჯიბით ტარება.

6. სურსათის წარმოებისა და გადამუშავების ადგილებში დაუშვებელია უცხო პირთა შესვლა დამცავი ტანსაცმლის გარეშე.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 13 მარტის დადგენილება №170 – ვებგვერდი, 16.03.2020წ.

 

მუხლი 17. პერსონალის სწავლება

ბიზნესოპერატორმა უნდა უზრუნველყოს დასაქმებული პერსონალის შესაბამისი სწავლება ან/და ინსტრუქტაჟი:

ა) სურსათის ჰიგიენის საკითხებთან დაკავშირებით;

ბ) საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტოლო წერტილების (HACCP) პრინციპებზე დაფუძნებულ სისტემასთან დაკავშირებით.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 13 მარტის დადგენილება №170 – ვებგვერდი, 16.03.2020წ.

 

დანართი №2

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 16 ოქტომბრის დადგენილება №534 - ვებგვერდი, 19.10.2015წ.

 

ტექნიკური რეგლამენტი − სურსათის ჰიგიენის გამარტივებული წესი

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 13 მარტის დადგენილება №170 – ვებგვერდი, 16.03.2020წ.

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს წესი ადგენს „ტექნიკური რეგლამენტის − სურსათის ჰიგიენის ზოგადი წესისგან“ განსხვავებულ ჰიგიენურ მოთხოვნებს, რომლებიც ვრცელდება სურსათის წარმოების, მათ შორის, პირველადი წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ყველა ეტაპზე.

2. (ამოღებულია - 18.11.2022, №528 ) .

3. ეს წესი ვრცელდება:

ა) იმ ბიზნესოპერატორზე, რომელსაც სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის შესაბამისად აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი და რომელიც ახორციელებს პირველადი პროდუქტის პირდაპირ მიწოდებას საბოლოო მომხმარებლისთვის ან იმ საცალო ვაჭრობის პუნქტისთვის, რომელიც უშუალოდ ამარაგებს საბოლოო მომხმარებელს;

ბ) იმ ბიზნესოპერატორზე, რომელიც იყენებს ტრადიციულ მეთოდებს;

გ) იმ ბიზნესოპერატორზე, რომელიც ახორციელებს სურსათის არაქარხნული წესით წარმოებას, გადამუშავებას ან/და დისტრიბუციას, ასევე პირველად წარმოებას, მაღალმთიან რეგიონში;

დ) ამ პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ბიზნესოპერატორზე, თუ იგი ახორციელებს გეოგრაფიული აღნიშვნით და/ან ადგილწარმოშობის დასახელებით დაცული სურსათის წარმოებას, გადამუშავებას ან/და დისტრიბუციას, ასევე პირველად წარმოებას.

[დ) ბიზნესოპერატორზე, რომელსაც აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი და ახორციელებს გეოგრაფიული აღნიშვნით/ადგილწარმოშობის დასახელებით დაცული ან/და ხარისხის ნიშნის მქონე სურსათის წარმოებას/პირველად წარმოებას. (ამოქმედდეს 2025 წლის 20 ივლისიდან)]

4. ამ წესის მიზნებისთვის გამოიყენება ამ დადგენილებითა და სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით განსაზღვრული ტერმინები.

5. სააგენტო, საქართველოში ადგილწარმოშობის დასახელებით და/ან გეოგრაფიული აღნიშვნით დაცული სურსათის სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას, ადგენს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად განსაზღვრულ, დადგენილ სპეციფიკაციებთან შესაბამისობას.

[5. სააგენტოს მიერ საქართველოში ადგილწარმოშობის დასახელებით/ გეოგრაფიული აღნიშვნით დაცული ან/და ხარისხის ნიშნის მქონე სურსათის სახელმწიფო კონტროლი წარმოადგენს ქმედებას, რომლის დროსაც ხორციელდება „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით განსაზღვრულ, ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის სურსათის სპეციფიკაციებთან, მათ შორის, ავთენტური და უცვლელი ადგილობრივი მეთოდების აღწერასთან შესაბამისობის დადგენა და ასევე ბაზარზე განთავსებული სურსათის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის ამავე კანონით დადგენილი წესით გამოყენების კონტროლი. (ამოქმედდეს 2025 წლის 20 ივლისიდან)]

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №409 - ვებგვერდი, 29.08.2019წ.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 13 მარტის დადგენილება №170 – ვებგვერდი, 16.03.2020წ.

