ბრძანება N 22025

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 09.10.2024
№ დოკუმენტი 22025
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი, ვალის მართვის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

N 22025

09 ოქტომბერი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2024 წლის 5 აგვისტოს საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 19 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №101) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) №91231/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 24 ივლისის №007-203 საგადასახადო მოთხოვნასა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2024 წლის პირველი აგვისტოს №007-30576 შეტყობინებასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ჩამოწერილი ნედლი ნავთობის დანაკარგზე, როგორც უსასყიდლოდ საქონლის მიწოდებაზე/მომსახურების გაწევაზე შემოწმებით დარიცხულ მოგებისა და დამატებული ღირებულების გადასახადებს. აცხადებს, რომ შპს „-------“ არის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც დაფუძნების დღიდან დღემდე ყიდულობს სხვადასხვა სახის ნედლ ნავთობს და ახდენს მის გადამუშავებას, რის შედეგადაც მიიღება ბენზინი, დიზელი და მაზუთი. კომპანიის მიერ შეძენილი ყველა პროდუქტის შემადგენლობაში ფიქსირდება წყლის შემცველობა. რიგ შემთხვევებში წყლის შემცველობა ნედლ ნავთობში შეადგენს 0,1%-ს, ხოლო რიგ შემთხვევებში მისი შემცველობა გაცილებით უფრო მეტია და აღწევს 5%-10%-ს. ნედლ ნავთობში ყოველთვის ფიქსირდება 2 სახის წყალი: მოლეკულური და შეტივტივებული. მოლეკულური წყალი, იმით განსხვავდება შეტივტივებულისგან, რომ მისი გამოცალკევება პრაქტიკულად შეუძლებელია და ტექნოლოგიური პროცესის (გამოხდის) დროს ხდება მისი აორთქლება, ხოლო შეტივტივებული წყალი გარკვეული პერიოდულობის შემდეგ (რეზერვუარში მოთავსებიდან 6-12 საათში) გამოეყოფა ნედლ ნავთობს, რა დროსაც წყალი ჩადის რეზერვუარის ბოლოში და იქმნება წყლის და ნედლი ნავთობის განცალკევებული ფენები. აღნიშნული გარემოებები, როგორც ხელშემკვრელი მხარეებისთვის, ასევე, შემოსავლების სამსახურისთვის, დოკუმენტაციის წარდგენის გზით დასაწყისშივე ცნობილია. თითოეულ პროდუქტს თან ახლავს ხარისხის სერტიფიკატი, სადაც დაფიქსირებულია ნედლ ნავთობში წყლის შემცველობის მაჩვენებელი. შემოსავლების სამსახურს უნდა ეხელმძღვანელა მათთვის წარდგენილი ხარისხის სერტიფიკატის შესაბამისად, დაედგინა ნედლ ნავთობში წყლის პროცენტული მაჩვენებელი, რის შედეგადაც აღმოჩნდებოდა, რომ დანაკლისი თანხვედრაშია იმ ხარისხის სერტიფიკატებთან, რომლის გადამუშავებასაც წლების განმავლობაში ახორციელებდა საწარმო. ასევე, მნიშვნელოვანია ტექნოლოგიური პროცესის ცოდნა. რიგ შემთხვევებში რეზერვუარში ხელოვნურად ხდება რეზერვუარის ძირზე წყლის შეტუმბვა იმისთვის, რომ არ დაზიანდეს რეზერვუარი და ასევე ნავთობპროდუქტის გადამუშავების დროს არ დარჩეს ე.წ. „მკვდარი ნაშთი“. შესაბამისად, შეუძლებელია რაიმე სახის აქტის შედგენა, რომლის მიხედვითაც მოხდება გამოცალკევებული წყლის (შეტივტივებული და მოლეკულური) ნარჩენი ოდენობის განსაზღვრა, ვინაიდან, მოლეკულური წყალი ორთქლდება ნედლი ნავთობის გადამუშავების პროცესში, ხოლო შეტივტივებული წყალი ერევა ხელოვნურად შეტუმბულ წყალს. გარდა ამისა, ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი წესით ხდება რეზერვუარების გაწმენდითი სამუშაობის ჩატარება, რის შედეგადაც რეზერვუარი სუფთავდება და მზადდება ახალი პარტია ნედლი ნავთობის მისაღებად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ნედლი ნავთობის დაბინძურების პროცესი.

