ბრძანება N 14469
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 14469
23.06.2023
უსფ(წ) „-----------“ (ს/ნ -----------)
(მის.: ----------------)
2023 წლის 27 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 19 ივნისის სხდომაზე (ოქმი №67) განიხილა უსფ(წ) „-----------“ (ს/ნ ----------) 2023 წლის 27 იანვრის №78649/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 დეკემბრის №007-391 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი არ ეთანხმება განკარგვადი თანხის საწარმოს დირექტორის ხელფასად განხილვისას გამოყენებულ ე.წ. აგროსვის მეთოდს. განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა საშემოსავლო გადასახადი გაიანგარიშა არასწორად. აცხადებს, რომ საწარმოს თვითონ, რომ განეხილა ხელფასად მთელი შემოსავალი და შეევსო ყოველთვიური განაცემთა დეკლარაცია, განაცემების გრაფაში ჩაიწერებოდა 906 748 ლარი, ვინაიდან სხვა თანხა კონპანიას არ ჰქონდა, შესაბამისად 906 748 ლარი დაიბეგრებოდა 20%-ით და საშემოსავლო გადასახადი იქნებოდა (906 748 X 20%)=181 349,6 ლარი, ნაცვლად საგადასახადო შემოწმების აქტში დაფიქსირებული 226 767 ლარისა. ასევე აცხადებს, რომ კომპანიას მიღებული აქვს ავანსი სამუშაოების შესასრულებლად, ხოლო სამუშაოები ჯერ-ჯერობით არ შესრულებულა. აღნიშნულიდან გამომდინარე აცხადებს, რომ აღნიშნული თანხა უნდა ჩაითვალოს, როგორც გაცემული სესხი და დაიბეგროს მოგების გადასახადით.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 15 ივნისის №15228 და 22 ივლისის №19530 ბრძანებების საფუძველზე უსფ(წ) „----------“ (ს/ნ --------) ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 ივლისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 26 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 დეკემბრის №33365 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №007-391 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 420 044 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 226 767 ლარი, ჯარიმა 113 366 ლარი და საურავი 79 911 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის მიერ გამოწერილია სამი ავანსის საგადასახადო ელ. ანგარიშფაქტურა (ჯამური ღირებულება 906 748 ლარი, დღგ-ის ჩათვლით), რომელიც დეკლარირებულია შესაბამის პერიოდში. შემოწმების მიმდინარეობისას კომპანიის მიერ წარდგენილ იქნა საბანკო ამონაწერი (ბრუნვა არ უფიქსირდება) და ახსნა-განმარტებები, რომლის მიხედვით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს პირს არ უფიქსირდება ფულის, სასაქონლო-მატერიალური მარაგების და ძირითადი საშუალებების ნაშთი. ასევე წარადგინა ხელშეკრულებები, რომლის მიხედვით შესასრულებელი/შესრულებელი სამუშაობის შესაბამისი ანგარიშსწორება ხორციელდება ნაღდი ანგარიშსწორებით. ამავე პერიოდში ელ. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საშუალებით შეძენილი აქვს 815 ლარის ღირებულების სხვადასხვა სახის მცირეფასიანი ინვენტარი. კომპანიას არ წარუდგენია ბუღალტრული აღრიცხვის და ანგარიშგების პროგრამა ან/და სხვა დამატებითი დოკუმენტაცია. ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა არასრული ინფორმაცია, რომლის მიხედვით დაბეგვრის ობიექტის დადგენა ვერ იქნა შესაძლებელი, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად არაპირდაპირი მეთოდით. შემოწმების მიერ გამოწერილი ავანსის საგადასახადო ელ. ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისი თანხა ჩათვლილ იქნა კომპანიის მიერ მიღებულად. ამასთან, ვინაიდან კომპანიას შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არ გააჩნია სმფ-ებისა და ძირითადი საშუალებების ნაშთი, დოკუმენტით შეძენილი ინვენტარი ჩათვლილ იქნა რეალიზებულად (შეძენის ღირებულებით).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ გამოანგარიშდა კომპანიის განკარგვადი თანხა, რომელიც შესაბამის პერიოდებში ჩათვლილ იქნა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად. პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, კომპანიის მიერ გამოწერილია სამი ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. ასევე გადამხდელს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საშუალებით შეძენილი აქვს 815 ლარის ღირებულების სხვადასხვა სახის მცირეფასიანი ინვენტარი. შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის მიხედვით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს პირს არ უფიქსირდება ფულის, სასაქონლო-მატერიალური მარაგების და ძირითადი საშუალებების ნაშთი. ამასთან, კომპანიას არ წარუდგენია ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა ან/და სხვა დამატებითი დოკუმენტაცია. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმების მიერ, მართლზომიერად განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისი თანხის ჩათვლა მიღებულად, აგრეთვე დოკუმენტით შეძენილი ინვენტარის რეალიზებულად განხილვა, ხოლო შემოწმების მიერ გამოანგარიშებული განკარგავადი თანხის შესაბამის პერიოდებში კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა და შესაბამისად დაბეგვრა.
რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს, რომლითაც არ ეთანხმება განკარგვადი თანხის საწარმოს დირექტორის ხელფასად განხილვისას გამოყენებულ ე.წ. აგროსვის მეთოდს, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად.
აგრეთვე, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. უსფ(წ) „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება განკარგვადი თანხის საწარმოს დირექტორის ხელფასად განხილვისას გამოყენებულ ე.წ. აგროსვის მეთოდს.აცხადებს, რომ აღნიშნული თანხა უნდა ჩაითვალოს, როგორც გაცემული სესხი და დაიბეგროს მოგების გადასახადით.
ფაქტობრივი გარემოებები
შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის მიერ გამოწერილია სამი ავანსის საგადასახადო ელ. ანგარიშფაქტურა,რომელიც დეკლარირებულია შესაბამის პერიოდში. შემოწმების მიმდინარეობისას კომპანიის მიერ წარდგენილ იქნა საბანკო ამონაწერი (ბრუნვა არ უფიქსირდება) და ახსნა-განმარტებები, რომლის მიხედვით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს პირს არ უფიქსირდება ფულის, სასაქონლო-მატერიალური მარაგების და ძირითადი საშუალებების ნაშთი.შემოწმების მიერ გამოწერილი ავანსის საგადასახადო ელ. ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისი თანხა ჩათვლილ იქნა კომპანიის მიერ მიღებულად. ამასთან, ვინაიდან კომპანიას შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არ გააჩნია სმფ-ებისა და ძირითადი საშუალებების ნაშთი, დოკუმენტით შეძენილი ინვენტარი ჩათვლილ იქნა რეალიზებულად (შეძენის ღირებულებით).შემოწმების მიერ გამოანგარიშდა კომპანიის განკარგვადი თანხა, რომელიც შესაბამის პერიოდებში ჩათვლილ იქნა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა ა საშემოსავლო გადასახადით.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
136(3);61(3);73(5ა);101(1);154(1ა);