საქართველოს მთავრობის 2022 წლის 18 ნოემბრის დადგენილება №528 – ვებგვერდი, 18.11.2022წ.

საქართველოს მთავრობის 2025 წლის 11 ივლისის დადგენილება №254 - ვებგვერდი, 14.07.2025წ.

 

მუხლი 2. ჰიგიენური მოთხოვნები პირველადი წარმოებისა და მასთან დაკავშირებულიპროცედურების მიმართ

1. პირველადი წარმოებისათვის ჰიგიენური მოთხოვნები და მასთან დაკავშირებული პროცედურები მოიცავს:

ა) პირველადი პროდუქტების წარმოებას, ადგილზე შენახვასა და ტრანსპორტირებას, რომელთა დროსაც არსებითად არ უნდა შეიცვალოს მათი ძირითადი თვისებები;

ბ) ცოცხალი ცხოველების ტრანსპორტირებისათვის დადგენილ მოთხოვნებს;

გ) მცენარეული წარმოშობის პროდუქტების, თევზჭერის, ნანადირევისა და მეფუტკრეობის პროდუქტების წარმოების ადგილიდან გადამამუშავებელ საწარმომდე ტრანსპორტირებას, რომლის დროსაც არ უნდა შეიცვალოს მათი ძირითადი თვისებები.

2. ბიზნესოპერატორმა შეძლებისდაგვარად უნდა განახორციელოს საფრთხეების კონტროლის ღონისძიებები, კერძოდ, ცხოველთა ჯანმრთელობასა და მცენარეთა სიჯანსაღესთან დაკავშირებული ღონისძიებები, რომლებიც გავლენას ახდენენ ადამიანის ჯანმრთელობაზე, მათ შორის, ზოონოზებისა და ზოონოზური აგენტების მონიტორინგისა და კონტროლის პროგრამები.

3. ბიზნესოპერატორმა, რომელიც მისდევს მეცხოველეობას, ნადირობას ან აწარმოებს ცხოველური წარმოშობის პირველად პროდუქტს, გარემოებიდან გამომდინარე, უნდა განახორციელოს შემდეგი ადეკვატური ღონისძიებები:

ა) საჭიროების შემთხვევაში, ამ წესის მე-5 მუხლის შესაბამისად, გამოიყენოს სასმელი წყალი ან სუფთა წყალი;

ბ) რამდენადაც შესაძლებელია, თავიდან აიცილოს მავნებლებისაგან პირველადი პროდუქტის დაბინძურება;

გ) ისე შეინახოს და გადაზიდოს პირველადი წარმოების ნარჩენები და საფრთხის შემცველი ნივთიერებები, რომ თავიდან აიცილოს პირველადი პროდუქტების დაბინძურება;

დ) საწარმოში ახალი ცხოველების შემოყვანის დროს გაატაროს პრევენციული ზომები ადამიანისათვის საშიშ ინფექციურ დაავადებათა გავრცელების საწინააღმდეგოდ და ასეთ დაავადებებთან დაკავშირებით ეჭვის წარმოქმნის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს;

ე) გაითვალისწინოს ცხოველებისაგან აღებული ნიმუშის ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგი, რომელიც მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობისათვის;

ვ) გამოიყენოს ცხოველის საკვების დანამატები და ვეტერინარიული პრეპარატები, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

4. ბიზნესოპერატორმა, რომელიც აწარმოებს ან მოჰყავს მცენარეული წარმოშობის პირველადი პროდუქტები, უნდა განახორციელოს ადეკვატური ღონისძიებები, კერძოდ:

ა) აუცილებლობის შემთხვევაში, ამ წესის მე-5 მუხლის შესაბამისად, გამოიყენოს სასმელი წყალი ან სუფთა წყალი;

