გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის წესების დარღვევა N 2544
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის წესების დარღვევა N 2544
ფაქტობრივი გარემოებები
· ფიზიკური პირი ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციის გარეშე ახორციელებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სამეწარმეო საქმიანობას სავაჭრო ობიექტის, მათ შორის, ავტომობილის მეშვეობით, აგრეთვე, ქუჩაში საქონლის დატარებით ან/და მომსახურების გაწევით.
· ვარიანტი I: ფიზიკური პირი საგადასახადო ორგანოში არ არის აღრიცხული გადასახადის გადამხდელად.
· ვარიანტი II: ფიზიკური პირი საგადასახადო ორგანოში აღრიცხულია გადასახადის გადამხდელად.
შეფასება
· სსკ-ის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, აგრეთვე, 66-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირი ვალდებულია ეკონომიკური საქმიანობის დაწყებამდე აღრიცხვაზე დადგეს შესაბამის საგადასახადო ორგანოში. ამასთან, სსკ-ის 66-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო რეგისტრაციას (აღრიცხვას) ახორციელებენ საგადასახადო ორგანოები საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით. ეს წესი არ ვრცელდება იმ პირებზე, რომელთა რეგისტრაციას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციას ახორციელებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. ამასთან, ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მეწარმე სუბიექტის რეგისტრაცია მოიცავს როგორც სახელმწიფო, ისე საგადასახადო რეგისტრაციას.
· I ვარიანტი: ფიზიკურ პირი, ეკონომიკური საქმიანობის დაწყებამდე, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უნდა დარეგისტრირებულიყო ინდივიდუალურ მეწარმედ, რაც ავტომატურად გულისხმობს საგადასახადო რეგისტრაციასაც.
· II ვარიანტი: იმ დაშვებით, რომ ფიზიკური პირი საგადასახადო ორგანოში უკვე აღრიცხულია გადასახადის გადამხდელად, რაც საშუალებას იძლევა, რომ მის მიმართ გატარდეს დროული დეკლარირების, დეკლარაციის სისწორის და გადასახადების დროული გადახდის ღონისძიებები, ითვლება, რომ დაკმაყოფილებულია გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის პრინციპები.
ღონისძიებები
· I ვარიანტი: ფიზიკური პირი დაჯარიმდება სსკ-ის 273-ე მუხლის მიხედვით. ამასთან, სსკ-ის 66-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ განხორციელდება აღნიშნული პირის საგადასახადო რეგისტრაცია.
· II ვარიანტი: ფიზიკური პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება.
სიტუაციური სახელმძღვანელო გამოიყენება მხოლოდ სსკ-ის 273-ე მუხლის მიზნებისთვის.
სიტუაციური სახელმძღვანელო დამკიცებულია 2021 წლის 4 მარტისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით.