გადაწყვეტილება №24124/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 24124/2/2024
27 ნოემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: „--------“ (ს/ნ „--------“ )
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.11.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------------ 15.10.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24124/2/2024).
დავის საგანი:
ტრანზიტული გადაადგილებისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული საწვავის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილება საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 21.07.2024 წლის №EL256848 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 7.08.2024 წლის №18240 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 2 000 ლარი.
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
21.07.2024 წელს საბაჟო გამშვები პუნქტი „--------“ კონტროლის ზონაში -------- მხრიდან შემოვიდა --------- რეგისტრირებული ტრანზიტულად მოძრავი დატვირთული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება №--------------, რომელსაც მართავდა მომჩივანი.
ავტოსატრანსპორტო საშუალების დათვალიერების შედეგად გაირკვა, რომ გამწევზე დამონტაჟებული იყო 850 და 400 ლიტრიანი საწვავის ავზები, რომლებიც სავსე იყო დიზელის ტიპის საწვავით. საბაჟო ორგანომ მიჩნია, რომ მოცემულ სატრანსპორტო საშუალებას ქარხანა-დამამზადებლის მიერ დამონტაჟებული აქვს მხოლოდ ერთი საწვავის ავზი და მოგვიანებით დამატებით დამონტაჟებული ავზი არ ჩაითვლება კანონმდებლობით გათვალისწინებულ სტანდარტულ ავზად.
გამოვლენილ ფაქტზე, მომჩივანს 21.07.2024 წლის №EL256848 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაეკისრა პასუხისმგებლობა საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით.
საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 7.08.2024 წლის №18240 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლზე, მე-6 მუხლზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, ამავე ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2) პირველი მუხლის მე-5, მე-6 და მე-8 პუნქტებზე, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 168- ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
ავტოსატრანსპორტო საშუალების საწვავის ავზი უნდა შეესაბამებოდეს იმ სტანდარტებს, რომელიც დამამზადებლის მიერ დამონტაჟებულია მოცემული ტიპის ყველა სატრანსპორტო საშუალებაზე და იძლევა საწვავის უწყვეტი მიწოდების შესაძლებლობას გამწევი ძალის შესაქმნელად მისი ფუნქციონირებისთვის. იგი უნდა შეესაბამებოდეს სპეციფიკური ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს (ზოგადი მახასიათებლები), რომლებსაც აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს.
საბაჟო კონტროლის მიზნით განხორციელებული შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ მომჩივნის მართვის ქვეშ მყოფ ტრანზიტულად მოძრავ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებას, ქარხანა-დამამზადებლის მიერ დადგენილი სტანდარტით გათვალისწინებული აქვს ერთი საწვავის ავზი. სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ მასზე დამონტაჟებული იყო მეორე საწვავის ავზი, რომელშიც მოთავსებული იყო 400 ლიტრი დიზელის ტიპის საწვავი.
ვინაიდან მომჩივნის მართვის ქვეშ მყოფ სატრანსპორტო საშუალებაზე დამონტაჟებული ავზი არ შეესაბამება იმ სტანდარტებს, რომელიც მწარმოებელმა გამოიყენა, მოცემული ტიპის ყველა სატრანსპორტო საშუალებაზე, დამატებით დამონტაჟებული ავზი განიხილება არასტანდარტულ ავზად და მასში მოთავსებული საწვავი არ განიხილება დეკლარირებულ საქონლად და მის შემოტანაზე ვრცელდება საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვები. შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა მისი მართვის ქვეშ მყოფ სატრანსპორტო საშუალებაზე დამატებით დამონტაჟებული საწვავის ავზით 400 ლიტრი დიზელის ტიპის საწვავის საბაჟო კონტროლისგან მალუად შემოტანას, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
საგულისხმოა ასევე, რომ მომჩივანი სატრანსპორტო საშუალებით ხშირად გადაადგილდება საქართველოს საბაჟო საზღვარზე და მისთვის კარგად უნდა ყოფილიყო ცნობილი მოქმედი შეზღუდვების შესახებ.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
აქვს 2 ავზი, რომელიც ოფიციალურად აქვს გაფორმებული, დააჯარიმეს წითელ ხიდზე, ითხოვს მისი კუთვნილი თანხის დაბრუნებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის „ს“ ქვეპუნქტის თანახამად, დღგ-ისგან გათავისუფლებულია საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემომსვლელი პირის ავტოსატრანსპორტო საშუალების ძრავის კვების სისტემასთან კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად დაკავშირებულ სტანდარტულ ავზში არსებული საწვავის იმპორტი.
საგადასახადო კოდექსის 194-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ჩათვლის უფლების გარეშე აქციზისაგან გათავისუფლებულია საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემომსვლელი პირის ავტოსატრანსპორტო საშუალების იმ სტანდარტულ ავზში არსებული საწვავი, რომელიც ძრავის კვების სისტემასთან კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად არის დაკავშირებული.
საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა თუ მის მიერ შემოტანილი საქონლის შემოტანა შეზღუდულია.