ბ) რამდენადაც შესაძლებელია, თავიდან აიცილოს მავნებლებისაგან პირველადი პროდუქტის დაბინძურება;

გ) ისე შეინახოს და გადაზიდოს ნარჩენები და საფრთხის შემცველი ნივთიერებები, რომ თავიდან აიცილოს პირველადი პროდუქტების დაბინძურება;

დ) გაითვალისწინოს მცენარეებისაგან აღებული ნიმუშის გამოკვლევის შედეგი, რომელიც მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობისათვის;

ე) გამოიყენოს მცენარეთა დაცვის საშუალებები, აგროქიმიკატები და ბიოციდები, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

5. ბიზნესოპერატორმა უნდა განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები სახელმწიფო კონტროლის დროს გამოვლენილი შეუსაბამობის გამოსწორების მიზნით.

6. ბიზნესოპერატორმა, სათანადო წესით, გარკვეული პერიოდულობით უნდა აწარმოოს და შეინახოს საფრთხეების გაკონტროლებასთან დაკავშირებით განხორციელებულ ღონისძიებათა ჩანაწერები, მოთხოვნის შემთხვევაში, მიაწოდოს ასეთ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია სააგენტოს და პირველადი წარმოების პროდუქტის მიმღებ ბიზნესოპერატორს.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 13 მარტის დადგენილება №170 – ვებგვერდი, 16.03.2020წ.

 

მუხლი 3. მოთხოვნები საწარმოს მიმართ

1. საწარმოს ტერიტორია უნდა სუფთავდებოდეს რეგულარულად.

2. საწარმოს შენობა მოწყობილი უნდა იყოს იმგვარად, რომ იძლეოდეს დასუფთავების შესაძლებლობას, არ ხდებოდეს ჭუჭყის დაგროვება, სურსათისა და ტოქსიკური მასალების კონტაქტი, სურსათში მავნე აგენტების ჩაბუდება და კონდენსაცია, ზედაპირზე ობის სოკოს წარმოქმნა, ხელს უწყობდეს დამაბინძურებლებისაგან (მათ შორის, მავნებლებისაგან) დაცვას, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფილი იყოს სურსათის სათანადო ტემპერატურით დამუშავებისა და შენახვის პირობების დაცვა, ამასთან, იძლეოდეს ტემპერატურის გაკონტროლების შესაძლებლობასა და, საჭიროების შემთხვევაში, მის აღრიცხვას.

3. საწარმოში ტუალეტის არსებობის შემთხვევაში უნდა ხდებოდეს მისი დასუფთავება.

4. შენობა აღჭურვილი უნდა იყოს სათანადო ბუნებრივი ან მექანიკური ვენტილაციის საშუალებებით და უნდა ჰქონდეს ადეკვატური ბუნებრივი ან/და ხელოვნური განათება.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 13 მარტის დადგენილება №170 – ვებგვერდი, 16.03.2020წ.

 

მუხლი 4. მოთხოვნები იმ სათავსის მიმართ, რომელშიც ხდება სურსათის წარმოება და გადამუშავება

1. სათავსი, სადაც ხდება სურსათის წარმოება ან/და გადამუშავება, უნდა იყოს მოწყობილი იმგვარად, რომ იძლეოდეს წარმოებისას, გადამუშავებისა და დისტრიბუციისას სურსათის დაბინძურებისაგან დაცვის საშუალებას, კერძოდ:

ა) იატაკის ზედაპირი უნდა იყოს ადვილად გასაწმენდი და, საჭიროების შემთხვევაში, იძლეოდეს დეზინფიცირების საშუალებას;

ბ) კედლის (ტიხრების) ზედაპირი უნდა იყოს ადვილად გასაწმენდი და, საჭიროების შემთხვევაში, იძლეოდეს დეზინფიცირების საშუალებას;

გ) ჭერი მოპირკეთებული უნდა იყოს ისე, რომ ადვილად იწმინდებოდეს, არ ხდებოდეს ჭუჭყის დაგროვება, ობის წარმოქმნა, ნაწილაკების ცვენა და მინიმუმამდე იქნეს შემცირებული კონდენსატის წარმოქმნა;

