ბრძანება N 19888

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 11.08.2023
№ დოკუმენტი 19888
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 19888

11 აგვისტო 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „--------ს“ (ს/ნ -------)

(მის.: ----------- )

2023 წლის 19 ივლისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 3 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №81) განიხილა შპს „-------ს“ (ს/ნ ------) №82410/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 4 ივლისის №028-15 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიუთითებს, რომ ამწე მის ერთადერთ ქონებას წარმოადგენდა და მიწოდებული აქვს, როგორც დასაბეგრი პირის მიერ ყველა აქტივის მიწოდება სხვა დასაბეგრი პირისთვის, რაც არ განიხილება დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად. შესაბამისად, აღნიშნული ოპერაცია ასახული აქვს ორივე მხარეს შესაბამისი საანგარიშო პერიოდის დღგ-ს დეკლარაციაში. აცხადებს, რომ აქტივის რეალიზაციის მომენტში არ ფლობდა ნებართვას ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებით. აცხადებს, რომ არ ეთანხმება შემმოწმებლის მოსაზრებას, რომ აქტივების (DAF H4EN3 მარკის SCHMIT S 01 მისაბმელიანი უნაგირა გამწე) მიწოდება არ არის საკმარისი მისი ,,ბიზნესის მიწოდებად“ კვალიფიკაციისთვის. ითხოვს აუდიტის დეპარტამენტის ბრძანებისა და ამ ბრძანების საფუძველზე გამოცემული საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 11 მაისის №10638 და 14 ივნისის №13388 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა შპს „--------“ (ს/ნ ------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2022 წლის მაისისა და დეკემბრის თვეების საანგარიშო პერიოდების ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სისწორის დადგენის მიზნით დღგ-ის ნაწილში. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 28 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 4 ივლისის №15764 ბრძანება და ამავე თარიღის №028-15 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 26 704 ლარი, მათ შორის, გადასახადი 16 636 ლარი, ჯარიმა 8 318 ლარი, საურავი 1 750 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

შპს „-------“ (ს/ნ -------) რეგისტრირებულია გადასახადის გადამხდელად 2018 წლის 21 დეკემბერს, ამავე თარიღში - დღგ-ის გადამხდელად. გადასახადის გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საერთაშორისო გადაზიდვები. შპს „-------ს" (ს/ნ ------), 2020 წლის აპრილის თვის საანგარიშო პერიოდში, იმპორტის გზით შეძენილი აქვს სატვირთო ავტომობილი და მისაბმელი, რომელზეც ამავე პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლა, ხოლო რეალიზაცია განხორციელებულია 2022 წლის მაისის თვის საანგარიშო პერიოდში, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირზე, შპს „-------ზე“ (ს/ნ -------), 109 065.66 ლარად. შპს „--------ს" მიერ აღნიშნული ოპერაცია არ იქნა ასახული შესაბამის საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციის დღგ-ის 18 %-იანი განაკვეთით დასაბეგრ ბრუნვაში, ვინაიდან, მისი განმარტებით, აღნიშნული სამეურნეო ოპერაცია საგადასახადო მიზნებისთვის განხილულ იქნა, როგორც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა" ქვეპუნქტის მიხედვით დასაბეგრი პირის მიერ ყველა აქტივის ან მისი ნაწილის (დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ქვედანაყოფის) სხვა დასაბეგრი პირისთვის მიწოდებად და მიიჩნია, რომ არ წარმოადგენს დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრ ოპერაციას.

შემოწმებამ საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისას იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისი ნორმებით, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 501 მუხლით, ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონით და სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 5 აპრილის №04/ნ ბრძანებით.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო გადაზიდვა არის ნებართვას დაქვემდებარებული საქმიანობა, რომელთან დაკავშირებული ბიზნეს პროცესის წარმართვა დამოკიდებულია მის (მრავალჯერადი ან/და ერთჯერადი ნებართვის) არსებობაზე, ხოლო მისი სხვა პირისთვის გადაცემა დაუშვებელია.

