საიმპორტო საქონელზე გრანტის სტატუსის მინიჭება N 2552
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
საიმპორტო საქონელზე გრანტის სტატუსის მინიჭება N 2552
ფაქტობრივი გარემოებები
· საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის N365 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიერ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში მეწარმე სუბიექტს, რომელსაც მინიჭებული ჰქონდა პროგრამის ბენეფიციარის სტატუსი, სააგენტოს (სსიპ “აწარმოე საქრთველოშის“) მიერ გამოეყო დაფინანსება (გრანტი).
· საგრანტო ხელშეკრულების თანახმად, გრანტის მიმღებმა საწარმომ, უნდა შეიძინოს 15 000 ლარის ღირებულების დანადგარი. პროექტის განსახორციელებლად გრანტის თანხა შეადგენს 11 000 ლარს, ხოლო თანამონაწილეობის თანხა - 4 000 ლარს. გრანტის მიმღებმა პირმა თანადაფინანსებით საზღვარგარეთ შეიძინა საქონელი და მოახდინა მისი იმპორტი. ოპერაცია განხორციელებულია გრანტის მიღებისათვის განსაზღვრული ბენეფიციარის თანამონაწილეობის ხელშეკრულების პირობების დაცვით.
· მეწარმე სუბიექტმა მოითხოვა საიმპორტო საქონლისათვის გრანტის სტატუსის მინიჭება.
შეფასება
· „გრანტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის თანახმად, გრანტად ითვლება ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის-„აწარმოე საქართველოში მიერ „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის N365 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის ფარგლებში მეწარმე სუბიექტზე/მეწარმე სუბიექტთა ჯგუფზე გაცემული სახსრები ამ დადგენილების მოქმედების ვადის განმავლობაში.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის N365 დადგენილების 125 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ბიზნესის განხორციელების ადგილის შესაბამისად პროგრამაში თანამონაწილეობის წილი პროგრამის ბენეფიციარისთვის განისაზღვრება გრანტის თანხის არანაკლებ 20 (ოცი) პროცენტით.
· იმის გათვალისწინებით, რომ:
- პროგრამის ბენეფიციარის მიერ დაცულია პროგრამის თანამონაწილეობის წილი;
- სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის ფარგლებში მეწარმე სუბიექტზე/მეწარმე სუბიექტთა ჯგუფზე გაცემული სახსრები ითვლება გრანტად,საქონლისათვის გრანტის სტატუსის მინიჭება კანონშესაბამისია.
ღონისძიებები
მეწარმე სუბიექტის მოთხოვნა საიმპორტო საქონლისათვის გრანტის სტატუსის მინიჭების თაობაზე მართლზომიერია.
შენიშვნა: სიტუაციური სახელმძღვანელო ვრცელდება საქონელზე, რომელიც დაფინანსებულია საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის N365 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიერ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში.