გადაწყვეტილება №18655/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18655/2/2023
2.02.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს------------- (ს/ნ --------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 2.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს------------- ის 15.01.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18655/2/2023).
დავის საგანი:
საჩივრის განუხილველად დატოვება - დარღვეულია გასაჩივრების ვადა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2021 წლის №081-438 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 28.11.2022 წლის №29571 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 1 073 388 ლარი.
მათ შორის: გადასახადი - 557 399
დღგ - 209 516
საშემოსავლო გადასახადი - 347 883
ჯარიმა - 282 687
საურავი - 233 302
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა შერეული საქონლის ვაჭრობა. ასევე, გადამხდელი ქვეიჯარით გასცემს იჯარით აღებულ სასტუმროს და ბინებს. აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.02.2018 წლიდან 1.05.2021 წლამდე, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების გამოყვანის მიზნით 21.12.2021 წლის ჩათვლით, პერიოდის კამერალური საგადასახდო შემოწმება, რომლის შედეგები აისახა 27.12.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში. აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2021 წლის №41890 ბრძანება და ამავე თარიღის №081-438 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული აქტები 24.10.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 28.11.2022 წლის №29571 ბრძანებით საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე დარჩა განუხილველი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში.
ამავე კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
შემოსავლების სამსახურის 20.01.2023 წლის №3220-21-04 წერილიდან ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 28.11.2022 წლის №29571 ბრძანებას გადასახადის გადამხდელი ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 14.12.2022 წელს. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 28.11.2022 წლის №29571 ბრძანების გასაჩივრების ვადის ბოლო დღე იყო 9.01.2023 წელი (მე-20 დღე, 3.01.2023 წელი, ემთხვევა საქართველოს მთავრობის 2022 წლის 20 დეკემბრის №580 დადგენილებით განსაზღვრულ უქმე დღეს). ხოლო საჩივარი წარმოდგენილია ელექტრონულად 15.01.2023 წელს, მისი გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ.
მომჩივნის წარმომადგენელმა სატელეფონო კავშირისას განმარტა, რომ სადავო აქტს არ გაცნობია პირადად დირექტორი, დავების განხილვის საბჭო აღნიშნულ არგუმენტს ვერ მიიჩნევს გასაჩივრების ვადის აღდგენის საფუძვლად, ვინაიდან სადავო აქტის ჩაბარება და გაცნობა ფიქსირდება გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე, რომელზე წვდომაც წესით მხოლოდ გადასახადის გადამხდელს აქვს, ხოლო თუ მან ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე წვდომის უფლება სხვა პირს მიანდო, ამით გამოწვეული უარყოფითი შედეგების რისკის მატარებელი მხოლოდ გადასახადის გადამხდელია.
ამგვარად, ვინაიდან გასულია შემოსავლების სამსახურის 28.11.2022 წლის №29571 ბრძანების გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი ამ ნაწილში საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.
მომჩივანი ასევე, ითხოვს მიეცეს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლით გათვალისწინებული უფლების გამოყენების (ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის დაწყების) შესაძლებლობა.
6. 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ დავის დაწყება დასაშვებია ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით.
7. ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.
ამავე კოდექსის 308-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მომჩივანი ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებით მიმართავს დავის განმხილველ ბოლო ორგანოს, რომელმაც არსებითად იმსჯელა მომჩივნის მიერ მითითებულ დავის საგანზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ საჩივარი ახლად აღმოჩენილი (გამოვლენილი) გარემოებებით დავის დაწყების ნაწილში, სამსჯელოდ გაეგზავნოს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. საჩივარი, ახლად აღმოჩენილი (გამოვლენილი) გარემოებებით დავის დაწყების ნაწილში, სამსჯელოდ გაეგზავნოს შემოსავლების სამსახურს;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.