ამასთან, ყველა აქტივის ან აქტივების ნაწილის (დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ქვედანაყოფის) მიწოდება არის ერთი პირის მიერ მეორე პირის საკუთრებაში იმ აქტივთა ერთობლიობის გადაცემა, რომლებიც წარმოადგენენ მიმწოდებლის სრულყოფილი ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელ და საკმარის აქტივებს, რათა ბიზნესის გაყიდვა განხორციელდეს ბიზნეს პროცესის შეუფერხებლად და საქმიანობის გაგრძელებისთვის საჭირო პირობების არსებობით, მათ შორის, კონტრაქტორებისა და დაქირავებული პერსონალის გათვალისწინებით. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ დამატებით შეფასებას ექვემდებარება ფუნქციური ბიზნესის მიწოდების საკომპენსაციო ფასი, რომელიც თავისი შინაარსის, დადებული კონტრაქტების, მომგებიანობის, ფუნქციონირებადობის თუ სხვა ბენეფიტების გათვალისწინებით, აღემატება აქტივის (ქონების) გასაყიდ ფასს, რომელიც გამოხატულია მხოლოდ მისი მექანიკური ღირებულებით (საბაზრო ღირებულებით). ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, განსახილველი აქტივების (სატვირთო ავტომობილი და მისი მისაბმელი) მიწოდება არ არის საკმარისი, მისი ბიზნესის მიწოდებად კვალიფიკაციისთვის. ამდენად, აღნიშნულ ოპერაციაზე არ ვრცელდება ყველა აქტივის ან აქტივების ნაწილის (დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ქვედანაყოფის) მიწოდებისთვის დადგენილი წესი.

შესაბამისად, შემოწმებით, პირს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი 16 636 ლარი და ჯარიმა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/ მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა. ხოლო, მეშვიდე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქონლის მიწოდებად არ განიხილება დასაბეგრი პირის მიერ ყველა აქტივის ან მისი ნაწილის (დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ქვედანაყოფის) სხვა დასაბეგრი პირისთვის მიწოდება.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 501 მუხლის თანახმად:

1. საქონლის მიწოდებად ან/და მომსახურების გაწევად არ განიხილება დასაბეგრი პირის მიერ ყველა აქტივის ან მისი ნაწილის (დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ქვედანაყოფის) სხვა დასაბეგრი პირისთვის მიწოდება.

2. ამ მუხლში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

გ) ყველა აქტივის ან აქტივების ნაწილის (დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ქვედანაყოფის) მიწოდება – ანაზღაურების სანაცვლოდ ან მის გარეშე იმ აქტივთა ერთობლიობის მიწოდება, რომლებიც წარმოადგენენ მიმწოდებლის ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელ და საკმარის აქტივებს;

დ) დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ქვედანაყოფი − დასაბეგრი პირის აქტივების ნაწილი, რომელიც წარმოადგენს ერთმანეთთან ფუნქციურად დაკავშირებული ძირითადი საშუალებებისა და თანმხლები კომუნიკაციების ერთობლიობას და რომლის დამოუკიდებლად ფუნქციონირება არ არის დამოკიდებული მესაკუთრის შეცვლაზე.

3. ყველა აქტივის ან მისი ნაწილის (დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ქვედანაყოფის) მიწოდების ფარგლებში, გადასაცემ აქტივებს შესაძლებელია წარმოადგენდეს ნებისმიერი აქტივი, რომელსაც მიმწოდებელი იყენებს ან განკუთვნილია გამოსაყენებლად იმ ეკონომიკურ საქმიანობაში, რომელთან დაკავშირებითაც ხორციელდება ყველა აქტივის ან მისი ნაწილის მიწოდება, მათ შორის:

ა) ძირითადი საშუალებები;

ბ) სასაქონლო მატერიალური ფასეულობები;

გ) არამატერიალური ქონება (მათ შორის, გუდვილი, ინტელექტუალური საკუთრება, მოთხოვნები, ხელშეკრულებებში ჩანაცვლების უფლება).

