ბრძანება N 12110
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 12110
01.06.2023
შპს „----- ------ -------ის“ (ს/ნ -------------)
(მის. ------------------------------------)
(იურ. -----------------------------------)
2023 წლის 23 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 4 მაისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №48) განიხილა შპს „----- ------ -------ის“ (ს/ნ -------------) №78364/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 დეკემბრის №001-273 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. მომჩივანი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადში გამოვლენილ სხვაობებს. განმარტავს, რომ შპს „----- ------ -------ი“ ფინანსურ მომსახურებას უწევდა შპს „------- -------ას“ (ს/ნ -------------), რადგანაც ამ უკანასკნელს საბანკო ანგარიშებზე ჰქონდა ყადაღა, აღნიშნული მომსახურების ფარგლებში გაფორმებული შეთანხმების თანახმად, მომჩივანი რიცხავდა ხელფასებს შპს „---- ------იის“ სანაცვლოდ, ხოლო ეს აისახებოდა შპს „---- ------იის“ გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციებში. გადასახადის გადამხდელი ასევე, არ ეთანხმება საქვეანგარიშოდ გატანილი თანხების დაბეგვრას და მიუთითებს, რომ ყველა თანხაზე წარდგენილი ჰქონდა ხარჯვის საბუთი.
2. მომჩივანი არ ეთანხმება მოგების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებას. განმარტავს, რომ წარმოდგენილ სადავო საკითხთან დაკავშირებით არ ეთანხმება შემმოწმებლის შეფასებას და ითხოვს დარიცხული თანხების გაუქმებას.
3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 18 აგვისტოს №26862 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----- ------ -------ის“ (ს/ნ -------------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის პირველი იანვრიდან 2021 წლის 1 ივლისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 28 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 29 დეკემბრის №33674 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №001-273 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ: 594 642 ლარი, მათ შორის გადასახადი 295 706 ლარი, ჯარიმა 147 853 ლარი და საურავი 151 083 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
1. 2019 წლის მარტის, მაისისა და ნოემბრის საანგარიშო პერიოდში საბანკო ამონაწერის მიხედვით დადასტურდა, რომ კომპანიას გადახდილი ჰქონდა ხელფასები. ამასთან, შემოწმებისათვის წარდგენილი იყო შპს „----- -------ის“ მოთხოვნა შპს „----- ------ -------ის“ მიმართ, კერძოდ: „2019 წლის იანვრიდან დაგვჭირდება გარკვეული სახის ფინანსური მომსახურება, კერძოდ, შპს „----- -------იის“ ნაცვლად თანხების გადარიცხვა თანამშრომლებზე და სხვა პირებზე, გთხოვთ უზრუნველყოთ ჩვენს მაგივრად გადარიცხვები“. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა შპს „----- -------იის“ მიერ წარდგენილი საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციები, რის მიხედვითაც სრულად არ დადასტურდა შპს „----- ------ -------ის“ მიერ ფიზიკურ პირებზე განხორციელებული გადახდების გადახდის წყაროსთან დაბეგვრა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ, 2019 წლის მარტის, მაისისა და ნოემბრის საანგარიშო პერიოდებში ფიზიკურ პირებზე განხორციელებული გადახდები საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
● შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას საბანკო ამონაწერებით უფიქსირდებოდა თანხების გაცემა დირექტორსა და სხვა პირებზე. გადასახადის გადამხდელის მიერ, აღნიშნული თანხების მიზნობრიობასთან დაკავშირებით არ იყო წარდგენილი სრული ინფორმაცია/დოკუმენტაცია. შემოწმებამ გამოითხოვა ინფორმაცია ადგილობრივი მომწოდებლებისგან და მათთან არსებული დავალიანებისა და საბანკო ამონაწერებში დაფიქსირებული გადახდების გათვალისწინებით, საქვეანგარიშოდ გაცემული თანხები ჩათვალა ფიზიკურ პირებზე გაცემულად და დაექვემდებარა დაბეგვრას გადახდის წყაროსთან. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
● გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდებოდა რეალიზაცია შპს „---- -------- ------ზე“, რომლის შესაბამისი ანაზღაურება საბანკო ამონაწერებით არ დადასტურდა. შემოწმების მიერ, აღნიშნული რეალიზაციის ღირებულება ჩაითვალა მიღებულად და საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