2021 წლის ოქტომბრის თვეში კომპანიას შეძენილი აქვს სპეც. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისად 256 200 კგ. ნედლი ნავთობი. ნედლეულის შეძენამდე გამყიდველის მიერ მოწოდებული იქნა ინფორმაცია პროდუქტის დაბალი ხარისხის და მასში წყლის არსებობის თაობაზე, რომლის რაოდენობაც საშუალოდ 30%-33%-ის ფარგლებში განიხილებოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, გამყიდველის მიერ შემოთავაზებული იქნა ფასი, რომლიც მისაღები იქნებოდა მყიდველისათვის ნედლეულის ხარისხთან და გადამუშავებასთან დაკავშირებული დამატებითი ხარჯების გათვალიწინებით. შესაბამისად, ნავთობის ფასი განისაზღვრა 558,54 ლარის ოდენობით, დღგ-ის გარეშე. ცნობისათვის: 2021 წლის სექტემბერში შეძენილი ნედლი ნავთობის ღირებულება შეადგენდა 805,08 ლარს, ამავე წლის ნოემბერში შეძენილის კი - 1 790,68 ლარს, დღგ-ის გარეშე. პროდუქტის მიღებისას ხდებოდა თითოეულ შემთხვევაში აზომვები. შედეგის შესახებ შედგენილი იქნა აქტი, რომლის მიხედვითაც მთლიანობაში საშუალოდ წყლის შემცველობამ შეადგინა 31%, ანუ 79 442 კგ. ხსენებული აქტი წარდგენილი იქნა შემოწმების პროცესში, მაგრამ მისი გათვალისწინება არ მოხდა.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დებიტორული დავალიანების მიღებულად მიჩნევას, დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას და შესაბამისად დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს. აცხადებს, რომ შპს „-------“ და შპს „-------“ მიმართ არსებული დებიტორული დავალიანების დაფარვის ფაქტად შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა მიიჩნია მეორე მხარის წერილობითი განმარტება, თუმცა აღნიშნული დავალიანებები დღემდე არ არის დაფარული. შემოსავლების სამსახურის პოზიცია ამ საკითხთან მიმართებით გაუგებარია, ვინაიდან, აღნიშნული ურთიერთობა ექვემდებარება კერძო სამართლებრივ ურთიერთობას და წესრიგდება სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ნორმების შესაბამისად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი არ ცნობს ვალდებულების შესრულების აღიარებას მოვალის განმარტების საფუძველზე. თუ მოვალე იძლევა განმარტებას, რომ მან აღნიშნული ვალდებულება შეასრულა, აღნიშული უნდა დადასტურდეს საბანკო გადარიცხვის ან მიღება-ჩაბარების აქტით.

3. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ფიზიკურ პირებზე მომსახურების სანაცვლოდ გადახდილ თანხებზე დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს.

4. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არააქციზური საქონლის წარმოებაში გამოყენებული საკუთარი წარმოების აქციზური საქონლის აქციზით დაბეგვრას. აცხადებს, რომ შპს „-------“ საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ნედლი ნავთობის გადამუშავება და წარმოებული ნავთობპროდუქტების რეალიზაცია. გადამუშავებისას მიიღება სამი ძირითადი პროდუქტი. მათ შორის, მსუბუქი დისტილატი (ე.წ. „ნაფტა“), ნავთობის მძიმე დისტილატები - გაზოილი სხვა მიზნებისათვის (დიზელის საწვავი) და ნავთობის მძიმე დისტილატები - თხევადი სათბობი (მაზუთი). რიგ შემთხვევებში მიიღება ე.წ. ნახევარფაბრიკატები, მაგალითად, ნავთობის მძიმე დისტილატი - გაზოილი, გადამუშავების სპეციფიკური პროცესებისათვის, რომლის ხელმეორედ გადამუშავების შედეგად მიიღება ნავთობის მძიმე დისტილატები - გაზოილი სხვა მიზნებისათვის (დიზელის საწვავი). კონკრეტულ შემთხვევებში და არა ყოველთვის, მაგალითად, ნავთობის მძიმე დისტილატი - გაზოილი გადამუშავების სპეციფიკური პროცესებისათვის მიღება გამოწვეული იყო საწარმოო ხარვეზებით, რომელიც შეიძლება ნებისმიერ საწარმოში მოხდეს. აღნიშნულის შემდეგ ხდებოდა მისი დამატებით გადამუშავება და ნავთობის მძიმე დისტილატები - გაზოილის სხვა მიზნებისათვის (დიზელის საწვავი) მიღება. ხელმეორედ გადამუშავების შედეგად გამოიყოფოდა როგორც მინარევი, მაზუთი და მიიღებოდა საბოლოო პროდუქტი დიზელის საწვავი. ამიტომ ეს შეიძლება განხილული იქნას, როგორც ერთიანი ციკლი ნედლი ნავთობის გადამუშავებიდან დიზელის საწვავის მიღებამდე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ხელმეორედ გადამუშავების პროცესში მიღებული მაზუთის ოდენობა, რომელმაც შეადგინა 19 530 კგ და დაიბეგრა აქციზის გადასახადით, არ უნდა იქნას განხილული, როგორც აქციზური საქონლის გამოყენება არააქციზური საქონლის წარმოებად.