დ) კარები უნდა იყოს ადვილად გასაწმენდი, შეწოვის უნარის არმქონე და, საჭიროების შემთხვევაში, უნდა იძლეოდეს დეზინფიცირების საშუალებას;

ე) ზედაპირები (მათ შორის, მოწყობილობის ზედაპირი), რომლებიც უშუალო შეხებაშია სურსათთან, უნდა იყოს ადვილად გასაწმენდი და, საჭიროების შემთხვევაში, იძლეოდეს დეზინფიცირების საშუალებას. ამისათვის რეკომენდებულია ზედაპირი დამზადდეს გლუვი, რეცხვადი, კოროზიისადმი მდგრადი და არატოქსიკური მასალით;

ვ) სათავსებში, რომლებშიც ხდება სურსათის წარმოება ან/და გადამუშავება, ყველა სახის დაკიდებული კონსტრუქცია დამონტაჟებული უნდა იყოს იმგვარად, რომ არ მოხდეს სურსათის დაბინძურება კონდენსატით. დაკიდებული კონსტრუქციები ადვილად უნდა სუფთავდებოდეს.

2. დაუშვებელია საწარმოს საამქროებში სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობისას სურსათის წარმოება. ნებადართულია მცირე შეკეთებითი სამუშაოების შესრულება წარმოების გაჩერების გარეშე, სურსათში სხვადასხვა უცხო საგნის მოხვედრისაგან საიმედო დაცვის უზრუნველყოფით.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 13 მარტის დადგენილება №170 – ვებგვერდი, 16.03.2020წ.

 

მუხლი 5. მოთხოვნები წყალმომარაგებისა და კანალიზაციისადმი

1. სურსათის საწარმოებლად ბიზნესოპერატორი უნდა იყენებდეს ისეთი ხარისხის სასმელ წყალს, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

2. სურსათის გადამუშავებამდე, მათ შორის, თევზისა და სხვა ზღვის პროდუქტების გასარეცხად, შესაძლებელია სუფთა წყლის გამოყენება.

3. სურსათისთვის განკუთვნილი ყინული უნდა დამზადდეს სასმელი წყლისაგან, ხოლო თევზისა და ზღვის პროდუქტებისათვის განკუთვნილი ყინული შესაძლებელია, დამზადდეს ზღვის სუფთა წყლისაგან. ყინული დაცული უნდა იყოს დაბინძურებისაგან.

4. აუცილებლობის შემთხვევაში საწარმოში შესაძლებელია არსებობდეს მოწყობილობები წყლის შენახვისა და მიწოდებისათვის, რომლებიც დაცული იქნება დაბინძურებისაგან. საჭიროების შემთხვევაში უნდა ხდებოდეს ასეთ მოწყობილობათა დეზინფიცირება.

5. საწარმოს უნდა ჰქონდეს ნარჩენების გატანისა და, საჭიროების შემთხვევაში, დრენაჟის ეფექტიანი სისტემა, რომელიც უნდა იყოს გამართულ მდგომარეობაში.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 13 მარტის დადგენილება №170 – ვებგვერდი, 16.03.2020წ.

 

მუხლი 6. მოთხოვნები აღჭურვილობისა და მოწყობილობებისადმი

ყველა საგანი, აღჭურვილობა და მოწყობილობა, რომლებიც შეხებაშია სურსათთან:

ა) უნდა სუფთავდებოდეს და, აუცილებლობის შემთხვევაში, უნდა მოხდეს მათი დეზინფიცირება. დასუფთავება და დეზინფიცირება უნდა მოხდეს ისეთი სიხშირით, რომელიც საკმარისია ნებისმიერი დაბინძურების რისკის თავიდან ასაცილებლად;

ბ) უნდა იყოს ისეთი მასალისაგან დამზადებული, რომ მინიმუმამდე შემცირდეს დაბინძურების რისკი, შესაძლებელი იყოს მათი გაწმენდა (გარდა ერთჯერადი კონტეინერებისა და შესაფუთი მასალებისა) და, საჭიროების შემთხვევაში, იძლეოდეს დეზინფიცირების საშუალებას.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 13 მარტის დადგენილება №170 – ვებგვერდი, 16.03.2020წ.

