მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის მიერ მიღებული შემოსავლების დაბეგვრა N 1513
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის მიერ მიღებული შემოსავლების დაბეგვრა N 1513
ფაქტობრივი გარემოებები
· მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის შემოსავალი შედგება, როგორც საქართველოში არსებული წყაროდან, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლებისგან. კერძოდ, 2021 წლის აპრილის თვეში მის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი შეადგენს 2 000 ლარს, ხოლო საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული წყაროდან - 3 000 ლარს.
· პირი წარმოადგენს საქართველოს რეზიდენტ ფიზიკურ პირს.
· აპრილის თვის საანგარიშო პერიოდში პირმა მცირე ბიზნესის ფარგლებში დაკისრებული საგადასახადო ანგარიშგება შეასრულა 2000 ლარზე.
შეფასება
· სსკ-ის 90-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლებისაგან, გარდა ხელფასის სახით მიღებული შემოსავლისა და სსკის 88-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად განსაზღვრული შემოსავლის სახიდან მიღებული შემოსავლისა. სსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის "ფ" ქვეპუნქტის მიხედვით საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებულია რეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი (მათ შორის, სარგებელი), რომელიც არ განეკუთვნება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს;
· ზემოაღნიშნული მუხლების შესაბამისად მცირე ბიზნესით დასაბეგრ შემოსავალში გაითვალისწინება მხოლოდ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლები, ხოლო რაც შეეხება საქართველოს ფარგლებს გარეთ მიღებულ შემოსავლებს, სსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის "ფ" ქვეპუნქტის მიხედვით ასეთი შემოსავლები გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისგან. შესაბამისად, ფიზიკური პირი ვალდებულია საგადასახადო ანგარიშგება შეასრულოს მხოლოდ 2000 ლარზე და აღნიშნული თანხა აპრილის თვეში დაბეგროს მცირე ბიზნესისათვის დადგენილი განაკვეთით.
ღონისძიებები
· პირის ქმედებაში სამართალდარღვევა არ იკვეთება.