2021 წლის 14 ივნისს წარმოებული იქნა ბიტუმის ემულსია 501 545 კგ. ემულსიის საწარმოებლად გამოყენებული იქნა მ.შ. ნავთობის მსუბუქი დისტილატი (ნაფტა) 135 417 კგ. შემოწმების აქტით ნავთობის მსუბუქი დისტილატის მთლიანი რაოდენობა დაიბეგრა აქციზით, რამაც შეადგინა 67 708,50 ლარი. წარმოებიდან 2021 წლის 17 ოქტომბრის ჩათვლით ბიტუმის ემულსია რელიზებული იქნა 259 880 კგ, ხოლო დანარჩენი 241 665 კგ-ის დაშლა მოხდა იმავე წლის დეკემბერში. დაშლის შედეგად მიღებული იქნა 65 250 კგ ნავთობის მსუბუქი დისტილატი (ნაფტა). 2021 წლის 20 დეკემბრისთვის, ბიტუმის ემულსიის დაშლამდე, ნაშთი შეადგენდა 191 937 კგ-ს. ბიტუმის ემულსიის დაშლის შედეგად მიღებული პროდუქტის დამატებით, მისმა ოდენობამ შეადგინა 257 187 კგ. 2022 წლის 3 და 10 იანვარს წარმოებული იქნა საავტომობილო ბენზინი ძრავებისათვის - ოქტანური რიცხვით 95-ზე ნაკლები 529 177 კგ., რომლის წარმოებაზეც გამოყენებული იქნა ნავთობის მსუბუქი დისტილატის (ნაფტა) მთლიანი ოდენობა, მ.შ. დაშლის შედეგად მიღებული. აღნიშნული ასახულია საბუღალტრო აღრიცხვაში, რომელიც წარდგენილია შემოწმებისათვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ირკვევა, რომ 65 250 კგ ნავთობის მსუბუქი დისტილატი (ნაფტა) აქციზით დაიბეგრა ორჯერ. ერთ შემთხვევაში ბენზინის რეალიზაციისას და მეორე შემთხვევაში ბიტუმის ემულსიის წარმოებისას, შემოწმების აქტით.

5. გადასახადის გადამხდელი ითხოვს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2024 წლის პირველი აგვისტოს №007-30576 შეტყობინების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 18 ივლისის №17389 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი მარტიდან 2023 წლის 1 ივლისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 17 ივლისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2024 წლის 24 ივლისის №17390 ბრძანება და №007-203 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 515 130 ლარი, მათ შორის, გადასახადი 293 258 ლარი, ჯარიმა 135 336 ლარი, საურავი 86 536 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