 

მუხლი 7. მოთხოვნები სურსათის მიმართ

1. ბიზნესოპერატორმა სურსათის წარმოებისათვის/გადამუშავებისათვის არ უნდა მიიღოს ისეთი ნედლეული, ინგრედიენტი ან ნებისმიერი სხვა მასალა, თუ ცნობილია ან არსებობს ეჭვი, რომ ისინი დაბინძურებულია მავნებლებით, პათოგენური მიკროორგანიზმებით, უცხო სხეულებით ან ტოქსიკურია, გაფუჭებულია ისეთ დონემდე, რომ მაშინაც კი, თუ მათი შენახვა, წარმოება ან/და გადამუშავება მოხდება ჰიგიენის წესის სრული დაცვით, საბოლოო სურსათი მაინც მავნებელი იქნება ადამიანის ჯანმრთელობისათვის.

2. ბიზნესოპერატორმა, სურსათის წარმოებისათვის/გადამუშავებისათვის საჭირო ნედლეულის, ინგრედიენტის ან ნებისმიერი სხვა მასალის მიღებისას უნდა აწარმოოს ჩანაწერი მიმწოდებლის საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და ნედლეულის, ინგრედიენტის ან ნებისმიერი სხვა მასალის ჩაბარების თარიღის მითითებით.

3. წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ყველა ეტაპზე სურსათი დაცული უნდა იყოს ნებისმიერი ისეთი სახის დაბინძურებისაგან, რომელმაც შესაძლოა, ის ადამიანის ჯანმრთელობისათვის სახიფათოდ აქციოს, ან ისე დააბინძუროს, რომ მისი მოხმარება არამიზანშეწონილი გახდეს.

4. სურსათის შენახვისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს არაერთგვაროვანი პროდუქციის განცალკევება ისე, რომ ცალკეულმა სურსათმა არ დაკარგოს მისთვის დამახასიათებელი ორგანოლეპტიკური თვისებები.

5. ნედლეულის, ინგრედიენტებისა და სურსათის წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე უზრუნველყოფილ უნდა იქნეს კონკრეტული სურსათის შენახვისათვის დადგენილი ტემპერატურის, ტენიანობის, აერაციის სათანადო რეჟიმი, რაც გამორიცხავს მიკროორგანიზმების ზრდა-განვითარებას, პარაზიტების გამრავლებასა და ტოქსინების წარმოქმნას.

6. სურსათის შენახვისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს არაერთგვაროვანი პროდუქციის განცალკევება ისე, რომ ცალკეულმა სურსათმა არ დაკარგოს მისთვის დამახასიათებელი ორგანოლეპტიკური თვისებები.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 13 მარტის დადგენილება №170 – ვებგვერდი, 16.03.2020წ.

 

მუხლი 8. სურსათის შეფუთვისათვის საჭირო მოთხოვნები

1. სურსათთან დაკავშირებული ტარა და მასთან შეხებაში მყოფი მასალა უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა მოთხოვნებს.

2. სურსათის შესაფუთი მასალა უნდა იყოს ისეთ მდგომარეობაში, რომ სურსათთან უშუალო შეხებისას არ მოხდეს პროდუქტის დაბინძურება.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 13 მარტის დადგენილება №170 – ვებგვერდი, 16.03.2020წ.

 

მუხლი 9. ნარჩენების შეგროვება და გატანა

1. სურსათის წარმოების ნარჩენები, საჭიროების მიხედვით, უნდა იყოს გატანილი იმ სათავსებიდან, რომლებშიც სურსათია განთავსებული, რათა თავიდან იქნეს აცილებული მათი დაგროვება.