2. შესამოწმებელ პერიოდში საბანკო ამონაწერებით ფიქსირდებოდა შპს „----- ------ -------ის“ მიერ გაცემული თანხები, რასაც არ უკავშირდებოდა შესაბამისი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები. გადასახადის გადამხდელთან გავლილი იქნა აღნიშნული საკითხი და დაიდენტიფიცირდა განხორციელებული გადახდების ნაწილი შესაბამის დოკუმენტებთან, მათ შორის, შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ განხორციელებულ შეძენებთან. მიუხედავად ამისა, შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებული გადახდების ნაწილის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და 982 მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი მოგების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს შემოწმებისათვის სრულად არ წარუდგენია საგადასახადო შემოწმების ჩატარებისათვის საჭირო ინფორმაცია/დოკუმენტაცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბანკო ამონაწერებთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით, საგადასახადო ორგანომ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. აგრეთვე, საგადასახადო შემოწმების ფარგლებში მოთხოვნილი ინფორმაციების წარმოუდგენლობასთან დაკავშირებით კომპანია ორჯერ დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის შესაბამისად. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა შპს „------- -----იის“ მიერ წარდგენილი საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციები, რის მიხედვითაც სრულად არ დადასტურდა შპს „----- ------ -------ის“ მიერ ფიზიკურ პირებზე განხორციელებული გადახდების გადახდის წყაროსთან დაბეგვრის ფაქტი. ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში, კომპანიის საბანკო ამონაწერებით ფიქსირდებოდა თანხების გაცემა დირექტორსა და სხვა პირებზე, თუმცა აღნიშნული თანხების მიზნობრიობასთან დაკავშირებით არ იყო წარდგენილი სრული ინფორმაცია/დოკუმენტაცია. ასევე, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდებოდა რეალიზაცია შპს „----- ------ -------ზე“ , რომლის შესაბამისი ანაზღაურება საბანკო ამონაწერებით არ დადასტურდა. შემოწმების მიერ, აღნიშნული რეალიზაციის ღირებულება ჩაითვალა მიღებულად და საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში შპს „----- ------ -------ის“ საბანკო ამონაწერებით ფიქსირდებოდა თანხების გაცემა, რასაც არ უკავშირდებოდა შესაბამისი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები და გადახდების ნაწილის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობასთან.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის რაიმე მტკიცებულება/დოკუმენტაცია, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს სადავო საკითხთან დაკავშირებით, საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
2 1. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2 2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „----- ------ -------ის“ (ს/ნ -------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. მომჩივანი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადში გამოვლენილ სხვაობებს.ასევე, არ ეთანხმება საქვეანგარიშოდ გატანილი თანხების დაბეგვრას და მიუთითებს, რომ ყველა თანხაზე წარდგენილი ჰქონდა ხარჯვის საბუთი.
2. მომჩივანი არ ეთანხმება მოგების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებას და ითხოვს დარიცხული თანხების გაუქმებას.
3.მომჩივანი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ითხოვს საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შესამოწმებელ პერიოდში, კომპანიის საბანკო ამონაწერებით ფიქსირდებოდა თანხების გაცემა დირექტორსა და სხვა პირებზე, თუმცა აღნიშნული თანხების მიზნობრიობასთან დაკავშირებით არ იყო წარდგენილი სრული ინფორმაცია/დოკუმენტაცია. ასევე, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდებოდა რეალიზაციაც, რომლის შესაბამისი ანაზღაურება საბანკო ამონაწერებით არ დადასტურდა. შემოწმების მიერ, აღნიშნული რეალიზაციის ღირებულება ჩაითვალა მიღებულად და საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
აგრეთვე, საგადასახადო შემოწმების ფარგლებში მოთხოვნილი ინფორმაციების წარმოუდგენლობასთან დაკავშირებით კომპანია ორჯერ დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის შესაბამისად.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით,შესამოწმებელ პერიოდში საბანკო ამონაწერებით ფიქსირდებოდა პირის მიერ გაცემული თანხები, რასაც არ უკავშირდებოდა შესაბამისი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები და გადახდების ნაწილის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და 982 მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი მოგების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
გადაწყვეტილება
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:43(4);73(4,9"ბ"); 97(1 „ბ“); 982(1 „ბ“); 101(1); 136(3); 154(1"ა",2"ა""ბ"); 269(1,7); 270(1,2); 272(1)275(1,2,21,22); 279; 302(6);