● შპს „-------“ საქმიანობის საგანს წარმოადგენს ნავთობპროდუქტების წარმოება, შეძენა, რეალიზაცია. გადამუშავების პროცესში იყენებს ქართული წარმოშობის ნედლეულს - ნედლ ნავთობს. შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის (მათ შორის, გადამხდელისგან მოწოდებული მასალების) შესწავლისას აღმოჩნდა, რომ ნედლეულის გადამუშავების პროცესს თან ახლავს ბუნებრივი დანაკარგი. კომპანიის ბუღალტრულ რეგისტრებში არსებულ ჩანაწერებში, 2021 წლის ოქტომბრის თვის საანგარიშო პერიოდში, ნედლი ნავთობის გადამუშავებისას მიღებული ბუნებრივი დანაკარგების გარდა, ფიქსირდება ჩამოწერილი ნედლი ნავთობის დანაკარგი 79 422 კგ. გადამხდელის პოზიციით, აღნიშნული გამოიწვია დაბალი ხარისხის ნედლი ნავთობის შეძენამ, რომლის გადამუშავებისას, გარდა ბუნებრივი დანაკარგისა, ნედლ ნავთობში 79 422 კგ წარმოადგენდა წყალს და მოხდა მისი გადაღვრა, თუმცა გადამხდელს დანაკარგების განადგურების ან/და გადაღვრის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტაცია (შემოსავლების სამსახურის ან/და შესაბამისი საექსპერტო ბიუროს მიერ დადასტურებული) შემოწმებისთვის არ წარმოუდგენია. შეძენის დოკუმენტების გათვალისწინებით, 79 422 კგ ნედლი ნავთობის საბაზრო ღირებულება დღგ-ის ჩათვლით შეადგენს 52 419 ლარს.

ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე და 983 მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, კომპანიას დაერიცხა მოგების გადასახადი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე და 163-ე მუხლების გათვალისწინებით დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი, ასევე განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

● გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ რეგისტრებში არსებული მონაცემების შესწავლისას აღმოჩნდა, რომ შპს „-------“ 2022 წლის ნოემბრის თვის საანგარიშო პერიოდიდან შპს „-------“ წინაშე გააჩნია 308 913 ლარის დებიტორული დავალიანება, ხოლო შპს „-------“ წინაშე 2022 წლის მარტის საანგარიშო პერიოდიდან გააჩნია 319 810 ლარის დებიტორული დავალიანება. აღნიშნულთან დაკავშირებით, შემოწმების მიერ მოთხოვნილ იქნა შედარების აქტები მესამე პირებთან, რომელიც გადასახადის გადამხდელმა ვერ წარმოადგინა. მესამე პირებისგან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლით გამოთხოვილი ინფორმაციის პასუხად, შპს „-------“ წარმომადგენლებისგან (დამფუძნებელი/დირექტორი) მიღებული წერილობითი ინფორმაციით, 2023 წლის პირველი ივლისის საწყისი მდგომარეობით, შპს „-------“ დავალიანება - სულ 308 913 ლარი, სრულად იქნა დაფარული ნაღდი ანგარიშსწორებით, ხოლო შპს „-------“ წარმომადგენლებისგან (დამფუძნებელი) მიღებული წერილობითი ინფორმაციით 2023 წლის პირველი ივლისის საწყისი მდგომარეობით დავლიანება - 319 810 ლარი, სრულად იქნა დაფარული ნაღდი ანგარიშსწორებით. აღნიშნულ საკითხზე, მესამე პირების წერილობითი პოზიციების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ 308 913 ლარი და 319 810 ლარი (სულ ჯამში 628 723 ლარი) შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს განხილულ იქნა საწარმოს უფლებამოსილ წარმომადგენელზე, დირექტორზე გაცემულ ხელფასად, რაც დაიბეგრა წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საბანკო ამონაწერების შესწავლისას გამოვლინდა ინდივიდუალურ მეწარმეებად არარეგისტრირებულ ფიზიკურ პირებზე (------- და -------: - არ არიან რეგისტრირებულები ინდივიდუალურ მეწარმედ) მომსახურების სანაცვლოდ განხორციელებული გადახდები სულ ჯამში 1 200 ლარი, რომელიც შესაბამის საანგარიშო პერიოდებში კანონმდებლობის შესაბამისად გადამხდელის მხრიდან არ იქნა დაბეგრილი. შემოწმების პროცესში აღნიშნული თანხა - 1 200 ლარი დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა განესაზღვრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლით.

● კომპანიის საქმიანობის საგანს წარმოადგენს ნავთობპროდუქტების წარმოება, შეძენა, რეალიზაცია. შემოწმების მსვლელობისას, გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებულ მასალებსა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ ინფორმაციაზე/დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, დეტალურად იქნა შესწავლილი საანგარიშო პერიოდში განხორციელებული საწარმოო პროცესი. აღმოჩნდა, რომ გადასახადის გადამხდელი აწარმოებს როგორც აქციზით დასაბეგრ, ასევე არააქციზურ საქონელს (ნავთობპროდუქტებს). კერძოდ: შესამოწმებელ პერიოდში თავისივე წარმოებული აქციზური საქონელი 406 000 კგ „გაზოილი“ გამოიყენა არააქციზური საქონლის 19 530 კგ „მაზუთის“ წარმოებაში; ასევე, თავისივე წარმოებული აქციზური საქონელი 135 417 კგ „ნაფტა“ გამოიყენა არააქციზური საქონლის 501 545 კგ „ბიტუმის ემულსიის“ წარმოებაში, ხოლო თავისივე წარმოებული აქციზური საქონელი 88 850 კგ „ნაფტა“ გამოიყენა არააქციზური საქონლის 230 660 კგ „გათხევადებული მაზუთის“ წარმოებაში. აღსანიშნავია, რომ კომპანიას აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად საგადასახადო ვალდებულება არ შეუსრულებია. ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 183- ე და 184-ე მუხლების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა აქციზი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდებად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა სასყიდლით (მათ შორის, საქონლის რეალიზაცია, გაცვლა, ხელფასის ან ნატურალური ფორმით ანაზღაურება) ან უსასყიდლოდ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით გათვალისწინებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ან/და ძირითადი საშუალების დანაკლისი ითვლება მისი გამოვლენის მომენტში ამ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურების სანაცვლოდ, საქონლის მიწოდებად ასევე განიხილება ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენის მომენტში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დღგით დასაბეგრი თანხა არის საქონლის საბაზრო ფასი, დღგ-ის გარეშე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, შპს „-------“ ბუღალტრულ რეგისტრებში არსებულ ჩანაწერებში, 2021 წლის ოქტომბრის თვის საანგარიშო პერიოდში, ნედლი ნავთობის გადამუშავებისას მიღებული ბუნებრივი დანაკარგების გარდა, ფიქსირდება ჩამოწერილი ნედლი ნავთობის დანაკარგი 79 422 კგ. გადასახადის გადამხდელის პოზიციით, აღნიშნული გამოიწვია დაბალი ხარისხის ნედლი ნავთობის შეძენამ, რომლის გადამუშავებისას, გარდა ბუნებრივი დანაკარგისა, ნედლ ნავთობში 79 422 კგ წარმოადგენდა წყალს და მოხდა მისი გადაღვრა, თუმცა გადასახადის გადამხდელს დანაკარგების განადგურების ან/და გადაღვრის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტაცია (შემოსავლების სამსახურის ან/და შესაბამისი საექსპერტო ბიუროს მიერ დადასტურებული) შემოწმებისთვის არ წარმოუდგენია. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიას დაერიცხა მოგებისა და დამატებული ღირებულების გადასახადები.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება/დოკუმენტაცია, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები ამ ნაწილში განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაქირავებით მომუშავე ფიზიკური პირი ამ კოდექსის მიზნებისათვის იწოდება დაქირავებულად, პირი, რომელიც ანაზღაურებს ასეთი ფიზიკური პირის მიერ შესრულებულ სამუშაოს, – დამქირავებლად, ხოლო ასეთი ანაზღაურება – ხელფასად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:

ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს;