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული აქტივების მიწოდებაზე ამავე მუხლის პირველი პუნქტი გავრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესრულდება ქვემოთ მოცემული ყველა პირობა:

ა) აქტივები გადაეცემა როგორც აქტივთა ერთობლიობა, რომელიც მიმწოდებლის იმ ეკონომიკური საქმიანობის გაგრძელების საშუალებას იძლევა, რომელთან დაკავშირებითაც მის მიერ ხორციელდება ყველა აქტივის ან აქტივების ნაწილის (დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ქვედანაყოფის) მიწოდება;

ბ) აქტივების მიწოდება ხორციელდება წერილობითი ფორმით დადებული ერთიანი გარიგების საფუძველზე, რა დროსაც, შესაბამისი დოკუმენტი უნდა ითვალისწინებდეს იმ აქტივების ამომწურავ ჩამონათვალს, რომელთა გადაცემაც ხორციელდება ამ ოპერაციის ფარგლებში;

გ) მიმწოდებელს და შემძენს მიწოდება ასახული აქვთ შესაბამისი საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში.

5. ამ მუხლის დებულებები ვრცელდება იმ შემთხვევაშიც, თუ:

ა) ყველა აქტივის ან მისი ნაწილის (დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ქვედანაყოფის) მიწოდების მომენტისათვის, მიმწოდებლის მიერ ამ აქტივების ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება შეჩერებულია;

ბ) გადასაცემ აქტივთა ჩამონათვალში შედის ისეთი აქტივი, რომელიც შესაძლოა არ იყოს აუცილებელი შესაბამისი სახის ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისათვის, მაგრამ უკავშირდება მას და შემძენს ხელს შეუწყობს ამ საქმიანობის გაგრძელებაში.

,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 30-ე პუნქტის თანახმად, ნებართვის ერთ-ერთ კატეგორიას წარმოადგენს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის ერთჯერადი და მრავალჯერადი ნებართვა.

,,საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-17 პუნქტის თანახმად, ნებართვა არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ან შესაბამისი მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე პირისათვის მინიჭებული უფლება, გარკვეული ვადით, კანონით დადგენილი პირობების დაცვით, განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული საქმიანობა.

სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 5 აპრილის №04/ნ ბრძანების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნებართვა ერთი სრული რეისის შესრულებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ერთი ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის. მისი გადაცემა სხვა გადამზიდველისთვის ან მესამე მხარისათვის დაუშვებელია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საერთაშორისო გადაზიდვები. 2020 წლის აპრილის თვის საანგარიშო პერიოდში, იმპორტის გზით შეძენილი აქვს სატვირთო ავტომობილი და მისაბმელი, რომელზეც ამავე პერიოდის დღგ-ის დეკლარაციით მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლა, ხოლო რეალიზაცია განხორციელებულია 2022 წლის მაისის თვის საანგარიშო პერიოდში, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირზე. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, აქტივის მიწოდებამდე ბოლო ერთი წლის განმავლობაში საწარმოს არ უფიქსირდება საერთაშორისო გადაზიდვები, ამდენად, სატვირთო ავტომობილი და მისაბმელი მიწოდების მომენტში არ გამოიყენებოდა ეკონომიკურ საქმიანობაში.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საერთაშორისო გადაზიდვა ნებართვას დაქვემდებარებული საქმიანობაა, ბიზნეს პროცესის წარმართვა დამოკიდებულია მის (მრავალჯერადი ან/და ერთჯერადი ნებართვის) არსებობაზე და ნებართვის სხვა პირისთვის გადაცემა დაუშვებელია. აგრეთვე, ყველა აქტივის ან აქტივების ნაწილის (დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ქვედანაყოფის) მიწოდება არის ერთი პირის მიერ მეორე პირის საკუთრებაში იმ აქტივთა ერთობლიობის გადაცემა, რომლებიც წარმოადგენენ მიმწოდებლის სრულყოფილი ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელ და საკმარის აქტივებს, რათა ბიზნესის გაყიდვა განხორციელდეს ბიზნეს პროცესის შეუფერხებლად და საქმიანობის გაგრძელებისთვის საჭირო პირობების არსებობით. ასევე, შემოსავლების სამსახური 2023 წლის 12 იანვრის №207 ბრძანებით დამტკიცებულ ,,დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ“ მეთოდური მითითების მე-2 დანართში განხილულ მაგალითებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ყველა აქტივის ან აქტივების ნაწილის (დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ქვედანაყოფის) მიწოდების თავისებურება გამოიხატება ბიზნესის სრულად მიწოდებაში, რომელიც უნდა იყოს აუცილებელი და საკმარისი ბიზნეს პროცესის სრულყოფილად განხორციელებისთვის.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლითაც ირკვევა, რომ საწარმოს აქტივის მიწოდებამდე ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ უფიქსირდებოდა საერთაშორისო გადაზიდვები, ე.ი. სატვირთო ავტომობილი და მისაბმელი მიწოდების მომენტში არ გამოიყენებოდა ეკონომიკურ საქმიანობაში და განმარტავს, რომ არ კმაყოფილდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-7 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, განსახილველი აქტივების (სატვირთო ავტომობილი და მისი მისაბმელი) მიწოდება არ არის საკმარისი, მისი ბიზნესის/დასაბეგრი პირის მიერ ყველა აქტივის ან მისი ნაწილის (დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ქვედანაყოფის მიწოდებად კვალიფიკაციისთვის. ამდენად, აღნიშნულ ოპერაციაზე ვერ გავრცელდება ყველა აქტივის ან აქტივების ნაწილის (დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ქვედანაყოფის) მიწოდებისთვის დადგენილი წესი.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი იმგვარი არგუმენტები და მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამინტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „--------ს“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საერთაშორისო გადაზიდვები. მომჩივანს 2020 წლის აპრილის თვის საანგარიშო პერიოდში, იმპორტის გზით შეძენილი აქვს სატვირთო ავტომობილი და მისაბმელი, რომელზეც ამავე პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლა, ხოლო რეალიზაცია განხორციელებულია 2022 წლის მაისის თვის საანგარიშო პერიოდში, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირზე, 109 065.66 ლარად. მომჩივნის მიერ აღნიშნული ოპერაცია არ იქნა ასახული შესაბამის საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციის დღგ-ის 18 %-იანი განაკვეთით დასაბეგრ ბრუნვაში, ვინაიდან, მისი განმარტებით, აღნიშნული სამეურნეო ოპერაცია საგადასახადო მიზნებისთვის განხილულ იქნა, როგორც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა" ქვეპუნქტის მიხედვით დასაბეგრი პირის მიერ ყველა აქტივის ან მისი ნაწილის (დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ქვედანაყოფის) სხვა დასაბეგრი პირისთვის მიწოდებად და მიიჩნია, რომ არ წარმოადგენს დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრ ოპერაციას.

შემოწმების აზრით, განსახილველი აქტივების (სატვირთო ავტომობილი და მისი მისაბმელი) მიწოდება არ არის საკმარისი, მისი ბიზნესის მიწოდებად კვალიფიკაციისთვის. ამდენად, აღნიშნულ ოპერაციაზე არ ვრცელდება ყველა აქტივის ან აქტივების ნაწილის (დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ქვედანაყოფის) მიწოდებისთვის დადგენილი წესი. შესაბამისად, შემოწმებით, პირს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი 16 636 ლარი და შესაბამისი ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 43(4), 159(1), 160(1)(7), 163(1)(2), 164(1), 136(3), 49(1"ე"), 61(3).

საქართველოს კანონი "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ";

საქართველოს კანონი "საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ";

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის N 996 ბრძანება;

სსიპ "სახმელეთო ტრანსპორტის" სააგენტოს დირექტორის 05.04.2022 წლის N 04/ნ ბრძანება.