ამავე ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2) პირველი მუხლის მე-5, მე-6 და მე-8 პუნქტების თანახმად:
5. საქართველოს ტერიტორიაზე სახიფათო ტვირთების გადაადგილება საავტომობილო მიმოსვლისათვის გახსნილი საბაჟო გამშვები პუნქტების გავლით შესაძლებელია მხოლოდ სპეციალიზებული, ------- ან --------ს ტიპის სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით, რომელიც განკუთვნილია და დაშვებულია ასეთი ტვირთის გადასატანად.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება ავტოსატრანსპორტო საშუალების სტანდარტულ ავზში (რომელიც ძრავის კვების სისტემასთან კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად არის დაკავშირებული) არსებულ საწვავზე, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
8. ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების მიზნებისათვის ტერმინი „სტანდარტული ავზი“ ნიშნავს ავზს, რომელიც დამამზადებლის მიერ დამონტაჟებულია მოცემული ტიპის ყველა სატრანსპორტო საშუალებაზე და იძლევა შესაძლებლობას საწვავის უწყვეტი მიწოდებისა როგორც გამწევი ძალის შესაქმნელად, ისე ტრანსპორტირებისას საჭიროების შემთხვევაში სამაცივრე ან მსგავსი სისტემის ფუნქციონირებისთვის. ამასთან, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია, სატრანსპორტო საშუალების სტანდარტული ავზის დადგენისათვის გამოიყენოს ღია წყაროებზე განთავსებული და საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაცია.
საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ტრანზიტული გადაადგილებისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
საბაჟო დეპარტამენტის 23.10.2024 წლის №---------- წერილით წარმოდგენილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ გამწევზე დამონტაჟებული იყო 850 და 400 ლიტრიანი საწვავის ავზები, რომლებიც სავსე იყო დიზელის ტიპის საწვავით. ქარხანა-დამამზადებელს კი კონკრეტულ მოდელზე მითითებული აქვს მხოლოდ ერთი 850 ლიტრიანი საწვავის ავზი. შესაბამისად, მომჩივანს აღმოაჩნდა არადეკლარირებული 400 ლიტრი დიზელის ტიპის საწვავი. მომჩივანს დაჯარიმება მიაჩნია უკანონოდ, ვინაიდან ორივე ავზი, ოფიციალურად აქვს გაფორმებული.
საკითხის განხილვისას საბაჟო დეპარტამენტის წარმომდგენელმა განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში იხელმძღვანელეს ღია წყაროებზე, განთავსებული ინფორმაციით, სადაც მითითებულია, რომ აღნიშნულ კონკრეტულ მოდელზე ქარხანა-დამამზადებელს მითითებული აქვს მხოლოდ ერთი 850 ლიტრიანი საწვავის ავზი.
ამგვარად, ვინაიდან მომჩივნის მართვის ქვეშ მყოფ სატრანსპორტო საშუალებაზე დამატებით დამონტაჟებული ავზი არ შეესაბამება იმ სტანდარტს, რომელიც მწარმოებელმა გამოიყენა მოცემული ტიპის ყველა სატრანსპორტო საშუალებაზე, მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა ტრანზიტული
გადაადგილებისთვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების არასტანდარტული ავზის გამოყენებით, 400 ლიტრი დიზელის ტიპის საწვავის საქართველოს საბაჟო საზღვარზე შემოტანას. შესაბამისად, დამატებით ავზში მოთავსებული საწვავი იმპორტის გადასახდელებისგან გათავისუფლებულ საქონლად არ განიხილება და მასზე ვრცელდება საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კანონმდებლობით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალების სტანდარტულ ავზში (რომელიც ძრავის კვების სისტემასთან კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად არის დაკავშირებული) არსებულ საწვავზე, ხოლო, განსახილველ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალებაზე დამონტაჟებული დამატებითი ავზით მომჩივანს შემოქონდა არადეკლარირებული დიზელის საწვავი, საბჭო მიიჩნევს, რომ საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის მომჩივნისთვის დაკისრება განხორციელდა კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
ტრანზიტული გადაადგილებისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული საწვავის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილება საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივნის მართვის ქვეშ მყოფ სატრანსპორტო საშუალებაზე დამატებით დამონტაჟებული ავზი არ შეესაბამება იმ სტანდარტს, რომელიც მწარმოებელმა გამოიყენა მოცემული ტიპის ყველა სატრანსპორტო საშუალებაზე, მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა ტრანზიტული გადაადგილებისთვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების არასტანდარტული ავზის გამოყენებით, 400 ლიტრი დიზელის ტიპის საწვავის საქართველოს საბაჟო საზღვარზე შემოტანას. შესაბამისად, დამატებით ავზში მოთავსებული საწვავი იმპორტის გადასახდელებისგან გათავისუფლებულ საქონლად არ განიხილება და მასზე ვრცელდება საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვები.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის მომჩივნისთვის დაკისრება განხორციელდა კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 173-(ს);194(5);
საბაჟო კოდექსის(70);168(4);