დ) საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ რეგისტრებში არსებული მონაცემების შესწავლისას აღმოჩნდა, რომ შპს „-------“ 2022 წლის ნოემბრის თვის საანგარიშო პერიოდიდან შპს „-------“ წინაშე გააჩნია 308 913 ლარის დებიტორული დავალიანება, ხოლო შპს „-------“ წინაშე 2022 წლის მარტის საანგარიშო პერიოდიდან გააჩნია 319 810 ლარის დებიტორული დავალიანება. აღნიშნულთან დაკავშირებით, შემოწმების მიერ მოთხოვნილ იქნა შედარების აქტები მესამე პირებთან, რომელიც გადასახადის გადამხდელმა ვერ წარმოადგინა. მესამე პირებისგან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლით გამოთხოვილი ინფორმაციის პასუხად, შპს „-------“ წარმომადგენლებისგან (დამფუძნებელი/დირექტორი) მიღებული წერილობითი ინფორმაციით, 2023 წლის პირველი ივლისის საწყისი მდგომარეობით, შპს „-------“ დავალიანება - სულ 308 913 ლარი, სრულად იქნა დაფარული ნაღდი ანგარიშსწორებით, ხოლო შპს „-------“ წარმომადგენლებისგან (დამფუძნებელი) მიღებული წერილობითი ინფორმაციით 2023 წლის პირველი ივლისის საწყისი მდგომარეობით დავალიანება - 319 810 ლარი, სრულად იქნა დაფარული ნაღდი ანგარიშსწორებით. აღნიშნულ საკითხზე, მესამე პირების წერილობითი პოზიციების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ 308 913 ლარი და 319 810 ლარი (სულ ჯამში 628 723 ლარი) შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს განხილულ იქნა საზოგადოების უფლებამოსილ წარმომადგენელზე, დირექტორზე გაცემულ ხელფასად, რაზეც დარიცხული იქნა საშემოსავლო გადასახადი.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ ი/მ ------- და ი/მ ------- თანხების გადარიცხვა მოხდა მომსახურების გაწევის საფუძველზე და დეკლარაციის წარდგენა ინდივიდუალური მეწარმის ვალდებულებაა.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ხოლო განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდება მომსახურების გაწევა ინდივიდუალური მეწარმეების მიერ, შესრულებული სამუშაოების სანაცვლოდ გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას.

 

მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, აქციზის გადამხდელია პირი, რომელიც აწარმოებს აქციზურ საქონელს საქართველოში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 183-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, აქციზით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 184-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აქციზით დასაბეგრი ოპერაცია და დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტია საკუთარი წარმოების აქციზური საქონლის არააქციზური საქონლის წარმოებისათვის გამოყენების დაწყების მომენტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 185-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აქციზით დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება - ნავთობპროდუქტისათვის – ნავთობპროდუქტის წონით (მოცულობით).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 190-ე მუხლის მიხედვით:

1. აქციზის საანგარიშო პერიოდია კალენდარული თვე.

2. აქციზი გადახდას ექვემდებარება არა უგვიანეს დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელი აწარმოებს როგორც აქციზით დასაბეგრ, ასევე არააქციზურ საქონელს (ნავთობპროდუქტებს). კერძოდ: შესამოწმებელ პერიოდში თავისივე წარმოებული აქციზური საქონელი 406 000 კგ „გაზოილი“ გამოიყენა არააქციზური საქონლის 19 530 კგ „მაზუთის“ წარმოებაში; ასევე, თავისივე წარმოებული აქციზური საქონელი 135 417 კგ „ნაფტა“ გამოიყენა არააქციზური საქონლის 501 545 კგ „ბიტუმის ემულსიის“ წარმოებაში, ხოლო თავისივე წარმოებული აქციზური საქონელი 88 850 კგ „ნაფტა“ გამოიყენა არააქციზური საქონლის 230 660 კგ „გათხევადებული მაზუთის“ წარმოებაში. აღსანიშნავია, რომ კომპანიას აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად საგადასახადო ვალდებულება არ შეუსრულებია. შესაბამისად, შემოწმებით დარიცხული იქნა აქციზი.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

 

მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 23-ე ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო დავალიანება არის გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში გადაუხდელი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხასა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას შორის სხვაობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების რიგითობას ირჩევს საგადასახადო ორგანო, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენება შესაძლებელია ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

ამავე კოდექსის 238-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გაუქმებასთან ერთად უქმდება მისი გადახდევინების უზრუნველსაყოფად დაწყებული ამ თავით გათვალისწინებული ნებისმიერი ღონისძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ შპს „-------“ (ს/ნ -------) 2024 წლის პირველი აგვისტოს მდგომარეობით ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება. აღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის თანახმად, შპს „-------“ (ს/ნ -------) ქონების მიმართ 2024 წლის პირველი აგვისტოს №007-30576 შეტყობინებით დარეგისტრირდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება. ამასთან, 2024 წლის 19 სექტემბრის მდგომარეობით შპს „-------“ (ს/ნ -------) ერიცხება ზედმეტობა 435,189.84 ლარი და საგადასახადო დავალიანება, რომელიც არ არის აღიარებული 515,734.73 ლარი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხებოდა და ერიცხება საგადასახადო დავალიანება, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიება გავრცელებულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინების გაუქმების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდება მომსახურების გაწევა ინდივიდუალური მეწარმეების მიერ, შესრულებული სამუშაოების სანაცვლოდ გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას;

3. დანარჩენ ნაწილში საჩვარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება

1. ჩამოწერილი ნედლი ნავთობის დანაკარგზე, დარიცხულ დღგ-ს და მოგების გადასახადს.

2. დებიტორული დავალიანების მიღებულად მიჩნევას და დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.

3. ფიზიკურ პირებზე მომსახურების სანაცვლოდ გადახდილ თანხებზე დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს.

4. არააქციზური საქონლის წარმოებაში გამოყენებული საკუთარი წარმოების აქციზური საქონლის აქციზით დაბეგვრას.

5. ითხოვს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შპს საქმიანობის საგანს წარმოადგენს ნავთობპროდუქტების წარმოება, შეძენა, რეალიზაცია. შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის შესწავლისას აღმოჩნდა, რომ ნედლეულის გადამუშავების პროცესს თან ახლავს ბუნებრივი დანაკარგი. კომპანიის ბუღალტრულ რეგისტრებში არსებულ ჩანაწერებში, ნედლი ნავთობის გადამუშავებისას მიღებული ბუნებრივი დანაკარგების გარდა, ფიქსირდება ჩამოწერილი ნედლი ნავთობის დანაკარგი. გადამხდელს დანაკარგების განადგურების ან/და გადაღვრის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტაცია შემოწმებისთვის არ წარმოუდგენია. კომპანიას დაერიცხა დღგ და მოგების გადასახადი, ასევე განესაზღვრა ჯარიმა.

გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ რეგისტრებში არსებული მონაცემების შესწავლისას აღმოჩნდა, რომ გააჩნია დებიტორული დავალიანება. აღნიშნულთან დაკავშირებით, შემოწმების მიერ მოთხოვნილ იქნა შედარების აქტები მესამე პირებთან, რომელიც გადასახადის გადამხდელმა ვერ წარმოადგინა. მესამე პირებისგან გამოთხოვილი ინფორმაციის პასუხად, მიღებული წერილობითი ინფორმაციით, დებიტორული დავალიანებები სრულად იქნა დაფარული, რაც შემოწმების მიერ, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს განხილულ იქნა საწარმოს უფლებამოსილ წარმომადგენელზე, დირექტორზე გაცემულ ხელფასად, რაც დაიბეგრა წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

საბანკო ამონაწერების შესწავლისას გამოვლინდა ფიზიკურ პირებზე მომსახურების სანაცვლოდ განხორციელებული გადახდები, რომელიც შესაბამის საანგარიშო პერიოდებში, კანონმდებლობის შესაბამისად, არ იქნა დაბეგრილი. შემოწმების პროცესში აღნიშნული თანხა დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.

შემოწმების მსვლელობისას, დეტალურად იქნა შესწავლილი საანგარიშო პერიოდში განხორციელებული საწარმოო პროცესი. აღმოჩნდა, რომ გადასახადის გადამხდელი აწარმოებს როგორც აქციზით დასაბეგრ, ასევე არააქციზურ საქონელს (ნავთობპროდუქტებს). კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში თავისივე წარმოებული აქციზური საქონელი გამოიყენა არააქციზური საქონლის წარმოებაში. აღსანიშნავია, რომ კომპანიას აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად საგადასახადო ვალდებულება არ შეუსრულებია. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა აქციზის გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდება მომსახურების გაწევა ინდივიდუალური მეწარმეების მიერ, შესრულებული სამუშაოების სანაცვლოდ გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას; დანარჩენ ნაწილში საჩვარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 983(2); 101; 154; 159; 183; 184; 185; 286(9); 239