2. სურსათის წარმოების ნარჩენები გატანილი უნდა იყოს ისეთი საშუალებით, რომ გამოირიცხოს ნარჩენების გატანის პროცესში საწარმოს დაბინძურება. კონტეინერებით ნარჩენების გატანის შემთხვევაში, ეს კონტეინერები ადვილად უნდა იწმინდებოდეს და, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელი უნდა იყოს მათი დეზინფიცირება.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 13 მარტის დადგენილება №170 – ვებგვერდი, 16.03.2020წ.

 

მუხლი 10. დეზინფექცია

1. დასალაგებელი ინვენტარი, სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებები, აგრეთვე სადეზინფექციო საშუალებების დასამზადებელი ქიმიური ნივთიერებები უნდა ინახებოდეს ისე, რომ არ მოხდეს მათი შეხება შესაფუთ მასალასა და სურსათთან.

2. სურსათის წარმოების პროცესში გამოყენებული სარეცხი ან/და სადეზინფექციო საშუალებები არ უნდა იყოს ტოქსიკური ადამიანისათვის და საზიანო – სურსათისათვის.

3. სადეზინფექციო ხსნარებისა და სხვა საშუალებათა გამოყენება უნდა იყოს აღრიცხული.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 13 მარტის დადგენილება №170 – ვებგვერდი, 16.03.2020წ.

 

მუხლი 11. მოთხოვნები სურსათის ტრანსპორტირებისადმი

1. გადასაზიდი საშუალებები, ასევე კონტეინერები და შესანახი ჭურჭელი არ უნდა გამოიყენებოდეს სურსათის გარდა სხვა რამის გადასაზიდად, თუ შესაძლებელია, რომ ამან გამოიწვიოს სურსათის დაბინძურება. ასეთ შემთხვევაში, უნდა განხორციელდეს გადასაზიდი საშუალებების, ასევე კონტეინერებისა და შესანახი ჭურჭლის შესაბამისი დასუფთავება/დეზინფექცია.

2. გადასაზიდ საშუალებებში, ასევე კონტეინერებსა და შესანახ ჭურჭელში არსებული სურსათი უნდა იყოს დაცული იმგვარად, რომ მინიმუმამდე შემცირდეს დაბინძურების რისკი.

3. აუცილებლობის შემთხვევაში, გადასაზიდი საშუალებები, ასევე კონტეინერები და შესანახი ჭურჭელი უნდა უზრუნველყოფდეს სურსათისათვის საჭირო ტემპერატურის შენარჩუნებასა და მათი მონიტორინგის საშუალებას.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 13 მარტის დადგენილება №170 – ვებგვერდი, 16.03.2020წ.

 

მუხლი 12. პერსონალის პირადი ჰიგიენა და ჯანმრთელობის მდგომარეობა

1. სურსათის წარმოებასთან/გადამუშავებასთან უშუალო შეხებაში მყოფი პერსონალი განსაკუთრებით უნდა იცავდეს სისუფთავეს, უნდა ეცვას შესაფერისი, სუფთა და, საჭიროების შემთხვევაში, დამცავი ტანსაცმელი (მათ შორის, თავსაბურავი და ფეხსაცმელი) საფრთხით გამოწვეული არასასურველი ზეგავლენის თავიდან აცილებისათვის.

2. პერსონალს, რომელიც ინფიცირებულია ისეთი დაავადებით, რომლის გავრცელება შესაძლებელია სურსათით (მაგალითად, აქვს ინფიცირებული ჭრილობა, კანის ინფექცია, წყლული და სხვ.), არ უნდა ჰქონდეს უფლება, მონაწილეობა მიიღოს სურსათის წარმოების/გადამუშავების პროცესში, თუკი არსებობს სურსათის პირდაპირი ან არაპირდაპირი დაბინძურების შესაძლებლობა.

3. აკრძალულია დამცავი ტანსაცმლის ქინძისთავებით, ნემსებით შეკვრა, ასევე პირადი ჰიგიენის საგნების ან/და სხვა ისეთი ნივთების ჯიბით ტარება, რომლებიც წარმოადგენს ფიზიკურ საფრთხეს.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 13 მარტის დადგენილება №170 – ვებგვერდი, 16.03.2020წ.

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე